„არა ომს, შეაჩერე ომი“! „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ“, - რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორს მარინა ოვსიანიკოვას ეს პროტესტი 30 000 რუბლი დაუჯდა. მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა. ჟურნალისტს ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“.
პირდაპირ ეთერში დაფიქსირებული პროტესტიდან რამდენიმე წუთში ჟურნალისტი გაუჩინარდა. ადვოკატი დანილ ბერმანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოვნას ვერ ახერხებდა. მხოლოდ სასამართლოზე წარდგენის შემდეგ უთხრეს, რომ ჟურნალისტი დაკავებული იყო. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მარინა ოვსიანიკოვამ, რომლის განცხადებით, 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა და ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.
„დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ჩემი ცხოვრების ძალიან რთული დღეებია, იმიტომ რომ ორი დღეა არ მიძინია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, ახლობლებთან დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ყველანაირ კომენტარს გავაკეთებ ხვალ. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო“, - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
რუსეთის „პირველი არხის“ მთავარი რედაქტორის პროტესტს კრემლში გამოეხმაურნენ და აღნიშნულ ფაქტს „ხულიგნობა“ უწოდეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ეს არ არის კრემლის დღის წესრიგის საკითხი და როგორც თავად ტელევიზია, ასევე შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს იკვლევენ.
„რუსეთის „პირველი არხი“, ისევე როგორც სხვა წამყვანი არხები ხარისხიანი, დროული, ძალიან ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციის სამარკო ნიშანია. არიან გარკვეული უწყებები და გარკვეული ორგანოები, რომლებიც ამ საკითხით არიან დაკავებულები, რადგან ნებისმიერი არხის პირდაპირი ეთერი განსაკუთრებული განზომილებაა, სადაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა განსაკუთრებით მათზე ვინც იქ მუშაობს“, - განაცხადა დიმტრი პესკოვმა.
რუსეთის „პირველი არხი“ დატოვა ჟურნალისტმა ჟანა აგალაკოვამ. ტელეკომპანია „ენტევე“ დატოვა ჟურნალისტმა ვადიმ გლუსკერმა, ისევე როგორც გამოშვება „სევოდნიას“ ტელეწამყვანმა - ლილია გილდეევამ, რომელმაც ჯერ ქვეყანა დატოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა სამსახურიდან წასვლის განცხადება, სადაც 2006 წლიდან მუშაობს, მას პირადად პუტინისგან აქვს მიღებული მადლობა „მასმედიის განვითარებისა და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“.
ჟურნალისტების პროტესტს წინ უძღოდა კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი. თუმცა ფორმა განსხვავებული იყო. მათ ქვეყანა იმ მოტივით დატოვეს, რომ სამკურნალოდ არიან წასული, სწორედ ასე ახსნა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად ისრაელში წასვლა.
ნცობილი ხდება, რომ რუსეთში კონცერტებზე აღარ მოიწვევენ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. აკრძალვა ეხება ზოგიერთ უკრაინელ ვარსკვლავსაც, რომლებმაც დაგმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო. ინფორმაციას რუსული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა რუსმა ვარსკვლავმა აიღო ვალდებულება, რომ ისინი სცენაზე რაიმე უკრაინული სიმბოლოებით არ გამოვლენ და ამასთან არ ისაუბრებენ რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში.
უკრაინელი ვარსკვლავები, რომლებსაც აეკრძალათ კონცერტი რუსეთის ფედერაციაში არიან: ივან დორნი, მაქს ბარსკიხი, ნადია დოროფეევა, ნასტია კამენსკი, სვეტლანა ლობოდა, ვერა ბრეჟნევა, მონატიკი, ალექსეევი, ოკეან ელზი, ოდინი კანოეში, ჯგუფი „ნერვი“. რაც შეეხება რუს ვარსკვლავებს, რომლებსაც აეკრძალათ კონცერტი რუსეთის ფედერაციაში ესენი არიან: მაქსიმ გალკინი, ვალერი მელაძე, ბორის გრებენშჩიკოვი და რამდენიმე რეპერი.
როგორც ცნობილია ქართველმა მუსიკოსმა ვალერი მელაძემ საზოგადოებას ომის დაწყების დღესვე მიმართა და აღნიშნა, რომ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო არასდროს.
„ოდესმე ისტორია განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ დღეს მინდა გთხოვოთ, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ ენაც გვაქვს და ყველა სხვა საშუალება. ხალხი არ უნდა დაიღუპოს, ეს უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ვალერი მელაძემ.
გარდა მელაძისა, შავ სიაში მოხვდნენ ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი, რომლებმაც სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი განცხადება დაწერეს. „ჩვენ ნახტომებით მივდივართ პირდაპირ ჯოჯოხეთში!“, - წერს ლეონიდ აგუტინი.
24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, უამრავმა ცნობილმა სახემ დააფიქსირა პროტესტი, ნაწილმა უარი თქვა რუსეთში დარჩენაზე, რაც თავისთავად დანაკლისია რუსეთისთვის.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად მოქმედებს, როდესაც მოსახლეობა იგებს, რომ ცნობადი სახეები მასიურად ტოვებენ ქვეყანას, რაც გარდამტეხი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია.
