უკრაინაში მიმდინარე სამამულო ომი უფრო დაუნდობელ ხასიათს ღებულობს. დაგეგმილი „ბლიცკრიგის“ ჩაშლის შემდეგ პუტინის მეომრები ქალაქების განადგურებასა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე გადავიდნენ. უკრაინელები დანებებას არ აპირებენ, ქვეყანა გაერთიანდა და მომხდურს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემდეგი „მოსაზრება“ გავრცელდა: „უკრაინის მხარდასაჭერად ერთდროულად ჯეკი ჩანი, ბრიუს ლი და ჩაკ ნორისი რომ იბრძოდნენ, რუსებს რამდენიმე დღეში მიწასთან გაასწორებენო...“
ჩვენი სტუმარი ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი, ბატონი იოსებ კობერიძეა. როგორია მისი აზრი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებზე, რამდენად არის მზად საქართველო მოსალოდნელი საფრთხისათვის, რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და რატომ დაუპირისპირდა ერთი „ცნობილი“ თანამემამულე პოლიტიკოსი?
პირველ რიგში, თბილისში მოარული აქტუალური კითხვა მსურს დაგისვათ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მოსახლეობას ანალოგიური სცენარის საქართველოში გადმოტანის ეშინია. რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა, გვაქვს კი თბილისში შესაბამისი რაოდენობის თავშესაფრები და როგორ არის განვითარებული სამოქალაქო თავდაცვა?
- ღმერთმა არ ქნას და უკრაინის მსგავსი მოვლენები ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იმ დროის „ლომგულმა მთავარსარდალმა“ სააკაშვილმა კი განაცხადა, იმდენი ბეტონის ბუნკერები მოვაწყვეთ, მტერი თბილისს ვერასოდეს აიღებსო, მაგრამ ამ სიტყვების ნაკლებად მჯერა. სიმართლე ერთია: რთული რელიეფის გამო თბილისი იოლად ასაღები ქალაქი არ გახლავთ, მაგრამ რუსეთის არმია ცივილიზებული მეთოდებით არ იბრძვის. რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვის საკითხს, ყოფილი სსრკ-ს დროს დაწყებით სამხედრო მომზადებას ყოველი მოსწავლე გადიოდა, „დიადი ქვეყნის“ დაშლის შემდეგ ეს სისტემა სრულიად მოიშალა, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. ხელისუფლების მხრიდანაც ვერ ვხედავ მზაობას, რომ მოსახლეობაში დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობდეს. შესაბამისი მომზადება კარგია, მაგრამ მტერთან დაპირისპირებაში უმთავრესი მაინც საბრძოლო სულისკვეთება და პატრიოტიზმია.
ვხედავთ, რომ შემოსეული მტრის წინააღმდეგ უკრაინა ერთ მუშტადაა შეკრული. მზად არის ქართული საზოგადოება ანალოგიური კონსოლიდირებისათვის?
- რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ქართული საზოგადოების უმთავრესი ენერგია არაერთი ფუჭი პრობლემის განხილვაში იკარგება. გაუქმდეს თუ არა ტოტალიზატორები, იჯდეს თუ არა ციხეში მიხეილ სააკაშვილი, ვინ არის ქვეყნის მტერი - ნაცი თუ ქოცი? შემიძლია ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გავაგრძელო. პირდაპირ საოცარია. მოსახლეობამ საეჭვო ღირებულების ე.წ. „ვარსკვლავების“ შესახებ ყველაფერი იცის, იმ ადამიანების შესახებ კი, ვისგანაც ყველამ ცხოვრებისეული მაგალითი უნდა ავიღოთ, თითქმის არაფერია ცნობილი. უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო და არ არის გამორიცხული, მომავალში ეს საფრთხე საქართველოსაც დაემუქროს. 2008 წელი გავიხსენოთ - გამოვიდა მაშინ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ლევან გაჩეჩილაძე და ყოველგვარ პოლიტიკურ აქტიურობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღეს რა ხდება? ამჟამინდელ ე.წ. „ოპოზიციას“ მე ქვეყნის მოღალატეებად მოვიხსენიებდი. ეს ხალხი მეხუთე კოლონას წარმოადგენს, რომლის პირდაპირი მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა. ეს ადამიანები ღალატის მუხლით უნდა გასამართლდნენ.
ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ. მათი „აქტიურობა“ მერამდენე წელია უსასრულოდ გრძელდება...
- გეთანხმებით. ეს პრეტენზია ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ გამაჩნია - რატომ ვერ თოკავთ ამ მავნებელ ადამიანებს? რატომ აძლევთ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას? რატომ დაისვით თავზე? სამშობლოს მოღალატეებს საკადრისი უნდა მიეზღოს. სრულიად ვეთანხმები მიხეილ ყაველაშვილს. მართალია პარლამენტარის მხრიდან გინება მიუღებელია, მაგრამ ზუსტად ათიანში მოარტყა. საჯარო განცხადებები მისასალმებელია, მაგრამ დროა ეს შეფასებები მოქმედებებში გადავიდეს და ეს მოღალატეთა კასტა სათანადოდ დაისაჯოს.
როგორც ორთაბრძოლების ფედერაციის ხელმძღვანელი ერთი პერიოდი უკრაინაში მოღვაწეობდით და იქაურ საზოგადოებას კარგად იცნობთ.
- მართალი ბრძანდებით. უკრაინაში ვცხოვრობდი და ამ ქვეყნის ორთაბრძოლების ფედერაციას ვეხმარებოდი. რა შემიძლია გითხრათ... თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტები არიან და მომხდურს უშეღავათოდ უპირისპირდებიან, უკან არ იხევენ და დანებებას კატეგორიულად არ აპირებენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - ამ მძიმე დღეებში არაერთი უკრაინელი კოლეგა და მეგობარი ოჯახებითურთ საქართველოში მოვიწვიე და დროებითი თავშესაფარი შევთავაზე. სასტიკი უარი განმიცხადეს - სახლს ვერ დავტოვებთ, რუსებს დავამარცხებთ და სტუმრად შემდეგ გეწვევითო. ამ სულისკვეთების მქონე ადამიანებს რუსეთი წელში ვერ გატეხავს. დარწმუნებული ვარ უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს და სრულიად მსოფლიოს საკუთარ ძალას უჩვენებს.
უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ჩვენი თანამემამულეც ჩავიდა.
- ამ ადამიანებს ორ ნაწილად დავყოფდი. ნამდვილი მეომარი საბრძოლო დაპირისპირების ადგილას ჩუმად, ყოველგვარი რეკლამის გარეშე ჩადის. მისი ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, იბრძვის და გასაკეთებელ საქმეს ყოველგვარი პოზიორობა-სელფების გარეშე აკეთებს. ქართველების მეორე ნაწილი, ე.წ. „ეკრანის რემბოები“ უკრაინაში დიდი პომპეზურობით მიემართებიან. მათი თითოეული ნაბიჯი არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს - არც მტრებისათვის და არც ჩვენთვის, უბრალო ტელემაყურებლისთვის. საომარ დაპირისპირებაში ეს კატეგორიულად მიუღებელია. აგერ, კობა ხაბაზი ქართულ ტელესივრცეში ლამისაა ყოველდღე უკრაინიდან გვერთვება, - „დაბომბვა დასრულდა და თავშესაფრიდან ამოვედიო“. გადის დრო, ისევ ჩნდება ტელეეკრანზე და ანალოგიური ტექსტით მოგვმართავს. ალბათ, კომენტარი ზედმეტია. გია ბარამიძე ავიღოთ. ჯერჯერობით უსაფრთხო ქალაქ როვნოში იმყოფება, მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურ „ანალიზს“ აკეთებს და „უკრაინას თუ დასჭირდა ხელში იარაღს ავიღებო“, - აცხადებს. რა უნდა ამ ქვეყანაში და საერთოდ რა აკეთებს? ირაკლი ოქრუაშვილი ლამის ყოველდღე „ჯაველინითა“ და „ბაზუკით“ სელფებს გვიგზავნის. ამას ყველაფერს არასერიოზული სახე აქვს და უფრო იაფფასიან პოპულიზმს, პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ემსახურება.
