„ეს შეხვედრა დასრულდება ისე, როგორც წინა შეხვედრები - მოლარაკებების მაგიდას რუსეთი და უკრაინა იყენებენ იმისთვის, რომ არ გახდნენ საყვედურის ობიექტი, თითქოს დესტრუქციულობა გამოიჩინეს და მოლაპარაკებებს გაურბიან. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ მოწინააღმდეგესთან ცდილობენ საერთო ენის გამონახვას“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში რუსეთ-უკრაინას შორის კიდევ ერთი გამართული შეხვედრა.
14 მარტს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების რიგით მე-4 რაუნდი დაიწყო. თუმცა, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები?
- ეს შეხვედრა დასრულდება ისე, როგორც წინა შეხვედრები. შეუძლებელია პროდუქტიული მოლაპარაკებები აწარმოო, როდესაც საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, იბომბება ქალაქები და იღუპება ხალხი. შეუძლებელია პროდუქტიული მოლაპარაკები აწარმოო და რაღაც შედეგი გქონდეს, როდესაც მხარეებს აქვთ დიამეტრალურად საპირისპირო პოზოციები.
მართალია, პუტინი აცხადებს, რომ რაღაც პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა მოლაპარაკებებზე, თუმცა უკრაინის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არ მომისმენია. ასე რომ ყოფილიყო, ეს საჯარო გახდებოდა, რომ მხარეები, თუნდაც ერთ პრინციპულ საკითხზე, შეთანხმდნენ. მოლარაკებების მაგიდას ორივე მხარე იყენებს იმისთვის, რომ არ გახდნენ საყვედურის ობიექტი, თითქოს დესტრუქციულობა გამოიჩინეს და მოლაპარაკებებს გაურბიან. ამ დროს ჩნდება განცდა, რომ მოწინააღმდეგესთან ცდილობ საერთო ენის გამონახვას.
თქვენი აზრით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს სამხედრო კონფლიქტი?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სადამდე ეყოფა რესურსი რუსეთს საომარი მოქმედების წარმოებისთვის. აქ არა მხოლოდ ცოცხალ ძალაზე და შეიარაღებაზეა საუბარი, ეს არის ბევრი ისეთი რამ, რაც სჭირდება ომის წარმოებას - ფული, საწვავი, საკვები. ახლა საომარი მოქმედებების შეწყვეტა ისე, რომ რუსეთმა ვერ გადაწყვიტა ვერც ერთი მის წინაშე მდგარი პრინციპული ამოცანა, რაც პუტინმა გამოაცხადა ე.წ. სპეცოპერაციის დაწყების დროს, რომელიც არანაირი სპეცოპერაცია არაა და გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, იქნება შეფასებული, როგორც უკან დახევა და მისი, ისედაც შესუსტებული პოზიციების შესუსტება.
მიდის საინფორმაციო ომიც და რთულია აქედან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, სტრიქონებს შორის გვიწევს კითხვა, მაგრამ ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ უახლოეს პერიოდში საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება.
რუსეთმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. გავრცელებული ინფორმაცია რომ შესაძლოა დამატებით, დახმარება სჭირდებოდეს რუსეთს, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი მართლაც განიცდიდეს დეფიციტს? როგორ ფიქრობთ, ეყოფა თუ არა რუსეთს უკრაინასთან საბრძოლველდ რესურსი?
- ომის წარმოების რესურსები თუ ამოიწურება, ბუნებრივია, რომ ომს ვეღარ გაგრძელებს რუსეთი. ინფორმაცია, რომ რუსეთს შესაძლებლოა ეწურებოდეს სამხედრო მარაგი, სინამდვილეს მოკლებული არ არის. ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსეთს სამხედრო მარაგი ამოეწუროს.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა შესაძლო ვარიანტების განხილვა შეგვიძლია?
- მთავარია, რუსეთის ხელისუფლება რა ვარიანტზე შეთანხმდება. ფაქტია, რომ ამოცანები, რომელიც მათ დაისახეს უკრაინასთან დაკავშირებით - დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია - ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ განადგურებული იყოს ის ორგანიზაციები და ხალხი, რომლებიც რუსების განმარტებთ, მიიჩნევიან პრონაცისტურად.
ამ ომმა ძალიან კარგად გამოაჩინა რუსული საზოგადოების დაყოფა. გახლეჩა არის საზოგადოების და მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთიდან წამსვლელთა ნაკადის სწორედ ის ფენა იზრდება, რომელმაც შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას რუსეთს, რადგან ეს ხალხი, ფაქტობრივად, რეჟიმის ოპოზიციის ბირთვს წარმოადგენს. ისინი შესაძლოა ამინდს ვერ ქმნიდნენ რუსეთში, მაგრამ, ადრე თუ გვიან, როდესაც სანქციები თავის ტურბულენტურ ეფექტს გამოიღებს, შესაძლოა, ეს ხალხი იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმს საფუძველი შეურყიონ.
შესაძლებელია თვითონ რუსეთის შიგნით მოხდეს ხალხის აჯანყება ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ?
- რას ნიშნავს ომის წაგება? იგი წყვეტ ომს ისე, რომ ვერ აღწევს დასახულ შედეგს, როგორც ეს მოხდა ავღანეთში, როდესაც რუსეთის არმია იძულებული გახადეს, რომ ავღანეთიდან გამოსულიყო. ამანაც იმოქმედა თავისი დამანგრეველი გავლენით საბჭოთა საზოგადოების ქცევის წესზე. მათ დიდად არ უბრძოლიათ კავშირის შენარჩუნებაზე, რადგან მიხვდნენ, რომ ამ წარმონაქმნის შენარჩუნება უკვე შეუძლებელი იყო. თუკი ახლა რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ავღანეთის ტოლფასი. ის უნდა გამოვიდეს უკრაინიდან დამარცხებული, შერცხვენილი, რეპუტაცია დაკარგული, ამ დროს ყველამ იცის, რომ ამის მოთავე პუტინი იყო. ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა გადავა პუტინზე და სახელისუფლებო ვერტიკალზე. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ხელისუფლების თანდათან ჩამოშლას. თუმცა, აქ არის მეორე საფრთხე, არსებობს ძალიან მცირე ალბათობა, რომ პუტინი წავიდეს უკიდურეს ნაბიჯზე და თითი დააჭიროს ღილაკს.
შერჩა რუსეთს იმის რესურსი, რომ მეორე ფრონტიც გახსნას? თუნდაც საქართველოს წინააღმდეგ.
- მზად არის თუ არა რუსეთი იმისათვის, რომ საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ განახორციელოს სამხედრო აგრესია, ამის ალბათობა 60%/40%-ზეა. ორ ფრონტზე ბრძოლას რუსეთისთვის ნამდვილად გამომფიტველი ეფექტი ექნებოდა. თან არ გვაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული რუსეთის ბაზებზე. არ მგონია თვალსაწიერ მომავალში, იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს რუსეთი არის, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებისთვის მოიცალოს.