კრემლი ტაქტიკას ცვლის - შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთმა საზღვაო ძალები გაზარდეს

კრემლი ტაქტიკას ცვლის - შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთმა საზღვაო ძალები გაზარდეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აშშ-მა შეამჩნია რუსეთის გაზრდილი საზღვაო აქტივობა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, აშშ დარწმუნებულია, რომ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვაში ნაწილობრივ სწორედ ეს სამხედრო ხომალდები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთს შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ათზე მეტი საბრძოლო ხომალდი, მათ შორის ამფიბიური ხომალდები, ჯარისკაცები, ნაღმსატყორცნი და საპატრულო კატერები ჰყავს.

მოვლენების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინას სრულად გაანადგურებენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.

„უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ყველა უნდა გაგვანადგუროს და მაშინ მათი ულტიმატუმი შესრულდება. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. ვერც ხარკოველები, ვერც მარიუპოლელები, ვერც კიეველები, ვერც პრეზიდენტი - ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, დიდი ხარვეზები ჯერ კიდევ რჩება. სადავოა რამდენიმე საკითხი, რომელთა შორის ზოგიერთი ფუნდამენტურია, თუმცა ამის მიუხედავად, ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს ომის დასრულებაში.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მხარეებს შორის გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა ჯერ ძალიან დიდია. მსოფლიოში სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, რომ გადავლახოთ ეს აზრთა სხვადასხვაობა, რათა დავასრულოთ ომი.

საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ამ ომის დასრულება, თუმცა გზა ჯერ კიდევ გრძელია და ჯერ კიდევ არის რამდენიმე სადავო საკითხი, რომელთა ნაწილი ფუნდამენტურია. რუსებს აღარ სურთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეცვლა და უკრაინის სრული დემილიტარიზაცია, ხოლო უკრაინამ უკან დაიხია ნატო-ში გაწევრიანების მცდელობისგან“, - აცხადებს ნაფტალი ბენეტი.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს ასრულებს, მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ თურქეთს აქვს კომუნიკაცია მომლაპარაკებელთა გუნდებთან, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს.

„მაშინ, როდესაც ომი მიმდინარეობს და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება, შეთანხმების მიღწევა მარტივი არ არის, მაგრამ ვხედავთ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს მივიდნენ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

როგორც ცნობილია, თურქეთი შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთში ჩავიდა, სადაც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებისთვის.

თუმცა, როგორც დიმიტრი პესკოვის განცხადებიდან ჩანს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რადგან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე შეთანხმებები არ არის მიღწეული.

„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე არსებითი წინსვლა ამ ეტაპზე არ არის. ვიდრე რაღაც არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის, ნაადრევია ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი. მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი. იმისთვის, რომ საუბარი შეეხოს პრეზიდენტების შეხვედრას, ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.