ევროპა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, გამალებით ამუშავებს გეგმას, თუ როგორ უნდა გახდეს 2030 წლამდე ევროპა რუსული საწვავისგან დამოუკიდებელი. ეს ურთულესი მისია ევროპულმა კომისიამ იკისრა და გასულ კვირას შესაბამისი გეგმაც წარადგინა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზზე დამოკიდებულების შემცირება უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება. წარმოდგენილი გეგმა გულისხმობს ევროკავშირის მოთხოვნის შემცირებას რუსეთის გაზის 2/3-ზე უკვე მიმდინარე წლიდან.
„ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
წარმოდგენილი გეგმის თანახმად, ევროკომისია, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90%-ით ყოველი წლის 1-ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული გეგმების განხილვა კი, რამდენიმე დღეში, საფრანგეთში დაგეგმილ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე იგეგმება.
ევროკავშირის დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე რუსეთისადმი დაახლოებით 40%-ს შეადგენს, ნავთობის მიწოდება - 27%-ს, ნახშირის - 46%-ს.
ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. ეს გარდამავალი პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმაო დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ამერიკამ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯით ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი პუტინის რეჟიმს. არსებული ინფორმაციით, გაზის ფასის მზარდი დინამიკის მიუხედავად, აღნიშნულ ნაბიჯს აშშ-ში ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. მანამ პოლიტიკოსები ალტერნატიული გზების ძიებაში არიან, ნავთობის ფასი ყოველდღიურად იზრდება. საერთაშორისო ფასის მიხედვით, ის 5%-ზე მეტით გაიზარდა და ამჟამად ბარელის ფასი 130$-ს შეადგენს.
ამასთან ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია.
საპასუხოდ რუსეთი გერმანიაში თავისი მთავარი გაზსადენის დახურვით იმუქრება. ამის შესახებ ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ნოვაკი აცხადებს, მისი თქმით, ნავთობის ემბარგომ შესაძლოა, მოსკოვის შურისძიება გამოიწვიოს. შესაბამისად, კი რუსული ნავთობის უარყოფა გლობალურ ბაზარზე კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, რაც ბარელზე ფასს გააორმაგებას და 300 დოლარამდე გაზრდის.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნავთობპროდუქტებზე ისტორიულად მაღალი ფასი ფიქსირდება, რაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო მოიმატებს და სამომავლო პროგნოზი არცთუ საიმედოა.
ვანო მთვრალაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ომიდან გამომდინარე კატასტროფულად მოიმატა საწვავის ფასმა. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ნავთობზე ფასები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. დღეის მდგომარეობით გვაქვს სურათი, როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი 90-95 დოლარიდან 130 დოლარამდე ავიდა და ეს ბოლო ნიშნულიც არ არის. სამწუხაროდ, მოლოდინები კიდევ უფრო პესიმისტურია. შეერთებული შტატები უარს ამბობს რუსული ნავთობის იმპორტზე, რუსული ნავთობის ხვედრითი წილი შტატების იმპორტის სტრუქტურაში არის 8% და ყოველდღიურად ეს არის 680 ათას ბარელამდე.
ევროპაში რამდენი პროცენტია რუსული ნავთობის მოხმარების წილი?
