„ავღანეთში მომხდარი ტერაქტი ანტიქართული შურისძიება არ ყოფილა“

„ავღანეთში მომხდარი ტერაქტი ანტიქართული შურისძიება არ ყოფილა“

ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, ხომ არ იყო ეს თალიბების მხრიდან მაინცდამაინც ქართველების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი და ვართ თუ არა დაზღვეულნი საქართველოში მათი შურისძიებისგან, რადგან 1600-კაციანი ჩვენი კონტინგენტი თალიბებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილზე შეტევისას თალიბებს ყურადღება არ მიუქცევიათ, თუ ვისი დროშა ფრიალებდა იქ. ამიტომ სატვირთო მანქანის ბაზაზე შევარდნა მაინცდამაინც ქართველების მიერ ავღანეთის დატოვებაზე არ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2014 წლისთვის კონტინგენტი საერთოდ გამოდის ავღანეთიდან. თუმცა აღნიშნული ტერაქტი ხუთი ან ექვსი წლის წინ რომ მომხდარიყო, აშკარა იქნებოდა, რომ ეს კონკრეტულად ქართული საჯარისო ფორმირებების გაყვანას ემსახურებოდა.

13 მაისს ავღანეთში გახორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით უკვე გავრცელდა თალიბანის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ ორშაბათს, ნაშუადღევს, „წამებული ჰელმანდის პროვინციაში, მუსა ქალას რაიონში ბრიტანეთის ტერორისტული ძალების მთავარ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. ეს თავდასხმა კი თავგანწირვის სერიებიდან ერთ-ერთი ბოლო იყო, რასაც ბრიტანეთის და კოალიციის საოკუპაციო ძალების 50 სამხედრო ემსხვერპლა, 15 კი დაიჭრა“.

თალიბების თქმით, საგმირო ოპერაცია ისლამის ხუთმა თავდადებულმა მიმდევარმა განახორციელა. შეტევის უშუალო განმახორციელებელი იყო მუჰამედ ჰანიფი და თავდასხმა „უშიშარმა მოჯაჰიდმა“ დაიწყო, რომელმაც ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა ბაზის შესასვლელ ჭიშკარს შეაჯახა. შედეგად ბაზის დიდი ნაწილი დაზიანდა და თავდამსხმელებს შესაჭრელად გზა გაუხსნა. ამის შემდეგ ბრძოლა ბაზის შიგნით გაგრძელდა.

„ოთხი გმირი მოჯაჰიდი, რომელიც ასაფეთქებელი მასალით, მსუბუქი და მძიმე იარაღით იყო აღჭურვილი, ბაზის ტერიტორიაზე პირისპირ ბრძოლაში ჩაერთო და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტებს. მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს. ბრძოლა ბოლო მოჯაჰიდის სიკვდილამდე გაგრძელდა, რომელმაც სიცოცხლე ალაჰს გმირულად შესწირა. მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ ჰანიფი და სალაჰუდინი ყანდაღარის პროვინციიდან, მუჰამედ და ქარი მუკარამი ჰელმანდის პროვინციიდან და იზატულარი ზაბულის პროვინციიდან. ეს იყო ჰელმანდის პროვინციაში გაზაფხულის ჯიჰადის თავდასხმების სერიიდან ყველაზე სისხლიანი ერთდღიანი ბრძოლა ოკუპირებულ ტერორისტებზე „კალიდის ოპერაციის დაწყებიდან“ მე-16 დღეს. ოპერაცია 28 აპრილს დაიწყო“, - აღნიშნულია თალიბების განცხადებაში.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ანტიქართულ კამპანიას და მოსალოდნელია თუ არა ტერაქტი საქართველოში? ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არავითარი ანტიქარტული ტერაქტი ეს არ ყოფილა, არამედ ეს იყო ოპერატიული ტიპის საგაზაფხულო ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთის აღმოსავლეთ-სამხრეთ პროვინციებში პროთალიბანური გაერთიანების პოზიციების გამყარებას. კერძოდ, როდესაც კოალიციური ძალები ავღანეთიდან ევაკუაციას დაიწყებენ, თალიბებს სურთ, საკუთარი რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, იქ პლაცდარმი შეიქმნას. ამიტომ ეს არის სამხედრო პლაცდარმის განვითარება და მთავარი სტრატეგიული პუნქტების დაკავება, საკომუნიკაციო გზების ხელში ჩაგდება, რათა მომზადდეს თალიბანის მოსვლა ხელისუფლების სათავეში. მეტიც, ანალოგიური ოპერაცია თალიბებმა განახორციელეს უფრო ადრეც, მაგრამ ეს ძირითადად ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში პოზიციის გამყარებას ემსახურებოდა. როგორც ჩანს, 2014 წლისთვის ისინი დაიწყებენ დასავლეთის პროვინციების ხელში ჩაგდებას, რაც შედარებით იოლია, რადგან დასავლეთის პროვინციები ნაკლებად კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს სტრატეგიულად კარგად გათვლილი სამხედრო კამპანიის დასაწყისი იყო, რომელიც 28 აპრილს დაიწყო.

ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, რომ ამ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა „ალ ქაიდას“ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელსაც პირობითად ეწოდება „ბრიგადა 055“.

მისი განმარტებით, ბუნებრივია, კავკასიის იმარატს გააჩნია მჭიდრო ურთიერთობა თალიბანის დაჯგუფებასთან თუნდაც იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, თალიბანის რეჟიმმა ცნო ჩეჩნეთის ისლამური რესპუბლიკა 1997 წელს და პირიქით, იმ პერიოდში ჩეჩნეთის ისლამურმა ხელისუფლებამ აღიარა თალიბების რეჟიმი ავღანეთში. ამიტომ, მათ შორის თანამშრომლობა არსებობს.

ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოში თალიბების ტერორისტული აქტებისგან დაზღვეულნი არ ვართ. თუმცა ეჭვობს, მათი აგრესია სტრატეგიულად მაინცდამაინც საქართველოსკენ იყოს მიმართული. ამიტომ, თუკი ისინი თავდასხმას დააპირებენ, ეს განხორციელდება უფრო ავღანეთში განთავსებულ, თუნდაც, სხვა ქართულ შენაერთებზე, ვიდრე - საქართველოში.

ექსპერტის თქმით, თალიბების საიტების მიხედვით, რასაც იგი პირადად გაეცნო, ისინი თვლიან, რომ ჩვენ ვართ ნატოს შემადგენელი კოალიციის ძალები. ამიტომ გვიყურებენ ისეთივე მტრებად, როგორც ნატოს ნებისმიერ ჯარისკაცს.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე შეტევა ნამდვილად არ მომხდარა ეთნიკური ნიშნით. თუმცა, იმის თქმა, რომ თურმე თალიბებმა ქართულ დროშას არ შეხედეს და ისე შეიჭრნენ ბაზაზე, არასერიოზულია, რადგან ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა. ამ თავდასხმას რამდენიმე ხნის განმავლობაში ამზადებდნენ და კარგად იცოდნენ, ვის წინააღმდეგ ამზადებდნენ. შეტევა განხორციელდა ბაზაზე, სადაც ჩათვალეს, რომ შეტევას შედეგი ექნებოდა, მაგრამ ეს არ მომხდარა გამიზნულად, რათა სპეციალურად ქართველები ამოერჩიათ. ამიტომ, იქ ქართველები იქნებოდნენ, ბრიტანელები თუ ამერიკელები, მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„გამოვრიცხავ, რომ ამით ნატოს მისიიდან ქართველების გაყვანა უნდოდეთ თალიბებს. ნატოს მისიიდან საქართველოს გასვლით ეს მისია ისე არ დასუსტება, რომ ეს ავღანელებმა სამხედრო წარმატებად ჩათვალონ. ქართველების მიმართ თალიბების განწყობას რაც შეეხება, ჩვენ არ ვიცით თალიბების შიგნით (ვინც ამ საბრძოლო ოპერაციებს გეგმავს) როგორი განწყობაა. ზოგადად, ქართველებისადმი დიდი სიძულვილით ისინი არ გამოირჩევიან და არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ტერაქტები მოეწყობა, რადგან მათ აქამდეც შეეძლოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც უსაფრთხოება შედარებით სუსტად არის განვითარებული, განეხორციელებინათ ტერაქტები, მაგრამ ეს არ მომხდარა. საქართველო არ არის მათი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მონაწილეობას იღებს მისიებში“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ამასთან, ძნელად წარმოუდგენია, რომ თალიბებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფილოსოფია ჰქონდეთ ქართული ეთნოსის მიმართ. მათთვის ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა უფრო გეოგრაფიული წერტილია, ვიდრე სტრატეგიული მოწინააღმდეგე. ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება თალიბებს არ გააჩნიათ.