„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გადაცვალების საქმის გამოძიება შეწყდა. პირველი ლეიბორისტი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაცია მან პროკურატურიდან მიიღო. მშრომელთა პარტიის ლიდერი საარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან იწყებს. მისი კრიტიკის მთავარ სამზინედ ისევ რჩებიან ქვეყნის პირველი პირი და პრემიერ-მინისტრი.
რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმე დახურა?
შალვა ნათელაშვილი: როგორც წესი, პროკურატურიდან ინფორმაცია მომდის მეხივით. დახურეს არა მარტო ჟვანიას, არამედ გირგვლიანის, რობაქიძის და ათეულობით ჩაცხრილული ახალგაზრდის საქმეები. არავითარი გამოძიება არ მიდის, ჯობია თქვან სიმართლე.
საქმეები არა მარტო დახურულია, არამედ უპრესპექტივოდ თვლიან, საქმის განახლების აზრს ვერ ხედავენ. მაგრამ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზურაბ ჟვანია ჩემი დასაცავი გახდებოდა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, თქვენ კენჭს იყრით საპრეზიდენტო არჩევნებში. რა შანსები გაქვთ იმისათვის, რომ გახდეთ ქვეყნის პირველი პირი?
- ამაზე უნდა იმუშაოს და იბრძოლოს ხალხმა. მე კი არ მჭირდება პრეზიდენტობა, ხალხს სჭირდება ეროვნული პრეზიდენტი, რომელიც მათ ინტერესებზე მუშაობს და არ გაყიდის საქართველოს, ჩვენს მიწებს არ გაყიდის ინდოელებზე. დაუბრუნებს რაც წაართვეს, გეი პარადებს არ ჩაუტარებს და არ დააქორწინებს გეებს ერთმანეთზე. 20 წელია პოლიტიკაში ვარ და ერთხელ ვიყარე კენჭი პრეზიდენტობის კანდიდატად. არანაირი პრეზიდენტომანია არ მჭირს, ეს ხალხს უნდა.
რა რეტინგი გაქვთ დღეს, სოცილოგიური კვლევა ჩატარებული გაქვთ?
- თქვენ არ იცით რა ხმები გვაქვს წლების განმავლობაში აღებული?
დღეს თუ გაქვთ რეიტინგი, ვითარება რადიკალურად შეცვლილია...
- კვლევა შეუკვეთეთ ხუხაშვილს, ბიგვავას, ფაჩულიას და ცქიტიშვილს. რა კვლევა უნდა ჩავატარო, მე არ ვიცი ჩემი ხალხის განწყობა და რას ლაპარაკობენ დღეს?
რას ლაპარაკობენ?
- ლაპარაკობენ - რატომ არ დავუჯერეთ შალვას, რატომ არ ვიხალეთ თავში ქვა, ეს რა მივქარეთ, ესენი ვინ ავირჩეთ, ესენი უარესები არიანო, - აი ამას ლაპარაკობენ.
ფაქტია, რომ შუალედურ არჩევნებში მოსახლეობამ ნდობა არ გამოუცხადა თქვენს კანდიდატს...
- მაგრამ მოსახლეობამ ხმა მისცა ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველს. უსუფაშვილ-ხიდაშელ-მარგველაშვილ-ივანიშვილის თანამოაზრე კორძაიას. ვაფრთხილებ ნახალოვკას, რომ ეს იქნება ჰომოსექსუალისტთა გააქტიურებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. აი, იმ ადამიანების სინდისზეა, რომ გაბედეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა და მიტინგს გვიტარებენ რუსთაველზე! ასე თუ გააგრძელებენ და არ დამიჯერებენ, უარეს მიიღებენ.
თქვენ რას პირდებით მოსახლეობას, რატომ უნდა მოგცენ თქვენ ხმა?
- ბევრ რამეს ვპირდები. პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავამარცხოთ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, არამედ ვერცხლმოყვარეობა, დავამარცხოთ სატანა, რომელიც შემოგვიგზავნა ჯოჯოხეთმა ივანიშვილის სახით. გამოგვიგზავნა დოლარების „პაჩკებით“ და ჰგონია, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ჩვენი სულების, პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების, ტელევიზიების, საიტების, გაზეთების და ა.შ. ჩვემ თუ არ დავუმტკიცეთ უფალს, რომ არ ვიყიდებით, არ ვართ იუდას მიმდევრები და ფარისევლები, ჩვენ არანაირი განვითარება არ გვიწერია. არც ერთი კანდიდატი, რომელიც იქნება, ან არის არ შეიძლება შემედაროს.
რატომ არ უნდა შეგედარონ?
