„ტყუილია, რომ სააკაშვილი თურმე უკრაინას სჭირდება ამ ცხელ დღეებში. სააკაშვილი უკრაინაში ახლა არევ-დარევდა ყველაფერს. სააკაშვილი არსად არ უნდა წავიდეს, ის დამნაშავეა, მოიხადოს სასჯელი და მერე სადაც უნდა, იქ წავიდეს“,-აღნიშნა საქართველოს სახალხო მხატვარმა, ხელოვნების ქურუმის წოდების მქონე თემო გოცაძემ for.ge-სთან საუბრისას.
უკრაინის ომის პარალელურად ჩვენი ოპოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და მეტი სიმკაცრის გამოჩენას მოითხოვს. რისი გაკეთება შეუძლია საქართველოსნაირ ოკუპირებულ ქვეყანას რუსეთის გაღიზიანების, თუ არგაღიზიანების პოლიტიკით?
- იძახიან ახლა, გინდათ თუ არა, გავწყვიტოთ კავშირი რუსეთთანო, კარგი, გავწყვიტოთ, რა მერე, მოიყვანოს ყურძენი კახელმა გლეხმა და თვითონ შეჭამოს? შიმშილით მოკვდება. ამიტომ ჯერ რეალიზაციის საშუალება უნდა გაუჩნდეს გლეხს და მერე ვიფიქროთ კავშირების გაწყვეტაზე. რეალიზაციას რაც შეეხება, ხომ ხედავთ, ევროპული ვარიანტი არ გამოდის, ამერიკასთან არ გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულება დადებული, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ხელშეკრულებები არსებობს, არ გვაქვს წვდომა მათ ბაზრებზე, რადგან ის ბაზრები უკვე დაკავებულია, ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა გქონდეს, რომ იქ შეგიშვან. წყალი რომ წყალია, ჩვენი წყალიც კი ვერ გადის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა გავიდეს. ვინ არიან ესენი, საოცარი ხალხია, არ იციან, რომ ელემენტარული ლოგიკაა, რაც მეტს უჩხიკინებ რუსეთს, მით უარესი ჩვენთვის. უბრალო ვარიანტია, ძაღლთან არ ჰქონიათ ურთიერთობა? ჯოხით თუ დაგინახავს, შეგიყეფს და მოგვარდება. თუ არ შეხედავ, არ შეიმჩნევ და ჩაუვლი, ყურადღებასაც არ მოგაქცევს. მე ახლა მოხუცებული კაცი ვარ და ასე ვფიქრობ. ახალგაზრდა გენოფონდის გაშვება ომში რამდენად სწორია? ერთია, როცა შენს მიწას იცავ და მეორეა, როცა სხვაგან მიდიხარ საომრად. მაშინ რატომ აგინებ იმ თაობას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში თავი დადო? რატომ აგინებ 300 ათას ქართველს? და რატომ ამბობ, სხვის ომში რა უნდოდათო? არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი. თუ ისეთი ერი ხარ, რომ სხვის ომშიც უნდა იომო, მაშინ ყველგან უნდა იომო. ასე თუ ისე, ძლივს რაღაც დალაგდა, დაწყნარდა ამ ქვეყანაში, მაგრამ არის ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომლებმაც ერთი პერიოდი დიდი რეალიზაცია მოახდინეს და დაიწვეს საკუთარი თავი, ახლა კი შემობრუნება არ გამოსდით. ამიტომ ახალი პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ, მათგან რადიკალურად განსხვავებულები, უფრო კონსერვატიულები, მშვიდები, გაწონასწორებულნი, განათლებულნი. ასეთები თუ არ მოვიდნენ, აზრი არ აქვს ცხოვრებას, მაშინ სულ ჩხუბი და ომი იქნება.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იშვიათია ოპოზიცია, რომელიც გამუდმებით ცდილობდეს, საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ ქვეყანას სახელი გაუტეხოს. ასეთი ოპოზიცია მხოლოდ საქართველოშია. სხვანაირად მათ შულავერის კომიტეტის წევრებსაც ეძახიან. ჰგვანან ეს ადამიანები მახარაძეებს, ორახელაშვილებს, ელიავებს, მდივნებს? სხვათა შორის, ფილიპე მახარაძეზე ამბობენ, რომ მას ნოე ჟორდანიას ადგილი იზიდავდა.
- გეკითხებით, არ არის ასე? რაც ილაპარაკა ხატია დეკანოიძემ, იმ ტექსტების თქმა შეიძლებოდა? შეიძლება, გამოდიოდეს მეომარი ქვეყნის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პირდაპირ ამბობდეს იქიდან, დრო მოვა, მოვიცლით, საქართველოში ჩამოვალთ და თქვენთანაც დავამყარებთ წესრიგსო?! ვინ ჰკითხავს მას, ან რა ინფორმაცია გადის საქართველოდან, ვის მიაქვს ეს არასწორი ინფორმაცია? ობიექტურად არავინ არაფერს უყურებს ამ ოპოზიციაში? როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყანა ასე გძულდეს? ეგრეც რომ იყოს და დარწმუნებულიც რომ იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება არასწორად იქცევა, რანაირად შეიძლება გახვიდე გარეთ და ხმამაღლა იყვირო, ჩვენთან ეს ხდებაო?
ხატია დეკანოიძე ყველაზე შორს მიდის და ამტკიცებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება შავ ხვრელებს ეძებს, რომ დაეხმაროს პუტინს უკრაინელების მოსაკლავი იარაღის წარმოებაში.
