ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ სახელმწიფოებრივად მავნებლურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ, შემდეგ ოპოზიციას დააბრალებენ და საქართველოს ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვენ. საიდან და რა წყაროებით მიიღო სააკაშვილმა ეს ინფორმაცია არ ამბობს, თუმცა ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას დათანხმდება.
პატიმარ სააკაშვილის ინფორმაცია თუ რეალობას შეესაბამება, რატომ არ აფრთხილებს ამის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს და რატომ არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან? - სწორედ, ეს კითხვა აჩენს ეჭვს, რომ ეს მისი მორიგი პოპულისტური განცახდებაა, რომელიც მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არის გაკეთებული და პლუს, უყურადღებოდ დარჩენილი პატიმარი ყურადღების მიქცევას ამ ფორმით ცდილობს.
„სერიოზული უცხოური წყაროებიდან (დიპლომატიური წყაროებიდან), მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია... მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ... თქვენ ხედავთ, რომ მუდმივად არის ლაპარაკი - საქართველოში არის ომის პარტია... მე მეზიზღება ომი... ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს... თუ დააკვირდებით, ომზე არ საუბრობს არავინ გარდა მთავრობისა...იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს დაბრალდება ჩვენს ოპოზიციურ ჯგუფებს. რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას მოსთხოვს, მთავრობა კი მზად იქნება ამისთვის. ამავე დროს - დაერიოს და პრაქტიკულად, გააჩეროს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა... ომის პარტია არის „ქართული ოცნება“. მათ სჭირდებათ ომი, იმიტომ რომ ეკონომიკა თავზე დაენგრათ, ქუჩაში თავი ვეღარ გამოუყვიათ, ყველა აგინებს და აფურთხებს... შანსი არ არის ხელისუფლების სხვანაირად შენარჩუნების, თუ არა არეულობებით და ომით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანად და ორგანიზებულად. მდუმარედ გამოვიდეთ...მდუმარედ დავდგეთ 100 000...“ ,-განაცხადა სააკაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილის დესტრუქციული განცხადებები ახალი ნამდვილად არ არის და მიიჩნევს, რომ როგორც რუსებს უკრაინაში დივერსანტები ჰყავს, ასევეა ქართულ პოლიტიკაში დივერსანტი სააკაშვილი და მისი პარტია.
„სააკაშვილი მუდმივად საქართველოს და ქართველების დაზიანებას ცდილობს. ამას თავის პარტიასთან ერთად ტანდემში აკეთებს. სააკაშვილის განცხადება ზუსტად ამ სცენარის ერთ-ერთი კომპონენტია. მისი ინტერესია, რუსეთთან ურთიერთობა რაც შეიძლება მაქსიმალურად დაძაბოს. ამით კი, როგორც რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები დააზიანოს. სააკაშვილის განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ „ომის პარტიაა“ უსინდისო ფლიდობაა, რადგან თავად „ნაციონალური პარტიაა“ ომის პარტია. „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული შეიარაღება დგას.
ის, რომ ვითომ, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურებმა სააკაშვილს ინფორმაცია მიაწოდეს, ბლეფია, რადგან სააკაშვილი დასავლეთში აღარავის ახსოვს, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა დაფინანსებული ლობისტი რაღაცას ამბობს, ან როცა რომელიმე უცხოურ გამოცემაში დაფინანსებული სტატია იბეჭდება. სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საერთოდ მივიწყებულია, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. ამიტომ ის ცდილობს, რომ ნებისმიერი მდარე ხარისხის პოლიტიკური ჭორაობით ყურადღება მიიპყროს. არ უწევს ანგარიშს ეს ჭორაობა და ბოდვა ქვეყანას რა ფომით დააზიანებს. ქართველმა ხალხმა უკვე ძალიან კარგად იცის, სააკაშვილი რასაც წარმოადგენს. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკები, რომელსაც უკვე ყავლი გაუვიდა“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, იმ დროს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკრაინულ არხზე განაცხადა, რომ ე.წ. შავი ხვრელების მეშვეობით საქართველოს ხელისუფლება პუტინს იარაღს აწვდის, რათა უკრაინაში ბავშვები დაბომბოს, ეს ამ პარტიის დესტრუქციული ქცევის კიდევ ერთი ნაწილია. აბაშიძე ამბობს, რომ საზოგადოება სააკაშვილის და მისი პარტიის მხრიდან არაადეკვატურ განცხადებებს უკვე შეჩვეულია და ამიტომ დამატებით საგამოძიებო ქმედებების საჭიროება არ არსებობს. ის ციხეში იმყოფება და მას ინფორმაციას ვერავინ მიაწვდიდა. ის პოლიტიკური შულერობით არის დაკავებული და ხელისუფლება ამ მავნებლებს არ უნდა აჰყვეს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ განცახდებით უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ კაცს, რომელიც ციხეში ზის, ასეთი ინფორმაცია, წესით, არ უნდა ჰქონდეს და თუკი ამბობს, რომ აქვს, მაშინ უნდა გამოიკვლიონ, ვინ მიაწოდა და რა მიზნით.
„ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია და მგონია სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. არაფერი გამორიცხული არაა, ვინაიდან მას თავის თანაპარტიელებთან და მებრძოლებთან კომუნიკაცია აქვს, ამიტომ არაა გამორიცხული, ვიღაცამ რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს. შესაბამისად, უშიშროების სამსახური მასთან უნდა მივიდეს და მოსთხოვოს პასუხი, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ განცხადებას. ხელისუფლებამ უნდა უთხრას, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საფრთხე და მოდი, ითანამშრომლე და გაგვაგებინე, რას ეფუძნება შენი განცხადება. მტკიცებულებები მოიტანოს და თქვას, ვინ უთხრა. თუ ამას ვერ შეძლებს, ესე იგი ესაა შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება, რომელიც პიარისთვის სჭირდება. ესაა სერიოზული განცხადება, ვიდრე არ დაამტკიცებს, რომ ამის თქმის საფუძველი აქვს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა საქართველო არაფერს აკეთებს ისეთს, რომ რუსეთი მუქარის ენით ესაუბროს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველო არ აკეთებს მაგალითად იმასაც კი, რასაც მოლდოვეთი ამბობს და მოითხოვს, რომ რუსეთმა მისი ქვეყნიდან ჯარები გაიყვანოს. ჩვენ იმასაც აღარ ვამბობთ, რასაც 2008 წლიდან მოყოლებული ყოველ დღე ვიძახდით.
„რუსეთს ის რომ შევახსენოთ რა ვალდებულებებიც 2008 წლის ომის შემდეგ აიღო, იმასაც არ ვახსენებთ და ჩვენს მიმართ მუქარის საბაბი რატომ უნდა ჰქონდეთ? საქართველოს მთავრობამ ყველა გამოსვლაში, ეკონომიკაზე იქნება საუბარი, ამინდზე თუ სხვა რამეზე, რუსეთს 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება უნდა მოსთხოვოს. მთელმა მსოფლიომ მუდმივად უნდა გაიგოს, რომ რუსეთი ჩვენ წინაშე დადებულ პირობას არ ასრულებს. იგივეს იზამს უკრაინასთან დაკავშირებითაც, თუკი რამე პირობებზე შეთანხმდებიან. რატომ მისცა მაშინ ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა? იქნება ამის გამო დაგვბომბონ. ჰააგის სასამრთლოში უკრაინის სარჩელს ხელი მოვაწერეთ. ამიტომ ხელისუფლების ლოგიკას ვერ ვიგებ. რაღაცებში სწორად იქცევა და რაღაცებში არა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.