- საქართველოს გამო მიღებული მაქვს 1 მეტრი და 25 სმ ჭრილობა! მზად ვარ, დარჩენილი ფართიც საქართველოს შევწირო! დანარჩენი, რას ვპირდები და როგორ ვპირდები, არაფერს ახალს არ ვპირდები! რასაც 20 წელია ვაკეთებ და ვამბობ, იმას გავაგრძელებ, ოღონდ საპრეზიდენტო პოსტიდან და ბევრად ეფექტურად. იქნება სამუშაო ადგილები, დავშლი მაფიას, მათ მიერ წართმეულ ბიზნეს გადავანაწილებ ბიზნესმენებზე, ტარიფებს მინიმუმამდე დავიყვან, გადასახადს საერთოდ გავაუქმებთ, ჯანმრთელობა და გადაუდებელი მკურნალობა ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული, სწავლა - ბაღიდან დაწყებული დოქტურანტურამდე დამთავრებული, - ასევე დაფინანსდება ბიუჯეტიდან. უმუშევრებს მიეცემათ კომპენსაცია, რომ თავი გაიტანონ. ბებიებს და ბაბუებს ექნებათ იმდენი პენსია, რომ შვილიშვილებსაც უყიდონ პატარა საჩუქრები, მეტს ეს ინტერვიუ არ დაიტევს და როგორ გითხრათ. რასაც გეუბნებით ეს არის არსებობა და არა კარგი ცხოვრება.
კახა კუკავა ამბობს, რომ თქვენ არ ხართ სერიოზული კანდიდატი...
- კუკავა არის ვაჭარი ბავშვი. მან და მისმა თანამებრძოლებმა ჯერ „ვარდების რევოლუციის“ დროს დაგვიდო კვანტი, პარლამენტიდან დაგვითხოვეს და გამოგვყარეს. კუკავამ მეორედ დაგვიდო კვანტი, როდესაც შეაკოწიწა „გრეჩიხას“ თამადობით ეროვნული საბჭო და გაყიდეს არჩევნების შედეგები, კუკავამ მესამემ დაგვიდო კვანტი, როდესაც 2008 წელს პარლამენტში არ შეგვიშვა. დაგვემუქრა პიარის აგორებით, რომ თუ პარლამენტში შევიდოდით, გამოგვაცხადებდა მოღალატეებად. მაგან მოკეტოს და ცოტა ჭკუით იყოს.
კუკავამ შეგაშინათ და იმიტომ არ შეხვედით პარლამენტში?
- უნდათ, რომ სააკაშვილთან ალიანსში ვემხილებინეთ და ამიტომ არ შევედით პარლამენტში.
პარლამენტში არ შეხვედით, მაგრამ დეპუტატის ხელფასს იღებდით...
- ქვეყანა დავანგრიე, დავაქციე, მე ხელფასს არ უნდა ვიღებდე, პირი უნდა ამოვიკერო, უნდა შევწყვიტო ბიოლოგიური ცხოვრება და გადავიქცე მუზეუმში ერთ-ერთ ექსპონანტად?! იმდენი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, საქართველოს ბიუჯეტიც რომ მაჩუქონ, ესეც ცოტა იქნება! რითი ვსარგებლობდი, კაბინეტი მე არ ამიღია, აპარატი მე არ დამინიშნავს, მანქანა ჩვენ არ გვემსახურებოდა, ბენზინი ჩვენ არ მიგვიღია, მივლინებაში ჩვენ არ წავსულვართ! საერთოდ, ბოიკოტი გამოვაცხადეთ და არ შევედით. კანონით გვქონდა ამის უფლება, რომ ხელფასი აგვეღო და პოლიტიკური ბოიკოტიც გვქონოდა.
რაც შეეხება დაპირებებს, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ ამ დაპირებებს იძლევით იმიტომ, რომ იცით, ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში...
- ვინაა ჩემი ოპონენტები? არც ერთი არაა ჩემი ოპონენტი. ოპონენტები კი არა, ესენი არიან დაქირავებული ექსპერტები და პოლიტიკოსები. ჩემს ოპონენტს ჩემნაირი მოუსყიდავი, ერთგულების და თავდადების გზა უნდა ჰქონდეს გავლილი. ეროვნული მოძრაობის შემდეგ, ერთი მაჩვენეთ, ვის აქვს ასეთი გზა გავლილი, გარდა პარტიიდან-პარტიაში სირბილისა და ვაჭრობის მეტი. ნუ გადამრიეთ, ვინ ოპონენტი მყავს მე?!
