„ასე არაა, რომ ჩვენ მორიგი მსხვერპლი ვართ, რომელიც რუსეთს ხელიდან უნდა გამოსტაცონ, საქართველომ უამრავი სამუშაო გასწია და წლების განმავლობაში იხვეჭდა თავის დასავლურ პროფილს“

„ასე არაა, რომ ჩვენ მორიგი მსხვერპლი ვართ, რომელიც რუსეთს ხელიდან უნდა გამოსტაცონ, საქართველომ უამრავი სამუშაო გასწია და წლების განმავლობაში იხვეჭდა თავის დასავლურ პროფილს“

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეტევის განხორციელებისა და ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიო დღის წესრიგი და გეოპოლიტიკური სურათი რადიკალურად შეიცვალა. დღეს, ისტორიაში პირველად უკრაინასთან ერთად, საქართველოს ყველაზე სერიოზული შანსი გაუჩნდა ევროსტრუქტურტურებში ინგეტრაციისა. შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირში წევრი სახელმწიფოები გახდნენ, უფრო ხელშესახები და რეალური გახდა.

მსოფლიო ლიდერების განცხადებებს და მოწოდებებს, რომ ქვეყნებს, რომელიც რუსეთის თავდასხმის ობიექტებად იქცნენ, ევროსტრუქტურებში გასაწევრიანებლად დასავლეთმა კარი უფრო ფართოდ გაუღოს, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში ერთგვარ პრევენციად აფასებენ იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში იგივე არ განმეორედეს, რაც ახლახანს უკრაინასთან დაკავშირებით ვიხილეთ.

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ს ჰელსინკის კომისია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს „არაწევრი მთავარი მოკავშირის“ სტატუსი (MNNA) მიანიჭოს. ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებს“, - წერს კომისია.

კომისია წერილში ასევე რეკომენდაციას აძლევს, რომ ადმინისტრაციამ განიხილოს სტატუსის გავრცელება ნატოს სხვა არაწევრებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე: ფინეთი, მოლდოვა და შვედეთი. წერილის თანახმად, ქვეყნის MNNA სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს. ნატოს წევრობისგან განსხვავებით, MNNA-ის სტატუსი არ შეიცავს რაიმე ორმხრივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს საქართველოს, თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების რეალური შანსი გაუჩნდა. მისი თქმით, დასავლეთი ხედავს, რომ ალიანსში ინტეგრაცის კუთხით, საქართველომ და უკრაინამ ბევრი რამ გააკეთეს.

„სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პირდაპირ აუცილებლობით კარნახობს დასავლეთს, რომ სტრატეგიას აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გადახედოს. მგონია, რომ ეს უფრო და უფრო ღრმად ესმით. ბიუროკრატიული მიდგომა ამ შემთხვევაში, არასწორი სტრატეგიის შედეგია ევროკავშირში. იმედია, ასეთ პოზიციას არ დაიჭერს ნატო. ალბათ, იმასაც ითვალისწინებს დასავლეთი, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ არ გავხდეთ თავდასხმის მსხვერპლი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ასე არაა, რომ ჩვენ მორიგი მსხვერპლი ვართ, რომელიც რუსეთს ხელიდან უნდა გამოსტაცონ, ასე ფიქრობს ზოგიერთი.

საუბარია იმაზე, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა დასავლური ინტეგრაციის გზაზე. უამრავი სამუშაო გასწია და წლების განმავლობაში იხვეჭდა თავის დასავლურ პროფილს. იგივეს ამბობენ უკრაინაზე და მოლდოვაზე. ახლა უკრაინა რომ 90-იანი წლების მდგომარებაში იყოს, არავის თავში არ მოუვიდოდა მისი ევროკავშირში გაწევრიანება, ან ნატო-ს წევრობაზე, ვინც არ უნდა დასხმოდა თავს. ჩვენ ვართ ქვეყნები, სადაც საზოგადოებამ დაადასტურა, რომ ჩვენი სურვილი ინტეგრაციაა ცივილიზებულ დასავლეთში.

ამან განაპირობა ის, რომ საქართველოსაც ახლა უყურებს როგორც შესაძლო, რეალურ კანდიდატს. მოვლენები როგორ განვითარდება კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ დღეს ჩვენ მართლაც ყველაზე ახლოს ვდგავართ ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს დაახლოება ევროსტრუქტურებში ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს დახმარება საქართველოსთვის გაიზარდოს.

„არ ვართ ახლოს, მაგრამ საქრთველო-ნატო, საქართველო-ევროკავშირი, ამ მიმართულებით თანამშრომლობა შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს. შესაძლებელია, რომ საქრთველომ მეტი დამხარება მიიღოს ამერიკისგან და ნატო-სგან. თუმცა, ჯერჯერობით ეს არ ეხება ევროპას. აშშ არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. თუმცა, ფაქტია, რომ შესაძლებელია, ამერიკის მხრიდან დახმარება გაძლიერდეს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ვართ პოტენციური საფრთხის ქვეშ. რუსეთმა გამოავლინა თავისი თავი და ექსპერტულ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ უკრაინის შემდეგ ჩვენ ვიყოს თავდასხმის ობიექტი. რუსეთი არ დაკმაყოფილდება მხოლოდ აფხაზეთით და ცხინვალით, როგორც არ დაკმაყოფილდა უკრაინაში ყირიმის ოკუპაციით და ირიბი აგრესიით დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში. ამიტომ, საფრთხე, რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა, კონკრეტული მექანიზმები არ არის შემუშავებული. საფრთხეები, რაც საქართველოსთან დაკავშრებით არსებობს, გათალისწინებულია დასავლეთში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.