„გახსოვთ შევარდნაძემ რა უთხრა ნატოს მესვეურებს? – „ღია კარში დიდ ხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ ახლა ტიპის კავშირებზე“

„გახსოვთ შევარდნაძემ რა უთხრა ნატოს მესვეურებს? – „ღია კარში დიდ ხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“ - ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ ახლა ტიპის კავშირებზე“

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განცხადებით, დასავლეთშიც და რუსეთშიც არსებობენ ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან, ომი ბოლომდე გაგრძელდეს, ამავე დროს არსებობენ ძალები, რომლებიც უპირატესობას დიპლომატიურ გზას ანიჭებენ. მისი თქმით, დაბნეულობაა თვითონ რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. მაგალითად, პატრუშევის გუნდისთვის საინტერესოა უკრაინის მთლიანად დაპყრობა, პლუსს მოლდოვას და საქართველოს მიყოლება. თუმცა, სხვა პოზიცია აქვს ნარიშკინის ჯგუფს.

for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

უმძიმესი ვითარებაა, ევროპა აკეთებს განცხადებას, რომ ომი დიდხანს არ დასრულდება. როგორ ფიქრობთ, დიპლომატიისთვის დარჩა გზა?

მამუკა არეშიძე: რასაკვირველია, დიპლომატიისთვის გზა ყოველთვის არის, მაგრამ დადგება თუ არა ამ დიპლომატიური გზის შედეგი, რთულია სათქმელია. მოცემულობა ასეთია - მხარეები ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთესი პოზიცია ჰქონდეთ, რომ გადამწყვეტი მოტივი იყოს მოლაპარაკების წინ. ეს არის განსაკუთრებით რუსეთის პოზიცია.

კიევის პოზციაც ეს არის, მაგრამ ამას ემატება ისიც, მსოფლიო საზოგადოებაში შექმნას განწყობამა, რომ მას მოლაპარაკებები უნდა იმისათვის, რომ მოიპოვოს კეთილგანწყობა და, რომ მარტო ომით არ წყვეტს საკითხს. უკრაინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებების იმ სეგმენტს, რომელიც მწვანე კორიდორებს შეეხება და მოსახლეობის სამშვიდობოზე გაყვანას. დანარჩენი, ორივე მხარე ცდილობს, რომ უკეთესი პოზიცია ჰქონდეთ გადამწყვეტი მოლაპარაკებების დროს.

დიპლომატიური ნაწილი გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება საომარ ნაწილს, რომელიც საკმაოდ მძიმეა?

- რასაკვირველია, ჩვენ უნდა მივუდგეთ იმ მოცემულობიდან, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, ეს არის რუსეთის და დასავლეთის ომი. ასე რომ, დასავლეთში არსებობენ ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის ამ პროცესის დიპლომატიური გზით დამთავრება. ასევე არსებობენ ძალები, რომელთაც უნდათ, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ომი, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხები ჯდება. პრაქტიკულად, უკრაინის ბიუჯეტი, რომელიც სამხედრო საჭიროებებზე იყო ორიენტირებული, პირველივე დღეებში დამთავრდა.

მას მერე ამ უზარმაზარ თანხას უკრაინა იღებს დასავლეთისაგან. გარდა ამისა, მას აწვდიან სამხედრო ტექნიკას, პროდუქტს, სამედიცინო მასალას და ა.შ. რაშიც უზარმაზარი თანხა იხარჯება. ამიტომ, არის ასეთი განწყობაც, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ომი. პლუს, სანქციები სერიოზულ დარტყმას აყენებს დასავლეთის გარკვეულ ეკონომიკურ ჯგუფებს. ძალიან მკაფიოდ მინდა იყოს გაგებული, რომ დასავლეთშიც და რუსეთშიც არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ ეს ომი ბოლომდე გაგრძელდეს, ამავე დროს არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ომი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით დამთავრდეს.

საინტერესოა, როგორია თვითონ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიცია?

- დაბნეულობაა. ჯგუფებს შორის არის განსხვავებული მიდგომა იმაზე, როგორი უნდა იყოს ომის შედეგი. მაგალითად, პატრუშევის გუნდისთვის საინტერესოა უკრაინის მთლიანად დაპყრობა, პლუსს მოლდოვას და საქართველოს მიყოლება. მოქმედებენ ფორმულით - სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, მაინც დისკრედიტირებული ვართ და ბარემ ეს საკითხიც მოვაგვაროთო. მაგრამ არის სხვა ჯგუფები, მაგალითად ნარიშკინის ჯგუფი, ისინი სხვანაირად ფიქრობენ.

მაგალითად, როგორია ნარიშკინის გუნდის მიდგომა?

