საქართველოს ისტორაში პირველად ხდება, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მმართველმა გუნდმა მთავარსარდლის წინააღმდეგ სარჩელი მომზადა უკვე და საზოგადოებას ამცნო კიდეც. ხელისუფლებას სალომე ზურაბიშვილთან პრეტენზია აქვს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია და სწორედ ამ დარღვევებს ასაჯაროვებს მმართველი გუნდი.
„როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არც ერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან პრეიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე უარი რატომ ეთქვა.
„რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ამაზე მარტივი პასუხი არსებობს - საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს, ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს. როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრიანაში, მთავრობის თითოეულ წევრს და მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა იყოს და ყოფილიყო ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებ, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქარათველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთან, აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ელჩების საკითხში კონსტიტუცია, მოხდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუცია სასამართლო? - ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტს ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ.
კონკრეტულად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის რა მუხლები დაარღვია, რის გამოც მმართველი გუნდი აპირებს, რომ მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს?
- სავარაუდოდ, ხელისუფლება პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის კომპეტენციის საკითხთან დაკავშირებით უჩივის. პროცედურა ასეთია, რომ მთავრობა პრეზიდენტს ელჩის კანდიდატურას წარუდგენს, შემდეგ პრეზიდენტი მას ნიშნავს. ამით ეს პროცედურა არ სრულდება, თუმცა ახლა მნიშვნელოვანი ესაა. ამ შემთხვევაში სადავოა ის, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ელჩის დანიშვნაზე, პრეზიდენტი კი ფიქრობს, რომ აქვს. ახლა აპირებენ ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებას და სასამართლომ უნდა იმსჯელოს. აქ არის კიდევ ერთი პრობლემა - საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ მაქვს, რომ ის დამოუკიდებელი იქნება. ჩემი დაკვირვებით, სასამართლოების უმრავლესობას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. სხვა შემთხვევაში, ეს ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა. ახლა, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართულ ოცნებას“ დაეთანხმება.
ჩემი შეფასება ასეთია, რომ პრეზიდენტი არ არის ვალდებული, რომ ყველა ჯერზე ხელი მოაწეროს. ის თუ ჩათვლის საჭიროდ კანდიდატს, მაშინ ელჩად დანიშნავს. დღევანდელი კონსტიტუციით ელჩს მთავრობა ნიშნავს და პრეზიდენტს ფორმალური როლი აქვს.
იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო დასკვნა გამოიტანა, პრეზიდენტთან მიმართით რა მოხდება?
- ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ყოველ ჯერზე იქნება ვალდებული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო ხელი მოაწეროს მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს მისი ევროპაში ვიზიტების გამო, ეს შესაძლებელია?
- სასამართლო პროცესი იმპიჩმენტის საფუძველი არაა. თუმცა, შეუძლიათ იმპიჩმენტის საკითხი დაიწყონ და პრეზიდენტად როგორც მოიყვანეს, ისევე უკან წაიყვანონ. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, თეორიულად შესაძლებელია აღნიშნული საკითხი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ამაზე „ოცნებას“ შეუძლია პროცესი წამოიწყოს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ არ აპირებს. მმართველმა გუნდმა რომც წამოიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ვფიქრობ, გაუჭირდება, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში 100 ხმა სჭირდება.
საპრეზიდენტო რესპუბლიკა აღარ ვართ, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები თუ უკვე პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს?
- თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდა, ამ შემთხვევაში, ახალ პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს.
საინტერესოა, უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო დავა წარსულში თუ ყოფილა?
- არასდროს ყოფილა. კომპენტენციის შესახებ დავა ერთადერთხელ იყო, ეს იყო ეროვნული ბანკის უფლებამოსილების შესახებ დავა. საქართველოში კომპეტენციის შესახებ დავა არ ყოფილა.