თქვენ, მუდმივად სხვას ადანაშაულებთ პარტიიდან-პარტიაში სირბილში და ხელისუფლებასთან ალიანსში, მაგრამ თქვენმა ყოფილმა თანაპარტიელებმა სააკაშვილთან ალიანსში დაგადანაშაულათ...
- დამადანაშაულეს მას მერე, როცა კარგად აიღეს დაფინანსება ივანიშვილისგან. ივანიშვილის მხრიდან, ამის თქმა არ იყო დამაჯერებელი, ამათგან დამაჯერებელია.
ივანიშვილმა გადაიბირა იმისათვის, რომ თქვენ სააკაშვილთან ალიანსში ემხილებინეთ?
- აბა, ვინ გადაიბირა? ივანიშვილის დაფინანსებით იკადრეს ყველა სიბინძურე.
რატომ არ უჩივლეთ მათ?
- ვინ გითხრათ, რომ არ ვუჩივლე?
შეიტანეთ სარჩელი?
- მუშაობს ჩვენი იურიდიული სამსახური. ძმარს ვასხმევინებ ყველას!
თქვენი კრიტიკის მთავარი ობიექტი, დღეს არის ივანიშვილი. 2008 წელს არ იცოდით ვინ იყო, როცა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზეთ?
- ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ამ ბანდის დაფინანსება შეეწყვიტა. რაც მთავარია, მინდოდა, რომ სააკაშვილს წაეგო არჩევნები, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, კიდევ მიაფინანსა 25 მილიონი დოლარით, გახადა პრეზიდენტი და დააკარგინა აფხაზეთი და ცხინვალი. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთად უნდა იჯდნენ საბრალდებო სკამზე. ცუდსა და უარეს შორის არის შეფასება, როცა მათზეა საუბარი.
აფხაზეთი და ცხინვალი ახსენეთ, როგორია თქვენი ხედვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?
- ამ პოლიტიკით ეს არ მოხდება. მითუმეტეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი არა მარტო მონაწილეობს სოჭის ოლიმპიადაში, არამედ პუტინთან ერთად ლენტის გაჭრას აპირებს. ფაქტობრივად, ეს არის აღიარება წართმეული ტერიტორიების. ოლიმპიადა ეს არაა სპორტი, ეს, პირველ რიგში, არის პოლიტიკური ღონისძიება. როდესაც შენ იქ მონაწილეობ საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში და ამ დროს, შენი ტერიტორიების ნახევარს არ ცნობს რუსეთი, ამით შენ აღიარებ რუსეთის მიერ მოხაზულ კონფიგურაციას.
ჩემი კითხვა მდგომარეობს არა იმაში რას აკეთებს ივანიშვილი, არამედ თქვენ რა გეგმა გაქვთ, როგორ აპირებთ დეოკუპაციას?
- საქართველოს მიუმხრობელი სტატუსია გადამწყვეტი საგარეო ურთიერთობებში, რომ დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არ უნდა ვიყოთ გადახრილი რომელიმე სამხედრო პოლიტიკური სივრცისკენ ძალიან. ანუ, რაც ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთად გააკეთეს ამ წლების განმავლობაში, ეს იყო დუეტი, შეიძლება საუკუნეები გაგრძელდეს ამ შედეგების გამოსწორება. ტერიტორიების დაბრუნება ასე იოლი არაა. ეს ვერ მოესწრება ვერც ამ საპრეზიდენტო და ვერც მეორე საპრეზიდენტო ვადაში. ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ და მსოფლიოს არ დავავიწყოთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია, აი ეს არის გარანტია, რომ არ დაიკარგება ეს მიწები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოვასწორო. ამას ჭირდება მუშაობა და არა ლაი-ლაი.
და რას გააკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი და აფხაზი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?
- არავინ არ ეკითხება აფხაზს და ოსს. ეს არის გეოპოლიტიკური შეთანხმების საკითხი დიდ სახელმწიფებთან. პირველ რიგში, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი. იქ არის საჭირო ისეთი მუშაობა, რომელიც ამ სამივე სუბიექტს დაარწმუნებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შედის მათ ინტერესებში. სააკაშვილი ვერ არწმუნებს რუსეთს, იმიტომ, რომ ორგანულად არ ენდობიან. ივანიშვილი ვერ არწმუნებს ამერიკელებს, რუსეთის კაცად თვლიან. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეს ეროვნული მოღვაწე, რომელსაც არ თვლიან არავის კაცად.
და თქვენ ხართ ეს ეროვნული მოღვაწე, რომელიც შეძლებს რუსეთის და აშშ-ის დარწმუნებას?
- თქვენ როგორ გგონიათ?
მე კითხვა დაგისვით ბატონო შალვა...
