„ლილუაშვილი უნდა მოშორდეს უშიშროებას, იქ არ მუშაობს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს“

„ლილუაშვილი უნდა მოშორდეს უშიშროებას, იქ არ მუშაობს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს“

მამუკა არეშიძის განცხადებით, ვიდრე შსს-ში „კუდ“-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ვაჟა ლილუაშვილის გუნდი არსებობს, ამ უწყების მუშაობა ნორმალური ვერ იქნება. როგორც ექსპერტი ამბობს, ლილუაშვილია ავტორი იმ კომპრომატების, რომელიც იქმნებოდა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ და სხვა ოპოზიციური ძალების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზეც. მამუკა არეშიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ლილუაშვილს აქვს შემონახული თავის გადასარჩენი მასალა.

რა კავშირი აქვთ ვაჟა ლილუაშვილს და გელა ხვედელიძეს?

მამუკა არეშიძე: ვაჟა ლილუაშვილი ასპარეზზე 90-იანი წლების შუალედში გამოჩნდა. იგი წარმოშობით კოჯრიდანაა. ლევან მამალაძის ერთ-ერთი უახლოესი პირი იყო. ამბობენ, რომ ის იყო მეჯინიბე. შემდგომში გახდა „კუდ“-ის უფროსის მოადგილე. უნდა ითქვას, რომ ის არაა უბრალო ადამიანი, საკმაოდ გონიერი კაცია. ძალიან გამჭრიახე ჭკუა აქვს და ძალიან კარგად იცის ინტრიგების ხლართვა და კარგი ორგანიზატორიც არის. ამიტომაც მიაღწია ამხელა თანამდებობას. ვაჟა ლილუაშვილმა გააგრძელა ის ტრადიცია, რომელიც გამეფებული იყო საქართველოს ხელისუფლებაში.

რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ქვემო ქართლის მიკროფეოდალურ სივრცედ გადაქცევას. პრაქტიკულად, ლილუაშვილისა და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა ის, რომ ქვემო ქართლი არის ერთი დიდი რეზერვაცია ადამიანებისა, სადაც სიტუაციას აკონტროლებენ ყოვლად უსახური გამგებლები და სოფლის რწმუნებულები, რომლებიც უშუალოდ კავშირში არიან ლილუაშვილთან. დასმენა, თვალთვალი ეს არის ქცევის ნორმა ამ რეგიონში. ლილუაშვილი და მისი გუნდი უმოწყალოდ ძარცვავდა ქვემო ქართლის რეგიონს, ეს იყო მიწების დატაცება, გადაფორმება, თუ სხვებისთვის ბიზნესის წართმევა.

ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან უკონტროლოდ ხდებოდა?

- რასაკვირველია. ცენტრალური ხელისუფლებისთვის მთავარი იყო ამ რეგიონის ლოიალობა და ტოტალური კონტროლი. მაგარამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტში როგორც წესი გადიოდა ლილუაშვილის კადრი, ან თვითონ ლილუაშვილი დეპუტატად ამ რეგიონიდან. ეს პროცესები განსაკუთრებით გამძაფრებული იყო გარდაბნის რაიონში, რადგანაც კოჯორი, თავის დროზე, შედიოდა გარდაბნის რაიონის შემადგენლობაში და ლილუაშვილმა ჩათვალა, რომ ეს მისი საკუთარი რეგიონია. ამიტომ, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა.

რაში გამოიხატებოდა ლილუაშვილის ასეთი ქცევა?

- მაგალითად, მას შეეძლო, რომ გამგებლად დაენიშნა ადამიანი, რომელსაც განათლება საერთოდ არ ჰქონდა და ეს ადამიანი ყოფილიყო ამ რეგიონის უფროსი. ამ კატეგორიის ადამიანებით და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მეშვეობით მართავდა მთელ რეგიონს. როდესაც „კუდ“-ის დირექტორის მოადგილე გახდა, მისი ძირითადი სამუშაო გახდა კომპრომატების შექმნა, ოპოზიციურად განწყობილ პირებზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე.

