„ჩვენ ვალი სისხლით მოვიხადეთ, ჩვენი მებრძოლები შეეწირენ უკრაინის ომს, უკრაინელებისთვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ საერთაშორისო არენაზე ყველგან მხარს ვუჭერთ“

„ჩვენ ვალი სისხლით მოვიხადეთ, ჩვენი მებრძოლები შეეწირენ უკრაინის ომს, უკრაინელებისთვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ საერთაშორისო არენაზე ყველგან მხარს ვუჭერთ“

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული პრეტენზიები არ წყდება. როგორც ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, საპარლამენტო ოპოზიციის რიტორიკას იზიარებს უკრაინული მხარეც.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასულ კვირას, უკრაინის რადას დეპუტატის, ივან კრულკოს მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის ელჩის გასაწვევად მიზეზები „საკმარისად ჰქონდა“, რომელთა შორის ისიცაა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მთავრობა არ მიჰყვება ხალხის პოზიციას. ხელისუფლების პასუხი ყველა ბრალდებასა თუ გამოთქმულ პრეტენზიაზე ერთმნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ამიტომ ხელისუფლება შექმნილ სიტუაციაში ოქროს შუალედის დაკავებას ცდილობს მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოების წარმოდგენები ოპოზიციაზე გადაჭარბებულია.

სოსო ცინცაძე: ძალიან ზედმეტადაც ნუ შევაფასებთ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლებლობებს. საქართველოს ომში ჩართვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული. ხალხს ავიწყდება, რომ ქვეყნები, რომლებსაც ნეიტრალიტეტი აქვთ გამოცხადებული, თუნდაც იგივე ავსტრია, მას გარშემო ყავს მხოლოდ მეგობრული სახელმწიფოები, იგივე შვედეთი, შვეიცარია. არც ერთ ამ ქვეყანას, მეზობელი არ ყავთ მტრულად განწყობილი. ამიტომ, ნეიტრალიტეტის მხოლოდ დეკლარირება არ არის საკმარისი. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ნეიტრალური არის მხოლოდ თურქმენეთი. ის აღიარა გაერომ 90-იან წლებში. ეს მოახერხა ნიაზოვმა. იმ პერიოდში, რუსეთს მათთვის არ ეცალა და რასაც ქვია, მოასწრო და გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. ჩვენთან კიდევ, არც გაეროს უღიარებია და არც კონსტიტუციაში გვაქვს ეს შეტანილი. ვინ არის კონსტიტუციის გარანტი? - პრეზიდენტი და მთელი ხელისუფლება. როდესაც ერთი რომელიმე პარტია გამოდის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, მასზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული, თვითონ ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა შეცვალოს საგარეო კურსი“.

თუნდაც შეცვალოს, თქვენ თქვით, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარეც ვერ აირჩევს ამ მიმართულებას და არის კიდევ კომპეტენციის პრობლება მთავრობაში, ვინ უნდა განსაზღვროს სწორად და მოიყვანოს სისრულეში არა მხოლოდ ნეიტრალიტეტის თემა, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვხედავთ კომპეტენციის რა ხარისხით არის შესრულებული ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. თუნდაც ლუგარის ლაბორატორიის თემა ავიღოთ, ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რომ სწორად და გამართულად მიეწოდებინა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის ინფორმაცია, რომ არ ყოფილიყო ზედმეტად კრიტიკული კითხვები, ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებით ინტერესი დროდადრო მძაფრდება, რაც ნამდვილად არ არის მარტივი პრობლემა.

