Daily Mail – „პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია“

Daily Mail – „პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია“

უკრაინაში ომი გრძელდება. სამწუხაროდ მისი სწრაფი დასრულების მოლოდინი ჯერ არ არსებობს. უკრაინა თავს მედგრად იცავს. რუსეთი გამოიფიტა, დიდი სამხედრო ზარალი გააჩნია და ე.წ. პოზიციურ ბრძოლებზეა გადასული. პარალელურად, მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის და აუღებელი ქალაქების ინფრასტრუქტურას დაუნდობლად ანადგურებს. „სამხედრო ოპერაცია“ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომად გადააქცია, თან მთელ მსოფლიოს უმტკიცებს, უკრაინელი „ნაციონალისტები“ საკუთარ მოსახლეობას არ ინდობსო.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ვლადიმირ პუტინს საკუთარი გარემოცვა უახლოეს 72 საათში წესს აუგებდა. გავიდა სამი დღე, ცოტა მეტიც და პუტინი სამხედრო აგრესიას კვლავ აგრძელებს.

ორი დღის წინ ბრიტანულმა „Daily Mail“-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე და სადაზვერვო ალიანსის „Five Eyes“-ის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულადაა ავად.

„სხვადასხვა ვარაუდით, პუტინს შეიძლება ჰქონდეს კიბო, პარკინსონის დაავადება ან დემენცია. ამ დაავადებების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს რუსეთის პრეზიდენტის გარეგნობაში: შეშუპებული სახე და კისერი შეიძლება იყოს სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების გვერდითი ეფექტი“.

„Five Eyes“ (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის არაპროგნოზირებადი ქცევა, გარეგნობა და აბსურდული სოციალური დისტანცია ვიზიტორებთან, სწორედ ამ მკურნალობის შედეგია.

შეიძლება დაეთანხმო ან პირიქით, გააკრიტიკო ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობა. ფაქტი ერთია, პუტინი ყოველდღიურად არაერთ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას ღებულობს და არამარტო საკუთარ ქვეყანას, სრულიად მსოფლიოსაც გაურკვევლობისა და დაუშრობელი ჭაობის მდგომარეობაში ამყოფებს.

რამდენიმე დღის წინ პუტინმა უკრაინაში საბრძოლველად დახმარება რამდენიმე ქვეყანას სთხოვა. სირიამ რამდენიმე ათასი „მოხალისე“ მებრძოლი გამოუგზავნა, დიადი ჩინეთი დახმარებაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. აი, ყველაზე „გაბედულები“ კი ავღანელი ისლამისტები აღმოჩნდნენ.

გავრცელდა „ნიუსი“, რომ რუსეთმა თალიბანს მიმართა თხოვნით, რომ ავღანეთში ამერიკელების მიერ დატოვებული სამხედრო აღჭურვილობა და იარაღი შეეძინა. თხოვნაზე ავღანურმა მხარემ მტკიცე უარი განაცხადა. – „მსოფლიო ტერორისტებს არ ვეხმარებითო“.

პუტინს საქმე სანერვიულოდ მართლა აქვს. ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიაში, უკვე 30 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ქალბატონ ალინა კაბაევასა და მის ოთხ შვილს შვეიცარიის ტერიტორია დაატოვებინონ. ამის გარდა ჩამოართვან და დაუყადაღონ ის სასახლე, რომელშიც ეს წვრილშვილიანი ყოფილი ტანმოვარჯიშე ცხოვრობს.

საფრანგეთის საკურორტო დასახლება ბიარიცში კი სამოქალაქო აქტივისტმა პიოტრ აფნეპმა პუტინის ქალიშვილის ვილაზე შეაღწია, გასაღებები გამოცვალა და განაცხადა, რომ სახლში უკრაინიდან დევნილები იცხოვრებენ.

შვეიცარიის მოსახლეობის ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტი აფნეპი არ კმაროდა, პუტინს „SpaceX“-ის დამფუძნებელი ილონ მასკიც დაუპირისპირდა.

„ვიწვევ ვლადიმირ პუტინს ორთაბრძოლაში უკრაინისთვის. თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“ - განაცხადა ოფიციალურად ილონ მასკმა.

„დაუძლურებულ და ავადმყოფ“ პუტინს მასკისათვის პასუხის გასაცემად არც დრო და არც ძალა არ გააჩნია, ამიტომ „თავხედი ამერიკელისათვის“ ჭკუის სწავლება ეროვნებით ჩეჩენმა რამზან კადიროვმა ითავა.

