„თუ პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა, ლუგარი რომ არ იყოს, სხვა საბაბს მოიგონებს“

„თუ პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა, ლუგარი რომ არ იყოს, სხვა საბაბს მოიგონებს“

რუსეთი საქართველოს მისამართით მორიგ, პროპაგანდისტულ გზავნილს აკეთებს - რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სათაურით, „რუსეთს უფლება აქვს საქართველოში არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები გაანადგუროს“. საუბარია ექსპერტ მიხაილ ალექსანდროვის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუს ინსპექტორებს არ დართავს შესვლის ნებას მის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, რუსეთს სრული უფლება ექნება მათზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.

აქვე რუსული სააგენტო მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე „ლუგარის ცენტრი“ მოქმედებს, რომელიც, მათი განცხადებით, ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.

აღნიშნულს გამოხმაურება მოჰყვა საქართველოშიც. ანალიტიკურ წრეებში ეს ინფორმაცია შეფასდა, როგორც მორიგი პროპაგნდა კრემლის მხრიდან. ამასთან, აღინიშნა, რომ ლაბორატორიების საკითხი, იგივე თუნდაც, „ლუგარის ცენტრი“ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში შემოჭრის საბაბად გამოიყენოს. თუმცა, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიზეზი და საბაბი არ სჭირდება, თუკი კრემლი კიდევ ერთ თავდასხმას დაგეგმავს, ამის გაკეთება უმიზეზოდაც შეუძლია და შემდეგ თავის გასამართლებლად, კვლავ რაიმეს მოიგონებს.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მისთვის სასურველ წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, მას შესაძლოა საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი კვლავ გაუჩნდეს და მორიგი სამხედრო თავდასხმა საქართველოზეც განახორციელოს.

„რუსეთისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი, შესაძლოა პრესტიჟის შენარჩუნების მიზნით, რადგან უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაცია წარმატებით ვერ მიმდინარეობს. მას სურს, რომ კუდი კიდევ ერთხელ მოიქნიოს და კიდევ ერთხელ მოახდინოს ძალის დემონსტრირება. ამიტომ, აღნიშნულის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა შედარებით ნაკლები. თუ რუსეთი დასუსტდა, შემდეგ ნაკლები ამბიცია ექნება.

დღეს რუსეთი სუსტდება, თუმცა შესაძლებელია, რომ უკან დახევისას კუდი მოიქნიოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რუსეთმა მისთვის სასურველ წარმატებას მიაღწია უკრაინაში, შემდგომში სამიზნე იყოს საქართველო და საერთო ჯამში, მაშინ რუსეთის მიზანი იქნება დაიქვემდებაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და აღადგინოს საბჭოთა კავშირი.

თუ უკრაინაში რუსეთს უკან დახევა მოუწია, იმ სანქციების ფონზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის ამოქმედებული და ასევე, მისი იმიჯიც შელახული იქნება, შესაძლებელია, რომ მას ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს კიდევ ერთხელ მოიქნიოს კუდი. თუ მას გამოუვიდა ოპერაცია უკრაინაში, მეტი ალბათობა იქნება თავდასხმის. საუბარი არ არის მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე, საერთოდ მაშინ მეტი შესაძლებელობა ექნება რუსეთს, რომ მოახდინოს უფრო მეტი ძალის დემონსტრირება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არის, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის შედეგი. მისი თქმით, ალბათობა იმისა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ქმედება განახორციელოს, ძალიან დაბალია.

„ვინ მისცა რუსეთს ამის უფლება? ამასთან, რაიმე ოფიციალური განცხადება არ გვინახავს. თანაც, წლების წინ იყვნენ რუსი ჟურნალისტები ამ ლაბორატორიაში, დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ იქ მსგავსი სამუშაო არ მიმდინარეობს.

თეორიულად ყველაფრის შანსი არსებობს, მაგრამ დღეს, როდესაც საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და როდესაც რუსეთმა საქართველო თვითონ ამოიღო მტრული ქვეყნების სიიდან, ასეთი რამ ძნელად განსახორციელებელია თვით რუსეთის ხელისუფლებისთვისაც კი.

მსგავსი ინფორმაცია ძირითადად არის შიდა მოხმარებისათვის, თუ დასჭირდა რუსეთს საქართველოზე თავდასხმა, ხელოვნურ საბაბად ამას გამოიყენებს. თუ დასჭირდა თავდასხმა, ლუგარი რომ არ იყოს, სხვა საბაბს მოიგონებს. ამიტომ, ამას დიდი მნიშვნელობა რუსეთისთვის არ აქვს. თუ პუტინმა რაღაც მიზეზის გამო გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა, მას აზრს ვერაფერი შეუცვლის, ვერც აქედან დიდი, მეგობრული გზავნილების კორიანტელი, ვერც ლუგარის ლაბორატორია, ვერც პრორუსული პარტიების აღფრთოვანება და ა.შ.“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პასუხს, ლუგარის ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით, გარკვეული განმარტება მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისგანაც. პაპუაშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები არ არსებობს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება ახალი არ არის და მას პასუხი არაერთხელ გაეცა.

„ვხედავთ, როგორ გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ომში მხარეებს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი. ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომატებულია უსაფრთხოების რისკები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ოპოზიცია იმით კი არ იყოს დაკავებული, თუ როგორ აჯანჯღაროს ქვეყანა, არამედ მნიშვნელოვანია ყველა ხელისუფლების გარშემო, მათ შორის მთავრობის გარშემო კონსოლიდირდეს იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.