- პარტია, რომელიც 20 წლის მანძილზე არ დაფინანსებულა არც რუსეთიდან და არც აშშ-დან, შესაბამისად, არა ჰყავს გამოჭერილი არც-ერთ იმპერიას, - ეს ვართ ჩვენ.
წინასაარჩევნო კამპანიას როდის იწყებთ?
- დაწყებული გვაქვს. პირადად მე, ვაპირებ ამ დღეებში, რომ მოვიარო ასობით სოფელი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს შავი ეპოქა დავამთავრო, დანარჩენი უკვე ხალხზეა დამოკიდებული.
არჩევის შემთხვევაში ახალი კონსტიტუციით მზად ხართ ჩაერთოთ ქვეყნის მართვაში?
- პრეზიდენტი კვლავ რჩება უმაღლეს წარმომადგენლად საშინაო და საგარეო ურთიერთობებში არბიტად. შეუძლია მას გააჩეროს პრემიერის და მინისტრების გადაწყვეტილებები. ამდენად, მას აქვს ძალაინ ბევრი უფლებები. უფრო დიდი უფლებები რომ ჰქონოდა პრეზიდენტს, მაშინაც მზად ვიყავი, ხალხი არ იყო მზად.
მაშინ არ გენდოთ მოსახლეობა, მაგრამ ფიქრობთ დღეს გენდობიან? არ გაგიჭირდებათ მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლების კანდიდატი ანტისახელმწიფოებრივია და როგორც ამტკიცებთ, თქვენ ხართ ეროვნული ძალა და ამიტომ მოგცენ ხმა?
- არა მგონია, რომ გამიჭირდეს.
შუალედურ არჩევნებში გაგიჭირდათ ამის დამტკიცება...
- მე კი არ გამიჭირდა, ქართველ ხალხს გაუჭირდა. მისცეს ჰომოსექსუალების დამცველ ქალნატონს ხმა.
თქვენ იმ ხალხზე ხართ გაბრაზებული, რომელმაც უნდა მოგცეთ ხმა...
- ხალხზე კი არ ვარ გაბრაზებული. ქართველ გამყიდველ ელიტაზე ვარ გაბრაზებული. მსახიობებზე, ექსპერტებზე, მომღერლებზე, რომლებიც ნებისმიერ ფულის ჩხრიალზე იყიდებიან. უბედურია ის ქვეყანა ვისაც ასეთი ელიტა ჰყავს.
ამ წლების განმავლობაში გიცდიათ ექსპერტებთან შეხვედრა და დისკუსიის გამართვა?
- რამდენჯერაც გნებავთ. მაგრამ, მერე დაჯდნენ სხვასთან, მისცეს ბანკის ბარათები და დამთავრდა ყველაფერი.
რაც შეეხება კანდიდატებს, ვის თვლით კონკურენტად - გიორგი მარგველაშვილს, ნესტან კირთაძეს, ნინო ბურჯანაძეს?
- როგორ შეიძლება ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატი იყოს ჩემი კონკურენტი?! ეს არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი კოაბიტირებული რეჟიმი.
დამარცხების შემთხვევაში ხომ არ აპირებთ დატოვოთ პოლიტიკა, როგორც ეს დავით გამყრელიძემ გააკეთა?
- მე არ ვიცი, ვინ რა გააკეთა. მე ქართულ პოლიტიკას არასოდეს არ დავტოვებ. იმდენი რამე გავაკეთე საქართველოსთვის, მე არ მიწერია სიკვდილი ქართულ პოლიტიკაში, მითუმეტეს პოლიტიკის დატოვება. მითხარით, ვის აქვს მორალური უფლება არსებულ სპექტრში ჩემს გარდა, რომ იყოს ქვეყნის პრეზიდენტი?
რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ ამის მორალური უფლება?
- აბა ვის აქვს, ივანიშვილს?! რომელმაც საქართველო დააქცია, რომელმაც შევარდნაძე გადაარჩინა ფინანსურად, სააკაშვილი მოიყვანა, „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა, სპეცრაზმი აღჭურვა, ვანო მერაბიშვილი კაცად აქცია და ჩვენი მოსაკლავი ტყვიები უყიდა? მე ბიბლიის მიხედვით ვმოქმედებ, არ მაქვს განკითხვის უფლება, უნდა ვაპატიო ადამიანს.
მაგრამ, ძალიან ბევრი განიკითხეთ ამ ინტერვიუთი...
