„პუტინი აღვივებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განწყობას. კიევის აღება მას იმისთვის უნდა, რომ ეს არის უკრაინის გახლეჩის დასაწყისი. ყველაზე მეტად იმის მეშინია, უკრაინის შიგნით რუსეთმა ვერ მოახერხოს მეხუთე კოლონის ამოქმედება, შიგნითვე არ მოხდეს ხელისუფლების გაყოფა და სამოქალაქო ომის დაწყება“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა ომში გარდატეხა შეიტანეს და უახლოვდებიან გამარჯვებას. ეს ნათქვამი საომარი რიტორიკისთვისაა გამიზნული, თუ მართლაც უკრაინასთან ომი ეს იყო რუსეთის გენშტაბის მარცხი, რადგან მხოლოდ 15 დღეში რუსებმა 12 ათასი სამხედრო დაკარგეს, რაც ავღანეთში 10-წლიან მსხვერპლსაც აჭარბებს?
- ჯერ ვერ ვიტყვით, რომ უკრაინამ გაიმარჯვა, რადგან პროცესები მხოლოდ სამხედრო პრიზმაში არ უნდა განვიხილოთ. რუსეთის ხელისუფლება და, პირველ რიგში, მისი პრეზიდენტი პუტინი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ადამიანია და მისგან ყველაფერი ცუდია მოსალოდნელი. ამავე დროს, პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი ძალიან საინტერესოა, ის არის თავმოყვარე, სხვათა შორის, სტალინსაც ედრება და უნდა, ისტორიაში დარჩეს ისეთ პიროვნებად, რომელმაც, როგორც სტალინმა, შეკრა იმპერია. პუტინი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მთავარია, უკრაინის შიგნით რუსეთმა ვერ მოახერხოს მეხუთე კოლონის ამოქმედება, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, ანუ შიგნით, უკრაინაში არ მოხდეს ხელისუფლების გაყოფა და სამოქალაქო ომის დაწყება. ეს შეიძლება იმ მოდელით განხორციელდეს, რომ პუტინმა თუკი კიევი აიღო, მან შეიძლება მხარი დაუჭიროს რომელიმე პრორუს პოლიტიკოსს, იანუკოვიჩს ან სულ სხვას, ისეთივე ყალბი რეფერენდუმი ჩაატაროს, როგორც ყირიმში და მის მიერვე დასმული კაცი გამოაცხადოს უკრაინის რეალურ ხელისუფლად. ბუნებრივია, ამის შემდეგ რუსეთი ვითომც ჩრდილში გადავა და უკრაინაში დაიწყება სამოქალაქო ომი. სავარაუდოდ, რუსეთს ეს სცენარიც უნდა ჰქონდეს არსენალში. მართალია, ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინას მონოლითურად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუ არ მეშლება 8-9 მილიონი, რუსი ეროვნებისაა. უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში საკმაოდ ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არის მთავარი.
ჯერჯერობით ჩუმად არიან უკრაინაში მცხოვრები რუსები და სიტყვიერად მაინც უკრაინელებს უჭერენ მხარს.
- დიახ, ჯერ ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რუსები. ომი გულისხმობს პროპაგანდისტულ მსხვერპლსაც. თქვენ ავღანეთში საბჭოთა კავშირის მსხვერპლი ახსენეთ, კი ბატონო, ავღანეთში სადღაც 14 ათას დაღუპულს ამბობდნენ, მაგრამ ესეც არ იყო სწორი ციფრი, რადგან მაშინ საბჭოთა კავშირი ყოველნაირად ამცირებდა მსხვერპლის რაოდენობას და 10 წლის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა ხელოვნურად იყო შემცირებული.
უკრაინელებს პარტიზანული ომის დიდი გამოცდილება აქვთ. მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდშიც კი ვერ გამოჰყავდათ უკრაინელები ტყიდან. ამ მხრივაც ელის თუ არა პუტინს სიურპრიზი? ასევე, თქვენ ახსენეთ კიევის აღება, წესით, კიევის ალყისთვის დიდი ჯარი დასჭირდება რუსეთს. შეიძლება, კიევის დაცემა გაიგივდეს მთლიანი უკრაინის დაცემასთან, თუ ეს აპრიორი არ ნიშნავს უკრაინის დაცემას?
