„რუსს აქვს თავის ლექსიკონში ერთი სიტყვა „ვლადეი“, ეს ნიშნავს ფლობდე - რამ მოაფიქრათ „ვლადეი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რომ დაარქვეს ვლადიკავკაზს?!“

„რუსს აქვს თავის ლექსიკონში ერთი სიტყვა „ვლადეი“, ეს ნიშნავს ფლობდე - რამ მოაფიქრათ „ვლადეი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რომ დაარქვეს ვლადიკავკაზს?!“

„რუსს აქვს თავის ლექსიკონში ერთი სიტყვა - „ვლადეი“, ანუ ფლობდე. „ვლადეი კავკაზ, ვლადივოსტოკ, ვლადიმირ“, ახლა შექმნის „ვლადი უკრაინა“, „ვლადი ბალტია“, ვლადიკავკაზი ისედაც აქვთ. მათ მენტალიტეტში უზით ასეთი რამ. რამ მოაფიქრათ ასეთი რამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში?“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დემოგრაფი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.

რუსები შემოვლითი თუ არაშემოვლითი გზით მოემართებიან საქართველოსკენ, მათ შორის, ერევან-თბილისის მატარებლით. ისინი არ რჩებიან ერთ დროს თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთში, სადაც ყარაბაღის ომის მერე ანტირუსული განწყობა გაიზარდა, არ მიდიან საქართველოსგან ძალით მოგლეჯილ აფხაზეთში, სადაც რუსებზე ნადირობაა გამოცხადებული, არც სამაჩაბლოში გადადიან, არამედ ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობენ ისევ საქართველოში. უნდა დაუწესდეთ თუ არა საქართველოში შემოსულ რუსებს ფილტრაცია?

- რუსები დესანტად არიან შემოგზავნილნი თუ არა, ეს უშიშროების საკითხია. საერთოდ, რა მიზეზით არიან ჩამოსულები, ამასაც სპეცსამსახურების გამოკვლევა სჭირდება. მათი ჩამოსვლის ყველა დასახელებული მიზეზი შეიძლება რეალისტური იყოს. ერთადერთი, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე არ აისახება მათი ვიზიტი, რადგან, ჯერ ერთი, დროთა განმავლობაში უკან დაბრუნდებიან, მეორეც, არც შობადობა აქვთ მაგათ მაღალი და გააჩნია, რა ასაკის ხალხია ჩამოსული. მთავარია, აქ ჩამოსულთაგან არავინ გარდაიცვალოს და ჩვენი დასამარხი არ გახდეს. ის, რომ პუტინი რუსებს იყენებს თავისი მოქალაქეების ვითომც დასაცავად, ესეც ფაქტია. ეს საშიშროება და საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ რომ არ მივიღოთ, ამით საერთაშორისო ნორმებს ვარღვევთ. შეიძლება აქედან ეგენი რეიმიგრაციაში მოხვდნენ და აქედან წავიდნენ ევროპაში.

ევროპაშიც დიდად არ უნდათ რუსების მიღება, ყველგან ანტირუსული განწყობაა უკრაინის ომის შემდეგ. იმასაც ამბობენ, რომ ევროპის სკოლებში რუსი ბავშვების ბულინგი მიმდინარეობს და რუსებს რესტორნებშიც არ უშვებენ.

- დიახ, ესეც რომ არ იყოს, მაინც ვერ წავლენ ვერსად, ვიზა ხომ უნდათ? ვინ გაუშვებს მაგათ ევროპაში, ვიზა არ აქვთ და არაფერი. რუსეთიდან უვიზოდ ვერ მიდიან, აქ ჩამოვლენ და საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუ საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, მერე შეიძლება წავიდნენ ევროპაში. ეგეც საკითხავია, საზღვარზე მიიღებენ თუ არა რუსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი, ეგენი თუ წავლენ, შეიძლება ბაქოსკენ წავიდნენ. სხვათა შორის, ამ დღეებში ბაქოსკენ მინდოდა ბილეთის აღება და უკვე თავდება ბილეთებიო.

უამრავი რეკომენდაცია გვესმის რუსების შემოშვებასთან დაკავშირებით, მივიყვანოთ ოკუპირებულ რეგიონებში საზღვართან, ვათქმევინოთ, რომ რუსებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ორი რეგიონი, არ ან სავიზო რეჟიმი დავუწესოთ, თქვენ რას ფიქრობთ?

