„როცა ხალხს გამოცდილება აქვს, რომ აგრესორისგან არ დაგიცავს ორგანიზაცია, რომელმაც 14 წელი ღია კარის წინ დაგაყენა, მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მომხრე არ იქნება“

„როცა ხალხს გამოცდილება აქვს, რომ აგრესორისგან არ დაგიცავს ორგანიზაცია, რომელმაც 14 წელი ღია კარის წინ დაგაყენა, მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მომხრე არ იქნება“

GORBI-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკას გამოკითხულთა უმეტესობა დადებითად აფასებს. კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების“ სიფრთხილეს, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეული არ აღმოჩნდეს, გამოკითხულთა უმეტესობა მიესალმება. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის და მისი მედია საშუალებების მიერ წამოწყებულ ისტერიკას მოსახლეობა მხარს არ უბამს.

GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა: ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთაგან 41%-ს.

კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოგწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება? რესპონდენტთან 87,8%-ს მოსწონს, არ მოსწონს 8,3%-ს და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს 3,9%.

ასევე, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ არსებული პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორია მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია? გამოკითხულთა 31,7% ფიქრობს, რომ ის პროდასავლური ძალაა, 28,8% ამბობს, რომ ნეიტრალური ძალაა და ვითარების შესაბამისად მოქმედებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, 24,6% ფიქრობს, რომ პრორუსული ძალაა და არ იცის, ან პასუხზე უარს ამბობს რესპონდენტთა 14,9%.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „გორბის“ საკმაოდ სანდო კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას რუსეთთან პირდაპირ სამხედრო თუ ეკონომიკურ დაპირისპირებაში ჩართვა არ უნდა. მათი დაკვეთაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დინჯი პოლიტიკა აწარმოოს.

„ის რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ვემხრობით, რომელიც საქართველოს დააზიანებს და არა რუსეთის რომელიმე ოლქს, მოსახლოების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად გაიგო. ამ კვლევით ის გარემოებაც მნიშვენლოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველიც „ოცნების“ პოლიტიკას მხარს უჭერს. საინტერესოა 64%-ის აზრიც, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ანტისამთავრობო აქციები და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო ტალღის აგორება დაუშვებელია. ამ ეტაპზე ეს ძალიან კარგი მოვლენაა. გამოკითხვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ერთ მეხუთედამდე დაეცა სააკაშვილის ტელევიზიების ნდობის ხარისხიც, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

„გორბის“ კვლევამდე მოსახლეობის დამოკიდებულება ისედაც ნათელი იყო, რადგან საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან უნისონში იმყოფება. გასაკვირი არაფერია, უბრალოდ, ის რეალობა დამტკიცდა, რაც გვაქვს. ქართული საზოგადოება უკრაინისადმი სრულიად მხარდამჭერი და სოლიდარულია. თუმცა ამ მხარდამჭერი და სოლიდარული აქციის გამოყენება სააკაშვილის ვითომ და გათავისუფლების მოთხოვნის სოუსის შეტყუება, სრული სისულელეა. ამას ჩვენი საზოგადობის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ხალხმა ძალინ სწორი დასკვნები გააკეთა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურად დაპირისპირებული მოსახლეობაც კი მხარს მშვიდობას უჭერს. აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი მათაც ამ კონტექსტში არ აინტერესებთ. ხოლო იმ მომენტში, როცა უკრაინაში სისხლისმღვრელი ომია, ხალხისთვის ეს ამორალური საქციელი მიუღებელია და მათთვის უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სააკაშვილის თემის წამოწევის მცდელობა კრახით დასრულდა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ კვლევებამდე საქართველო და მისი მოსახლება ძალიან მძიმე ორი გამოცდილებით მოვიდა. ქართველიშვილი for.ge-სთან პირველ გამოცდილებად 2008 წლის იანვარში საყოველთაო გამოკითხვას ასახელებს, სადაც ჩვენმა მოსახელობამ ქვეყნის ევრო და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებას დადებითად უპასუხა.

ამ გამოკითხვის შედეგი კი 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იყო, სადაც ითქვა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში მიეღოთ. თუმცა დღეს ევროკავშირის მაღალჩინოსნები ამას შეცდომას უწოდებენ. ამიტომაც ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში დასავლეთი რომ არ დაეხმარება.

„ჩვენმა ხალხმა დაინახა, რომ 2008 წელს სწორედ ამ სწრაფვას ქვეყნის ტერიტორიული მთლინობა შეეწირა. 2022 წელს კი ამ შეცდომას მსხვერპლად უკვე უკრაინას წირავენ. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას ომის მწარე გამოცდილება და ნატოს ღია კართან 14-წლიანი დგომა ძალიან კარგად აქვს გამოცდილი. ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავზე უკვე იწვნია რა არის ომი, სადაც პირისპირ მარტო რუსეთთან რჩები. ახლა კი უკრაინის მაგალითზე უფრო ნათლად ხედავს, რომ არანაირი სამხედრო დახმარება ჩვენს დასაცავად არ მოვა.

აგრესორისგან არ დაგიცავს ის ორგანიზაცია, რომელმაც 14 წელი ღია კარის წინ დაგაყენა. ხალხს ასეთი გამოცდილება როცა აქვს, მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მომხრე იქნება? რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი ამას მხარს არ უჭერს. ასევე საინტერესოა, რომ ამ შეკითხვას ხელისუფლების სასარგებლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც პასუხობს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს, რადგანაც მათ პოლიტიკას ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს. ხელისუფლების მოქმედება და ტაქტიკა, რომელიც ამ კონფლიქტში მან აირჩია, ხალხის მიერვე არის გამყარებული“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გამოკითხულთა ასევე უმრავლესობამ პასუხი გასცა კითხვას რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ხელისუფლება არ არის და აქაც კი უმცირესობაშია ის ძალა, რომელიც ცდილობს ხელისუფლება კრემლის პროექტად გამოაცხადოს, რამაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია კიდევ უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააყენა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არ მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია. ერთადერთი ვინც ამაზე დასავლეთში საუბრობს, ისევ წინა ხელისუფლებისგან დაფინანსებული ლობისტები ან ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც „ნაციონალებთან“ ვალდებულებაში არიან.