უცხოური მედიასაშუალებები ღიად აცხადებენ, რომ 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები ევროსტრუქტირებში გაწევრიანების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია.
„საქართველოს ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი ევროკავშირისკენ სწრაფვა ვერ განხორციელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებას – უსაფრთხოდ გამართონ დემონსტრაცია," - წერს "ბიბისი".
ასეთივე განწყობას ავლენს Foreign Policy, სადაც განმარტავენ, რომ დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს იგივე უფლებებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს და, რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასასვლელი".
„ევრონიუსი“ კი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. კერძოდ, რელიგიურ და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დემონსტრანტები თბილისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ეროვნულ სლოგანებს სკანდირებდნენ.
ასევე, „ევრონიუსი“ ციტირებს არქიმანდრიტ იოანეს კომენტარს: "ასეთი აქციები ჩვენთვის მიუღებელია. მათ გარკვეული ძალები აფინანსებენ და ჩვენი მოთმინების გამოცდა უნდათ, რადგან ჰგონიათ, რომ შეცდომას დაგვაშვებინებენ. მერე კი თავიანთ გეგმებს განახორციელებენ".
"ბიბისის" კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი კი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ: „ზოგიერთი ერთობ პატივსაცემი მოხუცი ქალბატონიც იყო, ასევე, იყვნენ ასაკოვანი მამაკაცები და კარგად ჩაცმული ახალგაზრდები. მათ ლიდერობას კი ეკლესიის მღვდლები უწევდნენ. გაშმაგებულმა ბრბომ ადვილად გაარღვია პოლიციის კორდონი და ქვები დაუშინეს იმ ავტობუსს, რომელშიც პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები მოათავსა“.
"საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც კანონით კრძალავს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. თუმცა, ტრადიციულ ორთოდოქსულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახრად ითვლება. შედეგად ჰომოსექსუალი ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობისა და შეურაცხყოფის სამიზნე", - აღნიშნავს ბრიტანული Daily Mail-ი.
უცხოური მედიის ასეთ შეფასებას ევროკავშირის ელჩების შეფასებები ემატება, რომლებიც თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობით გაოგნებულნი არიან და სოლიდარობას უცხადებენ დაშავებულებს.
საინტერესოა, უცხოური მედიის ასეთი კრიტიკული ტონი ხომ არ არის იმის მაუწყებელი, რომ მომხდარის გამო ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს შეფერხებები ელოდება. ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგები განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი ეჭვობს, რომ მომხდარმა ევროსტრუქტრებში ჩვენს სწრაფვას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, საზოგადოების განვითარების შეფასება ასე იოლი არ არის, რადგან ქართველ ხალხს ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ეს დასტურდება ჩვენი ხალხის მოწყალებით, ტოლერანტობით. ქართველი ერის ფასეულობები კი ისტორიულ განზომილებაში შეიძლება განვიხილოთ.
ამის მიუხედავად, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არცერთი ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამოხატვა არ შეიძლება და სახელმწიფო ვალდებულია, ძალადობისგან დაიცვას ნებისმიერი მოქალაქე. თუმცა პარლამენტარი ლგბტ-ს აქციას უფრო სხვა ჭრილში განიხილავს. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ თითქმის ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. ამიტომ ამ ჩიხური სიტუაციის გამო პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითავისოს-ლგბტ მოქალაქეებმაც და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც, რადგან სახელმწიფოს ტერიტორიული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ასე რომ, ამგვარი დაპირისპირებით ეროვნულ უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები.
„ამიტომ მეტი თავშეკავებაა, მეტი სიბრძნეა საჭირო და ეს სიბრძნე არ აკლია ქართულ საზოგადოებას. ეროვნულ უსაფრთხოებაზე როცა ვლაპარაკობ, რასაკვირველია, ასეთი დაპირისპირება ყოველთვის გახდება პოლიტიკური ჯგუფების და გუნდების სპეკულაციის საგანი. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით უცხოურ მედიაში გაჩენილი კრიტიკული მოსაზრებების გამო პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას ვერ დავადებთ ხელს და კონკრეტული საბუთის გარეშე ვერ ვიტყვით, რომ ეს შეფასებები მათი ლობისტების მიერ არის ინსპირირებული, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - განმარტავს გია ვოლსკი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ლგბტ აქციამდე იგი საკუთარ თავს ევროპული გზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქომაგად თვლიდა, რადგან მან კარგად იცის, თუ რა არის ევროპა, უამრავჯერ ყოფილა ევროპაში და მათი ღირებულებები და ფასეულობები მისთვის ახლობელი იყო.
