„ვფიქრობ, პოზიცია, რომელიც NATO-მ დააფიქსირა წამგებიანია უკრაინისთვის, მაგრამ იმ მსხვერპლიდან და ნგრევიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ არსებობს“

„ვფიქრობ, პოზიცია, რომელიც NATO-მ დააფიქსირა წამგებიანია უკრაინისთვის, მაგრამ იმ მსხვერპლიდან და ნგრევიდან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ არსებობს“

უკრაინაში არ განლაგდება საჰაერო და სახმელეთო ძალები - ასეთია NATO-ს მოკავშირეების ერთიანი პოზიცია. NATO-ს წევრი სახელმწიფოები ერთიანები არიან ალიანსის პოზიციაში, რომ ის არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას. როგორც NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა სამშაბათს უკვე განიხილეს ეს საკითხი და დასძინა, რომ ალიანსი ურყევია იმაში, რომ არ მოხდეს რუსეთთან ომის ესკალაცია.

„ჩვენ ვხედავთ ნგრევას, ადამიანურ განცდებს უკრაინაში, მაგრამ ეს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს, თუკი ნატო განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ამას ფაქტობრივად, გადააქცევს სრულფასოვან ომად ნატოს და რუსეთს შორის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის გადაწყვეტილების პარალელურად, გავლენიანი ფრანგული გამოცემა „Financial Times“ წერს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას მოიცავს, თუ უკრაინა ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და მის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვებს დათანხმდება.

„შეთანხმება გულისხმობს შემდეგს - უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზები ან შეიარაღება არ განთავსდება, სანაცვლოდ კი, უკრაინის დაცვის გარანტიას აიღებენ მისი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა ამავე დროს არსებობს ეჭვი, რომ პუტინმა, შესაძლოა, დაარღვიოს აღნიშნული შეთანხმება და დრო მოიგოს თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის“, - წერს გაზეთი „Financial Times“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, რომლის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა მცდარია და მხოლოდ რუსეთის მოთხოვნებს ასახავს. მისი თქმით, უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ, ინიციატორები იყვნენ მოლაპარაკებების პროცესში, აქედან გამომდინარეობს განცხადებები ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელზე. თუმცა ახლა უკრაინა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია, ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და ეფუძნებოდეს „უსაფრთხოების იურიდიულად გამართულ გარანტიებს“. არანაირი სხვა მოდელი ან ვარიანტი არ იქნება.

უკრაინას უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ გარანტიების ხელმომწერი მხარეები უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში არ იდგებიან განზე, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად უზრუნველყოფენ აუცილებელი შეიარაღების დაუყოვნებლივ მოწოდებებს. გარდა ამისა, უკრაინას აღარ სურს, დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებისგან ცის დახურვის ან არდახურვის საშუალებას იძლევა. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი გარანტიები იმისა, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“, - განმარტა მიხაილ პოდოლიაკმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი კომპრომისი შეიძლება გახდეს.

„უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს. ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად“, - განუცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარებაზე საუბრობს თურქეთი. მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკვე დღეს დილით უკრაინაში გაემგზავრება. ამ პროცესში თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოლონეთთან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი აგრძელებს მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ინტენსიურ დიპლომატიას. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და თანამშრომლობას. ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს. მოგეხსენებათ, 24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს ლიდერთა საგანგებო სამიტი გაიმართება. ამ სამიტზე ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ შესაძლებლობა, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები იქიდან, სადაც შევჩერდით. იმიტომ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პროცესი გრძელდება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

როგორც ცნობილია, უკრაინა ამჟამად რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების პოზიციები ახლა უფრო რეალისტურად გამოიყურება. უკრაინა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა NATO-ში გაწევრიანებისთვის, რაც გახდა რუსეთის აგრესიის საფუძველი, დღეს აცხადებს, რომ არ ჩაერევა უკრაინა-რუსეთის ომში. NATO-ს გადაწყვეტილების საპასუხოდ დათანხმდება თუ არა უკრაინა ლეიტრალიტეტს, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ NATO-ს გენერალი მდვინის განცხადება პირდაპირ უკავშირდება იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის.