შესაძლოა, მას ეს კომპრომატები დღემდე ჰქონდეს?

- რასაკვირველია, შეიძლება. იმისთვის, რომ თავი დაეზღვია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზეც დაიწყო კომპრომატების შექმნა. მან შეადგინა ტოტალური კომპრომატული კართოტეკა ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანზე, რომელიც პოლიტიკაში იყო გარეული. დასავლეთ საქართველოში მისი გავლენები ვერ გაწვდა. უფრო აღმოსავლეთ საქართველოში აქტიურობდა თბილისის ჩათვლით. ზუსტად ლილუაშვილის დამსახურებაა ის, როდესაც მან თინეიჯერების გუნდი შეადგინა შსს-ში. კერძოდ, „კუდ“-ში. ამ ჯგუფს ახალგაზრდა სპეციალისტები დაარქვა, ესენი იყვნენ 14-15-16 წლის ახალგაზრდები. ნაწილი ცნობილი ხაკერი გახდა, ნაწილი ინფორმაციის შემკრები. ახალგაზრდობასაც გადაწვდა მისი ხელი და სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი უკვე წარსდგა საზოგადოების წინაშე სკანდალური ინტერვიუთი. როგორ ფიქრობთ, რამდენი წლის არის ის ბიჭი?

ალბათ, 20 წლის...

არა, 19 წლის გახდა 2 თვის წინ. რა მოტივით ჰქონდა არასრულწლოვანი ახალგაზრდების ძალოვან სტრუქტურაში წამყვან სპეციალისტებად დანიშვნას?

- მოტივი იყო ახალგაზრდა თაობის ექსპლუატაცია, მათი გარყვნა. დაგეშილი იყვნენ კონკრეტულ საქმიანობაზე. ისეთ საქმიანობაში ჩართეს ეს ახალგაზრდები, რაც მათ ფსიქიკაზე იმოქმედებდა. ლილუაშვილმა უაღრესად ნიჭიერი ადამიანები შეარჩია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულები. „კუდ“ - ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც საზოგადოების წინაშე წარსდგა, მას უკვე 6 წიგნი აქვს დაწერილი. ჩემი თვალით მაქვს ეს წიგნები ნანახი და წაკითხული. ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ, რომ ასეთ რამეს აკეთებდა „კუდ“- ი. ვცადეთ ამ ფენომენის შესწავლა, მაგრამ ეს ძალიან დახურული სისტემა იყო და ბევრი არაფერი გამოგვივიდა. რაც ახლა გიამბეთ, ეს აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციაა.

მიწების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მტკიცებულებები წარმოადგინოთ?

- რასაკვირველია, მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით შემიძლია წარმოვადგინო უამრავი მასალა, სადაც პირდაპირ არის მინიშნებული რამდენი მიწა აქვს ლილუაშვილს და იგივე ფეიქრიშვილს. რამდენია გაფორმებული მათ ნათესავებზე და ახლობლებზე. ეს სქემები ყველამ იცის გარდანბის რაიონში. გარდა იმისა, რომ თავის თავზე აქვს გაფორმებული, სახელმწიფო მიწების 30% დამალულია. ეს არაა რეესტრში გაფორმებული, არავინ არ იცის ამ ადამიანების ვიწრო წრის გარდა.

რაც შეეხება კომპრომატებს, რომელიც ლილუაშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა, რა შემთხვევაში შეიძლება მან ეს გამოიყენოს?

