ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც აფხაზეთის გმირული ეპოპეა არ უნახავთ და არც აგვისტოს ომი ახსოვთ, აღტაცებას ვერ ფარავენ უკრაინელების სიმამაცით და ფიქრობენ, რომ უკრაინელები მაგრები არიან და ქართველების საბრძოლო სულისკვეთება ვერ მოვა უკრაინელების შემართებასთან. მათი აზრით, უკრაინელები უფრო მედგრად ებრძვიან მტერს, ვიდრე ქართველები. ეს მაშინ, როცა წინასწარ გაყიდული აფხაზეთის ბრძოლების დროს ქართველებმა 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში შეაკავეს რუსები. თანაც მაშინ საქართველოს არც ნატოს დახმარება ჰქონია, არც ასე ერთ მუშტად იყო შეკრული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ, არც ასეთი ანტირუსული საინფორმაციო კამპანია მუშაობდა, არც სანქციები ჩანდა, არც ფინანსები და არც იარაღი არ მოგვეწოდებოდა.
აფხაზეთის ომის მსგავსად, ასევე, პირად მამაცობაზე იყო აგებული აგვისტოს ომი. იმ დროს, როცა ქართველი მაღალჩინოსნები წითელი ხიდიდან გარბოდნენ, ქართველი მეომრები უარს ამბობდნენ ყველაზე ძვირფასზე - სიცოცხლეზე და თავგანწირვით ეთხოვებოდნენ სიცოცხლეს.
შედარების თვალსაზრისით, როგორი იყო ქართველთა ბრძოლა აფხაზეთში რუსებისა და ჩეჩენი „ნაიომნიკების“ წინააღმდეგ და ბრძოლა სამაჩაბლოში? საბრძოლო შემართებით გვჯობნიან თუ არა უკრაინელები?
ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ როგორც ახლა უკრაინა იბრძვის, ქართველებს ასეთი ომი არ გვქონია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინაში იბრძვის მთელი ერი, დიდიან-პატარიანად, ქალაქის მერის მოადგილის ცოლი იარაღით ხელშია, თვითონ ქალაქის მერი კლიჩკო, მისი ძმა ტყვიამფრქვევებით დარბიან. უკრაინელები გაცილებით უფრო ორგანიზებულნი არიან, მათი სამოქალაქო თავდაცვა, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, შეიარაღებული ძალები უნისონში მუშაობს.
რაც შეეხება აფხაზეთს, ცხადია, აფხაზეთში იყო ძალიან ბევრი ქართველი მეომრის თავგანწირვისა და ვაჟკაცობის ფაქტები, მაგრამ ერთ მონოლითად ერი არ იყო შეკრული. ვიღაცები რომ თავისი ნება-სურვილით მიდიოდნენ აფხაზეთში საომრად, თავადვე იძენდნენ იარაღს იმისთვის, რომ დაეცვათ საქართველო და ქართველები ეთნოწმენდისგან, იმ დროს ხალხის დიდი ნაწილი დუბაიში დაფრინავდა და ვაჭრობდა. პარალელს თუ გავავლებთ, უკრაინაში სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს, იქ ყველა ომობს. მასშტაბიც, რა თქმა უნდა, დიდია.
„თანაც, აფხაზეთში რუსები ეთნოწმენდას გვიწყობდნენ სხვისი ხელით, ჩრდილოკავკასიელი ყაჩაღებისა და ტერორისტების ხელით, აფხაზეთის ომში რუსეთი ღიად არ იყო ჩართული და ის იყო სეპარატისტების ზურგს უკან ამოფარებული. მას აწყობდა აფხაზეთის ომის დიდი ხნით გაჭიანურება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ეს კონფლიქტი, რაც უფრო სისხლისმღვრელი იქნებოდა, მისთვის უფრო მომგებიანი იყო. ყველა ომი 2008 წლამდე, რაც რუსეთმა საქართველოში აწარმოა, გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი, რომ საქართველო სისხლისგან დაცლილიყო, ეკონომიკა განადგურებულიყო, ამ ყველაფერს მათი სამხედროებისათვის სარგებელიც ჰქონდა. აფხაზეთის ომის დროს იარაღით ვაჭრობდნენ რუსები და იარაღის გამყიდველები იყვნენ რეგიონში. მათ არ აწყობდათ ომის სწრაფად დამთავრება“, -გვითხრა აკია ბარბაქაძემ.
