საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარალმენტში გაკეთებული მოხსენება და პოლიტიკური აქცენტები დისკუსიის საგანი გახდა. 14 მარტს ყოველწლიურ მოხსენებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის წინაშე მცდარი პოლიტიკის წარმართვაში დაადანაშაულა.
ზურაბიშვილმა ორივე მათგანს მიმართა და განაცხადა: „ქართული საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც მთავარია, ერთიანია“, - უთხრა მან პოლიტიკოსებს.
პრეზიდენტის აზრით, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე! უმრავლესობა, რადგან თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული უნდა ყოფილიყო.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბრისუელში და საფრანგეთში მისი ვიზიტები დაბლოკა, ამიტომ მან ევროპაში ძველი კავშირები გამოიყენა და სამიტზე პირადი ვიზიტით გაემგზავრა.
რაც შეეხება ოპოზიციას ზურაბიშვილი მათ ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში იმ მცდელობებში ადანაშაულებს, რომლითაც ისინი საქართველოს სახელის და სახის გაშავებას ცდილობენ.
მისი აზრით, ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს!
მან ოპოზიცია ასევე პოლიციის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკა. „მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა დროა კეტჩუპის და ფქვილის? ეს სირცხვილია!“, - ამბობს ის.
მისი აზრით, ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ისე, რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
პრეზიდენტმა აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის სააკაშვილის შეწყალების თემას ხელახლა არ განიხილავს, რადგან პასუხი ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია.
მთავრობას და ოპოზიციას მიმართა, ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანება და უკრაინის საკითხი.
პრეზიდენტის ინიციატივაა, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომლის ხელმძღვანელიც, შესაძლოა, ოპოზიციიდან იყოს არჩეული.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ახალი, რეალური შანსი არსებობს, რაზეც მან ევროპაში განხორცილებული ვიზიტებისას ჩატარებულ შეხვედრებზე დაყრდნობით ისაუბრა.
მისივე თქმით, უკრაინის ომის მიმართ ქართული მხარის მიდგომა სრულიად კონსოლიდირებული უნდა იყოს.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მთავარი რაც მას საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში მოეწონა, იმის დამტკიცება იყო, რომ ის ზეპარტიული პრეზიდენტია და „ოცნების“ ინტერესების გამტარებელი არ არის. აბაშიძე ამბობს, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მანიპულირება იმაზე, რომ ის ხელისუფლების მიერ მართული პრეზიდენტი იყო, მცდარი აღმოჩნდა.
„14 მარტს პარლამენტში გამოსვლას ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლდა, რაც პრეზიდენტის ერთი წლის მუშაობის შეჯამებაა. მთლიანად უკრაინის თემაზე მოხდა აქცენტების გაკეთება, მაგრამ ასევე საჭირო იყო, რომ სახელმწიფოს მეთაურს ხალხისთვის ეთქვა, ერთი წლის განმავლობაში რა გააკეთა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზურაბიშვილმა თქვა ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თავად მან სააკაშვილის პარტია სხვა სიტყვებით მოიხსენია და „ნაციონალური მოძრაობა“ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ძირგამომთხრელი პარტია, თუ მეხუთე კოლონა, ეს ერთი და იგივე კონტექსტია. შეუძლებელია, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ დაიჯეროს, ხვალ ან ზეგ „ნაციონალურ მოძრაბასთან“ ერთგვარი კონსენსუსი მოძებნოს. გამორიცხულია ენმ-ის ქუჩის აქტივისტებმა პოლიციელებზე თავდასხმა, ადმინისტრაციულ შენობებთან ობსტრუქციების მოწყობა გადაიფიქრონ. როგორც სისხლის სხვადასხვა ჯგუფი ვერ შეერწყმება ერთმანეთს, ისე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა ვერ მოხდება.
