„რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ უკრაინაში შეჭრა ეს არის მხოლოდ პუტინის დანაშაული, სინამდვილეში, ეს არის რუსი ერის დანაშაული და მათ მოუწევთ ძალიან მძიმე ჯვარის ტარება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ისევე როგორც გერმანელმა ერმა ატარა ნაცისტური რეჟიმის გასამართლების, ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მძიმე ჯვარი. გერმანელები დღემდე იხდიან ბოდიშს, სეპარაციებს, თანხებს იმისთვის, რომ მათ დააზარალეს მთელი მსოფლიო. ზუსტად ასეთი რამ მოუწევს რუსეთს, იმ რუსეთს, რომელიც დარჩება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე.
უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში პრობლემებია დიდი დანაკარგის გამო და ისინი ომის შეჩერებას ცდილობენ. თუმცა მხოლოდ პუტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ არიან ომის მომხრეები. რამდენად შესაძლებელია ამ ორ ადამიანშიც გარდატეხა მოხდეს ამდენი მსხვერპლის შემდეგ? ხომ შეიძლება, რუსეთში უკვე ფიქრობენ, რომ უკრაინელების ხელით მათ ნატოსთან უწევთ დაპირისპირება?
- ნატო ამ საკითხში არ ერევა, ნატო მხოლოდ უზრუნველყოფს უკრაინელებს და მხოლოდ უკრაინელები იბრძვიან. ამას გარდა, უკრაინაში არის უცხოური ლეგიონი და მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოხალისეები, მათ შორის, ქართველებიც. რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ პუტინი და შოიგუ არიან ომის მომხრეები, სინამდვილეში, რუსი მოსახლეობის 96% მხარს უჭერდა პუტინს და მის მთავრობას. სულ მცირე, რუსეთში 3-დან 5%-ია, რომელიც აპროტესტებს ამ ომს, მათ იჭერენ და ცემენ. ძირითადი მასა უკრაინის ომს არ ეწინააღმდეგება. წინააღმდეგნი თუ არიან, მაშინ რატომ არ აპროტესტებენ საომარ მოქმედებებს უკრაინაში? სამხედროებს, ვინც უშუალოდ ომობს და წინა ხაზზეა, შეიძლება მართლაც არ უნდოდეთ ომი, რადგან ხედავენ, რომ ისინი იღუპებიან და თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვთ, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა, პირიქით, ცდილობს, უფრო გააფართოვოს და უცხოელი ლეგიონერებიც ჩართოს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის, სირიელები, ბელორუსები, კვაზი რესპუბლიკების წარმომადგენლები - აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და კადიროვის რაზმელები.
საომარი ჟინი ახლა უკრაინელებში ძლიერია, მაგრამ როდესაც რუსები ჩართავენ „მოხალისე“ ისლამისტებს, რა ეტაპზე გადავა ბრძოლა?
- თუკი რუსებმა გენერალური შეტევა დაიწყეს კიევზე, ქალაქს მთლიანად გაანადგურებენ, თანამედროვე სტალინგრადად აქცევენ. როგორც სირიაში ალეპო გაასწორეს მიწასთან, ისე უპირებენ კიევსაც, ეს იქნება სისხლისმღვრელი ომი, მაგრამ ბოროტების ღერძი, რომელსაც ახლა პუტინი ქმნის მოკავშირეებთან ერთად, დამარცხდება.
ცალკეული ადამიანები ამტკიცებენ, რომ რუსეთი დაშლის პირასაა. თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ იცლიან იმისთვის, რომ ბევრად მეტი ძალით შეუტიონ კიევს? ამის ფინალი რა იქნება?
- რუსეთის ხელისუფლება გაჯიუტებულია, მათ არ უნდათ, უკან დაიხიონ და აღიარონ, რომ წააგეს ომი და ეს ავანტიურა დიდი შეცდომა იყო. ეს არ არის რუსეთის ინტერესი, ეს არის იმ კლეპტოკრატების ინტერესი, რომლებიც დიდი ხანია, ძარცვავენ რუსეთს და სახელმწიფოს ინტერესიდან არ გამოდიან. ეს არის მათი ძალების უკანასკნელი მობილიზაცია, რომ მათ შეტევა განახორციელონ კიევზე, დაამხონ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და დასვან თავიანთი მარიონეტული ხელისუფალი. თუმცა მტერი დიდი ხანია, თავის მიზნებს ვერ ახორციელებს. 16 დღეა გაჭედილნი არიან ამ შეცდომაში, უკან დასახევი, პრინციპში, არც აქვთ, რადგან ჰააგის ტრიბუნალი ელოდებათ იმ სიმხეცის და ბარბაროსობის გამო, რაც მოაწყეს უკრაინაში. მშვიდობიანი მოსახლეობა ჟენევის კონვენციის მიერ აკრძალული შეიარაღებით მოსპეს და გაანადგურეს. მათ უნდათ, მოლაპარაკებებზე დასხდნენ რაიმე კოზირით, ყველა შესაძლო ძალით კიევი აიღონ და ეს იყოს მათთვის კოზირი.
