„ამ ომის გამო პოლიტიკური ცხოვრება, რეფორმები, ინსტიტუციური მშენებლობა არც საქართველოში, არც აღმოსავლეთ ევროპაში არ შეჩერებულა - არჩევნები ჩატარდება იმ დღეს, როდესაც არის დანიშნული“

„ამ ომის გამო პოლიტიკური ცხოვრება, რეფორმები, ინსტიტუციური მშენებლობა არც საქართველოში, არც აღმოსავლეთ ევროპაში არ შეჩერებულა - არჩევნები ჩატარდება იმ დღეს, როდესაც არის დანიშნული“

უკრაინა-რუსეთის ომმა შიდა ქვეყნის პოლიტიკური მოვლენები უკანა პლანზე გადაწია, მათ შორის 2 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნებიც.

სწორედ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საარჩევნო კამპანიის წარმოება შეწყვიტა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ და ხელისუფლებას შუალედური არჩევნების გადადებისკენ მოუწოდა.

„რუსეთის აგრესიამ მთლიანად შეცვალა ვითარება ჩვენ რეგიონში და საქართველოში. რუსეთის ინტერვენციის შედეგად საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა და ახლა ჩვენს ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს უსაფრთხოების და ეკონომიკური თვალსაზრისით. „ლელოს“ მთელი რესურსი კონსოლიდირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. იმის შემდგომ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შევაჩერე რუსთავში საარჩევნო კამპანია, სადაც აქტიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესების წარმართვა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურობით არც მმართველი გუნდი გამოირჩევა. თუმცა, არჩევნები რომ არ გადაიდება, ეს ცესკოს აქტიურობიდან ჩანს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2 აპრილს გასამართ შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლისას ვიდეოგადაღება განხორციელდება.

„2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცედურების ვიდეოგადაღება განხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 2021 წლის არჩევნების წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც კიდევ უფრო ზრდის არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს მოქალაქეების ნდობის გამყარებისთვის.

შუალედურ არჩევნებზე აუდიო-ვიდეო ფიქსაცია რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საარჩევნო ოლქებში, ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდება. უკვე შერჩეული არიან საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი პირები ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნების გადადების პრობლემას ვერ ხედავს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, უკრაინაში ომის მიუხედავად, ინსტიტუციური მშენებლობა არც საქართველოში და არ მოლდოვაში არ შეჩერებულა.

„უკრაინაში საშინელი ტრაგედიაა და ძმათა მკვლელი ომია, საქართველო ყველა შესაძლო რესურსით უკრაინას მხარს უჭერს. თუმცა, ამავე დროს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. ამ ომის გამო პოლიტიკური ცხოვრება, რეფორმები, ინსტიტუციური მშენებლობა არც საქართველოში, არ მოლდოვაში და არც აღმოსავლეთ ევროპაში არ შეჩერებულა. ეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

შუალედური არჩევნები ჩატარდება იმ დღეს როდესაც არის დანიშნული. კარგია, რომ ბადრი ჯაფარიძემ თუნდაც არადამაჯერებელი მიზეზით გადაიფიქრა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მისი პოლიტიკური წონადობა ვერც რუსთავში და ვერც საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ორნიშნა ციფრიც კი ვერ იქნება.

აქტიური საარჩევნო კამპანია თავად მმართველმა პარტიამაც არ უნდა გამართოს, რადგან პარტიაში იციან შიდა კვლევები, ასევე საზოგადოების განწყობებიც ცნობილია და ამიტომ, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში არჩევნებს მოიგებს“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი 2 აპრილის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციას და პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

„მუდმივ რეჟმში ვხედავთ, რომ სააკაშვილის ორბიტიდან მუდმივად მიმდინარეობს შეტევა სახელმწიფოზე, რათა ან რუსეთთან ომში ჩაითრიონ, ან საქართველო ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციონ. „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციის მოწყობას ყოველთვის შეეცდება. ის ამას ტელესივრციდან ყოველდღე აკეთებს. არ გამიკვირდება, რომ შუალედური არჩევნების დღესაც გარკვეული პროვოკაციული ქმედებები მოაწყოს“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას გია აბაშიძემ.

უკრაინა-რუსეთს შორის საომარი მოქმედებების გამო, შუალედური არჩევნების გადადების მომხრეა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, თუკი არჩევნები გადაიდება, შემდგომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კანდიდატი თანაბარ პირობებში იბრძოლებენ.

„ვფიქრობ, არჩევნების თარიღი აუცილებლად უნდა გადაიწიოს, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს. არჩევნები იმ დროს უნდა ჩატარდეს, როდესაც უკრაინაში მშივიდობიანობა იქნება. თარიღის გადაწევის შემთხვევაში, მხარეებს როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას საშუალება ექნებათ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ. დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ბუნებრივია, რომ ვერ ხერხდება. ბადრი ჯაფარიძის განცხადებას მივესალმები. თუმცა, მეორეს მხრივ, შესაძლებელია სიტუაციით მმართველმა პარტიამ ისარგებლოს. ცნობილია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა და შესაბამისად, გახარიას პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარეები გახდნენ. ამიტომ, შეიძლება მმართველ პარტიაში სურვილი არ ჰქონდეთ, რომ რუსთავში წააგონ. რუსთავი სიდიდით მესამე ქალაქია და როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა მერის არჩევნების დროს, ესეც კარგად გვახსოვს.

პროვოკაციებს არ ველოდები. რადგან ბადრი ჯაფარიძემ კანდიდატურა აღარ დააყენა, ამიტომ „ქართული ოცნება“ არანაირ პროვოკაციას არ მოაწყობს. ხელისუფლება პროვოკაციას მაშინ აწყობს, როდესაც ხედავენ საფრთხეს, რომ მმარცხდებიან“, - განუცხადა for.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.