„პროცედურები ბიუროკრატიისთვის კი არაა მოგონილი, არამედ - ევროკავშირში არ მოხვდეს ქვეყანა, რომელიც მზად არ არის ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც ევალება კანდიდატ ქვეყანას“

„პროცედურები ბიუროკრატიისთვის კი არაა მოგონილი, არამედ - ევროკავშირში არ მოხვდეს ქვეყანა, რომელიც მზად არ არის ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც ევალება კანდიდატ ქვეყანას“

მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად განაცახდი შეიტანა. იგივე გადაწყვეტილება საქართველომ და მოლდოვამაც მიიღეს, თუმცა ევროკავშირის წევრებს შორის აზთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა კავშირში უკრაინის მიღება ამ ეტაპზე. ამავე დროს ისინი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან იმაზეც, თუ როგორ შეამცირონ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება. რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას, წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს. ეს კი სავარაუდოდ, 1 წელს მაინც გაგრძელდება.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ჩვენს მოსახლეობას ფუჭი იმედები არ უნდა მივცეთ და რეალურად უნდა ავუხსნათ ევროკავშირის წვერი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რამდენი დრო სჭირდება და შემდეგ თუ ამ სტატუს მივიღებთ, კიდევ დამატებით რა პროცედურები უნდა გავიაროთ. მათი თქმით, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, რადგანაც თუკი ევროკავშირის მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებთ, შესაძლოა, ეს ლოდინი თურქეთის მსგავსად წლების განამვლობაში გაგრძელდეს. ამიტომ სჯობს ჩვენმა მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ და მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება ლოდინი მოგვიწიოს.

 „შეგვიძლია დღეს ევროკავშირში სწრაფად მიღების პროცედურა დავიწყოთ ქვეყნისთვის, რომელიც ომშია ჩართული? არა მგონია“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დასძინა: - „კარი ჩავკეტოთ და უკრაინას ვუთხრათ: „არასოდეს“? - ეს უსამართლო იქნებოდა“.

მისივე თქმით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპული ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, კომისია ამ ქვეყნის მოთხოვნებს განხილავს და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება მიღებული.

„უკრაინა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვინდა ასევე მოლდოვისა და საქართველოს განცხადებები ევროპულმა კომისიამ განიხილოს და ვნახოთ, რამდენად მისაღები იქნება ჩვენი ხელშეკრულების ჩარჩოების თვალსაზრისით“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„არ არსებობს (ევროკავშირში) დაჩქარებული წესით მიღება“, - განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე, - „მინდა ყურადღება დავუთმო იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დღეს საღამოს, ხვალ. ევროკავშირში უკრაინის მიღება კი დიდი ხნის საქმეა, თუ საერთოდ მოხდა ეს“, - დასძინა მან.

„ჩემი აზრით, საქმეს შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ევროპის კავშირშია უკრაინის მომავალი, თან არ უნდა დავივიწყოთ მოლდოვა და საქართველო“, - თქვა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ქსავიე ბეტელმა.

ამავე დროს მან თქვა, რომ უკრაინას ყალბი მოლოდინი არ უნდა გავუჩინოთ.

„უკრაინას არ უნდა გავუჩინოთ ისეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი ხვალვე იწყება“, - თქვა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

მაგრამ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნები, უკრაინისთვის მეტი დახმარების აღმოჩენას მოითხოვენ.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ვაჩვენოთ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კარი ღიაა... რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყნების ოჯახს, გვინდა მათი მიღება“, - თქვა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიაის კარისინიმ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირი იქცევა ისე, როგორც მათ ინტერესებში შედის. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ჩვენ არ შეგვწევს უნარი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ. ამიტომ მაკრონს ვუსწორებთ ევროპული პოლიტიკა როგორ ჩამოაყალიბოს.

„რა თქმა უნდა, არსად არ არსებობს ცნება - ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა. ევროპელები ამბობენ, რომ რაც არ არსებობს, უკრაინას, საქარველოს და მოლდოვას ვერ შევთავაზებთ. ამ ქვეყნებს ვთავაზობთ, რომ თავისი პროცედურების დაცვით, კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისანიჭებლად ვიმუშაოთ. არ მესმის, რატომ უნდა იყოს ეს გამაღიზიანებელი და რაღაცა სპეკულაციების საგანი? ვიღაცამ სადღაცას თუ თქვა, რომ ეს ქვეყნები ან თუნდაც უკრაინა დაჩქარებული წესით უნდა მივიღოთო, ეს იმ ერთი დეპუტატის პირადი აზრია და არა მთელი ევროკავშირის.

