„მგონია, რუსეთმა იმიტომაც გარისკა და უკრაინაში შეიჭრა, რომ ჩინეთიდან მხარდაჭერის იმედი ჰქონდა“

„მგონია, რუსეთმა იმიტომაც გარისკა და უკრაინაში შეიჭრა, რომ ჩინეთიდან მხარდაჭერის იმედი ჰქონდა“

რუსეთ-უკრაინის ომიდან ორ კვირაში ვლადიმერ პუტინმა მოკავშირის და დამხმარე ძალის ძიება დაიწყო. შესაძლოა, მსოფლიო ახალი დაპირისპირების ორ ბანაკად გაიყოს, ხოლო რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის ფონზე, დასავლეთს ახალი პრობლემა გაუჩნდეს. როგორც ამერიკულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება, პუტინმა ჩინეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართა. მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ჩინეთი რუსეთს დახმარებას დაჰპირდა. თუკი ეს რეალობას შეესაბამება, მაშინ ჩნდება კითხვა რა სცენარით შეიძლება მსოფლიოში კონფლიქტი გაგრძელდეს და, თუკი ჩინეთი რუსეთს დახმარების ხელს გაუწვდის, ეს ომის ბედზე როგორ აისახება? რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ ჩინეთმა ამისთვის საპასუხო დარტყმა მიიღოს?

ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა სამხედრო დახმარება გაუწიოს რუსეთს. გამოცემის ცნობით, აშშ-მა ჩინეთის პოზიციაზე მოკავშირეები უკვე გააფრთხილა.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რუსეთმა ჩინეთს 5 ტიპის აღჭურვილობით დახმარება სთხოვა, მათ შორისაა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო სისტემები, ასევე დრონები, სადაზვერვო აღჭურვილობა და ბრონირებული მანქანები.

ჩინეთმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოველდღიური ბრიფინგის მიმდინარეობისას, მყისიერად უპასუხა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, აღნიშნული დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, გაუწევს თუ არა პეკინი ეკონომიკურ ან მატერიალურ მხარდაჭერას რუსეთს და თუ ის მოსკოვს დაეხმარება, მწვავე შედეგები ემუქრება.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩინეთი როგორც საჭირო ჩათვლის ისე მოიქცევა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო პარტნიორობა 2018 წლიდან დაიწყო. ძირითადად ეს მიმართული იყო, როგორც ტერორისტებთან და სეპარატისტებთან ბრძოლა. ამიტომ ჩინეთიც და რუსეთიც ამერიკისთვის მთავარ მტრებად განიხილებიან. იგივეს ფიქრობს ნატოც. ჩინეთს რუსეთისგან განსხვავებით  უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს და თუკი დასავლეთი სანქციებს დაუწესებს, ჩინეთს ნაკლებ ზიანს მიაყენებს. პირიქით, ის მიიჩნევს, რომ შესაძლოა, დასავლეთმა ამერიკას ჩინეთთან დაკავშირებით მხარი არც კი აუბას.

„ჩინეთი თუ დათანხმდება და რუსეთს ფინანსურად მაინც მხარს დაუჭერს, ეს პუტინის რეჟიმის გადარჩენის ტოლფასი იქნება. ეს იქნება სერიოზული დახმარება, რაც რუსეთს სულს მოათქმევინებს. მგონია, რუსეთმა იმიტომაც გარისკა და უკრაინაში შეიჭრა, რომ ჩინეთიდან მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. რუსეთი ახლა ფაქტობრივად, ეკონომიკურ ბლოკადაშია, ამიტომაც ჩინეთის დახმარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამერიკას თუ ჰგონია, რომ ჩინეთს ისევე მოერევა, როგორც რუსეთს, ძალიან ცდება.

ჩინეთისთვის ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები არაფერია. პირიქით, ამერიკას გააჩნია ჩინეთის ვალი. ჩინეთს საკუთარი მოსახლეობა ამერიკის და დასავლეთის გავლენისგან სრულიად დაცული ჰყავს. ისინი არ არიან დამოკიდებული არც დასავლურ საინფორმაციო პროპაგანდაზე და არც მათ კომპანიებზე. ჩინეთს პირიქით, ახლა რუსეთის ამხელა მილიონიანი ბაზარი დარჩა და დიდი სიამოვნებით მოკალათდება. ამიტომ მისთვის სანქციების დაწესებაში ამერიკას ევროპა არ აჰყვება. მთელი დასავლური ბაზარი ჩინეთზეა მიბმული. ამიტომ ასეთი მარტივი ხელწამოსაკრავი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩინეთი როგორც გადაწყვეტს ისე იმოქმედებს“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.

საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჩინეთი რუსეთის დახმარებას არ გარისკავს, თუმცა ძალიან დასუსტებული რუსეთიც არ აწყობს. ამიტომ ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, ჩინეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტი ერთია, თუკი რუსეთს ფინანსურად ან სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარება, ეს გაუხმაურებელი არ დარჩება.

„ჩინეთის ბიუჯეტის 70% საგარეო ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ახლა წარმოიდგინეთ, საგარეო ვაჭრობა რომ შეეზღუდოს ჩინეთს მილიარდ ნახევრიანი მოსახლეობის გამოკვება რა რთული იქნება. ფინანსური არასტაბილურობა ჩინეთს არ აწყობს. თუმცა ახლა გლობალური კონკურენციის საკითხი აწუხებს, ამიტომ არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთს ამ მოტივით დაეხმაროს. ჩინეთი ამერიკას და ევროპას თავის კონკურენტებად განიხილავს. რუსეთს მტრად არც აღიქვამს. აქ პოლიტიკური კონკურენციაც არის. ჩინეთი და ამერიკა ისევე ეჯიბრება ერთმანეთს, როგორც საბჭოთა კავშირი და დასავლეთი წლების წინ. ანუ სოციალისტურ და კაპიტალისტურ რეჟიმებს შორის შეჯიბრის მსგავსია. ეს მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ბრძოლაა. ამასთან ეკონომიკური კონკურენციაც არის და ორივესთვის ბაზრების დაპყრობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

მაგალითად, ჩინეთი ახლა აფრიკის ბაზარს იკავებს და იქიდან ევროკავშირი განდევნა. ლათინურ ამერიკაში ცდილობს ბაზრის დაკავებას და აზიის ბაზრებზე მათ განდევნას ცდილობს. ეს კონკურენცია სამხედრო სფეროშიც გადადის. ჩინეთს რუსეთი ძალიან დასუსტებულიც ამიტომ არ აწყობს. ფიქრობს, რომ მას დასავლეთთან საბრძოლველად გამოიყენებს, თუმცა არც ძალიან გაძლიერებული უნდა. ამიტომ ამით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. დასავლეთი კიდევ რუსეთთან ბრძოლაში უფრო მეტ ფულს ხარჯავს და მეტი პრობლემები აქვს. ამიტომ, თუკი ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლა კიდევ უფორ მეტი ხარჯებით მოუწევს. სწორედ ესაა ჩინეთის გეგმა, რომელსაც თუ განახორციელებს, თავად ნაკლებად უნდა დაზარალდეს“, - ამბობს გოგოლაშვილი for.ge-სთან.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი რუსეთის მხრიდან ჩინეთის ამ კონფლიქტში ჩათრევის ორ მნიშვნელოვან მიზანს ხედავს.

„რუსეთს, ფაქტია, რომ ახლა სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან გაუჭირდა. უკრაინელებმა მისი სამხედრო ტექნიკის მნიშნელოვანი ნაწილი გაანადგურეს, რამაც რუსებს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა. რუსეთს მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენების თვალსაზრისით გარკვეული ლიმიტი აქვს და ამიტომ დახმარება ნამდვილად სჭირდება.

ჩინეთისთვის დახმარების თხოვნის მეორე მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ რუსეთს ჩინეთის ამ კონფლიქტში ჩართვა უნდა, რადგან ამით ჩინეთის და დასავლეთის ურთიერთობას გააფუჭებს. თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდა, ერთ ან ორ თვეში რუსეთს სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც არაა გამორიცხული, პუტინი თავს იზღვევდეს. ჩინეთთან ურთიერთობაში რუსეთი უკვე დასუსტებულია. ამიტომ ახლა ჯერი ჩინეთზეა, მათ უნდა გადაწყვიტონ უღირთ თუ არა გარისკვა“, - ამბობს კანაშვილი.