„თუმცა, თუკი ევროპა არის, ბოდიში და, პედერასტებისა და ლესბოსელების ადგილ-სამყოფელი, მაშინ მე არ მინდა ასეთი ევროპა. ასეთი ევროპელების არ მესმის. ძალადობის დაგმობა სწორია და ამაში ყველას ვეთანხმები, ცემა-ტყეპა არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს იყო რომელიღაც პოლიტიკური წრეების წაუგებლად დაგეგმილი თამაში. მათი გათვლით, თუ ეს „პარადი“ შედგებოდა და ლგბტ საზოგადოებისთვის წარმატებით დამთავრდებოდა, მაშინ, რასაკვირველია, ქართული საზოგადოების უმრავლესობაში შეირყეოდა „ქართული ოცნებისა“ და პირადად ივანიშვილის რეპუტაცია; ხოლო, თუ ცემა-ტყეპით დამთავრდებოდა, მაშინ უკვე ევროპაში შეგველახებოდა იმიჯი. ამიტომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ გათვლაზე თამაშობდა „იდენტობა“, რადგან ყველამ იცის, რომ ივანიშვილი ერთგული მეოჯახეა და ქართულ ხელისუფლებაში ასეთი მეოჯახე კაცი არ მეგულება. მისთვის კერპია ოჯახი, ამიტომ ეს აქცია ძალიან სარისკო იყო“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
მისი თქმით, თუკი საქართველოში გეი-აღლუმები თავისუფლად ჩატარდება და ერთსქესიან ქორწინებამდე მივა ჩვენი ქვეყანა, სამმილიონიანი ქვეყნისთვის ეს მომაკვდინებელი და ერის გამრავლების წინააღმდეგ პირველი საშინელი მახვილი იქნება.
ამავდროულად, სოსო ცინცაძე გაოცებულია, თუკი ქართველებისგან მოითხოვენ ჰომოსექსუალების აქციების ჩატარებას, მაშინ რატომ არიან ევროკავშირის და ნატოს წევრები ლიტვა, ლატვა და ესტონეთი, სადაც აკრძალულია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. მეტიც, ევროკავშირში ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებენ კოსოვოს, სადაც დარბევა კი არა, საშინელებები ხდება, სადაც მათი პრემიერ-მინისტრი პირველი ნარკობარონია. გარდა ამისა, ევროკავშირში იღებენ მაკედონიას, ჩერნოგორიას, სადაც კაცმა არ იცის, რა ხდება.
ამიტომ, პოლიტოლოგის აზრით, ევროჩინოვნიკების პირფერობა და ცინიზმი ნატოსა და ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას უნდა უკავშირდებოდეს. კერძოდ, ევროჩინოვნიკებმა არ იციან, რა საბაბი მოიგონონ, რომ საქართველოს კიდევ გადაუწიონ ნატოსა და ევროკავშირში მიღება, რადგან „გულახდილად რომ ვთქვათ, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მიღება არცერთ ევროპელ ჩინოვნიკს არ სურს“.
„მე არ ვარ თანამდებობის პირი და ამიტომ პირდაპირ ვიტყვი - ევროჩინოვნიკები ცდილობენ, ნამდვილი მიზეზი გადაფარონ და ხელოვნური საბაბი გამონახონ, რომ თურმე ქართველებმა ჰომოსექსუალების „პარადი“ არ დაუშვეს და ამიტომ ნატოში ან ევროკავშირში თქვენი ადგილი არ არისო. ამ დროს კოსოვოს მშვენივრად იღებენ ევროკავშირში, ასევე, მიიღებენ სხვა ქვეყნებს, სადაც ნარკობიზნესი და რა უბედურება არ ხდება. რუსულად რომ ვთქვათ, ეს არის ე.წ. „სალდატსკაია პრიჩინა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ლგბტ აქციის ამგვარი მეთოდით ჩაშლა ძალიან დიდი დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე. მეტიც - დასავლურ სტრუქტურებში- ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დემოკრატიული განვითარება ყველაზე მთავარი კრიტერიუმია. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი კი უმცირესობების უფლებების დაცვაა.
„ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს დაირღვა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება და კვაზი სახემწიფოებრივმა სტრუქტურებმა განახორციელეს ძალაუფლება ქვეყანაში, რითაც მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩავარდნა. კერძოდ, ეკლესიამ თავისი ფუნქციების განხორციელება მოახდინა სახელმწიფოს მაგივრად და თავისი კანონებით იმოქმედა, რაც ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული განვითარებით საქართველო ჩამორჩენილია. აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე, ქართული საზოგადოება აღმოჩნდა საკმაოდ გაუთვითცნობიერებელი და აგრესიული, თანაც, ეს მოხდა საქართველოს დედაქალაქში, სადაც მოსახლეობის განათლების დონე შედარებით მაღალია, ვიდრე რეგიონეში“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ევროპის თვალში ეს ძალიან დიდი დარტყმა და იმიჯის შელახვა იყო, დანგრეული იმიჯის აღდგენა კი რთულია. ამ დროს კი ჩვენ ვიძახდით, რომ ვართ მომწიფებული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობის 80 %-მდე სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამისთვის აბსოლუტურად მზად არ არის.
„მოგვიწევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ გარანტია მივცეთ დასავლეთს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ასეთი რამ არ განმეორდება და ყველას ექნება გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.