ამიტომ მგონი, რომ ყველაფერი ევროკავშირისთვის საჭიროდ მიდის. რაღაცა ფორმით ახლა მთავარია მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ. თუმცა ეს დროში გაიწელება. არ შეიძლება საზოგადოებას ფუჭი მოლოდინი შევუქმნათ, რომ ხვალ ან ზეგ ევროკავშირში მიგვიღებენ. უკეთეს შემთხვევაში კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 3 წელში მივიღებთ. ღმერთმა ქნას 6 თვეში მივიღოთ, ამას რა სჯობია. ამიტომ სჯობს ჩვენი მოსახლეობა რეალური დროისთვის შევამზადოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, პრორუსი ძალები ვიზალიბერალიზაციის მიღებამდეც ამას ამბობდნენ, რომ აბა, სად არის და რატომ იგვიანებს? ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით ისევ ტემპერატურას ავწევთ, კვლავ პრორუსულ ძალებს გავაძლიერებთ. ისინიც ჩასაფრებულები კვლავ იმის ძახილს დაიწყებენ - აბა, სად არის ევროკავშირი?! ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პირიქით, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს.

„ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არაფერი ევროკავშირზე. როგორც კი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირის წვერი გავხდეთ. იქნება ეს სასამართლო რეფორმა, თუ სხვა ინსტიტუტების განვითარება. ახლა უნიკალური ნახტომი გვაქვს გასაკეთებელი და ჯობია შარლ მიშელის ხელშეკრულებას დავუბრუნდეთ და ევროკავშირს ვაჩვენოთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და ევროპული კვლევის ფონდის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს სამიტზე საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით ძალიან მშრალი ჩანაწერი გააკეთეს. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უბრალოდ ევროკავშირს მიმართავენ, რათა ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით დასკვნა შეიმუშაონ.

„ეს იქნება რეკომენდაცია, საქართველოს და მოლდოვას წევრი ქვეყნის სტატუსი უნდა მიენიჭოს თუ არა. ეს როდის მოხდება არც ეს არ წერია. როგორც წესი, მას შემდეგ, რაც განაცხადს ევროკომისია განსახილველად გადასცემს, შესაძლოა, ერთი წელიც კი იყოს საჭირო. ევროკომისია მერე ქვეყანას მიმართავს, კითხვებს გაუგზავნის, შესაძლოა, საქართველოში მისიაც გამოაგზავნონ. საკმაოდ დიდი ხნის პროცედურაა საჭირო. მით უმეტეს 3 ქვეყნის შესახებ უნდა დაწერონ რეკომენდაცია და ეს დროში კიდევ უფრო გაიწელება. უკრაინაში ომი ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე და დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. ეს მყისიერად არ ხდება, რადგანაც ძალიან დიდი პროცედურებია საჭირო. ეს პროცედურა ბიუროკრატიისთვის კი არ არის მოგონილი. ეს არის იმისთვის, რომ ევროკავშირში არ მოხვდეს ქვეყანა, რომელიც მზად არ არის, არ შეუძლია ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც წევრ ქვეყანას ევალება. ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რომ უკრაინას რადგანაც უჭირს, ამის გამო კანდიდატ ქვეყნად დაასახელონ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭეს, შემდეგ ევროკავშირის მხრიდან უფრო სერიოზული ანალიზი მოხდება. სანამ მოლაპარაკებები დაიწყება, მთლიანად ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას შეამოწმებენ და ევროკავშირის კანონმდებლობას შეადარებენ. გაარკვევენ, რა მიმართულებით და რა დარგში არის გარღვევები.

„როდესაც ჩვენთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნება, პროგრამას შეადგენენ და ევროკავშირის 35 თავიან კანონმდებლობას ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან ერთად დეტალურად შეამოწმებენ. ყველა თავთან დაკავშირებით ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ. ჩვენს ქვეყანას მოსთხოვენ, რომ ეს და ეს შეასრულოს. ხოლო ყოველ წელს ამ გავლილი თავების ანალიზი მოხდება - საკანონმდებლო თავის მიხედვით ჩვენმა ქვეყანამ სად, რა პროგრესი აჩვენა. ქვეყანამ ერთი თავი თუ დახურა და დააკმაყოფილა, მერე ისევ ახალ თავს ხსნიან. ასე ნელ-ნელა მიჰყვებიან და ეს ყველაფერი დროს მოითხოვს.

ამიტომ ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში მოხდება. ამას წლები სჭირდება. მაგალითად ხორვატიის შემთხვევაში დაახლოვებით 8 წელი მოუნდა. თურქეთი კანდიდატის სტატუსს უკვე ატარებს, მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანა დღემდე არაა. თურქეთმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნა 1987 წელს შეიტანა. კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო. მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო. იმის შემდეგ მოლაპარაკება ვერ დაამთავრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ამიტომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული და აქ ევროკავშირი არაფერ შუაშია“, - ამბობს გოგოლაშვილი for.ge-სთან.