ოცდაათამდე დაშავებული პირი, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციის თანამშრომლები - ასეთია რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგი. ამასთანავე, სერიოზული დარტყმა მიადგა ქვეყნის იმიჯს, რადგან ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ძალადობით დასრულდა.
რა თქმა უნდა, მომხდარის შემდეგ ისმის კითხვა - ვისი პასუხისმგებლობის საკითხია განვითარებული მოვლენები? უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრა.
„ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაარღვია. ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და გავრცელებული კადრების თანახმად, კორდონის გადალახვა კონტრდემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს. პოლიციამ სასულიერო პირების ჯგუფს (რომლებიც წარმოადგენდნენ კონტრდემონსტრანტებს) მისცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაზე შესვლის შესაძლებლობა, რა დროსაც ვეღარ მოხერხდა დამატებითი ნაკადის შეკავება. კონტრდემონსტრანტებმა აგრესიულად და მასობრივად დაიწყეს აქციის მონაწილეთა მიმართულებით გადაადგილება და მთლიანად დაიკავეს აქციისთვის გამოყოფილი სივრცე. აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილმა შეძლო ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება. ამ ეტაპიათვის შეგვიძლია გავაკეთოთ პირველადი შეფასება და განვაცხადოთ“, - ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა (GDI)“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“.
შეფასება გააკეთა უკვე სახალხო დამცველმაც, რომელმაც პასუხისმგებლობა სასულიერო პირებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა.
„მიუხედავად იმისა, საქართველოს შს სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, აქციის ორგანიზატორებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. ლგბტ უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაიყვანეს ადგილიდან“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებითაც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი. საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მათ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა მათ უპასუხა, რომ ეს ის პოლიციაა, რომელიც მართლაც ხალხს იცავდა და არა ნაციონალების პოლიცია, რომელიც პოლიციის სამმართველოს ეზოში „მიშა, მიშას“ სკანდირებდა.
„ასეთი პოლიცია თქვენი და თქვენი მეგობრების დროს იყო, როდესაც ცემაში კლავდით, ქუჩა-ქუჩა ათრევდით, შემდეგ, მაღაზიის თავზე შემოაწყობდით და, ნეტარი სახით გამობრძანდებოდით და თქვენს სიმართლეზე ქადაგებდით თქვენსა და არა ქართველი ხალხის სიმართლეზე. ეს დრო ნამდვილად დასრულდა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
აქციაზე წესრიგის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამაც დაუწუნა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი, თუ როგორ დაიგეგმა პოლიციის მოქმედება, ეს კრიტიკა რიგით პოლიციელებს არ ეხებათ, რადგან მათ მართლაც სცადეს, რომ ეს ძალადობა გაეჩერებინათ, თუმცა დაგეგმვა იყო ძალიან ცუდი. პოლიციას აქვს სრული სამართლებრივი უფლება და მხარდაჭერა ჩემგან, რომ ამ სამარცხვინო მოძალადებიის წინააღმდეგ, რომლებმაც დღეს ეს საშინელება ჩაიდინეს, ყველა ლეგიტიმური მეთოდი გამოიყენოს“, - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არასამთავრობოების იმ შეფასებას არ ეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის აქციაზე პოლიციამ წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყო. კობახიძის თქმით, პოლიციამ შეძლო სექსუალური უმცირესობებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ადამიანების განცალკევება.