მისივე შეფასებით, 2008 წელს სამაჩაბლოში უკვე სისხლისმღვრელი ომი იყო, რადგან რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული მის მიერვე მოწყობილ, ინსცენირებულ კონფლიქტში, შემოიჭრა გადამეტებული, ჭარბი ძალით, ფაქტობრივად, აპირებდა მთელი ლიახვის მოსახლეობის მძევლად აყვანას, მაგრამ არ გაუვიდა, რადგან ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაშინ გმირულად იმოქმედეს და მოსახლეობა გამოიყვანეს იქიდან. თუმცა გამწარებულმა ოკუპანტებმა მერე მათი საცხოვრებელი მთლიანად გაანადგურეს და სასაფლაოებიც კი გაანადგურეს.
„ეთნოწმენდაც გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა, მაგაზეც მოუწევთ რუსებს პასუხისგება, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ჩადენილი სიმხეცეების გამო“, - მიიჩნევს აკია ბარბაქაძე.
ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი აფხაზეთის და უკრაინის ბრძოლების ეპოპეის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს სხვა თაობების ბრძოლაა. 30 წლის წინანდელი ბრძოლა სულ სხვა იყო, იმ დროს იბრძოდა საქართველოს ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ჯარი, ძირითადად ეს იყო გაუწვრთვნელი ჯარი. ცხადია, იქ იყო პრობლემები, იყო ღალატიც, იყო მხედართმთავრების და მეთაურების სისუსტეც, გამოუცდელობაც.
„შეუძლებელია, შევადაროთ მაშინდელი და ახლანდელი ტექნიკა. ფაქტობრივად, უკრაინას და რუსეთს თანაბარი ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ. აქ არ იგულისხმება რაოდენობა, უბრალოდ, ხარისხობრივად თითქმის თანაბარი შესაძლებლობებია. სხვათა შორის, ჩვენ უკრაინისგან ბევრჯერ ვყიდულობდით იარაღს, თვითონ არის უკრაინა იარაღის მწარმოებელი. ასე რომ, შედარებაც არ შეიძლება. რაც შეეხება ბრძოლის ჟინს, ქართველებს არანაკლები ბრძოლის ჟინი გვაქვს და ღმერთმა ნუ ქნას, ამის დამტკიცება კიდევ მოგვიწიოს. ჩვენ მომსწრენი ვიყავით 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციის და პროვოცირების. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ყველა უცხოელი ლიდერი, განსაკუთრებით, ამერიკელები - ბლინკენიც, ბაიდენიც, ჰარისიც ყოველთვის აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული შეჭრა და ომი უკრაინაში. ეს სიტყვა „არაპროვოცირებული“ განსაკუთრებით ქართველებისთვისაა გასათვალისწინებელი. აგვისტოს ომის დროს, მით უმეტეს, ტალიავინის დასკვნის შემდეგ, ძალიან ბევრი უცხოელი ლიდერი ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ ქართველები წამოეგნენ პროვოკაციას. რუსეთმა ეს ვერ შეძლო უკრაინაში. რატომ უჭერს დასავლეთი მხარს და რატომ მოიგო უკრაინამ უკვე ერთი ომი? აქ ვგულისხმობ პროპაგანდისტულ ომს, რომელიც მოიგო უკრაინამ, რადგან უკრაინა დასავლეთის თვალში პირდაპირი მსხვერპლია. უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, ერთი გასროლაც არ განუხორციელებია და ისე შეიჭრა რუსეთი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნა ბესო ალადაშვილმა ჩვენთან საუბრისას.