„რუსეთი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ამ ომს სპეცოპერაციას ეძახის, რის გამოც საყოველთაო მობილიზაციას ვერ აცხადებს, გარდა ამისა, რუს სამხედროებს მოტივაცია არ აქვთ, ისინი უკრაინელ ხალხს მტრად ვერ აღიქვამენ“

„რუსეთი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ამ ომს სპეცოპერაციას ეძახის, რის გამოც საყოველთაო მობილიზაციას ვერ აცხადებს, გარდა ამისა, რუს სამხედროებს მოტივაცია არ აქვთ, ისინი უკრაინელ ხალხს მტრად ვერ აღიქვამენ“

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე 22 დღეა გრძელდება. ამ პერიოდში ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი for.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა კიევიც და ხარკოვიც რომ აიღოს, მათ მიერ ომი არის წაგებული. ეს სისხლისმღვრელი კონფლიქტი გაგრძელდება ძალიან დიდხანს.

რუსეთ-უკრაინას შორის ომი ნახევარ თვეზე მეტია რაც მიმდინარეობს. დღევანდელი დღის გადმოსახედიდან რამდენ ხანს შეიძლება ომი გაგრძელდეს?

- ეს დრო ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ომები წლები მიმდინარეობს. უბრალოდ, ჩვენ ასოციცაცია გვაქვს აგვისტოს ომთან, რადგან მაშინ ომი სამ დღეში დასრულდა. 22 დღე ომისთვის ძალიან დიდი არაა, ძალიან მცირე დროა. კრემლს ეგონა და თან საგარეო დაზვერვის სამსახურმა დაუდო ინფორმაცია, რომ 2-3-დღიანი ტრიუმფალური მსვლელობით შევიდოდა კიევში და მთელი უკრაინის ოკუპაციას მოახდენდა ისე, რომ სერიოზულ პრობლემებს არ წააწყდებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ მთელი უკრაინა დაირაზმა და უკრაინელი ხალხი თავგანწირვით ომობს.

რაც მთავარია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლისუნარიანობის ძალიან მაღალი დონე აჩვენეს. გარდა ამისა ისინი დასავლეთის წყალობით უახლოესი შეარაღებით, ტექნიკით და ეკიპირებით არიან მომარაგებულნი. უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც აჩვენა სიმტკიცე და შეუპოვრობა - ომი გრძელდება.

22 დღე ომისთვის ძალიან მცირე დროა. უბრალოდ, რუსეთს ეგონა, რომ პრაქტიკულად, ომი არ მოუწევდა ისევე, როგორც საქართველოში. ჩვენდა სამარცხვინოდ, აგვისტოს ომის მსგავსი სამარცხვინო ომი არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. ეს სამარცხვინო ომი იყო არა ჩვენი ჯარიკაცების გამო, რომლებიც მზად იყვნენ გმირულად ებრძოლათ და კიდევაც იბრძოლეს, არამედ მაშინდელი პოლიტიკური ხელმძრვანელობის გამო, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. უკრაინაში კი ზელენსკის ხელმძღვანელობით, პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოწოდების სიმაღლეზეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებული ძალები ვერ იომებს თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მტკიცედ არ დგას.

ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, 22 დღე ომისთვის მცირე ვადაა. ეს ომი უკვე გადაიზარდა, რასაც ჰქვია, ფართო მასშტაბიან ომში.

შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთს სწრაფი ომი არ გამოუვიდა?

- ბლიცკრიგი კიდევ სულ სხვა ცნებაა. ბლიცკრიგი გერმანულად ელვისებურ ომს ნიშნას. ბლიცკრიგი იწყება კვირაობით და თვეებში სრულდება. ყველაზე წარმატებულ ბლიცკრიგად ითვლება 1939 წელს 1 სექტემბერი, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა. ეს ითვლება უნიკალურ ბლიცკრიგად, რადგან ომი დაიწყეს 1 სექტემბერს და 6 ოტომბერს დასრულდა. მეორე ასევე ბლიცკრიგად ითვლება, როდესაც გერმანელებმა საფრანგეთი დაამარცხეს - ომი დაიწყეს 10 მაისს და 22 ივნისს დაამთავრეს.

