„რუსეთმა უკრაინაში საჰაერო ჰაუბიცის სისტემა შეიყვანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული და ქიმური იარაღის გამოყენებისათვის - ომი სასტიკ ფაზაში გადადის“

„რუსეთმა უკრაინაში საჰაერო ჰაუბიცის სისტემა შეიყვანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული და ქიმური იარაღის გამოყენებისათვის - ომი სასტიკ ფაზაში გადადის“

თურქეთი შეიძლება იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდეს, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობენ უკრაინას, რუსეთთან ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ შეთანხმებაში. NATO-ს წევრი თურქეთი ცდილობს მოაწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. გახდება თუ არა ანკარა ის ადგილი, სადაც ვოლოდიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგება, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე სადავო საკითხების შეთანხმებას რამდენიმე დღიდან კვირა-ნახევრამდე შეიძლება დასჭირდეს, რის შემდეგაც, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადება დაიწყება. პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არ სურს უბრალოდ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, არამედ სურს კონკრეტული მექანიზნი შექმნას, რომელიც მომავალში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და სამშვიდობო შეთანხმება, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებს გაითვალისწინებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მწვავედ გააკრიტიკა ოფიციალური ბერლინი. ვირტუალური მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი გაკიცხა იმ ყოყმანის გამო, რაც გერმანიამ გამოავლინა, როდესაც საქმე რუსეთისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ეხებოდა, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა გერმანიის ეკონომიკისთვის. როგორც მან აღნიშნა, რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე თავდასხმამდე იკრიბებოდნენ, დასავლელი ლიდერები კი ძალიან ნელა მოქმედებდნენ და საკმარისად შორს არ წასულან რუსეთის შესაკავებლად.

„თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ. თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო. პოლიტიკოსები ყოველ წელს ამბობენ, „აღარასდროს“. ახლა ვხედავ, რომ ეს სიტყვები უსარგებლოა. ევროპაში ხალხი ნადგურდება“, - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ ბერლინს.

გერმანიას გამოკვეთილი პოზიცია აქვს - ნატო არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას მასში სამხედრო ჩართულობით. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ალიანსის ძირითადი მოვალეობაა უზრუნველყოს ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოება. როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე აღნიშნა, იანვარში ბერლინში ბოლო ვიზიტის დროს ქონდათ იმედი, რომ შეძლებდნენ თავიდან აეცილებინათ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კონფლიქტის მოგვარების ყველანაირ მშვიდობიან გზაზე და მიმართა ძალადობას.

„შეუტია მეზობელს და სასტიკი ომი დაიწყო. უკრაინაში ადამიანთა ბედი ღრმად გვაწუხებს. პუტინმა უკრაინის მოსახლეობას საზარელი წამება და სიკვდილი მოუტანა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ასევე, დამწუხრებულები ვართ იმ ბევრი ახალგაზრდა რუსის გამო, რომელთაც, მათი ხელმძღვანელობა ამ უაზრო ომში გაუძღვა. პუტინს ყოველდღიურად საშინელი ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს უკრაინელი ხალხისთვის. ის ასევე ზიანს აყენებს საკუთარ ხალხს.

რუსეთში ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ სიკვდილსა თუ დაშავებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს ეკისრება. ჩვენ მამაცი უკრაინელების გვერდით ვართ, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, ისევე როგორც იარაღით და გერმანია გააგრძელებს ამ მხარდაჭერას, თუმცა ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: ნატო არ ჩაერთვება ამ ომში სამხედრო გზით. ჩვენი განხილვის საგანი ასევე არის ის გავლენა, რაც ამ ომს NATO-ზე ექნება. ალიანსი უნდა გაძლიერდეს ყველა მოკავშირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განმარტა ოლაფ შოლცმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა აიცილოს ამ კონფლიქტის უფრო ფართო ესკალაცია, რაც უფრო საშიში იქნება და გამოიწვევს მეტ ტანჯვას, სიკვდილს და ნგრევას.

„ეს პრეზიდენტი პუტინის ომია. მან უნდა შეწყვიტოს ეს ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს დიპლომატიაში კეთილსინდისიერად. პუტინი დიდი ფასს იხდის. მკაცრი სანქციები აზიანებს მის ომის მანქანას. მადლობას ვუხდი გერმანიას მნიშვნელოვანი როლის გამო საერთაშორისო სანქციების გაძლიერებაში. გერმანია ასევე აძლიერებს ნატოს ყველა მოკავშირის დაცვას მეტი სამხედროთი ლიეტუვაში, საბრძოლო თვითმფრინავებით რუმინეთში და გემების პატრულირებით. ეს არის NATO-ს სწრაფი, გადამწყვეტი და ერთიანი პასუხის ნაწილი ფუნდამენტურად შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

NATO ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს ჩერთოს რუსეთ-უკრაინის ომში. თუმცა სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. მაგალითად აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა ბოლომდე უკრაინის გვერდით დადგება.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ბაიდენის ეს განცხადება ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან სამხედრო დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, ხოლო უკრაინას დიდხანს მოუწევს ამ სამხედრო დამნაშავის თავზე სანადიროდ ომი.