- დაახლოებით ეს არის 4 მილიონ ბარელამდე დღე-ღამის განმავლობაში, რასაც რუსეთი ევროპას აძლევს. ეს არის ნედლი ნავთობი და დიზელის საწვავი, რაც სრული მოხმარების 20-30%-მდე ადის. დიდი ბრიტანეთი ასევე უერთდება ამ პროცესს. შესაძლოა, ამან ჯაჭვური ხასიათიც მიიღოს და კიდევ ბევრი ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში შემდეგი მოცემულიბაა: პანდემიის შემდგომ, წლის დასაწყისიდან სახეზე გვქონდა ეკონომიკის აღდგენის პროცესი, მზარდი იყო ნავთობზე მოთხოვნილება. ამას ემატეოდა ის, რომ „ოპეკი+“- მა შეამცირა ნავთობის წარმოება. ოპეკი მიყვება იმ გრაფიკს, რაც მან შეადგინა, ყოველწლიურად დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით ზრდის წარმოებას. ამ ფონზე, როდესაც ნავთობზე მოთხოვნილება არის მზარდი, „ოპეკი+“ არ ზრდის წარმოებას და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და მომპოვებელი ქვეყანა რუსეთი, რომელიც არის სიდიდით მეორე, წყდება მიწოდების ჯაჭვი და ეს იწვევს იმ პროცესებს, რასაც ჩვენ ვხედავთ - ფასები კატასტროფულად იზრდება. ისტორიულად, არასდროს არ ყოფილა, რომ დროის ასეთ მოკლე ინტერვალში ასეთი დინამიური და ასეთი მასშტაბური ზრდა დაფიქსირებულიყო. ამიტომაც, სამომავლო პროგნოზიც არ არის ოპტიმისტური, ეს არის ამ ომის ფასი. ფასები იზრდება შეერთებულ შტატებშიც და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული.
ბუნებრივია, გარდა რუსეთისა პრობლემები ექმნება მეორე მხარესაც, რა ზარალი მიადგება სანქციებში ჩართულ ქვეყნებს?
- ზარალი ეს არის გაძვირებული ნავთობი და შესაბამისად - ინფლაცია. იგივე ხდება საქართველოშიც. ვხედავთ ნავთობზე ფასების დინამიურ ზრდას და როგორც უკვე ვთქვით, ეს პროცესი არ შეჩერდება. იგივე ხდება ჩვენს ბაზარზეც. ამ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება 30 ერთეულით. კერძოდ, 24 თებერვალს ის შეადგენდა 3,0162 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 3,3189 ერთეულს. შესაბამისად, საერთაშორისო ფასის მატება და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში განაპირობებს ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას.
მსგავსი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით იყო 2008 წლის მაისის თვეში. თუმცა იმ პერიოდთან შედარებით, დღეს არსებული მაღალი ფასი საწვავზე განპირობებულია, პირველ რიგში, ლარის გაცვლითი კურსის სხვაობით (კერძოდ, 2008 წლის მაისის თვეში ის შეადგენდა საშუალოდ 1,45 ერთეულს) და ასევე საწვავზე გაორმაგებული აქციზის გადასახადით. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა აქტიურად მუშაობს ალტერნატიული გზების ძიებაზე, რა არის ეს ალტერნატივა?
- რაც შეეხება ალტერნატიულ გზებს, ამერიკისთვის არის ვენესუელა. წლების განმავლობაში იქ ბევრი ამერიკული კომპანია ოპერირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. ვენესეუელა იყო ნავთობის წარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და დღეს მხოლოდ 800 ათას ბარელ ნავთობს აწარმოებს.
მაგრამ, ეს ხომ დროში გაწელილი პროცესია?
- რა თქმა უნდა, ასე სწრაფად ვერ ჩანაცვლდება, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურად მიდის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვენესუელა არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკისთვის მეორე ვარიანტია, რომ საუდის არაბეთმა გაზარდოს წარმოება. მესამე ვარიანტად განიხილება ირანის დაბრუნება სანავთობო ბაზარზე, აქ შეასაძლოა მოხდეს შეთანხმება ბირთვულ პროგრამაზე და ირანი ისევ გამოვიდეს სანავთობე ბაზარზე. ასევე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრი ქვეყნები ხსნიან სტრატეგიულ მარაგებს, მათ თავიანთი მარაგებიდან უნდათ 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არის დროში გაწელილი პროცესი. ბრიტანეთში რუსული ნავთობის იმპორტი არის სადღაც 15%-მდე. ამიტომ, ევროპისთვის ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია.