რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. უმცირესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ძალადობა ვერ აღკვეთა, ხოლო მმართველი გუნდი ძალადობას გმობს და სამართალდამცავთა მიერ გაწეულ სამსახურზე აპელირებს.
ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, რაც ხდება ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მოვლენების სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდა არ დაუშვა. ზურაბ აბაშიძე კი, პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს და საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
თბილისში მიმდინარე პროცესებზე, for.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს ესაუბრა:
როგორ აფასებთ თბილისში მიმდინარე პროცესებს?
- მიმდინარე პროცესები სამარცხვინოა და შედეგია იმისა, რომ ფუნდამენტალისტები და ძალადობაზე ორიენტირებული ადამიანები პოლიტპატიმრების სტატუსებით გამოუშვეს და დააჯილდოვეს. ასევე, ეს შედეგია იმისა, რომ წლების განმავლობაში, პოლიტიკური ძალები ფუნდამენტალისტთა ენას იყენებენ და საკუთარი მიზნებისთვის აგრესიას აფრქვევენ. ის რაც ქრისტიანობისა და სიყვარულის სახელით ხდება, ადამიანებს - ქვებს ესროდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც, ეს არის მზაობა საზოგადოების ნაწილისა ძალადობისკენ და თუ ამას ყველა პოლიტიკური ძალა არ გაემიჯნა, საზოგადოება კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებს. ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სახელმწიფომ ეფექტური ზომები ვერ მიიღო და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა თავისი რისკის ფასად, ადამიანები დაიცვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადო ზომები არ მიიღო, რომ ადამიანის ფუნდამეტური ზომები დაცული ყოფილიყო. შესაბამისად, ორი პრობლემა გამოიკვეთა. ერთია ის, რომ საზოგადოება აგრესიისკენ წავიდა, ხოლო მეორეა ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია, ან თავი არ აქვს იმის, რომ ეს ყველაფერი აღკვეთოს.
სახელმწიფოს რა ზომები უნდა მიეღო? ეს ყველაფერი თქვენი ხელისუფლების პირობებში რომ მომხდარიყო, პროცესებს როგორ აღკვეთავდით? აქციას დაარბევდით, როგორც ეს რამდენჯერმე მოხდა?
- ადგილზე უფრო მეტი რაოდენობის პოლიცია უნდა ყოფილიყო მობილიზებული, ვიდრე იყო. ამას გარდა, ბევრად უფრო გააზრებული სქემა უნდა ყოფილიყო მოფიქრებული, რომელიც უმცირესობების უფლებებს დაიცავდა. ამ მხრივ, პრობლემები ჩვენც გვქონდა და შარშანდელი მოვლენებიც გახსოვთ, როცა ძალადობის ნიშნები გაჩნდა, მაგრამ მაშინ, ბევრად უფრო მეტი პატრული და პოლიცია იყო მობილიზებული.
თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ აქციაზე ხალხის ძალიან დიდი მასა იყო მისული, დარბევის გარეშე, მათ სამართალდამცავები როგორ უნდა გამკლავებოდნენ?
- იმას არ ვამბობ, რომ მე უფრო კომპეტენტური ვარ, ვიდრე პოლიციელები, რომლებიც ადამიანთა დაცვას გეგმავენ. მათთვის მზა რეცეპტებიც არ მაქვს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მოიფიქროს მოდელი იმისა, რომ სიმშვიდე შენარჩუნდეს. როდესაც, დიპლომატის ავტომობილებს ქვებს ესვრიან, ჟურნალისტებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს სცემენ, ასეთ ძალადობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მთავრობამ ასეთი ძალადობა არ უნდა დაუშვას და ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს, რაც ამ დაპირისპირების აღსაკვეთად საჭიროა. იმით თავის მართლება, რომ ბევრი ხალხი იყო და ძალადობა დასაშვებია, ეს კიდევ უფრო ტრაგიკული შემთხვევააა. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და თუ ამის გამო, ადამიანებს საშუალება მიეცემათ, რომ ერთმანეთს კენჭები, ქვები, ლოდები ესროლონ და ერთმანეთს აგურით დაედევნონ, ასეთ შემთხვევაში, ნორმალური ქვეყანა არ გვექნება. ჩვენი ასარჩევია, ცხოვრება 21-ე საუკუნის ევროპაში გვინდა თუ ფუნდამეტალისტურ-ძალადობრივ-აგრესიულ ქვეყანას ვამჯობინებთ.
თქვენ პოლიტპატიმრები ახსენებთ. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ აქციაზე მრევლი მივიდა, პოლიტპატიმრები რა შუაში არიან?
- აქციაზე ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იყო, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც, სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებ, ფუნდამენტალისტებს ათავისუფლებს და მათ პოლიტიკურ სტატუსს აძლევს, ეს მათ ამრავლებს და ისინი საზოგადოებას პრობლემებს უქმნიან. ძალადობა თუ არ აღკვეთე, ძლიერი გახდება და მომავალი არ გვექნება.
როგორ ფიქრობთ, დღეს მომხდარ დაპირისპირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რა რეაქცია მოჰყვება?
- გააჩნია, მოვლენები როგორ განვითარდება. თუ შევეცდებით, რომ პოლიტიკური დაპირისპირება მოვაწყოთ, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. პოლიტიკური კლასი კონსოლიდირებული უნდა იყოს. უმრავლესობისა და თანანმდებობის პირებისგან კარგი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ რიგი დეპუტატების მხრიდან, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გაკეთდა.
აგრესიის წამახალისებელი განცხადება, ვისგან მოისმინეთ?
- ძიძიგურისგან, კუკავასგან და ბაღათურიასგან. ძალადობის წახალისება კარგად არ დამთავრდება, რადგან ეს ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებაა და სამოქალაქო სიმშვიდეც საფრთხის ქვეშ დადგება.