უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების ფონზე, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები საყოფაცხოვრებო საწვავზე ფასების სუბსიდირებასა და ენერგორესურსების ფასების მატებით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. საქართველოში ამას რუსეთ-უკრაინის ომამდეც ითხოვდნენ და ახლა მით უმეტეს, მაგრამ არც ხალხის და არც ბიზნესის თხოვნას ყურში არავინ უშვებს. ამ დროს ისედაც პიკზე მყოფი ინფლაცია ახალ ძალებს იკრეფს და მალე კიდევ ერთ ანტირეკორდს დაამყარებს.
ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერის განცხადებით, ერთობლივი სტრატეგია ევროკომისიის შემოთავაზებას ეყრდნობა, რაც უკრაინის კრიზისთან გასამკლავებლად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის სტრატეგიას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი – ევროკავშირის ქვეყნებშიც საწვავის ფასების მკვეთრი ზრდით დაზარალებული ოჯახების ხელშეწყობა. მეორე – დაზარალებული კომპანიების დახმარება, იქნება ეს მთავრობის მიერ გარანტირებული სესხი თუ გრანტი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ. მესამე – რუსული იმპორტისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად, ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.
ენერგოდივერსიფიკაცია, მარაგების შექმნა და ინვესტიციების დაჩქარება ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტებია. ამჟამად რუსეთი ბლოკის უმსხვილესი ენერგომიმწოდებელია, ბუნებრივი აირის 45%-იანი წილით. გარდა ამისა, რუსეთზე იმპორტირებული ნავთობის მეოთხედზე მეტი და ქვანახშირის მიწოდების ნახევარიც მოდის.
ევროპაში უკვე დაიწყეს მოქმედება მომხმარებლების დაცვაზე და საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ ფიქრიც არ დაუწყიათ. არადა, საწავის ღირებულება განუწყვეტლივ მატულობს და მალე მას ძირითადი მოხმარების საქონლის ფასებიც გამოედევნება.
„ბიოილის“ გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ, საწვავის საცალო ფასზე უკვე დიდი გავლენა მოახდინა.
„სანავთობო ბირჟებზე ერთი კვირის წინ ბარელი ნავთობის ფასმა 130 დოლარს მიაღწია, დღეს 110 დოლარია. ამ არასტაბილურობიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის გათვალისწინებით, საცალო სექტორში ფასები გაზრდილია. ახლა ჩვენთან ევრო რეგულარის ტიპის საწვავი 3.45 ლარი ღირს, თუმცა ვხედავთ, რომ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში უკვე 3.65 ლარზე იყიდება. ვფიქრობდით, რომ ფასი 4 ლარზე ავიდოდა, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე საწვავის ღირებულების 20 დოლარიანი კლება, ახლა, საშუალებას გვაძლევს, ფასი 3.45 - 3.50 ლარის ზემოთ არ ავწიოთ“,- აღნიშნა რუსუდან რამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 130-დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა. არსებობს პროგნოზები, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა 200 დოლარამდე გაიზარდოს.
კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ მომავალში ფასების სტაბილურობა მთლიანად საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული, რადგან ქვეყანა ბოლომდე იმპორტზეა მიბმული. ამ ეტაპზე საბითუმო ბაზარზე ბენზინის ღირებულება 3.20-3.25-ის ფარგლებშია და ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება.
„საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად შემცირდა ნავთობის ღირებულება, თუმცა რა იქნება უახლოეს მომავალში, რთული სათქმელია. ომიდან გამომდინარე, არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ეს ნიშნული შენარჩუნდება და შემდეგ ზემოთ წავა თუ ქვემოთ, ძნელი სათქმელია.
რეალურად, ღირებულების კლება და მატება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან საწვავი არის სრულად იმპორტირებული პროდუქტი და 100%-ით ვართ საერთაშორისო ბაზარზე დამოკიდებული. იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო პერიოდში დიდი გაძვირება იყო და ახლა დიდი კლებაა, დანარჩენს კი უნდა დაველოდოთ. ვნახოთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია”, - განაცხადა იაკობიძემ.