მხოლოდ ერთ კვირაში ზელენსკიზე თავდასხმის სამი შემთხვევა აღიკვეთა. ეს არ ნიშნავს, რომ ზელენსკის განეიტრალებაზე ხელს აიღებენ ოკუპანტები. გაქვთ მოლოდინი, რომ ზელენსკის მიმართ ღალატს არ გამოავლენს რუსი მოსახლეობა, რომელიც უკრაინაში ბლომად ცხოვრობს?
- ასეთი რამ ახასიათებს მსგავსი მასშტაბის ომებს. მხოლოდ ღალატი არ არის, შესაძლოა, რუსებს იქ დივერსიული ჯგუფებიც ჰყავდეთ, იმის მსგავსნი, საქართველოში რომ ჩამოდიან ახლა. ხომ არის იმის ალბათობა, რომ საქართველოში ჩამოსული რუსები სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ? როდესაც მიიღებენ ბრძანებას, ხომ შეიძლება საქართველოში სტაბილური სიტუაცია აგვირიონ?
ზელენსკი მოუწოდებს რუსი ჯარისკაცების დედებს, წაიყვანონ თავიანთი შვილები უკრაინიდან, თუ არ უნდათ, ისინი დაიღუპონ ან ტყვედ ჩავარდნენ. თუმცა რუსეთში პუტინის დიქტატურაა, პუტინი მათ ნებას დართავს უკრაინაში შვილების წამოსაყვანად ჩავიდნენ?
- რუსი მშობლები ჩავლენ უკრაინაში და მათ გადასცემენ შვილებს. თუ რუსეთის ხელისუფლება არ გაუშვებს მშობლებს შვილების წამოსაყვანად, ეს იქნება პუტინის ბრალეულობა და კიდევ ერთი განხეთქილება მოუმზადებელი ახალწვეულების, საზარბაზნე ხორცად ქცეული ახალგაზრდების მშობლებსა და ხელისუფლებას შორის. რაც შეეხება რუსეთის დაშლას, მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალიან მოწყვლადს ხდის რუსეთს. ის სამხედრო მარცხი, რომელიც რუსებმა უკრაინაში განიცადეს და რომელსაც მომავალში კიდევ უფრო განიცდიან, თუ არ შეწყვეტენ ომს, გაღრმავდება. უკრაინელებს უკან დასახევი არ აქვთ, ისინი საკუთარ მიწა-წყალს იცავენ, მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. რუსეთი სერიოზული დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება, ჯარი გაწყვეტილი ეყოლება, შემდეგ დაიწყება დამარცხებული ჯარის სინდრომი, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, უმუშევრობა. სიდუხჭირე დაისადგურებს რუსეთში. რა თქმა უნდა, ეს გააჩენს შიდა რღვევას ძალით შეკოწიწებული იმპერიის შიგნით და ვნახავთ მერე, კადიროვი როგორ მოიქცევა, ჩრდილო კავკასია როგორ მოიქცევა, იაპონია, ფინეთი, ჩინეთი, ანუ პრეტენზიები ვისაც აქვს რუსეთის მიმართ, დასუსტებულ რუსეთს როგორ მიუდგებიან. ეს არის ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი, სადაც რუსეთი განწირულია.
უკრაინა დაჟინებით ითხოვს არასაფრენ ზონად მისი ტერიტორიის გამოცხადებას, რასაც ნატო არ თანხმდება. ნატო გამუდმებით იმეორებს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის კონფლიქტში არ ჩაერევა, მაგრამ ცალკეული ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ნატო საბოლოოდ აღმოჩნდეს ამ კონფლიქტში ჩართული. რა შემთხვევაში მოხდება ნატოს ჩართვა?
