„ეჭვი მეპარება ჩრდილოკავკასიაში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს, თუნდაც რუსეთს მიერ უკრაინში დამარცხების შემთხვევაში“

„ეჭვი მეპარება ჩრდილოკავკასიაში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს, თუნდაც რუსეთს მიერ უკრაინში დამარცხების შემთხვევაში“

„კრემლის დამარცხება არის ის გარემოება, თუკი ვერ შეძლო ზელენსკის მთავრობის დამხობა და მასთან მოლაპარაკების წარმოება მოუწია, რომელიც შესაძლოა, ერთ თვეში დასრულდეს. მანამდე, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ის, რომ გარკვეულ ტერიტორიებს წაართმევს უკრაინას, ეს მგონი გასაგებია. თითქოს, რუსეთი დაიშლება, ასეთი ილუზია, ალბათ, არავის აქვს“, -  განაცხადა ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში.

უკრაინასთან რუსეთის მარცხის შემთხვევაში, რა სურათი იქმნება კავკასიაში? ასევე, საქართველოსთან მიმართებაში შესაძლო საფრთხეებზეც რომ ვისაუბროთ.

- ინგუშების მხრიდან არავითარი საფრთხე არ არის, ისინი აფხაზების და ცხინვალის კონფლიქტშიც კი არ მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ჩეჩნებს, გააჩნია კრემლი როგორ გამოიყენებს კადიროვს და მის დაჯგუფებას უკრაინის ომის შემდეგ. არის კიდევ საშიშროება, რომ რუსეთი შეეცადოს კომპენსაცია მოახდინოს და ახალი გამარჯვებისთვის გარკვეული ქმედებები განახორციელოს, რაც, როგორც წესი, დიდ სახელმწიფოებს ახასიათებთ. როგორც კი ფინეთის ომი წააგო საბჭოთა კავშირმა, ბალტიის სახელმწიფოებში შევიდა და მოახდინა ანექსია.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს აღუდგეს, თუკი იმ მიზანს ვერ მიაღწევს უკრაინასთან მიმართებაში, რაც ვლადიმერ პუტინს აქვს დასახული?

- ჩრდილოეთ კავკასიაში, ალბათ, არაფერი შეიცვლება. ეჭვი მეპარება ჩრდილოკავკასიაში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს, თუნდაც რუსეთს მიერ უკრაინში დამარცხების შემთხვევაში. ჩრდილოკვკასია, მეტ-ნაკლებად, კომფორტულად გრძნობს თავს სოცილურ-ეკონომიკური კუთხით.

ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, ვხედავთ, რომ თურქეთი უკონკურენტო სახელმწიფოდ რჩება. როგორ ფიქრობთ, თურქეთი და მისი ფაქტორი, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის?

- თურქეთის და რუსეთის ალიანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. რეგიონალური უსაფრთხოების ფორმა დღეს უკვე რეალიზებაშია და ეს ქმნის საფრთხეს. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ყოველთვის პრობლემა იყო ჩვენი ისტორიული კუთხიდან გამომდინარე. რუსეთ-თურქეთის ალიანსმა დაასამარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ასე რომ, დღესაც თურქეთის და რუსეთის ასეთი ფორმალური თუ არაფორმალური, პოლიტიკური ალიანსი აფერხებს დასავლეთის შემოსვლას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამას ირანის ფაქტორიც ემატება. ასე რომ, ამ კუთხით გამოწვევები არსებობს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის მარცხის თუ მისი შესუსტების შემთხვევაში, რამდენად არის შანსი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დავიბრუნოთ?

- ოკუპირებულ ტერტორიაზე შეიძლება არც არაფერი მოხდეს, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ არ ვმუშაობთ აფხაზურ მხარესთან. ფაქტობრივად, ურთიერთობა გაიყინა, მათ შორის არასამთავრობო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. ყველაზე აქტიურად და ძლიერად მუშაობდნენ ედუარდ შევრდნაძის პერიოდში, მაშინ ჩვენ, ფაქტობრივად, მივაღწიეთ პიკს, რომ მშვიდობიანად დაგვებურნებინა დაკარგული ტერიტორია. ჩვენ გავუშვით ეს შანსი.

იმის შემდეგ, არც ახლანდელ და არც წინა ხელისუფლებაში ეს ურთიერთობები არ ვითარდებოდა და არ ვითარდება, თითქოს უცხო ტერიტორიებია. ასეთ გაყინულ ურთიერთობაში აფხაზურ და ოსურ მოქალაქეებს, არც მოტივაციური ფონი აქვთ და არც სურვილი ჩვენთან ურთიერთობის და ეს ჩანს კიდევაც. ასე რომ, ისინი კვლავ იყურებიან მოსკოვის მიმართულებით. თანაც უკვე დაიწყო მასობრივი რუსიფიკაცია ცხინვალის რეგიონში, რაც ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯია.

რუსეთის ეკონომიკური ნგრევა რა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის?

- ვერ ვუწოდებ ამას რუსეთის ეკონომიკურ ნგრევას. რუსეთი შიმშილისგან არ მოკვდება, თვითონ არის ყოველგვარი აგროსამრეწველო პროდუქტის მწარმოებელი. ის, რომ მთლიანად ჩამოინგრეს ეკონომიკა, ამას ვერ ვიტყვი.

ეკონომიკური კუთხით ექნება გავლენა და უკვე ჰქონდა გავლენა ჩვენთან, როგორც კი რუსეთში შემოიღეს სანქციები, ლარს შეეხო პრობლემა. ჩვენ რუსეთთან გვაქვს სტრატეგიული, ეკონომიკური თანამშრომლობა და რუსეთის ეკონომიკას მივეჯაჭვეთ ყველანირი კუთხით, ეს არის ტრაგედია. ამიტომ, რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე.

რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ, რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი?

- სამწუხახოდ, ეს სამხედრო დაპირისპირება არ დასრუდლება რამდენიმე დღეში, ალბათ, მინიმ ორი კვირა და მაქსიმუმ ერთი თვე მაინც გაგრძელდება. მხარეებიც საუბრობენ უკვე, რომ სამშვიდოლო მოლაპარაკება შეიძლება მიღწეულ იქნას. კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება სომარი მოქმედებები და შესაბამისად, რუსეთი უფრო მეტად შეეცდება განახორციელოს მოგუდვის სტრატეგია. უკვე დაიწყო შიმშილის ელემენტების გამოყენება და ქალაქებისთვის ალყის შემორტყმა.

დღეს არის საკმაოდ რთული ვითარება. დასავლეთის მხრიდან ერთია სანქციები და ეკონომიკური ომი, რომელიც რუსეთს გამოუცხადა და, ფაქტია, ეს აბსოლუტურად სწორია, თუმცა, თუკი დასავლეთმა უკრაინას არ გაუწია სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, აქ შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.

რუსეთს ახლაც შეუძლია ე.წ. შეთანხმების, ერთგვარი ფინეთიზაციის ვარიანტის განხორციელება, მაგრამ ეს ყველაზე უარესი სცენარი იქნება რუსეთისთვის. მათთვის ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტია, თუ ზელენსკი წავიდა იმ ულტიმატუმებზე და იმ პუნქტების აღიარებაზე, რომელიც მას წაუყენა კრემლმა.