„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკები უკანონოდ არიან დაკავებულები“

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკები უკანონოდ არიან დაკავებულები“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც გაფლანგვისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საპროცესო გარიგების შემოთავაზების შემთხვევაშიც ამის კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებიან. ამის შესახებ განცხადება დღეს დაკავებულების ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა. მან ბრალდების არსსა და ბრალდებულების პოზიციების შესახებ ისაუბრა.

სოსო ბარათაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების სააგენტო, რომლის დამფუძნებელიც სამინისტროა.

ეს სააგენტო სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტებს ამზადებს და სააგენტოს 100% წილით შექმნილია შპს „მექანიზატორი“. ადვოკატი ამბობს, რომ 2012 წლის დეკემბერში დაახლოებით 50 მლნ ლარი სასოფლო-სამურნეო ტექნიკის, მათ შორის ტრაქტორების შესაძენად გამოიყო. ეს თანხა ჯერ სააგენტოს გადაერიცხა, ხოლო შემდეგ შპს „მექანიზატორის“ საწესდებო კაპიტალში შევიდა და შემდეგ დაიწყო შერჩევის პროცესი. ადვოკატის თქმით, პირველ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სპეციფიკაციების დამდგენი ჯგუფი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები, ასევე მეცნიერები შევიდნენ. ამ კომისიის მიზანი, იურისტის განმარტებით, იყო არა კონკრეტული მარკებისა და ტრაქტორების თუ სხვა ტექნიკის შერჩევა, არამედ პარამეტრების დადგენა და მან ეს პარამეტრები დაადგინა.

„ერთ-ერთი პოზიცია გახლდათ ის, რომ არ უნდა ყოფილიყო შეძენილი 115 ცხენის ძალაზე ნაკლების მქონე ტრაქტორები, რადგან საქართველოს პირობებში სწორედ ასეთი და უფრო მეტი სიმძლავრის ტრაქტორები იქნებოდა გამოსადეგი. თავისი ეს მოსაზრება სპეციფიკაციების დამდგენმა კომისიამ გადასცა სამინისტროს. მოგვიანებით შპს „მექანიზატორის“ დირექტორის ბრძანებით შეიქმნა მეორე კომისია - შემსყიდველი კომისია, რომელსაც ტრაქტორებისა თუ სხვა შესაძენი ნივთების გამყიდველი კომპანიები უნდა დაედგინა და შეეძინა ეს საქონელი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

მისი თქმით, ამ კომისიის წევრები იყვნენ სახელმწიფო კანცელარიის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ქარსელაძე და ასევე შპს „მექანიზატორის“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები. ადვოკატი ამბობს, რომ ამ კომისიამ მოცულობითი სამუშაო ჩაატარა და გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა კომპანიებთან შუამავლებისა და დილერების გარეშე ეწარმოებინა მოლაპარაკებები. ამ პროცესში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამყიდველი რამდენიმე კომპანია იქნა შერჩეული, მათ შორის 115 ცხენისძალაზე მეტის მქონე (117-ცხენისძალიანი) ჩეხური კომპანია „ზეტორის“ წარმოებული ტრაქტორი „ზეტორ პროქსიმა 120“. ამასთანავე, მუხლუხა ტრაქტორების მიმართულებით კომპანია „ნიუ ჰოლანდი“ იქნა შერჩეული. ადვოკატის განმარტებით, სადავო 117-ცხენისძალიანი ტრაქტორების თემა გახდა. მისი ფასი იყო 35 989 ევრო, შესყიდული იქნა 50 ტრაქტორი, რომელთა ჯამური ღირებულება 1 799 450 ევრო იყო.

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით სადავო არავის არაფერი ჰქონდა და გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „ზეტორის“ ტრაქტორების შეძენა კონკურენტი კომპანიის, „ნიუ ჰოლანდის“ წარმომადგენელმა „ჯითიმ“ გაასაჩივრა. ადვოკატების თქმით, ბრალდების არსი გამოიხატება იმაში, რომ  თითქოს, სპეციფიკაციების დამდგენმა კომისიამ სიმძლავრეები ხელოვნურად გაზარდა, თითქოს მათთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ „ნიუ ჰოლანდის“ 110-ცხენისძალიანი ტრაქტორები იმავე სამუშაოს შეასრულებდნენ, როგორსაც „ზეტორის“ 117-ცხენისძალიანი ტრაქტორები, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს და ზეტორის ტრაქტორებს დაუსაბუთებლად მიანიჭეს უპირატესობა. ამიტომ, რადგან „ნიუ ჰოლანდის“ ტრაქტორები 28 000 ევრო ღირდა, ხოლო „ზეტორის“ – 35 000 ევრო, ბრალდებამ ფასთა შორის სხვაობა ტრაქტორების რაოდენობაზე გადაამრავლა, თუმცა სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ეს თანხა არა შეძენილ 50 ტრაქტორის ოდენობაზე, არამედ რატომღაც 160-ზე გაამრავლეს, საიდან მოიტანა გამოძიებამ ეს რიცხვი, ადვოკატისთვის უცნობია.