- ჩვენ ნეიტრალიტეტს არავინ არ შეგვარჩენს და ვერც ვისარგებლებთ. ნეიტრალურ ქვეყანას მოსაზღვრე ქვეყნებიდან საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. თქვენ სწორად ახსენეთ ლუგარის ლაბორატორია, რუსეთი ხან თხოულობს, რომ ეს ლაბორატორია გაუქმდეს, ამ დროს არიან ცხელთავიანი ადამიანები, რომლებიც ლაბორატორიის დაბომბვას მოითხოვენ. სამწუხაროდ, ეს ლუგარის ლაბორატორია მხოლოდ ერთი მომენტია, ამიტომ რუსეთი ისეთ ქვეყნებს, რომელიც მას სურს რომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, იქ ნეიტრალიტეტი რუსეთს ისე წარმოუდგენია - დასავლეთთან არ იქნები, ოღონდ უნდა იყო ჩემი გავლენის ქვეშ - აი, ეს არის რუსული ნეიტრალიტეტი. ეს ყველაფერი ძალიან ძნელად განხორციელებადია და მე ვერც წარმომიდგენია, რომ მსოფლიომ აღიაროს საქართველოს ნეიტრალიტეტი. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მხოლოდ კეთილი სურვილი და მეტი არაფერი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ცდილობს უკრაინის დახმარებას, უკმაყოფილებას აშკარად ვხედავთ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით და ასე შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია მათი მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების მიზანშეწონილობა, რა შეეძლო ქართულ მხარეს გაეკეთებინა უკრაინისთვის და რა არ გააკეთა, აქვე იხსენებენ 2008 წლის მოვლენებს და უკრაინელების წვლილს ამ ომში...

- რა თქმა უნდა, უკრაინელებმა სისხლი დაღვარეს ამ ომში, მაგრამ ჩვენ ეს ვალი სისხლით მოვიხადეთ, ჩვენი მებრძოლები შეეწირენ უკრაინის ომს. რაც შეეხება ხელისუფლებას, აქ უკვე დიპლომატიაა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება, ეს გაურკვევლობები რაც არსებობს, საჭიროა, დალაგდეს, მაგრამ უკრაინელებისათვის მთავარი ის უნდა იყოს, რომ საერთაშორისო არენაზე ყველგან მხარს ვუჭერთ. სანქციების ყველაზე დიდი მხარდამჭერია ამერიკა. ქალბატონმა ელჩმა უკვე თქვა, რომ საქართველოს რაც შეუძლია, იმ სანქციებს ატარებს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ბევრიც არაფერი არ შეგვიძლია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უკრაინელები აშკარად მეტს ელოდნენ ჩვენგან სანქციების ნაწილში. მართალია რიგით ადამიანებს ემოციურად უფრო მეტის გაკეთების სურვილი გვაქვს, მაგრამ არსებობს ასევე სახელმწიფო ვალდებულებებიც. ამიტომ, უმჯობესია ზედმეტი დასკვნებისგან ყველამ თავი შევიკავოთ. საქართველოს უკრაინასთან უფრო მეტი აკავშირებს, ვიდრე აშორებს. დღეს უკრაინაში ორი ათასამდე ქართველი იბრძვის. ეს არ არის პატარა ციფრი სამ მილიონიანი ქვეყნისთვის. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ტრადიციული ისტორიული მეგობრობა უკრაინასთან გაგრძელდება და უფრო მეტად განმტკიცდება. ყოველი ომი მშვიდობით მთავრდება და ვფიქრობ, რომ ყველა გაუგებრობა მოგვარდება.

უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთ მიზეზად სააკაშვილის ციხეში ყოფნაც დასახელდა, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს განცხადებები, იმასაც თუ დავამატებთ, რომ ადამიანები, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას ჰქონდა პრეტენზიები უკრაინაში ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობებზე?

- სააკაშვილი არის მხოლოდ უკრაინის მოქალაქე და ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს თავის მოქალაქეზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ურთიერთობაში მიღებული პრაქტიკაა სახელმწიფოებს შორის პატიმრების ადგილმონაცვლეობა.

საქართველოს არაერთი მოქალაქე იხდის უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სასჯელს და პირიქით, და რატომღაც მსგავსი ფაქტები, ასეთი აგრესიით და კატეგორიულობით მათი დაცვა და მათი თავისუფლების მოთხოვნა ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება. უფრო მეტიც, როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები, რომლებსაც საქართველოში დანაშაულებები აქვთ ჩადენილი, უკრაინაში თანამდებობებზე ინიშნებიან, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე პრეტენზია?