რაც შეეხება იმ საჯაროდ გამოტანილ ამბავს, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას გულისხმობდა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ არაკორექტული იყო. ეს შიდა კულუარული, მგრძნობიარე თემაა, რომელსაც ძალიან ვიწრო წრეში მაღალჩინოსნები იხილავენ. ამის გასაჯაროვებით პრეზიდენტმა აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია. თუ მთავრობიდან არ იყო თანხმობა და ეს პირადი ვიზიტი იყო, რომელი თანხებით იმოგზაურა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მისმა დელეგაციამ?“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ყველაზე კარგი და საგულისხმო მის გამოსვლაში ის იყო, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს. ერთხელ თქვა და მეტად ამის გამეორებას აღარ აპირებს. მეორე ეს არის სამართლიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადება, რადგან ნებისმიერმა დამნაშავემ კუთვნილი სასჯელი უნდა მოიხადოს.
„კი ბატონო, გასაგებია, რომ პრეზიდენტმა ოპოზიცია გააკრიტიკა და სწორი აქცენტები გააკეთა, მაგრამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია. კონსტრუქციული პოლიტიკური ძალები, დესტრუქციულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას იმ ფუნქციის შესრულება დაიწყო, რაც კონსტიტუციით მისი მოვალეობაა. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან აფილირებული არ იყო. მას ნეიტრალური პოზიცია ეკავა და ორივე მათგანი საკმაოდ ობიექტურად გააკრიტიკა.
„ის შექმნილი ვითარება, რაც ახლა საქართველოში არსებობს, მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება არაა. ამაში წვლილი ოპოზიციასაც მიუძღვის. უკვე ორი წელია ეს დაპირისპირება გრძელდება და არანაირი შედეგი არც ოპოზიციისთვის და არც ხელისუფლებისთვის არ მოაქვს. ეს დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ პრეზიდენტს აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ნაწილში, როცა ორივე მათგანს აკრიტიკებს. ის, რომ ხელისუფლება მოზომილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, ამაში ვეთანხმები, რადგან გაუთვალისწინებელ განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ინტერპრეტაციები მოჰყვება და თან თავისას ამატებს, ცდილობს, რომ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს კი ცუდ სიტუაციას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც ქმნის. დეტალებში გარკვევის და ჩახედვის დრო ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს არ აქვს. ამიტომ პრეზიდენტმა ორივე მხარეს რაც მოუწოდა, რომ სიძულვილის ენა რაღაცნაირად შემცირდეს, სწორია. კამათი უნდა იყოს და ოპოზიციასაც კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის, რაც 30 წლის განმავლობაში გრძელდება - იარლიყების მიკერება და მცდელობა იმის, რომ რადიკალური ქმედებებით პირად საწადელს მიაღწიონ. ამიტომ ვთვლი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა კარგი იყო და სწორი აქცენტები ჰქონდა გაკეთებული“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთს და მნიშვნელოვან რაღაცას უკვე 10 წელია ვერ მიხვდა, რომ ქართული საზოგადოება გაიზარდა. ამიტომ მისი მანიპულირება უკვე ძალიან ჭირს. ასევე ვერ მიხვდა იმას, რომ ქართველი ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს უკრაინასთან დაკავშირებით პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის ვერ გამოიყენებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სწორია, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება და შეწყალება ქვეყნის შიგნით საზოგადოებას შორის პოლარიზებას კიდევ უფრო გაზრდის.
„ის, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ახალგაზრდები გარეთ გამოვიდნენ, არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდათ, ან მიაჩნიათ, რომ ის უდანაშაულოა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა უკრაინის მხარდამჭერი პროტესტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ, კრახით სრულდება. მოსახლეობა გაიზარდა და სწორად თქვა პრეზიდენტმა, რომ უფრო მამაცები და ჭკვიანები არიან. ამიტომ რაღაცა კონსენსუსი ამ სიტუაციაში უნდა მოინახოს, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს და ამაში პრეზიდენტს სრულიად ვეთანხმები“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.