- ის, რომ ყველა რუსული იმპერიის ნაწილია, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ნარიშკინის მიდგომა ასეთი იყო - „გავამთლიანოთ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები და საზღვარზე გავჩერდეთ. ანუ, გავიმეოროთ 2008 წელი, წინ ნუ წავალათ“. გარდა ამისა, შეტევის ალბათობას უშვებდა მარიოპოლი-ხერსონი-ოდესის ხაზზე. ეს იყო ნარიშკინის მოცემულობა. პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამიტომაც დატუქსა. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, მოქმედებაშია პატრუშევის იდეა და ამას მისდევს რუსული პოლიტიკური ელიტა.

მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსებს აღარ სურთ უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია. ვხედავთ, რომ დიპლომატიური კუთხით აქტიურობს თურქეთი და შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ძვრებიც არის, თითქოს გამოჩნდა იმედის სხივი. თურქეთის როლს როგორ ხსნით ამ პროცესში, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს?

- სხივს ვერ ვიტყვით, მაგრამ თურქეთი მოსკოვის თვალში აღიქმება მოწინააღმდეგედ, განსაკუთრებით კავკასიის ამბებში, მაგრამ კოლექტიური დასავლეთის ნაწილად უკვე არ აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრია. თურქეთი თამაშობს თავის თამაშს და ამას მოსკოვში ძალიან კარგად ხვდებიან. თურქეთი, რომელიც რაღაც ისტორიულ მონაკვეთში აუცილებლად გახდება რუსეთის მტერი, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაში, დღეს პარტნიორის როლს თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისა და რუსეთის ინტერესები არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მუსულმანურ რესპუბლიკებში, პლუს სირიაში და ახლო აღმოსავლეთში ეჯახება ერთმანეთს, რუსეთს აწყობს, რომ თურქეთი, რომელიც ასევე დასავლეთს სისხლს უშრობს, იყოს მთავარი მომლაპარაკებელი. ისრაელი მოსკოვში აღიქმება როგორც აშშ-ის სატელიტი, თურქეთი არა. ასე რომ, მომლაპარაკებლის თვალსაზრისით, თურქეთი გამოდგება. მით უმეტეს, რომ თურქეთზე ამყარებს იმედს ოფიციალური კიევი.

თან პარადოქსალური სიტუაციაა, იარაღი, რომელსაც თურქეთი აწვდის უკრაინას, იხოცებიან რუსი ჯარისკაცები და მაინც თურქეთს არჩევს მომლაპარაკებლად რუსეთი. თურქეთსაც ეს უნდა. ერდოღანის ხელისუფლებას აქვს ამბიცია, იყოს ახლო აღმოსავლეთის ლიდერი, შავი ზღვის აუზის რეგიონალური ზესახელმწიფო, რომელიც აკონტროლებს შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის აუზს, ასევე ახლო აღმოსავლეთს. სუნიტური საზოგადოების ლიდერი რომ უნდა იყოს, ეს ვიცით. ასეთი ზესახელმწიფოს პრეტენზიების მქონე ქვეყანას აწყობს იყოს მესამე მსოფლიო ომის მომგვარებელი.

ერთია სურვილი, მაგრამ მეორეა რამდენად შეძლებს თურქეთი იმას, რომ გახდეს მესამე მსოფლიო ომის მთავარი მომგვარებელი სახელმწიფო, როცა ერთ მხარეს დგას რუსეთი, მისცემს ის ამის საშუალებას?

- თუ რუსეთმა მისცა საშუალება, რატომაც არა, მაგრამ შეძლებს თუ არა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უკრაინული გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს იარაღის და ტყვია-წამლის სამი დღის მარაგი დარჩაო. ამის არ მჯერა, მაგრამ ის, რომ სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს გაუჭირდება და უკვე უჭირს, ეს ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყარაბაღიდან არ გამოიყვანდა ცოცხალ ძალას. ისინი ბრძოლაში გამოცდილი სამხედროები და ყველაზე უკეთ ორგანიზებული არიან.

საერთოდ, რუსული 58-ე არმია რომელიც სამხრეთ მიმართულებაზე დგას, ყველაზე უკეთ არის დაკომპლექტებული, ყველაზე უკეთ შეიარაღებულია და ყველაზე უკეთესი საბრძოლო კონტიგენტია. ამ არმიის ბევრი ნაწილი უკვე მონაწილეობს უკრაინის ოპერაციაში, მათ შორის ეს ვითომ სამშვიდობოები აქ რომ დგანან. როგორც კი ყარაბაღიდან გაიყავნეს სამშვიდობოები, აზერბაიჯანმა იმ წუთში განაახლა სამხედრო დამაშინებელი ოპერაცია და დღემდე გრძელდება სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები.

