„ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება არის ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც სამართლებრივად საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას არ არღვევს“

„ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება არის ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც სამართლებრივად საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას არ არღვევს“

უკრაინაში ქართველ მოხალისეებს პარლამენტის წევრი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - დაწერა ელისაშვილმა.

მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს კანონი უკრძალავს და კანონით არ შეიძლება საჯარო მოხელის უცხო ქვეყნის ომში წასვლა და იქ ბრძოლა.

For.ge სწორედ ამ საკითხის გარკევას შეეცადა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძისთვის უცნობია შეეძლო თუ არა კანონით ალეკო ელისაშვილს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა.

„ვერ გეტყვით, კონსტიტუცია არაფერ შუაშია, აქ სხვა საკითხია. წარმოდგენა არ მაქვს საჯარო მოხელეს შეუძლია თუ არა სხვის ომში ბრძოლა. ვფიქრობ, როგორც კერძო პირს შეუძლია, თუმცა, იურიდიულად რამდენად არის გამართული, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვინაიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, ამიტომ იურისტ ლევან ალაფიშვილს მივმართეთ და როგორც იურისტმა აგვიხსნა, პარტია „მოქალაქის“ ლიდერს კანონი არ უკრძალავს ომში წასვლას. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ელისაშვილი უკრაინის მოქალაქეობას მიიღებდა და უკრაინულ სამხედრო ნაწილში ჩაეწერებოდა.

„მართალია, პარლამენტის წევრი საჯარო პირია, მაგრამ საჯარო პირებსაც აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული არაერთი უფლება - როგორც საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური საქმიანობისა, ასევე პირადი ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების გარანტია. მას შეუძლია იცხოვროს ისე და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორ მას სწორად მიაჩნია, რა თქმა უნდა, - კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ასე რომ, ეს უფლება ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს, შესაბამისად გამონაკლისი არც პარლამენტის წევრია. ალეკო ელისაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ დაუკარგავს, იგი უცხო სახელმწიფოს სამსახურში არ შესულა, რაც მისი მოქალაქეობის შეწყვეტას გამოიწვევდა. შესაბამისად, აქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ გვაქვს. ალეკო ელისაშვილი რომ შესულიყო უკრაინის სახელმწიფო სამსახურში, გამხდარიყო შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, რაც მოითხოვდა მისგან უკრაინის მოქალაქეობის მიღებას, ამ შემთხვევაში უფლება მაინც რჩება, უბრალოდ დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობასა და პარლამენტის წევრის მანდატს. როგორც მე ვიცი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს მოქალაქეა. მას უკრაინის მოქალაქეობა არ მიუღია და ის არის იმ უფლებებში, რომელიც მეც, თქვენც და ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს“, - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა for.ge-ს.

ალეკო ელისაშვილის უკრაინაში მოხალისედ წასვლას მისი კოლეგები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდანაც აფასებენ.

ხელისუფლების წარმოამდგენელი გივი მიქანაძე მისი კოლეგის გადაწყვეტილებას ემოციური ფონით ხსნის.

„ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება უკრაინაში მოხალისედ წასვლასთან დაკავშირებით არის ემოციურ ფონზე მიღებული პირადი გადაწყვეტილება. ეს კი სამართლებრივად საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას არ არღვევს“, - გვითხრა უმრავლესობის წევრმა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანშეწონილობის ამბავი არ არის. ეს ძალიან ემოციური ამბავია და ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის არჩევანია. ალეკოს მხოლოდ შემიძლია წარმატება ვუსურვო. ამ არჩევანის გამო, არც მოწოდება, ან გაკრიტიკება არ შემიძლია. მხოლოდ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, - აღნიშნა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ for.ge-თან საუბრისას.

ვეცადეთ, ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელთან და ვიცე-სპიკერთან ლევან იოსელიანთან დაკავშირებაც, რათა შეგვეტყო რატომ მიიღო ელისაშვილმა ეს გადაწყვეტილება, ან რა და როგორ ვითარებაშია ახლა ის უკრაინაში, თუმცა იოსელიანმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.