- დღეს, ექსტრაორდინალური სიტუაციაა. ახლა უკვე უკრაინას პროფესიონალი კადრები ისე უჭირს, რომ ასეთ დეტალებს არ უყურებს. ისინი თვლიან, რომ მათ ამ სიტუაციაში აქვთ ამისი უფლება, ოღონდ საქმეში გამოადგეს და ვინ ვის წინააღმდეგაა და ვისზე სად არის საქმე აღძრული, ამას უკვე აღარ უყურებენ. დღეს ომია და ომს თავისი კანონები აქვს. ომის კანონები კი ხშირად, ფარავს სამოქალაქო კანონებსაც. ამიტომ, დღეს დიდი საჩუქარი არავისთვის არ არის უკრაინაში თანამდებობის დაკავება. ამას პრივილეგიად დღეს არავინ არ აღიქვამს. ასე რომ, ეს უკვე დღეის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ სხვა საკითხია და სააკაშვილს რაც შეეხება, ის უკრაინის მოქალაქეა. საქართველოსა და უკრაინას შორის სამართლებრივ საკითხებში  ურთიერთდახმარების კონვენცია აუცილებლად იქნება გაფორმებული.

როდესაც სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს აკეთებენ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, ისინი ამბობენ, რომ დღეს ხდება დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება. სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი განსაზღვრავს მომავალ მსოფლიო წესრიგს. ერთი რამ უდავოა, რომ ყველა დიდი მოვლენა მსოფლიოს ისტორიაში, შეგვიძლია დავყოთ ინფორმაციულ შრეებად, რა ინფორმაცია მიეწოდება მასებს და რეალურად რა გათვლები აქვთ ამა თუ იმ მოვლენის სცენარისტებს. გამონაკლისი არც ეს კონფლიქტია, თქვენ რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ, რა არის ის, რაც დიპლომატიისა და დიდი პოლიტიკის მიღმა იმალება და მთავარი კითხვა - სად იქნება საქართველო?

- საქართველოს სად იქნება, ეს ერთი ღმერთმა იცის მხოლოდ. რაც შეეხება რეალობას, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ეს ფაქტია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პუტინს წარვადგენდი ნობელის პრემიაზე, იმიტომ რომ მან შეძლო და გააერთიანა მსოფლიო მის წინააღმდეგ. ზელენსკი და პუტინი, ეს არის ორი ადამიანი, რომელებმაც გააერთიანეს მსოფლიო, ერთმა კარგი გაგებით და მეორემ თავისდა საუბედუროდ. ამ ომმა, ამერიკაში, პირველ რიგში, რაც გააკეთა, არის ის, რომ მოსპო ტრამპის გამარჯვების შანსები 2024 წლის არჩევნებში. იგივეა ევროპაშიც, მემარჯვენე და მემარცხენე, ლიბერალი, კონსერვატორი ყველა გაერთიანდა. ომს ყოველთვის მოყვება ნგრევა, ადამიანთა ტრაგედია, მკრეხელობაა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ ომს კარგი მოყვება - მსოფლიოს გაერთიანება. თავისუფალი სამყარო - ეს ტერმინი ჩემი აზრით, ჩემს ახალგაზრდობაში გაიგივებული იყო დასავლეთთან. ახლა ეს უკვე ძალიან დიდხანს იქნება. რაც შეეხება პუტინის ბედს, მას პიროვნულად, არავითარი საფრთხე არ ემუქრება. თუნდაც ჰააგის კრიმინალურმა სასამართლომ აღძრას საქმე, ვერ გაასამართლებს იმიტომ, რომ ჰააგის სასამართლოს წესდებით, დაუსწრებელი გასამართლება არ არსებობს. სანქციის გაცემის შემთხვევაში კი, მსოფლიოს 123 ქვეყანა, რომლებიც რომის სტატუტს აღიარებს, მხოლოდ ამ ქვეყნებზე გავრცელდება. მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება მისი დააპატიმრება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ პუტინი რუსეთში დააპატიმრონ, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ რეპუტაციული თვალსაზრისით, პუტინი აღარ არსებობს.