ასევე ბარბაროსას გეგმა ითვლება ბლიცკრიგად, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოეით 3 თვეში ომის დამთავრებას საბჭოთა კავშირთან. ასევე „უდაბნოს ქარიშხალი“, ეს მართლაც რომ ბრწყინვალე ოპერაცია იყო, რომელიც აშშ-მ ჩაატარა 1991 წელს და მაშინაც დაახლოებით ომი თვე და ათი დღე გაგრძელდა.

ანუ, დღევანდელ სიტუაციას ბლიცკრიგში ნუ ავურევთ. რუსეთს ბლიცკრიგზე კი არ ჰქონდა გათვლილი, რუსებს გათვლილი ჰქონდა იმაზე, რომ მოაწყობდნენ ტრიუმფალურ მსვლელობას და ასეთ წინააღმდეგობას არ შეხვდებოდნენ. უკრაინამ არათუ წინააღმდეგობა გაუწია, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდნენ ძალიან მაღალ დონეზე საბროლო მზადყოფნაში.

გასაგებია, რომ ეს არ არის ბლიცკრიგი, მაგრამ ორივე მხარეს რესურსი როდემდე ეყოფათ და როდემდე გაძლებენ?

- ცხადია, რუსეთს ომის გაგრძელების რესურსი აქვს, მაგრამ რუსეთი ახლა რთულ მდგომარეობაშია. ის ამბობს, რომ „მე ომს არ ვაწარმოებ“. ასე უტიფრად ტყუის და ამბობს, ეს სპეცოპერაცია არისო, რის გამოც საყოველთაო მობილიზაციას ვერ აცხადებს.

რატომ?

- მაშინ უნდა თქვას, რომ ომია. ის ძალები, რომლებიც ჩართული ჰყავს, საუბარი მაქვს ცოცხალ ძალაზე, არ ყოფნის, მაშინ, როდესაც უკრაინამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. უკრაინა 45-მილიონიანი ქვეყანაა და ასე რომ, ეს პრობლემა რუსეთის წინაშე დადგა. გარდა ამისა, რუს სამხედროებს მოტივაცია არ აქვთ. პლუს ამას, ისინი უკრაინელ ხალხს მტრულ ხალხად ვერ აღიქვამენ, რადგან ყოველთვის აღიქვამდნენ, როგორც მათ მოძმე ერს. კიევის აღება რუსებისთვის არ ნიშნავს ბერლინის აღებას. რუსები კიევს, როგორც მშობლიურ ქალაქს ისე აღიქვამენ. აქ ვგულისხმობ არა კრემლს და მათ ხელმძღვანელობას, არამედ ადამიანებს, ვინც იქ საბრძოლველად არიან წასულები. უფრო მეტიც, შეიძლება რუს გენერალიტეტშიც არ იყოს მოტივაცია. ვიცი, რომ გენერლიტეტის გარკვეულ ნაწილში სერიოზული უკმაყოფილებაა.

ამით იმის თქმა გინდათ, რომ რუსეთის სადაზვერვო სისტემა და გენერალიტეტი დასუსტდა?

- ამ ომმა სერიოზული ხარვეზები გამოავლინა. რუსულ ჯარში და სპეცსამსახურებში სერიოზული ხარვეზი და მანკიერებაა. ცნობილია, რომ რუსებს სერიოზული დაზვერვა ჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, კორუფცია ერთ-ერთი მთავარი და მომაკვდინებელი პრობლემაა, რომელმაც დღეს რუსეთი კატასტროფული შედეგების წინაშე დააყენა. რუსეთმა მთელი რიგი ქალაქები რომც აიღოს, საბოლოოდ ომი მაინც წაგებული აქვს. რუსეთი ისეთ ჭაობში შევიდა, საიდანაც ვერ ამოვა.

