ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს ბალტიის ქვეყნები კერძოდ, კი ლიეტუვა აყენებს, როგორც ომის თანმხვედრ ლოგიკურ ნაბიჯს. ამას უკვე მოჰყვა დაძაბულობა საერთაშორისო ბირჟებზე და ნავთობის ღირებულებამ ერთ დღეში 115 დოლარს მიაღწია, თუმცა გაცილებით უარესი კიდევ წინ იქნება, თუკი ევროპა პრინციპულობას გამოიჩენს.
ამას გარდა, ევროგაერთიანება რუსეთისთვის სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს. პარალელურად, მიმდინარე კვირაში ბრიუსელში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს, როგორც „როიტერი“ წერს, ის ჯამში რუსეთისა და ბელარუსის 700-მდე მოქალაქეს შეეხო, სექტორულად კი როგორც ფინანსების, ასევე ვაჭრობის სექტორზე გავრცელდა.
იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე უარს იტყვის, მისი ღირებულება შესაძლოა 300 ან სულაც 500 დოლარამდე გაძვირდეს. რუსული მძიმე ნავთობის ალტერნატივა ვენესუელური და ირანული პროდუქტია, მაგრამ ამ ორ ქვეყანას უფრო დიდი სანქცია აკისრია. ასე რომ, ჯერჯერობით ალტერნატივა არ ჩარს.
შესაბამისად, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალქსანდრ ნოვაკი ამბობს, ომ ევროპელები უნდა დაფიქრდნენ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ, რადგანაც რუსული ნავთობის დაბლოკვა აუცილებლად გამოიწვევს დეფიციტს, რომლის შევსება უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება.
იგივე აზრისაა პუტიპის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც. მისი აზრით, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლო გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში და „ყველაფერს დაარტყამს“.
„რამდენადაც ვიცით, ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს საკითხი აქტიურად განიხილება. ეს რთული საკითხია, რადგან ამგვარი ემბარგო ზოგადად მსოფლიო ნავთობის ბაზარზე სერიოზულ გავლენას მოახდენს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ამ სახის სანქციების ამოქმედების შესაძლებლობას შეეხებოდა.
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება „ევროპის კონტინენტის ენერგობალანსებზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამასთან, ამერიკელებს თავისი ნავთობი ექნებათ და იმაზე კარგად იგრძნობენ თავს, ვიდრე ევროპელები“, - თქვა პესკოვმა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირი საკითხზე განხილვას მაინც აპირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბირჟებზე ვითარება ისევ დაიძაბა და 100 დოლარამდე ჩამოსულ ფასი ისევ 115 დოლარზე ავარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ დღესდღეობით ნავთობის ფასთან მიმართებით ვითარება დრამატულია და მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეუქცევადი ნახტომისებური ზრდა გამოიწვია.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საომარი მოქმედებები შუაგულ ევროპაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი გავლენა ნავთობის ფასზე პირდაპირპროპორციულად აისახება. რუსეთი მსოფლიოში რიგით მეორე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა და თავისთავად, მისი მონაწილეობა საომარ მოქმედებებში განაპირობებს ასეთ მაღალ ფასს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ დღევანდელი ფასი არ აღიქმება, როგორც ბოლო ზღვარი, არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება.
„რეგიონში ომი მძვინვარებს, რაც მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანს ბევრ საკითხში, მათ შორის, ფასებთან მიმართებაში. სრულიად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ არსებობს.
„ფასი არ იკლებს და სტაბილურად ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 დღით შემცირდა ფასი, ტენდენცია ვერ გაგრძელდა და გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. საქართველოს შემთხვევაში, პრობლემაა გაცვლითი კურსიდან გამომდინარეც, ლარი ვეღარ მყარდება დოლართან მიმართებით და ფასებზე ესეც ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - დასძინა მთვრალაშვილმა.
რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძალებლობას ევროკავშირში განიხილება როგორც საპასუხო ზომა კიევის მასიური დაბომბვის ან რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში.