რუსულმა „ილ-76“-მა საქართველოს საჰაერო გადაკვეთა და ერევანში დაეშვა. უცნობია, რა მისიით იმყოფებოდა ლაინერი სომხეთში, თუმცა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ამტკიცებს, რომ ამ ავიალაინერს სამხედრო ტვრითის გადასატანად იყენებენ. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავი იყო და რუსეთს საქართველოს საჰაერო სივრცის გადალახვა სამხედრო ტვირთის ან სხვა ტექნიკის გადასატანად არ შეუძლია. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოს, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზას სამხედრო დანიშნულებისთვის ვერ იყენებს.
სამხედრო ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ დაუშვებელია რუსეთის ავიამფრენს საქართველოს საჰაერო სივრცე დაერღვია. მათი თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ცა დაკეტილი არ აქვს, ამიტომ გამორიცხულია, რომ ჩვენი კონტროლის და თანხმობის გარეშე თვითმფრინავს საქართველოს ცა დაერღვია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე“, „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების“ ნებართვა“, რომ ეს „შესაძლოა, გახდეს მორიგი საერთაშორისო სკანდალი, თუ საქართველო კრემლს უხსნის საჰაერო სივრცეს“ და ა.შ.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტელეკომპანია, ტრადიციულად, აგრძელებს მავნებლური, საშიში და უპასუხისმგებლო შეფასებების გაკეთებას საინფორმაციო სივრცეში, მით უმეტეს, უკრაინაში არსებული რეალობის ფონზე. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ავრცელებენ სრულიად გადაუმოწმებელ, მხოლოდ საკუთარი „საინფორმაციო“ წყაროებიდან მოძიებული თუ პოლიტიკური ჯგუფებიდან მიღებული მესიჯებით დეზინფორმაციას და წარმართავენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება არა მთავრობის საქმიანობას, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას.
განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა „Il-76“-მა, სარეგისტრაციო ნომრით RA76429. აღნიშნული რეისი იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო დანიშნულების ფრენა, რომელსაც არ ესაჭიროება საქართველოს მხრიდან რაიმე დამატებითი ნებართვა - რეისის შესასრულებლად ავიაკომპანიის მიერ ივსება მხოლოდ ფრენის ელექტრონული გეგმა და იგზავნება ქალაქ ბრიუსელში, EUROCONTROL-ის სათაო ოფისის საჰაერო ნაკადების მართვის ცენტრში, სადაც ხდება ფრენის გეგმის დარეგისტრირება საერთო ელექტრონულ ბაზაში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2008 წლიდან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის თვითმფრინავი სამხედრო სტატუსით არ სარგებლობს“, - წერია სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ეს იყო სამოქალაქო სატრანზიტო თვითმფრინავების გადაფრენა, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია. მაისაია ამბობს, რომ ეს რეისები ჩვეულებრივი სატრანზიტო რუკით კონტროლდება და საქართველოს, რადგანაც საჰაერო სივრცე რუსებისთვის ჩაკეტილი არა აქვს, მათ სამოქალაქო ფრენა შეუძლიათ. ანალიტიკოსი აქვე დასძენს, რომ საქართველოს მხარე რუსულ სამხედრო თვითმფრინავს არ ატარებს, ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი გადაფრენა, რომელშიც საგანგაშო არაფერია.
„ასეთი ფრენები საჰაერო სატრანსპორტო კონვენციებს არ ეწინააღმდეგება, რომელიც გაეროს ეგიდით არის მიღებული. ასე რომ, აქ რაიმე კანონდარღვევას ადგილი არა აქვს. სამხედრო და ჩვეულებრივ სამოქალაქო თვითმფრინავებს საიდენტიფიკაციო ნიშნები გააჩნიათ, ამიტომ მისი გაშიფვრა ადვილად ხდება. რაც შეეხება სამხედრო ტვირთის ან სამხედრო ძალის გადატანას, საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ, ამის უფლებას ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენებით არ აძლევს.
