„ნეიტრალიტეტის თემა ოპოზიციას ახალი თემის წამოსაწევად სჭირდება, რომ ხელისუფლება ჩამოშალონ... ვისაც ეს თემა ადარდებს, ამაზე სხვა მიმართულებით უნდა საუბრობდეს“

„ნეიტრალიტეტის თემა ოპოზიციას ახალი თემის წამოსაწევად სჭირდება, რომ ხელისუფლება ჩამოშალონ... ვისაც ეს თემა ადარდებს, ამაზე სხვა მიმართულებით უნდა საუბრობდეს“

რატომ გახდა ბოლო დღეებში საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარი აქტუალური და ვინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება? ხელისუფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ 17 მარტს საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის მორიგი მავნებლური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ზეწოლის შედეგად ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს.

 „ოცნებაში“ კი ამ ფაქტს კატეგორულად უარყოფენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი, მისი პარტია და მათთან აფილირებული მედია საშუალებები საზოგადობის გასაღიზიანებლად ამ თემის აქტუალიზებას ცდილობენ. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება ამით საზოგადოების რეაქციის მოსინჯვას ცდილობს, იდეას ტესტავს, რომელიც შემდეგ ოპოზიციას გადააბრალებს.

ფაქტი ერთია, ხელისუფლების მხრიდან ამაზე საუბრი აქამდე არ ყოფილა და ამ თემის წამოწევის ინიციატორი სააკაშვილია.

„იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი, სხვათა შორის, ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოაცხადებს და მალევე საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება, რაზეც შეთანხმებულები და გარიგებულები არიან - „ჩვენი თაობის ამოცანაა, ეს არ დავუშვათ, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ სრულიად ერთიანები“ - თქვა მან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით კი საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას.

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამო, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას ემსახურება, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ განიხილონ „ომის პარტიის“ ინიციატივები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციამ ბოლო პერიოდში ისეთი თემების აქტუალიზაცია დაიწყო, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას.

„ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა „ომის პარტიის“ ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს. ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა. შესაბამისად, „ომის პარტიის“ მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ „ომის პარტიის“, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნეიტრალიტეტის თემის წამოწევას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ხელოვნურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ახლა ამ საკითხის გააქტიურებას ცდილობს. ძაბირაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ნეიტრალიტეტის თემით ოპოზიცია საზოგადოების გაღიზიანებას ცდილობს დ სპეკულაციებით, სრულიად არაფრისგან პანიკის შექმნა უნდათ.

„ოპოზიციას აქვს რამე კონკრეტული მტკიცებულება, რომ ხელისუფლება ნეიტრალიტეტის თემაზე საუბრობს? რასაც მე ვუსმინე, პირიქით, „ოცნებამ“ უარყო და თქვა, რომ ამაზე მსჯელობას არავინ აპირებს. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა ხელოვნურად არის წამოწეული. ისევ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის და მას სხვა დატვირთვა არ აქვს. ეს ხომ აბსურდია, რომ ახლა ციხეში მყოფ სააკაშვილს ვინმე ამ კონსპირაციულ ინფორმაციებს აწვდიდეს. ციხეშიც კი ღებულობს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ვერავინ ვერ ღებულობს? ეტყობა, რაღაცა ტელეპატიური კავშირი აქვს რაღაცა სამყაროსთან. ან ციხეში არაფერს უსმენენ და სააკაშვილს წყაროები ასე, პირდაპირ ინფორმაციას აწვდიან? ვინმეს ამის სჯერა? სააკაშვილს ახლა ინფორმაცია აქვს, რომ ხელისუფლება ნეიტრალიტეტს აპირებს და ეს ინფორმაცია მან ციხეში ისე მიიღო, რომ „ოცნებამ“ არ იცის?“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება იმ ფაქტს რა შემთხვევაში შეიძლება საქარველოსთვის ნეიტრალიტეტის საკითხი აქტუალური გახდეს, ძაბირაძე ამბობს, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს მიბმულია. სიტუცია იქ როგორც დასრულდება და ომის ბედი რა სახითაც გადაწყდება, ის საქართველოს აუცილებლად შეეხება.

