უკრაინაში მიმდინარე სამამულო ომი ახალ, რიგით მესამე ფაზაში შევიდა. დაპირისპირების პირველ დღეებში უკრაინული მხარე გონს მოდიოდა და სამხედრო პოტენციალის სრულ მობილიზაციას ახდენდა. მეორე ფაზაში, პუტინის მეომრებმა მსხვილ ქალაქებს შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად რიგით მესამე და ალბათ, გადამწყვეტი „რაუნდი“ იწყება, ოღონდ რუსების საბრძოლო ტაქტიკა მკვეთრად შეიცვალა - მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებს სასტიკად ბომბავენ და ყველაფერს, ცოცხალსა თუ მკვდარს მიწასთან ასწორებენ.
ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, პუტინს უკრაინაზე საბოლოო გამარჯვების უფრო ნაკლებად სჯერა, ამიტომ მთელი მონდომება ამ ქვეყნის ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების სრულ განადგურება-გაჩანაგებაზე გადაიტანა. ამ „ხერხით“ ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა სურს - წარმატების შემთხვევაში უკრაინას კიდევ უფრო დააჩოქებს, მარცხი თუ განიცადა - დასავლეთის ქვეყნების გარკვეულ დონეზე ეკონომიკურად დასუსტებას ხელს შეუწყობს, რადგან უკრაინას გავერანებული ქალაქების აღდგენაში აქტიურად დაეხმარებიან.
თავად პუტინს საქმე კარგად არ მისდის: უახლოესი გარემოცვა თანდათან განუდგა, თანამემამულე ოლიგარქები უკმაყოფილობას აღარ მალავენ, დღითიდღე უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ანტიმილიტარისტული განწყობით „ავადდება“. შორს არ არის ის დრო, როდესაც რუსეთის ქალაქებში, „ომონი“ თუ „მილიცია - პოლიცია“ მოსახლეობის დაკავებასა და დარბევას ფიზიკურად ვეღარ შეძლებს.
11 მარტს, აშშ-ის დაზვერვამ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ უახლოეს 72 საათში რუსეთში პუტინის ფიზიკური ლიკვიდაცია განხორციელდება. ვინ ჩაიდენს ამ „გმირობას“, სად და როგორ, ამაზე ამერიკული მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს. წამზომი უკვე ჩართულია და მისი „შედეგი“ მალე გვეცოდინება.
ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე, პუტინის მოსალოდნელი გარდაცვალების შესახებ ალა პუგაჩოვას შეეკითხნენ და მისი პასუხიც ქვესათაურად დიდი ასოებით გამოიტანეს:
„მალე დაგაწყობენ გულზე „Миллион Алых Роз“-ს და ამის შემდეგ რუსეთში აუცილებლად დავბრუნდები“.
ამ ნათქვამის უტყუარობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, შეიძლება გავრცელებული „ფეიქიც“ გახლავთ.
ფაქტი ერთია, რუსეთს უკრაინაში ძალიან გაუჭირდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის შვიდ მარტს, გავლენიანმა გამოცემამ „Wall Street Journal“-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი სირიაში მოხალისეების დაქირავებას იწყებდა. მეორე დღეს ანალოგიური ინფორმაცია ბაშირ ასადის ოპოზიციაში მყოფმა გამოცემამ „DeirEzzor24“-მა გამოაქვეყნა, ოღონდ ამ საკითხში მეტი სიცხადე შეიტანა. სამთავრობო სირიული ქვედანაყოფების დაქირავების გარდა, რუსეთი უკრაინის ომში ტერორისტული ორგანიზაცია „ISIS“- ის მეომრების ჩაბმასაც გეგმავს. ამ „მოხალისეთა“ ნაწილს კიევის აღების ოპერაციაში ჩააბამენ, მეორე ნაწილს კი ე.წ. „საპოლიციო“ ფუნქციას მიანიჭებენ, ანუ რუსეთის ჯარის მიერ ამა თუ იმ უკრაინული დასახლებული პუნქტის აღების შემდეგ, იქ წესრიგს სირიული კონტინგენტი დაიცავს.
„მოხალისეების“ შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, შემდეგ ამავე საკითხს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შეეხო, ბოლოს კი სპეციალურ პრესკონფერენციაზე დმიტრი პესკოვმა ისაუბრა. პესკოვთან ერთი საინტერესო „კაზუსიც“ დაფიქსირდა. „კაპიტალისტური ქვეყნების“ ჟურნალისტებმა პუტინის პრეს-მდივანს შემდეგი კითხვა დაუსვეს: - როგორ და რა გზებით უკავშირდებიან უკრაინაში საბრძოლველად გამზადებული სირიელი მებრძოლები რუსულ მხარეს? პესკოვის პასუხი „პროზაული“ გახლდათ: მთავარია მონდომება იყოს და საჭირო ადამიანები ერთმანეთს იოლად მოძებნიანო.