- რაც შეეხება ამ კომპრომატებს, ეს იყო მისი ძირითადი იარაღი. ის მომავალზე ფიქრობდა და ფიქრობდა, რომ ამ კომპრომატებით თავს გადაირჩენდა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ლილუაშვილი პირველი იყო რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისის წინ გაჩნდა. დაახლოებით 10 ოქტომბერი იყო და მახსოვს, რომ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან მოინდომა რიგში ჩადგომა და იმან გამოაგდო კაბინეტიდან. როგორც ამბობენ, ამის მერე დაუკავშირდა ის გელა ხვდედელიძეს. ისინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, იმიტომ, რომ ორივე მუშაობდა უშიშროებაში. ბევრმა, ვისაც შეხება ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“, იცოდა ვინ იყო ლილუაშვილი. ხვედელიძემ ეტყობა იცოდა ამ კომპრომატების შესახებ, ლილუაშვილმა ეს არ დაუთმო და ამის გამო მოხვდა ის ციხეში. როგორც ამბობენ, შემდეგ მოხდა გარიგება მათ შორის. ლილუაშვილი ძალიან მალე გამოვიდა ციხიდან.

შესაძლოა, რომ ეს კომპრომატები გადასულიყო ხვედელიძის ხელში?

- როგორც ჩანს, ამ კომპრომატებმა გადაინაცვლა ხვედელიძის ხელში, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე.

გამორიცხავთ, რომ ამ კომპრომატების ასლი ლილუაშვილთან იყოს?

- რა თქმა უნდა, ასეც არის. არ დაგავიწყდეთ მეგის ქარდავას ქადილი. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მას აქვს გარკვეული კომპრომატები და თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ამას გამოამზეურებს. ასევე, ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქიდან კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრება გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“. შეიძლება დუბლიკატებიც გაკეთებულიყო და სათანადო ადგილას ყოფილიყო შენახული. არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ხმებიც დადიოდა, რომ არსებობს გარკვეული კომპრომატები თვითონ „ქართული ოცნების“ ზოგიერთ ლიდერზე, როგორც ქალზე, ისე კაცზე, რომლის გამოქვეყნება შესაძლებელი იყო.

რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ ეს ხმები იყო. მე მტკიცებით არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფეიქრიშვილის გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეს იყო გარკვეული ვაჭრობის შედეგი, რომელიც ასევე ლილუაშვილთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ფეიქრიშვილი ლილუაშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამს და არც არასოდეს არ დგამდა. დარწმუნებული ვარ, რომ ლილუაშვილის რჩევით გამოვიდა ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ და გადავიდა დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფში. კომპრომატების გადაცემის ხარჯზე ლილუაშვილმა როგორც კი მიიღო თავისუფლება, ნელ-ნელა ისევ მადაზე მოვიდა, რასაც ჰქვია რეგიონის კონტროლი, მათ შორის, გარდაბნის რაიონის კონტროლი. პრაქტიკულად, დღევანდელი გამგეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელსაა ამოფარებული, სინამდვილეში 60% დაკომპლექტებულია ლილუაშვილის კადრებით. ისევე, როგორც ეს იყო ჩემი არჩევნების დროს, 2 შტაბი იყო. ერთი ლილუაშვილის ხალხით დაკომპლექტებული და მეორე, ჩემს მიერ მიყვანილი ადამიანები. გახსოვთ, ალბათ, ის ფულის გადმოცემის პროცესი, ესეც ლილუაშვილის ბრძანებით განახორციელა ყავლაშვილმა. არჩევნების შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, რამდენი შემოგზავნილი ადამიანი იყო ჩემს შტაბში, ზოგიერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ ლილუაშვილის დავალებით მოქმედებდა.

ლილუაშვილის კადრები ჯერ კიდევ არიანკუდ“ - ში?

- საქმე ის გახლავთ, რომ ხელახლა დაინიშნენ და თანდათან ძლიერდებიან. ეს პროცესი გრძელდება.

როდის დაბრუნდნენ, რა ჯგუფია ისევ იმ არასრულწლოვნების?

- ნაწილი დარჩა, არსად არ წასულა. ყველა ქმედება, რომელსაც ახორციელებდა ხვედელიძე, მიმართული იყო ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რომ დაესუსტებინათ ღარიბაშვილი და შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილის დასუსტებით და თანამდებობიდან წასვლით, დაესუსტებინათ ბიძინა ივანიშვილი. შსს ისეთი ორგანოა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელს სჭირდება თავისი ერთგული და მცოდნე კადრი. როგორც ჩანს, ისინი ცდილობდნენ გამოეყენებინათ ირაკლი ღარიბაშვილის გამოუცდელობა და ამიტომ მოვიდა ჩემს ყურამდე ასეთი ფრაზა, რომ ხვედელიძემ მოახერხა დაერწმუნებინა ღარიბაშვილი, რომ ლილუაშვილის გარეთ ყოფნა არის სასარგებლო. ლილუაშვილი ისეთი ინფორმაციის მატარებელია, რომელიც საჭიროა გამოიყენოს სახელმწიფომ.

ღარიბაშვილის გამოუცდელობას მივაწეროთ ის, რომკუდ“-ის ძველი კადრები ბრუნდებიან უწყებაში?

- ამხელა მანქანას 6-7 თვეში აუღო ალღო, ობიექტურად რთულია. რამოდენიმეჯერ მან გამოცვალა სამხარეო პოლიციის უფროსები, ისე, რომ ამას საზოგადოებაში განსაკუთრებული რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ხვედელიძის საკურატორო სისტემაზე ყოფილი „კუდ“ - ის ახლანდელი უშიშროების სისტემაზე. იქ არიან ადამიანები, რომლებიც გუშინწინ საქმეებს თითხიდნენ სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს პოლიტპატიმრების სტატუსი, ესენი კი ისევ თანამდებობაზე დარჩნენ, ნაწილი დაწინაურდა კიდევაც. ზუსტად, ეს იყო საყვედურის მთავარი მიზეზი, რასაც ღარიბაშვილს ეუბნებოდა საზოგადოების დიდი ნაწილი. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ნაწილი თვლიდა, რომ ხვედელიძე თავისი ქმედებით სამარლიანობის აღდგენის პროცესს სერიოზულად ამუხრუჭებდა. ის ადამინები, რომლებმაც უკანონოდა დაიჭირეს თამაზ თამაზაშვილი და ავტომატი ჩაუდეს, ისევ „კუდ“ - ის შემადგენლობაშია. ყველა არა, მაგრამ, ნაწილი.

შეგიძლიათ კონკრეტული გვარები დაასახელოთ?

- მართალი გითხრათ, გვარები არ მახსოვს. ერთი ჭაია არაა, თორემ დანარჩენები იქ არიან.

გელა ხვედელიძეს ასე რატომ ენდობოდა ღარიბაშვილი, იმიტომ ხომ არა, რომ ხვედელიძე წლების განმავლობაში აღიქმეოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი...

- ის იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრი. მეტიც, „ქართული ოცნების“ რეგიონალური სტრუქტურების სათავეში იდგა. აბა, როგორ არ უნდა ენდო ისეთ კაცს, რომელთანაც ერთად გაიარე ამხელა გზა არჩევნებამდე და დასრულდა არჩევნების გამარჯვებით. ავტომატურად ითვლება, რომ ხვედელიძის როლიც არის, ამას ხომ არ დაუკარგავ?! ის სიგნალები და ფაქტები, რომელიც მისდიოდა ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება. ჩვენ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმას ვსაყვედურობდით და ვსაყვედურობთ ხელმძღვანელებს, რომ მხოლოდ ერთ წყაროს უსმენენ. თუ არ გამოიკვლიე ყველაფერი, როგორ გინდა ეს გააკეთო? მე ვფიქრობ, რომ ბოლო თვეებში დაგროვდა შესაბამისი ინფორმაცია, გამოკვლევაც ჩატარდა და ფარესიშვილის ფაქტი იყო ბოლო წვეთი ჯამში, რამაც გამოიწვის ხვედელიძის დაპატიმრება.

