თბილისში მიმდინარე პროცესებს ხელისუფლებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი ძალის ნაწილმა ძალადობა დაგმო, ხოლო მეორე ნაწილმა ყურადღება დაგეგმილ პროვოკაციაზე გაამახვილა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, უმცირესობებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ, მაგრამ ისინი თავად ითხოვენ, რომ ყურადღება მიიპყრონ და საკუთარი თავის რეკლამა გააკეთონ.
„სადღაც წავიდნენ, შემდეგ ისევ უკან დაბრუნდებიან, რომ ისევ ვითარება დაძაბონ და პროვოცირება მოახდინონ. მაგათ და მათ დამკვეთებს, რომლებიც მათ ფულს უხდიან და აქეზებენ, სწორედ ეგ უნდათ. მაგათ თავმყოვარეობა არ აქვთ და ბევრ რამეს გაყიდიან - სხეულსაც და თავმოყვარეობსაც. მათ სიკეთე არც ქვეყნისთვის მოაქვთ და არც ოჯახისთვის. პროცესები მართულია და სამართალდამცველი ორგანოების მიერ უნდა იყოს გამოკვლეული - ეს ადამიანები ვისგან ფინანსდებიან, ვის დავალებებს ასრულებენ და ეს პროვოკაციები რატომ ხდება. ძალადობის მომხრე არ ვარ და ადამიანებს სხვისი უფლებების შელახვისკენ არ მოვუწოდებ“, - განაცხადა საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, დღეს, პოლიციამ ძალიან საგმირო საქმე გააკეთა.
„წლების განმავლობაში, ისეთ პოლიციას ვხედავდით, რომელიც თავის ხალხს ხელკეტებით, გაზის ბალონებით და რეზინის ტყვიებით უსწორდებოდა. შემდეგ, მიცვალებულებს სახურავზე აწყობდნენ. დღეს, პოლიციამ ის შეძლო, რომ მანიფესტაციის ორგანიზატორებს, მათ დამქაშებს თუ დამცველებს, ჩაატარებინა აქცია და როცა დაინახეს, რომ მათ ვეღარ იცავდნენ, ავტობუსებში ჩასვეს და ტერიტორიიდან მშვიდობიანად გაიყვანეს. უმცირესობა ათას სისულელს ამბობს. მათი ლიდერი - ვანო მერაბიშვილია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს არბევდა, კლავდა და ხოცავდა. გავახსენოთ - გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და ეს ადამიანები დაუსჯელობის სინდრომზე გვესაუბრებიან?!“, - აღნიშნა საგანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ საგანელიძისგან განსხვავებით, მთელი დღის განმავლობაში, მმართველი ძალის სხვა წევრები ფრთხილ განცხადებებს აკეთებდნენ და სამართალდამცავთა მიერ გაწეულ სამსახურზე აპელირებდნენ.
გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა და არ დაუშვა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.
მისი თქმით, ამ აქციის წინააღმდეგი ძალიან ბევრი ადამიანი იყო.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ადამიანებს უფლება აქვთ თავისუფლად შეიკრიბონ და თავისი ნება გამოხატონ. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველოყოს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც მანამ შევასრულებთ, სანამ ხელისუფლებაში ვართ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
თინა ხიდაშელის შეფასებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეიძლება ცივილიზებული პოლიცია გყავდეს, რომელიც იმას ახერხებს, რომ ერთის მხრივ, იყოს ცივილიზებული, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარ მოქალაქეებს მძიმე ანგარიშსწორება თავიდან ააცილოს.
მისი თქმით, რა სპეკულაციებიც არ უნდა გაჟღერდეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფაქტს, ყველა აბსოლიტურად გმობს და ემიჯნება.
„ეს მიუღებელია. არ შეიძლება, ასეთი რამ ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ხდებოდეს. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია ჩაწყნარდება, რეაგირება მოხდება. ვითარება ძალიან მწვავეა, ეს ადამიანები ძალიან აგრესიულები არიან და ყველაფერს თავისი დრო აქვს. სამართალდამცავების ამოცანაა, ძალადობის ესკალაცია არ დაუშვან. ეს ყველაფერი დიდი კონტრასტია იმასთან შედარებით, რასაც წინა წლებში ვხედავდით“, - დასძენს ხიდაშელი.
იქედან გამომდინარე, რომ მმართველი ძალიდან რადიკალური განცხადება მხოლოდ დავით საგანელიძემ გააკეთა, for.ge-ის ინფორმაციით, თანაგუნდელებმა უმრავლესობის ლიდერი „დატუქსეს“. საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ მსგავსი ძალადობა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს და ძალადობის წახალისება არ უნდა მოხდეს.
პოლიტიკოსების გარდა, თბილისში მიმდინარე პროცესები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩებმა შეაფასეს. არასამთავრობეის განცხადებით, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაარღვია. ხოლო, დიპლომატების შეფასებით, დღევანდელი ძალადობით ისინი გაოგნებულნი არიან და დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.