საქართველოში უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. შარშანდელი შედეგი უკვე დამაიმედებელია და რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, წელს გაცილებით კარგი სასტარტო პირობები იყო შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველობას იბრუნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 152.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციასა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
„საქსტატის“ შეფასებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 51.8 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 10.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ჩეხეთი 7.1 პროცენტით.
ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2021 წელს 72.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157.0 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მეოთხე კვარტალში 411.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 325.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79.1 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ – 36.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 21.9 მლნ. აშშ დოლარით.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საინვესტიციო სტატისტიკას „ძალიან წარმატებულს“ უწოდებს.
„საკმაოდ გაზრდილია ინვესტიციები საფინანსო სექტორში. ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება უკვე რეალურ ჩანასახებშია და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოზიდული თანხები კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ასევე ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია რეინვესტირებები და ყველა მიმართულებით ვხედავთ პირდაპირი ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისიტრმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი აჩვენებს ინვესტორების მხრიდან ნდობას საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს მიმართ. რეინვესტიციების მოცულობა ინვესტიციების 66% იყო.
„საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ან შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, ან ისინი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა გააუმჯობესეს, რაც, უკვე აისახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მიღებეულ შედეგს წარმატებულს უწოდებენ ეკონომისტებიც. საბანკო და საფინანსო საკითხების ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 101 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ UNCTAD-ის შეფასებით, 2021 წელს გლობალურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მნიშვნელოვანი გაჯანსაღება დაფიქსირდა, ხოლო ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში ზრდამ ჩვენთან შედარებით ნაკლები 30% შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს 52.0 პროცენტით რეინვესტირების მოცულობა და რეკორდულ 760.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 66%-ია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში რეინვესტირების მაღალი ტენდენციებიციებიც, ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინზე საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართ და ადასტურებს ბოლო დღეებში, ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟის სპეკულაციურ ხასიათს, რაც ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების და პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ნეგატიური მოლიდინების ხელოვნურ პროვოცირებაში მდგომარეობდა.
2021 წელს, პროცენტული თვალსაზრისით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი 157.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.6 პროცენტი). დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 143.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12.4 პროცენტია.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ბოლო წლების მიხედვით უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2018 - 1.31 მილიარდი დოლარი;
2019 - 1.33 მილიარდი დოლარი;
2020 - 720 მილიონი დოლარი;
2021 - 1.15 მილიარდი დოლარი.