- ვინც მაგას ამბობს, რომ სავიზო რეჟიმი დავუწესოთ, თავის დროზე დაეწესებინათ, რატომ არ დაუწესეს? „კეთილი ადამიანები იყვნენ“ და ამიტომ გაუხსნეს საზღვარი და უვიზოდ შემოუშვეს? რატომ გააკეთეს ეს და შემოუშვეს ჯაშუშები და მეხუთე კოლონა?

ეს სააკაშვილის დროს მოხდა.

- დიახ, ზუსტად ამას ვამბობ. ვინც ეს გააკეთა, იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი. როგორ, შენ ის კაცი საზღვარს გიკეტავს და შენ აქეთ უშვებ? სხვათა შორის, უამრავი ქონება სწორედ მაშინ შეიძინეს რუსებმა ბათუმსა და თბილისში. მანდ ძალიან ბნელი საქმეებია და დიდი ფული ტრიალებს. აბა, ნახეთ ვიზის აღებისას რამხელა თანხას იხდიან. საბუთების შევსებისას შეცდომა რომ გაგეპაროთ, თავიდან შევსებაში ფულს გახდევინებენ. ეს რუსებსაც აწყობთ და ჩვენებსაც.

ბევრს არ მოსწონს რუსთაველზე მოსიარულე რუსები, მათ ოკუპანტებთან აიგივებენ. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ქერა ხალხის მიმართაც აგრესია ვლინდება, რადგან რუსები ჰგონიათ. ეს ყველაფერი რუსოფობიას გამოიწვევს?

- მსმენია, რომ რუსების მიმართ ნეგატიური განწყობაა ჩვენს საზოგადოებაში. მეორე მხრივ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სპეციალურადაა გაკეთებული - უკრაინის ომიდან გამომდინარე, რუსების მეშვეობით პროვოკაცია მოაწყონ, იქ ვიღაც რუსს დაარტყამს, იჩხუბებს, სწორედ ეს უნდა პუტინს, რომ თურმე რუსები იჩაგრებიან საქართველოში. როგორც ეს გააკეთა სამაჩაბლოში, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაარქვა მიშამ, პუტინი კი შეიჭრა ოსი ძმების დაჩაგვრის მოტივით. მაგათ კანონი აქვთ მიღებული, რომ რუსი დაიცავს ყველა რუსს სხვა ტერიტორიაზე. დონბასშიც ასე მოხდა და ლუგანსკშიც. ამ მოტივით შედის რუსი ყველგან, ეს ძალიან საშიში და დამაფიქრებელია. ამიტომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ამის შესაზღუდად. მაშინ რუსებიც არ მოეძალებიან საქართველოს.

ქუჩაში საპროტესტოდ გასვლით, უშვერი სიტყვებით პუტინის გინებით და დროშების ფრიალით ცოტა ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ? კანონი უნდა იყოს, რომ კანონმა აკრძალოს რუსების შემოსვლა. რუსს აქვს თავის ლექსიკონში ერთი სიტყვა „ვლადეი“, ეს ნიშნავს ფლობდე. „ვლადეი კავკაზ, ვლადივოსტოკ, ვლადიმირ“, ახლა შექმნის „ვლადი“ უკრაინას, მერე „ვლადი“ ბალტიას, ვლადიკავკაზი ისედაც აქვთ. მათ მენტალიტეტში უზით ასეთი რამ. ვინც რუსეთის ხელისუფლებაში მოდის, იმას მაშინვე ამოუტივტივდება თავში, რომ უნდა იყოს მსოფლიოს ბატონ-პატრონი. რამ მოაფიქრათ ასეთი ტერმინოლოგია „ვლადეი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რომ დაარქვეს ვლადიკავკაზს?

ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულები არ გმობენ რუსულ აგრესიას, ოკუპაციას, პირიქით, მოსწონთ კიდეც აფხაზეთში, სამაჩაბლოში, უკრაინაში შეჭრა, თვალთმაქცობენ, თითქოს არ იციან, რა მოხდა საქართველოში რუსეთის მხრიდან წარმოებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების დროს.