გასაგებია, რომ დიდი მოთამაშეები თავის თამაშს თამაშობენ, მათ შორის რუსეთი, მაგრამ რა როლი აქვს საქართველოს, რომელიც ამ წრეშია და რომელსაც აქვე ჰყავს ე.წ. სამშვიდობო ძალები?

- ჩვენი როლი პრაქტიკულად არ იკვეთება როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ სივრცეში, როცა შეგვიძლია სერიოზული გავხადოთ ჩვენი როლი. გადაყოლილი ვართ შიდა პოლიტიკას. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკურ ამინდს ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ხელისუფლება აყოლილია „ნაცმოძრაობის“ მოგერიების რეჟიმს და მთელი დღის წესრიგი ამაზე აქვს აგებული. ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის, რადგან ამ სიტუაციაში შეუძლია ბევრად უკეთესად გამოჩნდეს, როგორც უკრაინის, ასევე ზოგადად, რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებით.

რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას, ეს არის მოსალოდნელი ომის და დაპირისპირების მდგომარეობა, რომელიც ძალიან მძიმედ მოქმედებს საქართველოს საზოგადოებაზე. რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, მაინც რთულია დავივიწყოთ სავარაუდო დაპირისპირების ხარისხი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან ისაა, რომ რუსეთი გამოძვრება ამ სიტუაციიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი როგორც სახელმწიფო დაიშლება.

დასავლეთს სჭირდება დაშლილი რუსეთი?

- დასავლეთს სჭირდება არა დაშლილი რუსეთი, არამედ ლოიალური რუსეთი, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ იქნება დასავლეთის დასაყრდენი. ურთულეს თამაშს თამაშობს დასავლეთი. ზოგ შემთხვევაში ერთი პირი არ აქვთ. სერიოზული არეულ-დარეულობაა. ამ ქაოტურ მდგომარეობაში საკუთარი თავდაცვის თვალსაზრისით შეგვიძლია გარკვეული ფუნქცია შევასრულოთ. მაგრამ ჩვენ სხვა რამით ვართ დაკავებული.

ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიზანია, რომ რუსეთმა ყურადღება საქართველოში გადმოიტანოს? კერძოდ, უკრაინაში წარუმატებელი ოპერაციის პარალელურად საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი?

- ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მთავარი მოტივია ხელისუფლების დისკრედიტაცია და ხელისუფლების იძულება, რომ წავიდეს. მაგრამ ოპოზიციის სერიოზული ნაწილი ვერ ხვდება, რომ ამით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. რასაკვირველია, ოპოზიციის ამ ნაწილში იქნებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დავალებით მოქმედებენ, რომ ხელ-ფეხი გაუხსნან. სამწუხაროდ, ქვეყნის დისკრედიტაცია უკვე მოახდინეს. აქ თავისი როლი ითამაშა ხელისუფლების შინაარსობრივმა სწორმა, მაგრამ ფორმის თვალსაზრისით აბსოლუტურად არასწორმა ნაბიჯებმა. ამან ცუდი როლი ითამაშა, როგორც ჩვენს პარტნიორებში, ისე მეგობრებში და სხვათა შორის მტრებთანაც კი.

რაც შეეხება ჩინეთის როლს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ამ გლობალურ დაპირისპირებაში. ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ხილვაც სურს. მეტიც, ამბობს, რომ კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესში არ შედის, მშვიდობა და უსაფრთხოება არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაზე მეტად უნდა დააფასოს. როგორ ხსნით ჩინეთის ამ პოზიციას?

- ჩინეთი, ამ შემთხვევაში, მართალს ამბობს. დღეს, ჩინეთისთვის მსოფლიო მშვიდობა არის ის მოცემულობა, როცა თავისუფლად და მარტივად შეუძლია ექსპანსიური პოლიტიკის გატარება. ჩინეთი მოქმედებს არა სამხედრო ძალის, არამედ ეკონომიკის მეშვეობით. ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქვს საელჩო გახსნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ საელჩოების მეშვეობით ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური დომინანტის ფუნქიას იღებს თავის თავზე და აღწევს იმას, რომ ამ ქვეყნების დიდი ნაწილი დამოკიდებულია მასზე.

ეს ეხება აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის სუსტ ქვეყნებს. პარადოქსია, მაგრამ პანამაში, სადაც არხი გადის, ჩინეთის საელჩოს უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავს, ვიდრე 20 სახელმწიფოს ერთად. რად უნდა პანამა, რომელიც ღარიბი ქვეყანაა და ერთადერთი ის არხი აქვს? მაგრამ ეს არხი არის კომუნიკაციის და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი არტერია. ჩინეთისთვის დღეს მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისი ექსპანსიონისტური ეკონომიკური პოლიტიკისთვის სჭირდება ასეთი გარემო.