„8 პირიდან 6 ადამიანს ბრალდება წაყენებული აქვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვაში (რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), თუმცა როდესაც საქმის მასალებს გავეცანი, აღმოჩნდა, რომ ბრალდება დამყარებულია ისეთ დეფინიციებზე, რომლებიც საქმის მასალებით არანაირად არ დგინდება. კერძოდ, ის, რომ თითქოს სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის წევრებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო „ნიუ ჰოლანდის“ ტრაქტორების უპირატესობა, სრული სიცრუეა. ასევე სიცრუეა, რომ თითქოს მათ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიღეს. ამასთანავე, საერთოდ არ არის გამოკვეთილი, რა მიზანს ემსახურებოდა მათი ქმედება“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მისი თქმით, იმისათვის, რომ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს, საჭიროა სახეზე იყოს საკუთარი თავისთვის, ან სხვებისთვის უპირატესობის მინიჭების მიზანი. ამ შემთხვევაში კი ეს მიზანი არ ჩანს. ამიტომ ბარათაშვილი ასკვნის, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ბრალდების დანარჩენ ნაწილს, ორ ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინეს. კერძოდ, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ჩეხეთში „ზეტორის“ თანამშრომელს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ განემარტა კომპანიის ვერ-გვერდზე მითითებული ტრაქტორის სიმძლავრე. „ზეტორის“ თანამშრომელმა ამაზე უპასუხა, რომ ეს არის 117-ცხენისძალიანი ტრაქტორი, რომელსაც შესაბამისი საბუთებიც აქვს, თავად ტრაქტორიც სახეზეა და მისი ნახვა შეიძლება. ამასთანავე, ამ ადამიანმა განმარტა, რომ არსებობს ორი განზომილება და ერთ-ერთით, ანუ ISO-ს განზომილებით ეს არის 117-ცხენისძალიანი ტრაქტორი. სოსო ბარათაშვილი განმარტავს, რომ შპს „მექანიზატორის“ მხრიდან „ზეტორის“ მიმართ იყო თხოვნა, რომ ეს მონაცემები უფრო კარგად ყოფილიყო განმარტებული (რათა რაიმე გაუგებრობა არ მომხდარიყო), რის შემდეგად კომპანიის ვერბ-გვერდზე გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეს არის 117-ცხენისძალიანი ტრაქტორი.

ადვოკატის თქმით, ვინაიდან ეს სატელეფონო საუბარი ისმინებოდა, ჩაითვალა, რომ ამით მოხდა მტკიცებულებების გაყალბება, თუმცა ბარათაშვილი გაოცებას გამოხატავს იმის გამო, რომ გამოძიება იმაზე არ დავობს, თუ რა სიმძლავრის ტრაქტორები იქნა შემოყვანილი, ამასთანავე, ტრაქტორები სახეზეა და ადვოკატის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ტრაქტორის გაყალბება.

და ბოლოს, კიდევ ერთი ბრალდება, რომელშიც სამ ადამიანს ედება ბრალი, არის ექსპერტებზე ზეწოლა. ამაზე სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის მარტში გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა, დაიბარა ტექნიკურ მეცნიერებათა ორი დოქტორი (ვინც დღეს უკვე დაკავებულია), დაუდეს მათ მტკიცებულებები და ამ ადამიანებმა ნახეს, რომ გამოძიებას ტრაქტორების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული. შემდეგ, როდესაც ეს ადამიანები სოფლის მეურნეობის სამინისტროში მივიდნენ და ეს თქვეს, შპს „მექანიზატორის“ დირექტორმა სათანადო დოკუმენტაცია მოამზადა და ამ ექსპერტებს გადასცა. სოსო ბარათაშვილის თქმით, სწორედ ამის გამო ედებათ დაკავებულებს ბრალი ექსპერტებზე ზეწოლაში, სინამდვილეში კი არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„მინდა გითხრათ ასევე, რომ რვა პიროვნებიდან, რომლებიც ბრალდებულებად არიან ცნობილი, 6 არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ძალიან დამსახურებული ადამიანი. ისინი აბსოლუტურად უდანაშაულოდ არიან დაპატიმრებულები, რაც გამოძიებამაც იცის, მაგრამ ეს ადამიანები იმიტომ არიან დაპატიმრებულები, რომ გამოძიებამ მათ ჩვეული მეთოდებით აღიარებინოს დანაშაული“, - ამბობს ადვოკატი.