- რა თქმა უნდა, ეგენი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს არ ერევიან პოლიტიკაში. ჩემი მეგობარია დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი მოსკოვში, ეროვნებით უკრაინელი, ხარკოველი, თვითონ მორალურად განიცდის, რომ უკრაინელი ადამიანი რუსეთში მუშაობს. წამოსვლა უნდა საქართველოში და არ უშვებენ, ვერ წამოვიდა, რადგან პუტინმა გამოსცა კანონი, არც ერთი რუსი არ წავიდეს რუსეთიდან, დაკეტეს საზღვრები. დანარჩენმა რუსებმა მოასწრეს საქართველოში ჩამოსვლა. ახლა გამოსცა პუტინმა ეს ბრძანება, რადგან იცლებოდა რუსეთი. რუსეთს საზარბაზნე ხორცი სჭირდება. როგორ გგონიათ, წვევამდელებზე რომ ამბობენ, არ ვიცოდით, თუკი უკრაინაში საომრად მიჰყავდათო, ვინმეს სჯერა, წვევამდელები რომ უკრაინაში მოჰყავდათ, ეს რუსებმა არ იცოდნენ?

საუბრობენ პუტინის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მარტოდმარტო ებრძვის მთელ მსოფლიოს?

- პუტინი პრეზიდენტად პირველ წელს რომ დაინიშნა, მაშინვე გამოითქვა აზრი, რომ ეს კაცი დემოკრატიაზე არ იზრუნებდა რუსეთში. 70 წლის კაცია, შეიძლება ფიქრობს, ჩემს მერე ნუ ყოფილა მსოფლიოო. სულ არ აინტერესებს არავინ, მაგას აინტერესებს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი, გაუთანაბრდეს რუსეთში ცნობილ პეტრე პირველს, სტალინს, რუსეთის დიდ პიროვნებად მოიხსენიონ ისტორიაში. ამას საუკუნეები სჭირდება, როგორ და რა დაიწერება პუტინზე მის შემდეგ. ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მით უმეტეს, თავისი მოძმე ხალხის, სლავების მიმართ. კარგით, ჩვენ ქართველები ვართ და ვერ გვიტანს, მაგრამ უკრაინელები და რუსები ერთნი არიან, ბიეთნიკური ქორწინებები აქვთ, მათი ოჯახები ერთად არიან. საბჭოთა არმიაში 60% თუ არა, 40% უკრაინელი იყო, თანაც მაღალი რანგის სამხედრო პირები. ახლა სად არიან ის ოფიცრები, თავის ხალხს ებრძვიან? შევეკითხე ჩემს მეგობარს უკრაინაში, მითხრა, ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო გაიქცა რუსეთიდან და უკრაინაში გადავიდაო. ისინი რუსებს ებრძვიან. ამ მაღალი რანგის უკრაინელ ოფიცრებს კარგი სამხედრო განათლება აქვთ მიღებული და იციან საბრძოლო საქმე. იმიტომაა, რომ უჭირს რუსეთს ბრძოლა უკრაინაში, უკრაინელი ოფიცრების ნაკლებობას განიცდის. თავის დროზე საქართველოშიც ჩამოვიდნენ რუსეთში განსწავლული სამხედროები, ოფიცრები და იბრძოდნენ ქართველებთან ერთად რუსების წინააღმდეგ, ისევე იქცევიან უკრაინელებიც. ტაქტიკური ნახაზებით ბრძოლა დღეს რუსეთის არმიამ არ იცის, რუსების ბრძოლა გადადის მარტო დაბომბვებზე, არტილერიაზე, ტაქტიკური მონახაზები არ აქვთ. ნაციონალისტები დაარქვეს უკრაინელებს, სინამდვილეში, არავითარი ნაციონალისტები ეგენი არ არიან. უკრაინელებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ყველა ეროვნებასთან. ზელენსკიმ რომ გაიწვია ელჩი საკონსულტაციოდ, ეს არ არის რეალური გაწვევა, გაწვევა ის არის, რომ ელჩი აღარ დაბრუნდება. ის ელჩი ხვალ-ზეგ ჩამოვა. ასე ჩვენც გამოვიწვიეთ უკრაინიდან სასაუბროდ ელჩი პრემიერ გახარიას დროს და ახსნა-განმარტება მოვთხოვეთ, რადგან უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ საქართველოდან გაქცეული დამნაშავეები.