2007 წელს რუსეთმა საქართველოს სომხეთის სამხედრო „გიუმირის“ ბაზაზე ტვირთის გადასატანად საქართველო სატრანზიტო გზად მოსთხოვა, რაზეც მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება დათანხმდა. ეს იყო 5-წლიანი ვადით დადებული ხელშეკრულება. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გავარჩიოთ გადააქვს თუ არა სამოქალაქო თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი, ამის დადგენა ძალიან რთულია. ეს რთულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. როცა რაღაცის გადატანა ხდება, ერთი მხარე მეორე მხარეს სთხოვს, რომ ეს და ეს ტვირთი თვითმფრინავით მის საჰაერო სივრცეში გაატაროს“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, 2011 წელს საქართველომ რუსეთს შეუწყვიტა ხელშეკრულება და აღარც გაუგრძელებია. ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ტვირთი არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით არ გადადის. რაც შეეხება დაფიქსირებულ თვითმფრინავს, მაისაია არ გამორიცხავს, რომ რუსებმა სომხეთიდან სამხედროები გადაიყვანეს, თუმცა ეს კანონის დარღვევა არ არის.
„რუსებს სომხეთში „გიუმირის“ ბაზაზე არ ჰყავს იმ რაოდენობის ჯარი და ტექნიკა, რომ ის უკრაინაში დასახმარებლად გადაისროლოს. ამიტომ არ მგონია, რომ ამის გამო საქართველოს ხელისუფლებას სატრანზიტოდ გზის გამოყენება მოსთხოვოს. მეორეც ერთი, რუსებს შეუძლიათ, რომ სომხეთში სამხედრო ტვირთი კასპიის ზღვის და ირანის გადაფრენით შეიტანონ ან გაიტანონ, საქართველოს საჰაერო სივრცე საერთოდ არ დასჭირდებათ. თუმცა ჩვენი საჰაერო სივრცე რომც დაარღვიონ, ჩვენ მათ ვერ ჩამოვაგდებთ. ჯერ ერთი, რომ შესაბამისი ტექნიკა არა გვაქვს. მაშინ უკრაინელების მსგავსად „სუები“ უნდა გვქონდეს და ჩამოვაგდებთ. ასევე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უნდა გვქონდეს და ამითაც შევძლებდით. ვერც ერთმა თავდაცვის მინისტრმა ამის ყიდვას თავი ვერ მოაბა. თუმცა არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომ საფრენ კორიდორში სანავიგაციო სისტემები გამოვურთოთ. სიჩუმის მდგომარეობაში ვამყოფოთ, რაც მათთვის საკმაოდ არაკომფორტული იქნება, რაც რუსების თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოიწვევს“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა რუსეთი სამხედრო ტვირთის სომხეთში გადასატანად შემოვლით გზას მიმართავს. ეს არის კასპიის ზღვის შემოვლით, ირანის საჰაერო სივრცეზე გადასვლა და შემდეგ სომხეთში ჩასვლა. ალადაშვილი ამბობს, რომ 2020 წელს, როდესაც ყარაბაღის ომი მოხდა, რუსეთის და აზერბაიჯანის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, ახლა რუსეთიდან სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები აზერბაიჯანის ცის გავლით ერევანში, გიუმირის რუსულ სამხედრო ბაზაზე ფრინდებიან.
„რუსეთის საჰაერო კოსმოსურ თვითმფრინავებს ნებართვა არ აქვთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთონ. ასე უკვე წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენს ქვეყანაში საჰაერო ნავიგაცია მუშაობს, რომელსაც წინასწარ ეცნობება, რომ მოფრინავს ესა და ეს რეისი, დატვირთვა აქვს ამდენი და სამოქალაქოა. სამხედრო ტვირთები ვისაც გადააქვს, ამის შესახებ ჩვენს ქვეყანას უნდა ეცნობოს. თუ მალულად რაღაცა გადააქვთ, ამის შემოწმების სხვა მეთოდი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ თვითმფრინავი შენს ტერიტორიაზე დასვა და სათითაოდ შეამოწმო. ეს კი დიდ საერთაშორისო სკანდალთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს პრობლემა მარტო საქართველოს არ აწუხებს. ამიტომ ისრების გადმოტანა მხოლოდ ჩვენზე არასწორია. რაც შეეხება საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეუერთდებოდა და რუსეთიდან ფრენებს აკრძალავდა“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.