- ნატო ყოველნაირად ცდილობს, ამ კონფლიქტში არ ჩაერიოს, თუ რუსეთმა რაღაც საშინელება არ ჩაიდინა, ან ტაქტიკური ატომური ბომბი, ან ბიოლოგიური იარაღი არ გამოიყენება, ან რომელიმე ატომური ელექტროსადგური არ დააზიანა, ანუ კონტინენტალური მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვია. ყველაფერი რუსეთის ქცევაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი არიან დამპყრობლები, დამნაშავეები, საერთაშორისო კანონის ჩარჩოდან გამოსულნი, ისინი არღვევენ მსოფლიო წესრიგს და მოთხოვნა მათ მიმართ ერთია, დატოვონ უკრაინის ტერიტორია. ისინი კი ამბობენ, ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინას, ყირიმი ჩვენია, დონბასი, ლუგანსკი ჩვენია, ეს მინიმუმ, და ახლა კიევის აღებაც უნდათ. ეს არის ულტიმატუმი, რომ უკრაინამ კაპიტულაცია გამოაცხადოს, რაზეც უკრაინა არ წავა და ბოლომდე იბრძოლებს. მთლიანობაში, ეს იქნება რუსეთისთვის სამწუხარო პროცესის დასაწყისი, რომელსაც ის ვერ მოერევა. ვიმეორებ, რუსები ახლა შეეცდებიან კიევის აღებას, მაგრამ კიევში მარტივად ვერ გაისეირნებენ, ჰიტლერის სტალინგრადად იქცევა მათი მცდელობა. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის მხოლოდ პუტინის დანაშაული, სინამდვილეში, ეს არის რუსი ერის დანაშაული და მათ მოუწევთ ძალიან მძიმე ჯვარის ტარება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, როგორც გერმანელმა ერმა ატარა ნაცისტური რეჟიმის გასამართლების, ნიურნბერგის პროცესის შემდეგ მძიმე ჯვარი. გერმანელები დღემდე იხდიან ბოდიშს, სეპარაციებს, თანხებს იმისთვის, რომ მათ დააზარალეს მთელი მსოფლიო. ზუსტად ასეთი რამ მოუწევს რუსეთს, იმ რუსეთს, რომელიც დარჩება.
სად უფრო სასტიკად იქცეოდა რუსეთი-აფხაზეთში, სამაჩაბლოში თუ უკრაინაში?
- უკრაინაში უკვე ნიღაბი აქვს ჩამოხსნილი რუსეთს, ვერავის რუსი ვეღარ ეფარება, თორემ აფხაზეთში მის მიერვე დაფინანსებული და შექმნილი სეპარატისტული რეჟიმის უკან მოქმედებდა და თვითონ ჰქონდა მშვიდობისმყოფელის მანტია მორგებული. ყველას გვახსოვს სისასტიკეები გაგრაში, ორსულ ქალებზე საბურავების ჩამოცმა, ცეცხლის წაკიდება და დაწვა, ეთნოწმენდა, წამება, დახოცვა. გალის მოსახლეობა 30 წელიწადში რა მდგომარეობაში ჩააყენეს, როგორ უუფლებოდ არის ეს ხალხი, ყოველდღიური შეურაცხყოფა, წამება, ყაჩაღობა, გაუპატიურება, მკვლელობა. ცხინვალის რეგიონში სხვანაირად იქცევა რუსეთი? ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია შეწყვიტა? ყოველ კვირას იტაცებენ მშვიდობიან მოსახლეობას, აწამებენ, ცემენ, კლავენ, ფულს ითხოვენ, როგორც ტერორისტები. მე მიკვირს, საქართველოში ამდენი მომხრე და პუტინის გულშემატკივარი საიდან გაჩნდა? აშკარად თავს ვერ იკავებენ, გულშემატკივრობენ პუტინს და მის ფაშისტურ რეჟიმს, იმპერიული ფაშიზმის მანქანას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს. ჯერ ჩვენით დაიწყო განადგურება, თავხედური მოქმედება და კვაზი სახელმწიფოებად საქართველოს ტერიტორიების აღიარება. 2008 წლიდან რუსეთმა ნიღაბი მოიხსნა და ღიად ჩაერთო ომში, როგორც ოკუპანტი. 2008 წელს ყველაფერი გამოიყენა, რაც აკრძალული იყო - კასეტური ბომბები, ზედმეტი ძალაც, ეთნოწმენდაც, შემოიჭრა საქართველოში, გორი დაანგრია, სამოქალაქო შენობებს ესროლა. ამიტომაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ომის დაწყების გამო და ჟენევის კონვენციამ ომის კანონების დარღვევასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ აღიარა. კონკრეტულ პირებზე დაკავების ორდერიც გამოწერა.