უკრაინაში მიმდინარე ომის დღეებში ერთი „ცნობილი“ ქართველი პოლიტიკოსი დაგიპირისპირდათ...
- ნება მომეცით ცოტა შორიდან დავიწყო. ბოლო რამდენიმე წელია სოციალურ ქსელებში ჩემს მიერ დამონტაჟებულ იუმორისტულ ვიდეოებს ვაქვეყნებ. ეს ერთგვარი ჰობია და მეგობრებს ვახალისებ. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ირაკლი ოქრუაშვილის „თავგადასავლებზე“ სახუმარო ვიდეო გავაკეთე. გადის დრო და ამ „საშაყირო ჩანახატის“ გამო, ალეკო ელისაშვილმა უკრაინაში მებრძოლი „ვაჟკაცის“ გაკიცხვისათვის „სამარცხვინო ადამიანი“ მიწოდა. ამ ვითომცდა „პოლიტიკოსს“ დიდი ხანია ვიცნობ. ავუხსენი, რომ ეს გაკეთებული რგოლი მე მეკუთვნოდა. ჰოდა, ბატონო ჩემო, „ამხელა პოლიტიკისა და ქართველი ხალხის რჩეულმა“ უკან არ დაიხია და ამჯერად უკვე „ფარჩაკი“ მიწოდა. ამის შემდეგ მასთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მაინც რატომ გადაგეკიდათ?
- არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხი მართლა არ გამაჩნია. ამ ვითომდა „პოლიტიკოსს“ დიდი ხანია კარგად ვიცნობ. თავის დროზე, როდესაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობდა, გვერდში დავუდექი, ხმაც მივეცი. გამოხდა ხანი, საკრებულოში გადეპუტატებული „პოლიტიკოსი“ ელისაშვილი თანდათან შეიცვალა და ჩემში უკვე დიდ ანტიპათიას იწვევდა. ჯერ პოპულისტური და ფუჭი განცხადებების კეთება დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი თავი საერთოდ შეირცხვინა. ჯერ რა იყო საარჩევნო უბანზე მიჭრა, ჩხუბი და იქ მყოფი პოლიციელების საჯარო შეურაცხყოფა, შემდეგ დიღომში, ცესკო-ში მივარდნა ნაცებთან ერთად. შემდეგ ნაცებთან ერთად ნათელაშვილის „ფანჩატურში“ აქტიური მონაწილეობა.
„პოლიტიკოსი“ ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის კარიკატურაა. ხომ წარმოგიდგენიათ „დიდი შალვა ნათელაშვილი“ და მისი პოპულისტური გამოხდომები, აი, ზუსტად მისი კარიკატურაა ალეკო ელისაშვილი, ოღონდ - ახალგაზრდა.
მე ადამიანის შეურაცხყოფასა და მით უმეტეს გინებას ყოველთვის ვერიდები. „პოლიტიკოს“ ელისაშვილს პირადად კარგად ვიცნობდი, ამის მიუხედავად შეურაცხყოფა მომაყენა. ნება მომეცით ოფიციალურად მივმართო - „ალეკო შენ ხარ შალვა ნათელაშვილის კარიკატურა“. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეფასებაში უამრავი ადამიანი დამეთანხმება და, პირველ რიგში ისინი, ვინც თავის დროზე ხმა მისცა და ახლა ძალიან ნანობს.
სამწუხაროდ, საქართველოში „შალვა ნათელაშვილის კარიკატურის“ მსგავსად არაერთი შემთხვევითი ადამიანია პოლიტიკაში. რა უნდა იყოს ღირსეული პოლიტიკოსის უმთავრესი მიზანი - ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. „პოლიტიკოსი ალეკო“ გამონაკლისი არ არის. მისი მსგავსების ნაკლებობას არ ვუჩივით. ქართული პოლიტიკა ალეკო ელისაშვილისა და მისი მსგავსი ბალასტისაგან საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.