- რა იარაღი აქვს საქართველოს და რა შეიძლება მიაწოდოს სხვა ქვეყანას? ჯერ ერთი, ამერიკის ელჩი გვიზის საქართველოში, იარაღი თუ გვაქვს რამე, ისიც ამერიკიდან გვაქვს. ერთი იარაღი გავიდეს სადმე და ჩუმად იქნება კელი დეგნანი? თავზე დაგვახურავს ყველაფერს. ზუსტად ეგრეა, შულავერის კომიტეტზე უარესები არიან ეგენი. შულავერის კომიტეტი კიდევ გასაგებია, მაშინ საერთოდ არეული იყო ქვეყანა, ვინ რა იყო, კაცმა არ იცოდა, ახლა მაინც ხომ ვიცით, რა და როგორაა, 30 წელიწადია, ცუდად, არეულ-დარეულად, მაგრამ მაინც ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის. ამ სიტუაციაში რანაირად შეიძლება გაუთავებელი არეულობა და დედის გინება?
ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის მიმართ ლმობიერ ტონს უწუნებს...
- დიდი ბოდიში, მაგრამ ღარიბაშვილის ადგილას რომ დაჯდები, მთელი ქვეყანა რომ გაქვს ზურგს უკან და შენ რომ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, ღარიბაშვილის მოვალეობაა, ქვეყანაში პროდუქცია იყოს, ეკონომიკური განვითარება არსებობდეს, სამუშაო კლიმატი იყოს და არეულობა არ იყოს. ამ ამოცანას ჯერჯერობით ასრულებს და, თუ ასრულებს, რატომ უჩხიკინებენ? ჩვენი ქვეყანა რომ დაწყნარებულია, ეს არ უნდათ? რატომ უნდა გინდოდეს საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევა? მესმის, რომ ომი გქონდეს სომხებთან, ჩეჩნებთან, ანუ ომი გქონდეს შენი რანგის ქვეყანასთან, მაგრამ რუსეთთან რომ ომობ, რომელი ძალით ომობ? ხომ ხედავ, ამხელა ამერიკა რას აკეთებს? ეხმარებიან უკრაინას მაქსიმალურად? ვერ ეხმარებიან, დაინგრა მთელი უკრაინა. კაციშვილი არ შევა შიგნით და არ იომებს, რადგან ეს ომი არის მესამე მსოფლიო ომი და ეს ომი არის რუსეთთან ომი. დეგენერატი უნდა იყო, რუსეთთან ომი მოგინდეს, როცა იცი, რომ ატომი აქვს ხელში. ვინ არიან ეს ბინძურები და ავადმყოფები? ყველაფერი ეს მათაც კარგად იციან, მაგრამ დილიხორი აქვთ, როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში.
სააკაშვილმა პუტინთან პირველი მებრძოლის სტატუსი დათმო და აღნიშნა, რომ ამ საპატიო სტატუსს ახლა ზელენსკის უთმობს. თუმცა მოითხოვს, ციხიდან გამოუშვან, რადგან უკრაინას ახლა სჭირდება მისი დახმარება. ღარიბაშვილი კი ფიქრობს, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჯერ ომი საქართველოში დაიწყებოდა, შემდეგ უკრაინაში. რას მოუტანდა სააკაშვილი უკრაინას ამ ცხელ დღეებში?
- ტყუილია ეს, რომ სააკაშვილი უკრაინას სჭირდება. სააკაშვილი უკრაინაში ახლა არევ-დარევდა ყველაფერს. სააკაშვილი არსად არ უნდა წავიდეს, ის არის დამნაშავე, მისჯილი აქვს, მოიხადოს სასჯელი და მერე სადაც უნდა, იქ წავიდეს. ცხადია, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ახლა რუსეთს აღებული ექნებოდა საქართველო.
ბოლოს დროს უამრავი რუსი და ბელარუსი შემოვიდა საქართველოში და ქართველებს დამატებითი რებუსის ამოხსნა მოუხდათ, რა დგას ამ ყველაფრის უკან?
- ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ ამას, რადგან რუსები ყოველთვის შემოდიოდნენ საქართველოში და ცხოვრობდნენ აქ. მათი რაოდენობა ახლა მცირეა, თორემ ნახევარი საქართველო, ფაქტობრივად, რუსი იყო. ჩვენმა თაობამ ისეთი პერიოდი და დრო გამოიარა, რომ ვერც ამჩნევდა ამ განსხვავებას. მანამდეც ცხოვრობდნენ ეგენი თბილისში. საქართველო ყოველთვის ძალიან ბევრი ეროვნების საცხოვრებელი იყო და ნორმალურ ურთიერთობას ახერხებდნენ ისე, რომ ეს არ მისულა ფობიამდე და ჩხუბამდე. ცხადია, ახლა იქნება რუსეთიდან ასეთი მოწოლა, გამორიცხულია, რომ არ იყოს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური იმ დონეზე მუშაობს, რომ ის, ვინც არ არის შემოსასვლელი, არ შემოვა. ახლა ზოგიერთები ისე ამძაფრებენ სიტუაციას, ქუჩაში რომ ნახო რუსი, უნდა მოკლა. თან იცი, რომ რუსს შენი ტერიტორიის 20% წაღებული აქვს, თან იცი, რომ რუსი შუაგულ ქართლში გიდგას და ერთი ფითილია საჭირო, რომ რუსი კილომეტრს გადმოვიდეს აქეთ და შუაში გაყოს ქვეყანა. ამ მამაცხონებულებმა რაღაცაზე ხომ უნდა იფიქრონ? პოლიტიკოსები არიან, თუ ვინც არიან.
მაგენი პოლიტიკოსი ღამის ქოთნები არიან!