ხვედელიძეს ბრალი 157-ე მუხლით აქვს წაყენებული, გამოძიება მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში მთავარი მოტივი ხომ არ იყო ხვედელიძის ჩამოშორება სტრუქტურიდან?

- სხვათაშორის, არათანამდებობის პირს ეხება ეს მუხლი. როგორც ჩანს, მთავარი იყო ხვედელიძის ჩამოშორება. მაინც დაინდეს. იმიტომ, რომ გარკვეული დამსახურება აქვს. სხვა შეფასებას, ამას ვერ მივცემ.

რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ვაჟა ლილუაშვილი არ გამოიყენებს ამ კადრებს, მითუმეტეს, რომ ხვედელიძეც თავისუფალია პატიმრობიდან...

- ვიმეორებ, რომ ამის დუბლიკატები შეიძლება არსებობდეს. ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. ღარიბაშვილი დაპირდა საზოგადოებას, რომ ეს კადრები განადგურდება. აქ მორალურ მხარეს აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შსს სტუქტურაში არსებობს ისეთი ძალა, რომელიც ცდილობს სხვადასხვა პიროვნებების დისკრედიტაციას, მათ შორის, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილის. სანამ ეს ძველი კადრები იქნებიან (რასკვირველია ყველა არა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არაკომფორტულად გრძნობენ თავს და ფიქრობენ, რომ დღეს თუ ხვალ მოეკითხებათ) ეცდებიან, რომ მუდმივი ქაოსი და არეულობა იყოს მმართველი გუნდის რიგებში, რომ მოხდეს მმართველი გუნდის დისკრედიტაცია, რათა ვერ დაალაგონ სიტუაცია და შესაბამისად, ვერ დაალაგონ ქვეყანა.

ყველას კარგად გვახსოვს როგორ შეასუსტა მაშინდელმაახალგაზრდა რეფორმატორებმაკახა თარგამაძის გადადგომით შევარდნაძის ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობაიგივეს განმეორებას ცდილობს?

- ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, იგივე მეთოდებით ხდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა. ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს და ხვედელიძის ხელმძღვანელი პოსტიდან მოშორებით არ უნდა შემოიფარგლოს. ჯერ ერთი, თვითონ ლილუაშვილი უნდა მოშორდეს უშიშროებას. მართალია ის იქ არ მუშაობს, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა აქვს. ლილუაშვილის მოყვანილი უბრალო თანამშრომლები, უბრალო დამლაგებელიც კი, დღემდე იქ მუშაობენ. აქიდან გამომდინარე, ამ კადრებს უნდა შეელიოს შსს-ს ხელმძღვანელობა. რაც მალე შეელევა, მით უფრო მალე დაიწყებს ფუნქციონირებას სამინისტრო.

შევთავაზე ხელმძღვანელობას, რომ იქნებ შექმნილიყო პრემიერ მინისტრთან გარკვეული ორგანო, გაერთიანებული გენერალური ინსპექციის მაგვარი, რომელიც შეამოწმებდა ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ყველა ადამიანის ბიოგრაფიას, ვინ რას აკეთებდა 2003-2012 წლის განმავლობაში. იმიტომ, კი არა, რომ ვინმე დაისაჯოს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც არაკომფორტულია, ხელმძღვანელობამ იცის ამის შესახებ. ეს არაა დამალული, უბრალოდ, მათ აპატიეს, ამას აქვს მნიშვნელობა.

მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს ინფორმაცია ჩადებულია უჯრაში და ინახება. სხვანაირად არაფერი გამოვა. ის ადამინები, რომლებიც, ვიღაცეების ფრთის ქვეშ არიან შემალული, მუდმივად იქნებიან მზაობაში, რომ სისუსტის შემთხვევაში, დაამხონ შს მინისტრი და შესაბამისად, ხელისუფლება.