თუ რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქის ოკუპაცია მოახდინა და დროებითი მმართველობა დააყენა, ამ შემთხვევაში ვითარება როგორ განვითარდება?

- ყველა მზად უნდა იყოს ამისთვის, რომ შეიძლება აიღოს კიდეც. ყველაფერი ბლოკირებული აქვს, განსაკუთრებით ხარკოვი, მარიოპოლი, ყველგან კატასტროფაა. როგორც ლენინგრადის ბლოკადა იყო, ახლაც ისე მოაწყეს. რუსეთმა კიდევაც რომ აიღოს ქალაქები, ეს ომი და სისხლისმღვრელი ბრძოლა დიდი ხანი გაგრძელდება, რაც რუსეთისთვის დამანგრეველია. ეს ომი გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ კრიზისში, საზოგადოების უკმაყოფილებაში. ოლიგარქიული ელიტა უკვე უკმაყოფილოა.

მარიონეტული ხელისუფლება განწირულია. უკრაინელი მეომრები, რუსები „ნაციონალისტებს“ რომ ეძახიან, ძალიან სერიოზული პატრიოტები არიან. ვიცნობ ამ ადამიანებს, ისინი აფხაზეთში ჩვენთან ომობდნენ. ისინი იომებენ და არ გაჩერდებიან.

სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს ცხინვალიდან სამხედრო ტექნიკა და ასევე ცოცხალი ძალა როკის გვირაბით გაჰყავთ, რათა უკრაინაში შეიყვანოს...

- ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ დეოკუპაცია მოხდეს, ანუ რუსებმა თავისი ჯარები გაიყვანოს. უბრალოდ, ეს ინფორაცია ფეიკი არ აღმოჩნდეს. თუმცა, უკრაინაში აფხაზები და ოსები დონბასის ე.წ. ჯარებში ირიცხებიან და იბრძვიან.

სანქციების ფონზე, რუსებს ეკონომიკურად გაუჭირდება და ამ თვალსაზრისით გაუჭირდება აფხაზეთსაც და ე.წ. სმხრეთ ოსეთსაც. ეს მოვლენა საქართველომ როგორ უნდა გამოიყენოს?

- აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეკონომიკურად ისედაც არაფერს წარმოადგენენ, რუსეთზე ჩამოკიდებულნი არიან. მათ არც საკუთარი ეკონომიკა და არც შეიარაღებული ძალები არ აქვთ. რუსეთი როგორც კი ღრმა კრიზისში შევა და ეს გარდაუვალი იქნება, პრაქტიკულად, სეპარატისტულ წარმომადგენლებს არანაირი წინააღმდეგობის გაწევის თავი არ ექნებათ. რა თქმა უნდა, საქართველო ამ სიტუაციისთვის უნდა მოემზადოს. ახლა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება, მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ეს ცოტა შორეული საქმეა. უბრალოდ, შეიძლება ეს მომავალი მალე დადგეს, შეიძლება ცოტა გვიანაც დადგეს.

დაბოლოს უკრაინის საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს?

- ყველას გვინდა, რომ ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცე ჩაკეტოს, მაგრამ ასე ხელაღებით ლანძღვა და თითის გაშვერა ამერიკისკენ და ნატოსკენ არის ყოვლად არაგონივრული. რატომ იცით? - ისინი მაქსიმალურად ფრთხილად მოქმედებენ. კრემლისგან განსხვავებით, ისინი ფიქრობენ იმაზე, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომად, რისი რეალური პრესპექტივაც არსებობს. მსოფლიო ომი ტანკებითა და ავიაციით არ იქნება. ომის კანონია, რომელსაც თავად მოიტანს და რომელიც ბირთულ ომად გადაიქცევა. ყველას უნდა ესმოდეს, ისინი რატომ ფრთხილობენ.

dimpi ამერიკელი პოლკოვნიკის რეალური შეფასება და შეხედულება უკრაინის მოვლენების: ბმული
2 წლის უკან