„რომ არა პოლიციის ძალისხმევა, ავტობუსებით გაიყვანეს ხალხი, ბევრი ადამიანი დაშავდებოდა. რადგან ბევრად მეტი იყო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას აპროტესტებდნენ. ჩვენმა პოლიციამ კატეგორიული უარი თქვა ხელკეტებისა და მხუთავი გაზის გამოყენებაზე, რითიც ხასიათდებოდა პოლიციის ქმედება მთელი ამ წლების განმავლობში. შენიშვნაც იყო გაკეთებული ქალბატონი ჩერგოლეიშვილის მხრიდან, რომ პოლიცია მხოლოდ პერანგებით იყო. დიახაც არ იყო ხელკეტებით და პოლიციამ ხელებით მოახერხა ამ ორი მხარის დაშორება“, - ამბობს კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობასა და არაადექვატურ ქცევაზე ბევრი ისეთი ადამიანი გამოთქვამს აღშფოთებას, რომელიც ხმას არ იღებდა წინა ხელისუფლების დროს მართლაც მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სასტიკ ძალადობაზე. ყველას გვახსოვს, როგორ იქცეოდა პოლიცია 7 ნოემბერს, 26 მაისს, 15 ივნისს და ა.შ. დღეს სრულიად სხვა სურათი გვაქვს სახეზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აქციაზე ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური კითხვა ჩნდება - რა მოუვიდოდათ ლგბტ აქციის მონაწილეებს, პოლიციას ისინი გავეშებული ადამიანებისთვის დროულად რომ არ გამოერიდებინა და აქციის ადგილიდან რომ არ გაეყვანა? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ნათელია - ეს ადამიანები შესაძლოა ლინჩის წესით ყოფილიყვნენ ჩაქოლილები, რადგან ამ ოდენობის პოლიციის თანამშრომლებმა ძლივს შეძლეს მათი ადგილიდან გაყვანა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრწყინვალედ მიუშავა.
„იყო ადამიანების ორი ჯგუფი, რომელთაგან ერთი იყო ძალიან დიდი და პოლიციის მოვალეობა იყო ამ ორივე ჯგუფის უფლებების უზრუნველყოფა. ორივე იყო საპროტესტო გამოსვლა და პრინციპში, ორივე ჯგუფს აზრის გამოხატვის უფლება ჰქონდა. მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რა უნდა ექნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმაზე მეტი, რაც გააკეთა, როდესაც ის მცირე ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც იყო ადამიანების ძირითადი მასა, ისე გაარიდა შემთხვევის ადგილს, რომ მათგან პრაქტიკულად არავინ დაშავებულა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებენ, მაშინ ისიც უნდა თქვან, მეტი რა უნდა გაეკეთებინა პოლიციას. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულთა შორის დიდი ნაწილი პოლიციელები არიან, რადგან ისინი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ჩადგნენ და ცდილობდნენ, არავინ დაშავებულიყო.
„რა უნდა ექნათ, მცირე ჯგუფის სასარგებლოდ დიდი ჯგუფი დაერბიათ? ზოგადი, აბსტრაქტული რიტორიკით კი ნუ იქნებიან დაკავებულები, არამედ კონკრეტულად თქვან, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ქუჩაშია გამოსული, როგორ უნდა მოქცეულიყო პოლიცია? ესროლა, თუ რა უნდა გაეკეთებინა?“, - სხვამს კითხვას ხუხაშვილი.
უფლებადამცველი ნინა ხატისაკაცი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეკლარირებული განცხადება, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება იქნებოდა უზრუნველყოფილი, ვერ შესრულდა.
„უფრო მეტიც, იმ კადრებიდან, რაც გავრცელდა და რისი ნახვის საშუალებაც მქონდა, გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ არაადეკვატური რეაგირება არ ხდებოდა. იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო გამოყოფილი ავტომობილები, რომლებშიც ჩასვამდნენ და ადგილიდან გაიყვანდნენ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, მხოლოდ მოჩხუბრების გაშველება ხდებოდა და ეს ადამიანები თავის ქმედებებში თავისუფალნი რჩებოდნენ“, - აღნიშნავს ნინა ხატისკაცი.
მისი თქმით, პოლიციის ასეთი ქმედება ამ აგრესიული ადამიანებისთვის წამახალისებელიც შეიძლება აღმოჩნდეს და მომავალში მათგან უფრო აგრესიული ქმედებები მივიღოთ.