შეხედეთ მის ურთიერთობას რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთთან დაპირისპირების ნაწილში მხარს უჭერს, მეორე მხრივ რუსეთს აგრძნობინა, რომ არის უმცროსი პარტნიორი და ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები დაიწყო მასსა და რუსეთს შორის, - თუნდაც საბანკო ნაწილში. იმის შიშით, რომ სვიფტიდან გამოგვრთავენო, ზოგიერთ რუსულ ბანკს მის ტერიტორიაზე ოპერირების საშუალება შეუზღუდა. ეს ის ბანკებია, რომლებიც ენერგომატარებლების ფულს ატარებენ. მოსკოვსაც აგრძნობინა, რომ მდგომარეობის ბატონ-პატრონი არის პეკინი. ასე რომ, ერთდროულად ორ ფორნტზე თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის ოფიციალური განცხადებების უკან უნდა დავინახოთ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რა უნდა სინამდვილეში ჩინეთს.

რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას, ვიღაცას გონია, რომ განსაკუთრებული ინტერესის საგანი არ უნდა იყოს საქართველო და ასე არ არის. ისინი თვლიან, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კვანძი, შავი ზღვის და ევროპის კარიბჭე. საქართველოს განიხილავენ როგორც პლაცდარმს ევროპაში გამარტივებულად შესვლისთვის. ჩინეთი მოქმედებს პრინციპით - უნდა ვიყო დომინანტი, როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში. ამ თვალსაზრისით საქართველო ძალიან საინტერესოა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის სისტემა შექმნას, ხოლო აქედან გამომდინარე - სხვა ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელიც ამ მიმდინარე პროცესის გვერდზე დგას.

ანუ?

- თურქეთთანაც უნდა შეიქმნას ურთიერთობის გარკვეული სისტემები. თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ თურთქეთთან თუ თავს დახრი, მერე თავზე დაგაჯდება. მაგრამ უნდა მოინახოს ისეთი ფორმა, რომელიც თავზე დაჯდომის ვითარებას არ დაუშვებს. გარკვეული აქტივობები გვმართებს როგორც რეგიონის შიგნით, ასევე რეგიონის გარეთაც. სხვანაიარად არაფერი არ გამოგვივა. უნდა დავივიწყოთ ეს ყბადაღებული ნეიტრალიტეტის თემა. თუ არ გვეყოლება სერიოზული გარანტორები, ისე არ გამოვა ნეიტრალიტეტი.

ნატოში შესვლა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ უსაფრთხოების ახალი ტიპის კავშირებზე. შეიძლება ეს იყოს იგივე ბრიტანეთი, რომლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა ახლო აღმოსავლეთი. ბრიტანეთი ერთადერთია, რომელიც კარგად ერკვევა ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის ბრიტანეთი. გახსოვთ შევარდნაძემ რა უთხრა ნატოს მესვეურებს? – „ღია კარში დიდ ხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო“. ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ ახლა ტიპის კავშირებზე.

 

ლაზი მიწის ქვეშ რა იყო, ის იცოდა შევარდნაძემ. იმ დროისათვის უკვე უთქვამს რასაც გვიპირებდნენ. ნატოს ღია კარი თავიდანვე დაკეტილი ყოფილა. ახლა მჟღავნდება, რომ ევროკავშირშიერისაც, ასოცირების იქით რეალური პერსპექტივა არ ჩანს.
საქართველოს გადარჩენა ყოველთვის მოქნილ პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გადამრჩენლები, "ზედმატი სიყვარულის გამო", მთლად შეჭმას გვიპირებდნენ ყოველთვის. აგერ ახლა ვიღაც უკრაინელი დეპუტატი უკვე ჩვენს დახმარებაზე ზრუნავს. ჩვენ დავუბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოსო. გაჭირვებიდან ვინც გამოგიყვანს, ის რომ, მერე, თავზე დაგაჯდება ამას დიდი გამჭრიახობა სჭირდება? ვის რამდენად შეუძლია, ეგ საკითხავია, მაგრამ უფროსი "ძმის" როლი ეტყობა ძალიან მიმზიდველია.
ერთად ერთი ქვეყანა, რომელიც თან დამოუკიდებელია და თან სხვისი პროტექტორატის ქვეს არის, ისრაელია. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და თავისი საფუძველიც აქვს. თანაც მის ტერიტორიაზე არც ერთი სხვა ქვეყნის ჯარი არ დგას და არც ალიანსებში მონაწილეობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუ მსოფლიო წესრიგი მართლა რადიკალურად არ შეიცვალა, ჩვენ ვრჩებით "ღარიბი ნათესავის" მდგომარეობაში, სადაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ თავი როგორმე გადავირჩინოთ, როგორც ერმა და სახელმწიფომ.
2 წლის უკან