„უკრაინის მხირადან გაწეული წინააღმდეგობა იმაზე უფრო ხანგრძლივი, მედგარი და კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე სავარაუდოდ, ამას მოსკოვი ელოდა“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას.
ერთგვარი შეჯამება, რომ გავაკეთოთ, ბატონო ზაალ. რა სურათი იკვეთება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის 27-ე დღეს?
- ომის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ვხედავთ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს დაპირისპირება. თუმცა, მთავარი არის ის, რუსეთმა მის წინაშე დასახული ამოცანები შეასრულა თუ ვერა ომის 27-ე დღეს? - ეს ამოცანები ვერ შეასრულა და ახლა მათ საინფორმაციო საშუალებებში დაიწყეს ერთგვარი საინფორმაციო პიარ-კამპანია, რომ მათ თურმე მიზნად არ ჰქონიათ მსხვილი ქალაქების აღება, იქ თურმე მშვიდობიანი მოსახლობა შეეცოდათ და ა.შ. უკრაინის მხირადან გაწეული წინააღმდეგობა იმაზე უფრო ხანგრძლივი, მედგარი და კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე სავარაუდოდ, ამას მოსკოვი ელოდა. მოსკოვმა ვერ მიაღწია საამხედრო წარმატებას.
დღეს და ხვალ გადაწყდება, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, მარიოპოლის ბედი, შეინარჩუნებს მასზე კონტროლს უკრაინა, თუ მას რუსული ჯარები დაიკავებენ. ამას ექნება ძალინ დიდი პოლიტიკური, სამხედრო და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა, რადგან მარიოპოლის დაკარგვა იქნებოდა ძალიან სერიოზული დარტყმა უკრაინისთვის.
შესაძლოა თუ არა მხარეებმა კომპრომისს მიაღწიონ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ?
- ადრეც ვთქვი, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვერაფერ დადებით შედეგს ვერ მოიტანდა, ზუსტად ასეც მოხდა. ასევე ვთქვი, რომ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდებოდა და ვხედავთ, რომ გრძელდება. ის ფონი, რის შექმნასაც ცდილობდნენ ცალკეული რუსი თუ უკრაინელი პოლიტიკოსები, თითქოს მოლაპარაკებაზე გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ საზოგადოების დასამშვიდებლად იყო გამიზნული, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ყველაფერი გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება ბრძოლის ველზე. მთავარი არის, ვინ მოიპოვებს სამხედრო უპირატესობას ბრძოლის ველზე, რაც განსაზღვრავს შემდეგ უკვე დანარჩენ ნაბიჯებს პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ შორის მოლაპარაკებებზე.
როდესაც მოლაპარკებებზე მიდიხარ, გააჩნია შენ ზურგს რა გიმაგრებს. თუ ზურგს არაფერი გიმაგრებს და შენი ჯარი მარცხდება, ქალაქებს თმობს და უკან იხევს, გასაგებია, რომ შენი პოზიციები მოლაპარაკებებზე სუსტია. თუკი შენ წარმატებით აკავებ მოწინააღმდეგეს და შენს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა მზარდია, შენი პოზიციები მოლაპარაკებებზე უფრო მყარია. მოლაპარაკებების ბედიც დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებით შეძლებს უკრაინა რუსეთის სამხედრო შემოტევის შეკავებას და რამდენად მზარდი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა. მხარეებს არ შეუძლიათ ეს ფაქტორები არ გაითვალისწინონ, როდესაც ცდილობენ, რაღაც საკითხზე შეთანხმებას.
რამდენად არის შესაძლებელი, საბოლოოდ რუსეთს უკან დახევა მოუწიოს?
- ახლა რუსეთმა უკან რომ დაიხიოს, ეს მისთვის იქნება კატასტროფა. დიდი იმედგაცრუება დაისადგურებს რუსეთში, თუკი პუტინმა საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა გადაწყვიტა. რუსი საზოგადოება მას ამას უბრალოდ არ აპატიებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საბრძოლო მოქმედებებს გააგრძლებს, ყველაფერს გააკეთებს, ბოლო რესურსებს აამუშავებს, რომ როგორმე მოახდინოს უკრაინის საკვანძო ფიგურების ლიკვიდაცია, თუკი ეს გამოუვიდა, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც რუსეთს მეორე მხრივ, არსებული რეალობის გათვალისწინება უწევს - თუ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინს სურს, მას აუცილებლად ექნება გათვალისწინებული ე.წ. გეგმა „ბ“, რომელიც უფრო უარეს სცენარს გულისხმობს და ამ სცენარიდან სახის შენარჩუნებით გამოსვლას.
პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, კიდევ რამდენ ხანს გასტანს სამხედრო შეტაკებები?
- აქ გასათვლისწინებელია დასავლეთის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული არიან რუსეთის აგრესიის წინაღმდეგ, მათაც აქვთ გარკვეული პრობლემები ამ სანქციური პოლიტიკის შედეგად. არც დასავლეთს უნდა, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ის შეიარაღება, რასაც აწვდის უკრაინას, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უმეტესი წილი არის გრანტის სახით გაცემული დახმარება, რაზეც უკრაინას არავითარი საფასურის გადახდა არ მოუწევს, თუმცა სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი? იარაღი ფული ღირს და დასავლელი გადასახადის გადამხდელის ფულია. დასავლეთის მთავრობები ანგარიშვალდებული არიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რადგან ეს შეიარაღება მათი რესურსებიდან გადის. ვფიქრობ, ორივე მხარე შესაძლოა, კულუარული მოლაპარაკებებით ეძებდეს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების ურთიერთმისაღებ ფორმულას.
ამხელა საბრძოლო შეტაკება ჯერ, ევროპის შუაგულში არავის უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ევროპელებისთვის და მათი მენტალობისთვის ცოტა არ იყოს შოკისმომგვრელია, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუსვან ამას წერტილი.
თქვენ ახსენეთ გეგმა „ბ“ რამდენად შესაძლებელია ვითარება იმდენად გამწვავდეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტოს?
- ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ჯერ არ ვისაუბრებდი, თუმცა, თუ სიტუაცია გამწვავდა, რთული იქნება პროგნოზირება, როგორ მოიქცევიან დაპირისპირებული მხარეები. მაინც არ მგონია, რომ დასავლეთს სურდეს ამ ომში ჩაყვეს ბოლომდე, როგორც ვთქვი, ის ეძებს ამ ომის დასრულების ისეთ გზას, რომელიც ორივე მხარეს შეუნარჩუნებს სახეს. ბირთვული იარაღის გამოყენებამდე პუტინის მიყვანა, რომ მას შეუქმნან ისეთი პირობები, ის მზად იყოს დააჭიროს ხელი ამ ავბედით წითელ ღილაკს, არ მგონია, დასავლეთის ინტერესებში შედიოდეს.