ჯერ კიდევ არჩევნების წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვა ძალოვან სტრიქტურაში იმისათვის, რომ ერთგვარი მეხუთე კოლონა შეექმნა. სხვათაშორის, ზოგიერთი მაღალი ჩინის ოფიცერი, დაბალი ჩინის ოფიცრის თანამდებობაზე გადავიდა. მათ იცოდნენ, რომ ახალი ხელისუფლება ყველას გაყრიდა სამსახურიდან. შსს-ში არსებობს მეხუთე კოლონა. საჭიროა ამ მეხუთე კოლონის ან ლიკვიდაცია, ან ლოკალიზება იმისთვის, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს.

ანუ, გამოდის, რომ ლილუაშვილს ჰყავს კადრი შსს-ში და შესაძლოა, განახორციელოს ის, რაც გააკეთა ხვედელიძემ?

- ასეთი ადამინები როგორ არ ჰყავს. მაგრამ, თანამდებობას გააჩნია. თუ ეს ადამიანი სამმართველოს უფროსია, მას ისეთი გავლენა ბუნებრივია არ აქვს, როგორიც ჰქონდა მინისტრის ყოფილ მოადგილეს. ვიმეორებ, რომ პირველ რიგში, ლილუაშვილის პასიხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ლილუაშვილმა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ის ადამიანები, რომლებიც არიან სამინისტროში და დღემდე მის დაკრულზე ცეკვავენ, თანამდებობებს უნდა ჩამოშორდნენ, ან უნდა მოხდეს მათი მუდმივი კონტროლი. მაღალ თანამდებობაზე რომ არ უნდა იყვნენ, ეს ფაქტია. არის იქ ზოგიერთი, რომელიც არის მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ არა ისეთზე, როგორზეც იყო ხვედელიძე.

ამ ადამინებს რამდენად შეუძლიათ გავლენის მოხდენა პროცესებზე?

- თუ თავი არ იქნა, ძალიან გაუჭირდებათ. ხვედელიძეს როგორც „ნაციონალებზე“ მომუშავე კადრს, ნამდვილად არ დავადებდი ხელს. ეს არაა ასე. ხვედელიძე თავის თამაშს თამაშობდა და ხშირ შემთხვევაში, ორმაგ თამაშს თამაშობდა და ზუსტად ამან დაღუპა.

თუმცა, არის ინფორმაცია, რომ ისნაციონალური მოძრაობისშეგზავნილი იყო ოპოზიციაში...

- გეთანხმებით, ნამდვილად არის ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მე ამის მტკიცებულება არ მაქვს.

გელა ხვედელიძეც ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებას ცდილობდა?

- ხვედელიძის დონის უშიშროების თანამშრომელს აგენტს ვერ დაარქმევ. რაც შეეხება ორმაგ თამაშს, მე მინდა, გითხრათ, რომ ეს ასე იყო. ვთვლი, რომ ხვედელიძე ყველაფერს აკეთებდა, რათა შსს-ში გაემყარებინა ვაჟა ლილუაშვილის გუნდის პოზიციები. დღეს შსს-ში, განსაკუთრებით უშიშროების სისტემაში, ლილუაშვილის ბევრი კადრი მუშაობს და პროცესებს ისე წარმართავს, როგორც უნდათ. ეს ადამიანები სერიოზულ რკალს კრავდნენ ღარიბაშვილის გარშემო. მათი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მაქსიმალურად დაესუსტებინათ ღარიბაშვილი და შესაბამისად ივანიშვილი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ფარესაშვილის ეპიზოდი ბოლო წვეთი იყო. შსს-ში დაგროვდა ბევრი ინფორმაცია ხვედელიძეზე, მათ შორის, მისი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მოქმედებები. მაქვს ინფორმაცია, რომ გელა ხვედელიძე აცხადებდა, რომ ღარიბაშვილი მას ებრძვის და თავად უნდა დაასწროს.