„NATO-მ მანამდე არ გააკეთა ისეთი მნიშვნელოვანი განაცხადი, სანამ არ იქნა გარკვეული კონსენსუსი მიღწეული ომის მონაწილე ძირითად მხარეებთან. ვფიქრობ, რომ პოზიცია, რომელიც NATO-მ დააფიქსირა გარკვეულწილად, არის წამგებიანი უკრაინისათვის, მაგრამ იმ მსხვერპლისა და ნგრევის ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც ომმა მოიტანა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში არის გამოსავალი უკრაინისათვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა და ნგრევა. მაგრამ აქ არის უკვე საკამოდ ცუდი ვითარება უსაფრთხოების კონტექსტში. რეალურად, პოზიციათა ქრონოლოგია მიგვანიშნებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც გააჩნდა უკრაინას, როდესაც ის ჩართული იყო საომარ მოქმედებებში, პრაქტიკულად არ აღსრულდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ მარტო ნეიტრალიტეტი ვერ იქნება ომის დასრულების თემა, რადგან რუსეთის პირობებია ე.წ. ელენერისა და დეენერის დამოუკიდებლობის ცნობა დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებში, ასევე მოითხოვს ყირიმის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას, იმ ორგანიზაციების აკრძალვას, რომელსაც რუსეთი მიიჩნევს ფაშისტურ ორგანიზაციად და ასევე, რუსეთი მოითხოვს რუსული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ამ მოთხოვნების შესრულება ძალიან რთული იქნება ნებისმიერი უკრაინული ხელისუფლებისთვის.

„ანუ, რუსეთი მოითხოვს ფედერალიზაციას და იმას, რასაც ის თვითონ დენაციფიკაციას ეძახის. არ ვიცი, ამ მოლაპარაკებების შედეგად თუ რუსეთმა უკან დაიხია და თავისი მოთხოვნები უკან წაიღო, ეს უკან დახევად აღიქმება რუსეთში თვითონ, რასაც არ შეიძლება არ მოჰყვეს პოლიტიკური შედეგები. ბუნებრივია, როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინამ ცნოს ე.წ. ელენერისა და დეენერის დამოუკიდებლობის ცნობა დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებში, ისევე როგორც რუსეთმა უკან წაიღოს თავისი აღიარება?! ეს პუტინის რეჟიმისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენი. რთულად წარმოსადგენი კომპრომისია, თუმცა, როდესაც ფრონტზე ასეთი მდგომარეობაა, არაფერია გამორიცხული. მიუხედავად რიტორიკისა, უკრაინის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამიად, თუ უკრაინა დათანხმდა ნეიტრალიტეტს, ეს შეიძლება იძულებითი ნაბიჯი იყოს, მით უმეტეს თუ ასეთია უკრაინის „მეგობრების“ ნება.

რუსეთში არიან ისეთი ძალები, რომლებიც პუტინისგან მოითხოვენ გავიდნენ ბოლომდე და დაიკავონ მთელი უკრაინა, ეს არაა მცირე რაოდენობის ხალხი. მოგვწონს ჩვენ თუ არა, რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანი მხარს უჭერს ამ ომს და მართებულად მიიჩნევს. სამმა მილიონმა მოხალისემ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

petrekupry რავარც ჩვენ ჩამოვხსენით ნიღაბოი რუსეთს და დავადასტურეთ მისი აგრესორობა, 2008 წელს, ისეა ახლაც, ამის დადასტურებას დასჭირდა უკრაინის მოსოდომგომორება, ისე როგორც რუსეთის აგრესოპრობის ჩვენებას შევწირეთ ადამიანები, დავკარგეთ ტერიტორიები და 21-ე საუკუნეში, მოვაშუასაუკუნეებიეთ რუსეთს საქართველო....
2 წლის უკან