თავად დმიტრი პესკოვსა და მის ოჯახს სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ აქვს. აშშ-მა „ოხუნჯ“ პრესმდივანს, მის ამჟამინდელ მეუღლე ტატიანა ნავკას და შვილებს - ნიკოლაისა და ლიზას უმკაცრესი სანქციები დაუწესა. ეს ის ლიზაა, რომელსაც „ინსტაგრამზე“ ორასი ათასი გამომწერი ჰყავს და რამდენიმე დღის წინ ამ სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა - „არა ომს!“, თუმცა მოწოდება სულ რაღაც ერთ საათში უგზო-უკვლოდ გააქრო.
რუსეთი ახლო აღმოსავლეთელ „მოხალისეებს“ თავს უყრის, უკრაინაში კი პუტინის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოდან ჩასული ოცი ათასამდე მეომარი იბრძვის. მათ შორის გახლავთ ჩვენი პლანეტის საუკეთესო სნაიპერად მონათლული, 40 წლის კანადელი „ვოლი“. რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში არის ჩაბმული ისრაელის სპეცრაზმის ვეტერან მებრძოლთა ელიტური შენაერთიც.
ყველას აინტერესებს გაჩაღებული ომის დღეებში სად იმყოფება ვლადიმირ პუტინის ოჯახი. მისი პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოფიციალურად ცნობილია, რომ პუტინს ლუდმილა შკრებნევასთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი, 36 წლის მარია და 35 წლის კატერინა. ამჟამად მის გვერდით ახლო წარსულში ცნობილი მხატვრული ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაა, რომელთანაც რუსეთის ლიდერს ოთხი შვილი - ტყუპი გოგონები და ორი ვაჟი ჰყავს.
გამოცემა „Page Six“-ის მტკიცებით, კაბაევა შვილებთან ერთად ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება.
„მიუხედავად იმისა, რომ პუტინი თავს ესხმის უკრაინას, თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და ქმნის ლტოლვილთა კრიზისს, მისი ოჯახი იმალება ძალიან იზოლირებულ და ძალიან უსაფრთხო სივრცეში, სადღაც შვეიცარიაში - ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის. ყველა ბავშვს აქვს შვეიცარიული პასპორტი. კაბაევაც შვეიცარიის მოქალაქეა“, - ასეთია გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფი პუტინის უმთავრესი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გამოვიდა მოწოდებით, რომ 13 მარტს, კვირას, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართოს.
„შეშლილი მანიაკი პუტინი ყველაზე სწრაფად რუსი ხალხის მიერ შეჩერდება, თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოვლენ“, - ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.
საპროტესტო მონიტორინგის ჯგუფმა „OVD Info“-მ ახალი „სტატისტიკა“ გაავრცელა - 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, რუსეთში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე უკვე 14 ათასი ადამიანია დაკავებული.
ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ცნობილი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის მსგავსად ქვეყანა პოპულარულმა მსახიობმა, კომიკოსმა და ტელეწამყვანმა ივან ურგანტმაც დატოვა. ის ოჯახთან ერთად ისრაელში იმყოფება და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ახალი მიმართვა გავრცელდა. ცნობილი რუსულენოვანი მწერლები რუსულად მოსაუბრე ადამიანებს უკრაინაში მიმდინარე ომზე სიმართლის თქმისა და სწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებენ. ხელმომწერებს შორის სხვებთან ერთად არიან სვეტლანა ალექსიევიჩი, ვლადიმირ სოროკინი, ლუდმილა ულიცკაია, დმიტრი გლუხოვსკი და ბორის აკუნინი.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რუსმა მოქალაქეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ სრული სიმართლე გაიგონ. სიმართლე უკრაინელების წამებისა და დანაკარგების შესახებ; იმ მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც მიზანში ამოიღეს და დახოცეს; იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ევროპის მთელ კონტინენტს და, შესაძლოა, მთელ კაცობრიობასაც ემუქრება - თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს ბირთვული საფრთხეა.
თქვენ რუსულად ლაპარაკობთ. ეს მნიშვნელოვანია. გთხოვთ, კომუნიკაციის ყველა შესაძლო გზა გამოიყენეთ: ტელეფონები, მესენჯერი, ელ-ფოსტა. ხმა მიაწვდინეთ იმ ხალხს, ვისაც იცნობთ. მათაც, ვისაც არ იცნობთ. სიმართლე უთხარით. თუ ვლადიმირ პუტინს არც ესმის და ვერც ხედავს, რუსებმა შეიძლება მათ მოუსმინონ, ვინც მათ ენაზე საუბრობს. ეს დანაშაულებრივი ომი უნდა დასრულდეს“.