„ზელენსკი მართალია დასავლეთის მიმართ პრეტენზიებში. დასავლეთმა საქმე მიიყვანა აქამდე და უკრაინა მარტო აღმოჩნდა ამ საშინელი აგრესიის წინაშე. მანამდე იყო საჭირო ზომების მიღება, რომ რუსეთს ეს საშინელება არ გაებედა. ეს არ გაკეთდა, ვერ გაკეთდა. თუ გავაანალიზებთ ცხადია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემამ და მათ შორის ნატომ, რომელიც უნდა იცავდეს საერთაშორისო წესრიგს, ვერ მოახერხა მშვიდობის დაცვა და ზელენსკის პრეტენზიებიც ეს არის. ამ პრეტენზიებში სოლიდარულია საქართველოც. ჩვენ თვითონ ვართ რუსული აგრესიის მსხვერპლნი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ახლა დასავლეთის უმთავრესი ამოცანაა, ომი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს და არ გადავიდეს მსოფლიო ომში, რაც იქნება გლობალური კატასტროფა და ასეთ შემთხვევაში ბირთვული აპოკალიფსიც შორს არ არის. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ახსნადია ნატოს და დასავლეთის სიფრთხილე, ისევე როგორც საქართველოსი.

„კონფლიქტიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს - პირველ რიგში, მთავარი ამოცანა არის შეწყდეს უკრაინის მსხვერპლად შეწირვა, დასრულდეს ომი. დაახლოებით ანალოგიური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდეს, როგორც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში მოხდა. უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ახლა მთავარია, ომის შეწყვეტა, დანარჩენი ყველაფერი შემდეგ არის გასაკეთებელი.

ის, რომ რუსეთი სამხედრო კრახით დაასრულებს ამ ოპერაციას, ესეც ნაკლებად მოსალოდნელია. გასაგებია, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ის, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა დაინგრევა და დამარცხდება, სავარაუდოდ, ასე არაა. ომი როგორმე შეწყდეს და შემდეგ გაგრძელდეს მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რაც ამ კრიზისმა გამოაჩინა. ამ კრიზისმა კი გამოაჩინა - პირველი, რუსეთი როგორმე უნდა დაუბრუნდეს ცივილიზებულ ცხოვრებას, ეს მისი ბარბაროსობა უნდა შეჩერდეს. მეორე - შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მყარი სისტემა, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ეს იყო ნატო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სამხედრო სტრატეგიული და პოლიტიკური კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ვლადიმერ პუტინი პრინციპულობით ცდილობს მივიდეს გარკვეულ შედეგებამდე.

„როგორც ჩანს, პუტინი უკან არ დაიხევს. ბოლო ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უკვე შეიყვანა თვითმავალი საჰაერო ჰაუბიცის სისტემა, რომელსაც 203 მილიმეტრი დიამეტრი აქვს, რომელიც სტრატეგიული დამრტყმელი არაბირთვული შეიარაღების ტიპად ითვლება და, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბირთვული და ქიმური იარაღის გამოყენებისათვის, ეს ძალიან ცუდი ნიშანია.

უკვე ისეთი შეიარაღება შეჰყავს, რომ აშკარა ხდება, პუტინი ომის სასტიკ ფაზაში გადადის, სამწუხაროდ, ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა მაღალია. პუტინისთვის სულერთია რამდენი ადამიანი დაიღუპება, მისთვის მთავარია გვამების მეშვეობით მიაღწიოს იმას, რაც მას უნდა. მაგრამ აქ საინტერესო არის ისიც, რომ რუსებმა შეამცირეს მოთხოვნები. 7 რადიკალური მოთხოვნიდან მხოლოდ 3 მოთხოვნას აყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა 7-დან 4 ულტიმატუმს ვერ მიაღწია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

XALIBI ბაიდენი... პუტინი... ღორმა ღორს დინგიანი უწოდაო.... ბაიდენიც(და არა მარტო ბაიდენი) ისეთივე სამხედრო დამნაშავეა, როგორიც პუტინია.....
2 წლის უკან