- რა თქმა უნდა, კიევის აღება არ იქნება მარტივი. როგორც ხედავთ, სამწუხაროდ, დასავლეთმა თითქმის ამოწურა ზემოქმედების ყველა ბერკეტი რუსეთზე. არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედონ მშვიდობიანი ბერკეტის სახით. დასავლეთმა განაცხადა, რომ არ ჩაებმებიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ამ პირობებში, ფაქტობრივად, პუტინს უკან დასახევი გზა არ აქვს, ის ქულებს იწერს თავის მოქალაქეებში, აღვივებს ანტიდასავლურ და, ცხადია, ანტიუკრაინულ განწყობილებას, კიევის აღება მას ზუსტად იმ სცენარისთვის უნდა, რომ კიევი არის დედაქალაქი, კიევში არის ხელისუფლება, რადა. კიევი მისთვის არა მარტო სიმბოლოა, არამედ ეს არის უკრაინის გახლეჩის დასაწყისი. პარტიზანული მოძრაობა თუ სამოქალაქო დაპირისპირება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეინარჩუნებენ უკრაინის ეროვნული ძალები ერთიანობას. საინტერესო ფრაზა თქვა ზელენსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უცხოელ ჟურნალისტთან, როდესაც მას ჰკითხეს, ენდობით თუ არა პუტინს, ზელენსკიმ უპასუხა, ოჰ, არა, მე მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობიო. ეს ფრაზა უკვე ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული საფრთხე. თვითონ უკრაინის რადაში, თუ არ მეშლება, ორი პარტია ოფიციალურად პრორუსულია. წარმოიდგინეთ, მათ თავიანთი ამომრჩეველი, მხარდამჭერი ჰყავთ. ასე რომ, იმის მეშინია ყველაზე მეტად, რომ ღალატის თემა ყველა დონეზე არსებობს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჯერ კიდევ კუჩმას, განსაკუთრებით კი, იანუკოვიჩის დროს მთელი ძალოვანი სისტემა და სპეცსამსახურები იყვნენ პრორუსებით დაკომპლექტებულნი. რა თქმა უნდა, ხელმძღვანელები შეიცვალნენ, მაგრამ ქვედა და შუა რგოლებში საკმაოდ დარჩებოდა ასეთი ხალხი. ამდენად, ეს საფრთხე არსებობს. რაც შეეხება პარტიზანულ ბრძოლას, უკრაინის წინააღმდეგობის ყოველი დღე ეს არის რუსეთის დაცემის, დასუსტების დღე. რამდენ ხანსაც გაუძლებს უკრაინა, იმდენჯერ დასუსტდება რუსეთი.
პუტინმა დასახმარებლად ისლამისტი მებრძოლები იხმო სირიიდან, ე.წ. 16 ათასი მოხალისე, რომელიც შეჰყავს უკრაინაში საბრძოლველად. ეს ხომ პუტინის სისუსტეა, როცა ხან კადიროველებს იხმობს დასახმარებლად, ხან სირიელებს?
- დაქირავებული სირიელების შემთხვევაში, ალბათ, კადიროვის თემა მუშაობს და კადიროვი კვლავაც ცდილობს, ერთგული მონობა დაუმტკიცოს პუტინს იმის სანაცვლოდ, რომ ის ჩეჩნეთის ემირია, ჩეჩნეთის ხელისუფალია, პატარა დიქტატორია და ყველაფერში ბაძავს პუტინს. პუტინს უნდა უკრაინასთან ომის სწრაფად დამთავრება და მას სჭირდება ბრძოლაში გამოცდილი ხალხი, ანუ ის სირიელები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია იბრძვიან და აქვთ ბრძოლის გამოცდილება. რუსეთის ჯარი, ისევე, როგორც უკრაინის, ფაქტობრივად, იყო წვრთნებიდან შეყვანილი ომში, საომარ ვითარებაში ყოფნის პირდაპირი გამოცდილება რუსეთის ჯარის დიდ ნაწილს არ ჰქონდა. პუტინმა ეს პერიოდი, განსაკუთრებით, სირიის თემა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან სირიაში სხვადასხვა ტაქტიკური სქემა დაამუშავა - ქალაქში ბრძოლის, საჰაერო დაბომბვის, დრონების საკითხი, ანუ პუტინი იქ მოემზადა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინაში შეჭრა ეს არის პუტინის დასასრულის დასაწყისი.