„მოლაპარაკების შედეგად, რასაც უკრაინა რუსეთს დათანხმდება, გვინდა თუ არ გვინდა, ანალოგიური მოთხოვნა ჩვენს მიმართაც ექნება. ამის შემდეგ ჩვენი გადასაწყვეტი იქნება, რა გავაკეთოთ. საქართველოს ხელისუფლებას ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა არაფერი გამოსავალი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში ვინ იქნება, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა რამე პროვოკაციაში გაებას. დღეს ხელისუფლებამ ყველა თავისი ნაბიჯი ჩვენს პარტნიორებს უნდა შეუთანხმოს. ჩვენ არც სამხედრო, არც პოლიტიკური, არც ადამიანური არანაირი რესურსი იმის, რომ რუსებს დავუპირისპირდეთ, არ გვაქვს.

გვჭირდება იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, მგონია, რომ ის პოლიტიკურ მანევრს აკეთებს და ამაზე ბოლომდე არ წავა. ან თუ წავა, უფრო მეტ უსაფრთხოებას მოითხოვს და რაღაცა ფარატინა ქაღალდს ხელს არ მოაწერს. ეს ომი დღეს და ხვალ არ დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რაღაცა ზღვარზე ისე ითამაშოს, რომ სასწორის პირი საითაც გადაიხრება, იმას გადაჰყვეს. ფაქტობრივად, დღევანდელი სიტუციიდან უფრო ნეიტრალური პოზიცია გვიჭირავს, ვიდრე მხარდაჭერის პოლიტიკა, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს არც თუ ურიგოა. სხვაგვარად ჩვენ რა შეგვიძლია? ხომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ? ხელისუფლებაც ამას აკეთებს და ვერ შეედავები“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე ჩუმად არის, რაც კარგია, რადგან, როგორც ჩანს, ნეიტრალიტეტის თემაზე საუბარი მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა ორჯერ უკვე რეფერენდუმის მეშვეობით დააფიქსირა - ერთხელ, როცა შევარდნაძემ ეს სწრაფვა გამოკითხვით გაამყარა და მეორედ, როცა „ოცნებამ“ ეს კონსტიტუციაში ჩაწერა. ამიტომ ნეიტრალიტეტზე სუაბრი მხოლოდ სპეკულაციაა, რაც ყველანაირ არგუმენტს არის მოკლებული.

„ჯერ აუტკივარ თავს რატომ ვიტკიებთ, როცა ამაზე არავინ გველაპარაკება? ქართველ ხალხს ეს უკვე ღიად აქვს გაცხადებული და კონსტიტუციაში გვიწერია. არც „ოცნებას“ და არც ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არა აქვს, რომ კანონში არსებული ეს მუხლი შეცვალონ. ასევე ხელახალი რეფერენდუმი უნდა გამოვაცხადოთ. ხელისუფლება ჩუმადაა, ეს ინიციატივა მისგან არ მოდის. ამიტომ გაუგებარია, ამაზე რატომ ვმსჯელობთ? ეს ოპოზიციას ახალი თემის წამოსაწევად სჭირდება. მათი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ჩამოშალონ. „ოცნების“ მიზანი კი ისაა, რომ ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს. ვისაც ეს თემა ადარდებს, ამაზე სხვა მიმართულებით უნდა საუბრობდეს. მაშინ ვიღაცას ეს თემა ხელისუფლების შესაცვლელად სჭირდება და ახლა ეს წამოწიეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან. 

მისივე თქმით, ყველაზე ცუდ ვარიანტში ნატომ ჩვენზე უარი ნამდვილად შეიძლება თქვას. თუმცა საქმე ისაა, რომ ჩვენ არ უნდა ვთქვათ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პუტინს, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს, ამიტომ წინასწარ რაიმე დასკვნებისგან, სჯობს, თავი შევიკავოთ. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ივნისში, მადრიდში ნატოს სამიტი იმართება, ამიტომ უკრაინა თავის ნეიტრალიტეტზე უკვე ჩამოყალიბებული იქნება. თუ უკრაინა ჩამოყალიბდება, მაშინ ნატო ამოიღებს ფრაზას, რომ უკრაინა ნატოში აუცილებლად გაწევრიანდება. აი, მაშინ კი საქართველოს საკითხიც აქტუალური გახდება.