- იმიტომ განვიკითხე, რომ ჩემს ქვეყანას ანგრევენ. ჩემს ქვეყანას უშავებენ და არა მე. მე არაფერი მაქვს დასაკარგი. თუ პრეზიდენტი არ გავხდები, ეს არაა ჩემთვის ტრაგედია, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. რატომ, არაფერს წერთ რა ხდება ნარიყალას სასახლეში?
თქვენ გვითხარით რა ხდება?
- ხდება ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი შეთქმულება, ბიზნესის გადანაწილება, მილიარდების გადანაწილება, ყველა უმსგავსობა იქ ტრიალებს.
ვინ მონაწიელეობს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში, იქნებ ეს ინფორმაციაც გაქვთ?
- მონაწილეობს ხუხაშვილი, ივანიშვილი, კობახიძეები, წულუკიანები, სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ძმები ბეჟუაშვილები.
დაუჯერებლად ჟღერს ის, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი სხედან ნარიყალაზე და ივანიშვილთან ერთად აწყობენ შეთქმულებას.
- თქვენ გგონიათ, რომ კომუნიკაციის სხვა საშუალება არაა დღეს?
„სკაიპით“ უკავშირდებიან ერთმანეთს და ამ კავშირების შემდეგ, სააკაშვილის ძმაზე გაფორმებული „ვისოლი“ გადავიდა ივანიშვილის კუთვნილებაში.
საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- საიდან მაქვს ინფორმაცია, რომ „კარფური“ არის ივანიშვილის? - საჯარო რეესტრიდან. მთელი სამშენებლო კომპანიები, რომ ივანიშვილისაა ესეც საჯარო რეესტრიდან მაქვს, „ლუკოილში“ რომ კობახიძის მაზლია დირექტორი, ესეც საჯარო რეესტრიდან მაქვს ამოღებული.
„ვისოლი“ რომ ივანიშვილის კუთვნილება გახდა, ეს ინფორმაციაც საჯარო რეესტრიდან გაქვთ?
- თქვენ ახლა გამოძიებას მიტარებთ?! დაკითხვაზე გყავართ?!
მე კითხვას გისვამთ?
- მაგალითი მოგიყვანეთ, რომ კომუნიკაციის პრობლება არ აქვთ. მიდის დაქა-დუქი არა კვერცხი მე მეკუთვნის, ქათამი - მეო. ეს არ იცით და მე რომ ხელფას ვიღებდი, ეს ხომ იცით კარგად?!
თქვენ, რომ დეპუტატის ხელფას იღებდით, ეს იყო საჯარო ინფორმაცია...
- ის, რომ მოვაჭრეებს დოლარნახევარი გაუხადა გადასახადი, ეს არაა შეთქმულება? შეთქმულება არაა კოაბიტაცია სააკაშვილთან? იმპიჩმენტი არ გამოუცხადა სააკაშვილს, მიანიჭა დემოკრატის სტატუსი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილმს არჩევნების შედეგები აღიარა და დემოკრატი ლიდერია. ნიქსონს, რომ დაუწყეს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს იყო არადემოკრატიული და გადაგდება? ეს იყო ზუსტადაც ქართველი ხალხის წინაშე შეთქმულება, აბა რა იყო?
დავუშვათ გახდით პრეზიდენტი, როგორ წარმოგიდგენიათ ივანიშვილის მთავრობასთან მუშაობა...
- ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც მისი ბიზნესის გაძლიერებას და განვითარებას შეეხება, ხელს არ მოვაწერ. მხოლოდ იმ კანონოპროექტებს მოვაწერ ხელს, რომელიც ხალხისთვის იქნება გათვლილი.
ანუ, კოაბიტაციის რეჟიმში არ იქნებით ივანიშვილთან?
- არაფერი საკოაბიტაციო მასთან არ მექნება. ვემზადები იმისათვის, რომ ივანიშვილი მთავრობიდან გავუშვა და შევქმნა ერთიანი სახლხო მთავრობა, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით, რომელიც არ ყოფილა „ოცნებაში“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ვინ იქნება თქვენი პრემიერ-მინისტრი? ალბათ, ამ საკითზეც გაქვთ ნაფიქრი...
- მოინახება ისეთი პიროვნება, რომელსაც ბიუჯეტში არ ექნება ხელები ნაფათურები, რომელიც მხარს არ დაუჭერს ქართული მიწების გაყიდვას, რომელიც მხარს არ დაუჭერს სექსუალური ურთიერთობების დაკანონებას და მათ დაქორწინებას, მხარს არ დაუჭერს ამ მმართველ ბიზნეს-ელიტას იმისათვის, რომ ქვეყანა კარგად ძარცვონ. ვისაც ექნება სუფთა ბიოგრაფია, ის იქნება პრემიერ-მინისტრი.