„ილონ, არ გირჩევდი პუტინთან შერკინებას. განსხვავებულ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მოგსურვებია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ წითელ კუთხეში თქვენ, ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმენი, ლურჯ კუთხეში კი პუტინი - მსოფლიო პოლიტიკოსი, სტრატეგი, დასავლეთისა და აშშ-სთვის ჭექა-ქუხილის მსგავსი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისგან სუსტი მეტოქის დამარცხება არასპორტულ საქციელად ჩაითვლება. უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო“, - შეუთვალა კადიროვმა „გათავხედებულ“ ოკეანისგაღმელ „საქმოსანს“.

ამ „მიმოწერიდან“ მეორე დღეს მავანმა ამერიკელმა ბიზნესმენმა რამზან კადიროვის თავი ხუთ მილიონ დოლარად შეაფასა. ამ „ამერიკული ნიუსისათვის“ ჩეჩნეთის მთების მგელს პასუხი არ გაუცია. თავად ამტკიცებდა, რომ კიევის ოლქში, უკრაინელებთან საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ გახლდათ ჩართული. შემდეგ კი, აღმოჩნდა, იმავე დროს, ქალაქ გროზნოში რუსეთის ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.

ილონ მასკისა და სამოქალაქო აქტივისტი პიოტრ აფნეპის შემდეგ, „მსოფლიო პოლიტიკოს ვლადიმიროვიჩს“ მორალური დარტყმა შვეიცარიელმა ბიზნესმენებმა მიაყენეს. ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ჟენევაში მოღვაწე ბიზნეს-ჯგუფმა არც მეტი, არც ნაკლები, უკრაინის დასახმარებლად, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელობის ალკოჰოლური სასმელი გამოუშვა.

არაყის წარმოება შვეიცარიაში უკვე დაიწყო და მოგების გარკვეული პროცენტი, ანუ 40 შვეიცარიული ფრანკი თითო ბოთლზე, უკრაინას დაერიცხება. ასე გაგრძელდება 2026 წლამდე. ამ თავისებური „ხერხით“, მიმდინარე წლის ბოლომდე, სულ მცირე, უკრაინისთვის 10 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მოგროვება უნდა მოხერხდეს...

თავად რუსეთში ანტიმილიტარისტული გამოსვლები კვლავ გრძელდება. ბოლო ფართომასშტაბიანი აქცია 13 მარტს, ერთდროულად 35 ქალაქში გაიმართა და დღის ბოლოს, გისოსებს მიღმა დაახლოებით სამი ათასი მანიფესტანტი აღმოჩნდა.

რუსეთი გამოფხიზლდა, მაგრამ მხოლოდ მისი უმნიშვნელო ნაწილი. 16 მარტს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავისი ქვეყნის სამხედრო აგრესიას უკრაინაში მოსახლეობის 68 პროცენტი ამართლებს.

ამ ფონზე გამოსარჩევია რუსეთის იმ მოქალაქეების გმირობა, რომლებიც არსებულ მდგომარეობაში ხმას იმაღლებენ და უკრაინაში აგრესიას სახალხოდ გმობენ.

ცნობილი ჯგუფი „Машина времени“-ს სოლისტმა ანდრეი მაკარევიჩმა რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერა, „ჩემი ქვეყანა შეიშალა“ მიუძღვნა.

კომპოზიცია რუსი მწერლის, ბორის აკუნინის „ტელეგრამზე“ გავრცელდა.

„რომ იბადებიან, ქვეყანას არ ირჩევენ, ჩვენ ამ კავშირის გაწყვეტა არ შეგვიძლია. ჩემი ქვეყანა შეიშალა და მე დახმარება არაფრით არ ძალმიძს“. - ასეთია ამ სიმღერის ტექსტის ნაწილი.

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პოპულარული ამერიკელი მწერალი სტივენ კინგიც.

მწერალმა უკრაინას მხარდაჭერა ოფიციალურად მეორედ გამოუცხადა: „ამ შეშლილი მანიაკის“ ხელით იღუპებიან.

„ეს პუტინის ომია. ქალები და ბავშვები მისი ხელით იღუპებიან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა გაიგოს რა ხდება. მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციის კედელი ჩამოინგრეს“.

საინტერესოა რომ გამოცემა „Unian“-ის მტკიცებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, მიმდინარე თვის დასაწყისში სტივენ კინგმა რუსულ გამომცემლობებთან თანამშრომლობაზე კატეგორიული და უვადო უარი განაცხადა.