„თავისთავად, პროპაგანდისტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ აი, მიდიან და ეს არის კრახი, ამითი განადგურდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ერთი ნაწილი რომელიც მიდის, აცხადებს, რომ ჩვენ მივდივართ სამკურნალოდ, როგორც ეს პუგაჩოვამ თქვა. ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც მართლა აპროტესტებს ამ ომს ვალერი მელაძის არ იყოს. დანარჩენებმა გამოარიდეს თავი, ვითომ სამკურნალოდ, რაღაცა სხვა მიზეზით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამან რაღაცა განსაკუთრებული გარდატეხა შეიტანა იქაურ ცხოვრებაში. თუმცა, რასაკვირველია, ფსიქოლოგიურად მოქმედებს, როდესაც იგებენ, რომ ეს ადამიანები მასიურად ტოვებენ ქვეყანას. გარდამტეხი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, არსებობს ასეთი ტერმინი - კომფორტის ზონა, ადამიანებს წლების განმავლობაში შექმნილი ჰქონდათ კომფორტის ზონა, რომელიც ახლა აღარ აქვთ. ომმა წლების განმვალობაში დალაგებული ცხოვრების წესი შეცვალა და შეცვალა უარესობისკენ.
„ვერ ახერხებენ თანხების ისე ხარჯვას, როგორც უნდათ. ვერ ახერხებენ კვირაში ერთხელ ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას, რაც არ მიკვირს. ზუსტად ამაზეც იყო სანქციების იდეოლოგია ორიენტირებული, რომ ეს კომფორტის ზონა ყოფილიყო მორღვეული, რაც დაეტყო განსაკუთრებით ოლიგარქებს, რომელთა ანგარიშები დააყადაღეს, ქონება ჩამოართვეს და ზოგ შემთხვევაში შვილებიც კი გამოყარეს უმაღლესი სასწავლებლებიდან. ასე რომ, რასაკვირველია, ეს მოქმედებს. რაც შეეხება საშუალოზე მაღალ ფენას, ბომონდს - კომფორტის ზონა დაერღვათ და ძალიან მწვავედ განიცდიან. ამიტომ მიდიან. თუმცა, ბევრს აქვს შინაგანი პროტესტი, ოღონდ ვერ ბედავენ ამაზე ხმამაღლა საუბარს და ამიტომ ჩუმად არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ იკვეთება „რამდენიმე რუსეთის“ თემა. არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი დაყოფა არ მოსწონთ და ყოველთვის ცდილობენ ცალსახად შეაფასონ მოვლენები არა მარტო რუსეთთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ. მისი თქმით, „პირველი არხის“ რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, როგორც სიმბოლო ფიგურირებს, რომელმაც იცოდა რა მოჰყვობდა მის ნაბიჯს, მაგრამ გადადგა ეს ნაბიჯი.
„ყველა ერი და ასევე რუსებიც მრავალნაირები არიან. პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის იყო ინტელექტუალური რუსეთი და მდაბიო სურვილების მქონე რუსეთი. მაგრამ არც ის იყო გამორციხული, რომ ინტელექტუალურ რუსეთს ჰქონოდა მდაბიო სურვილები. ჩვენ ვიცით, რომ რუსული ინტელიგენციის, ხელოვნების, თუ მეცნიერების წარმომადგენლები შოვინიზმს ავლენდნენ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ამჟამად ეს ეტაპი არის ძალიან საინტერესო. სწორედ რუსულმა კულტურულმა ელიტამ გააპროტესტა უკრაინის მიმართ აგრესია, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან სუსტი და პრაგმატული იყო საქართველოსთან დაკავშირებით და არც მახსენდება. ასეთი ტალღა - ინტელექტუალური რუსეთის დაპირისპირება თავის ხელისუფლებასთან, არის გადამწყვეტი, მაგრამ ძალიან მცირეა ამგვარი რუსეთი. თან ვერც უპირსპირდებიან, ფაქტობრივად, გარბიან რუსეთიდან და ამაში გამოიხატება მათი პროტესტი. თავისთავად ეს რამდენიმე რუსეთის არსებობაზე უფრო მკვეთრად მიუთითებს. უკრაინის მოვლენებმა გამოკვეთა რამდენიმე რუსეთის თემა და მათ შორის ის, რომ დღეს ყველა რუსმა უნდა გაარკვიოს - სად დგას“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, რთული სათქმელია გახდება თუ არა ერთი ჟურნალისტის პროტესტი გადამდები, რადგან რუსეთი მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და შესაბამისად, ბევრი ისეთი ჟურნალისტი ჰყავთ, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას ატარებენ და გაატარებენ სამომავლოდ.
„ყოველდღე რუსულ თქო-შოუებში ფიგურირებენ ეს ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ თავიანთი ხელისუფალის გამართლებას, მართალია, ვიზუალურად ცოტა ჩამქრალები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირებული არ არის, თუ ამას გადავიტანთ მთელ რუსეთზე, სავარაუდოა, რომ პროპუტინური ჟურნალისტების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე ანტიპუტინური, იმ შემთხვევაშიც, თუ პუტინი თვითონ ჟურნალისტების მიმართ აღიქმება აგრესიულად. ნუ დაგვავიწყდება, რომ პუტინის მიმართ დამოკიდებულებაში წამყავნი შიშია და ეს შიში ბევრ ისეთ ნაბიჯს გადაადგმევინებს ადამიანებს, რომლის გახსენება შეიძლება არ მოუნდეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.