აამოქმედებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს?! გათამაშდება თუ არა მსოფლიოში ჰამლეტისეული „ყოფნა-არყოფნის“ მონოლოგი?! თუ პუტინი აპირებს იმის მოლოდინში ყოფნას, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეკონომიკური სანქციებით როგორ შებოჭავს რუსეთს? დროში გაწელილ ამ პროცესს რა შეიძლება მოჰყვეს? ამით კუთხეში მომწყვდეულის შიშს ხომ არ გაუღვიძებენ პუტინს და ხომ არ აიძულებენ, იმოქმედოს პრინციპით, „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“?
„თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მათ წინააღმდეგ ამოქმედდება ისეთი სანქციები, რომლებიც მათ ორ დღეში გატეხავს. ამის შემდეგ, ვფიქრობ, პუტინი სიცოცხლეს კეფაში ტყვიით დაასრულებს, თანაც თავისივე იარაღიდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა, რომლის აზრითაც, რუსეთი თუნდაც იმიტომ ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ბელორუსისა და ევროპის დიდი ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდება. თანაც, ბირთვული იარაღის გამოყენება დამოკიდებულია მინიმუმ 7 ადამიანზე, პუტინით დაწყებული, ოფიცრით დასრულებული, რომელმაც გასაღები უნდა გადაატრიალოს.
სხვათა შორის, სანქციებიდან გამომდინარე, ცალკეულ ექსპერტებს ეშინიათ და ფიქრობენ, ხომ არ აჯობებდა, მსოფლიოს თანდათანობით „შეეპარებინა“ ეს სანქციები პუტინისთვის, რათა იგი კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათ და ბირთვული იარაღისკენ თვალი არ გაქცეოდა?
მთლიანობაში, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით არ არის ბოლომდე გაცემული პასუხები, რა მოხდება მაშინ, თუკი პუტინი დააჭერს თითს ატომური ბომბის ღილაკს? მომენტალურად რამდენიმე ქვეყანა ერთიანად უპასუხებს მას და რუსეთი მთელი თავისი პუტინიანად და პუტინისტებიანად განადგურდება, თუ ყველაფერი დასწრებაზეა და რუსეთი გაანადგურებს დანარჩენ მსოფლიოს?!
თავად ბირთვული იარაღით მოთამაშეებს, მათ შორის, სერგეი ლავროვს ბირთვული ომის საფრთხის დაჯერება არ სურს და არც აპირებს დაიჯეროს. „როგორ შეიძლება ვინმეს ასეთი რამ თავში მოუვიდეს“? - იკითხა გაოცებულმა ლავროვმა, როცა მას კითხვა დაუსვეს, ბირთვულ იარაღს რუსეთი აამოქმედებდა თუ არა. ლავროვი დარწმუნებულია, რომ, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ეს იქნება ბირთვული და დამანგრეველი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია. ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა. ზელენსკი, ასევე, ფიქრობს, რომ პუტინის მხრიდან ბირთვული საფრთხე მის სისუსტეს აჩვენებს.
ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი პუტინს ბოროტმოქმედ მმართველს უწოდებს, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება. „გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავს მიიჩნევს ქრისტიანად. მას ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი საერთო არ აქვს“.
ვლადიმერ პუტინის მუქარას, რომ ის ატომურ ბომბს მოქმედებაში მოიყვანს, ეხმაურება „ნაციონალი“ რომან გოცირიძე. ის ამბობს, თუკი პუტინი დააჭერს ღილაკს, მომენტალურად რამდენიმე ქვეყანა ერთად უპასუხებს, განადგურდება სრულიად რუსეთიც და პუტინიც.
ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვისაც ნადირობა უყვარს, მან იცის, რომ ყველაზე საშიშია დაჭრილი დათვი. თუ კუთხეში მოამწყვდევ ნებისმიერ დაჭრილ ნადირს, ძალიან სახიფათოა. ასე რომ, თუკი პუტინს არჩევანის საშუალება დაუდგა და დასავლეთის მიერ ის იმდენად დასუსტდა, რომ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, მაშინ ყველაფერია მისგან მოსალოდნელი.
„ამაში არ ვგულისხმობ შიდა სახელმწიფო გადატრიალებას, რაც ასევე შესაძლებელია რუსეთში. პუტინი არაპროგნოზირებადი პიროვნებაა და არ გამოვრიცხავ, მან ატომურ იარაღთან დაკავშირებული საშიში ნაბიჯიც გადადგას“, - აღნიშნა ბესო ალადაშვილმა.
ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ასე მარტივად არ ხდება ატომური იარაღის გამოყენება. როცა იარაღის გამოყენებაზეა საუბარი, პირველ რიგში, ეს არის სტრატეგიული და ტაქტიკური იარაღი. სტრატეგიული იარაღი გულისხმობს ბირთვული იარაღის ფართომასშტაბიან გამოყენებას, რომელიც შეიძლება დამიზნებული იყოს სხვადასხვა დედაქალაქზე.
„სტრატეგიულ იარაღს სჭირდება აბსოლუტურად სხვა დონის მომზადება, ასე არ ხდება, რომ პუტინი იარაღს ხელს დააჭერს და ბირთვულ იარაღს გაისვრის. ამ გადაწყვეტილებაში იმდენი ადამიანია ჩართული, რომ ასე იოლად შესრულებადი არ არის, დღესდღეობით ამის ნიშნებიც არ ჩანს, რომ ასეთი რამ მოხდება. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ასე არ იყოს, რუსეთი დიდი ხნის წინ დაიპყრობდა მთელ მსოფლიოს“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
მისივე თქმით, არის მეორე ტიპის იარაღიც- ტაქტიკური დანიშნულების, რომლის გამოყენებაც შეიძლება ბრძოლებში მოწინააღმდეგის არმიის გასანადგურებლად. ამის გამოყენება შედარებით უფრო იოლია პროცედურულად, თუმცა, საბოლოო ჯამში, იქ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ.
„მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების აღსრულება ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან ყველა ადამიანი ფიქრობს თავის მომავალზე, შვილებზე და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება ეჭვი და კითხვა იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა პუტინისთვის საფლავში ჩაყოლა?“ - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ და განმარტა, რომ ბირთვული იარაღის თემა უფრო მეტად ბლეფია, ვიდრე რეალობა. ეს მოიცავს კოლექტიურ პასუხისმგებლობას და ამ კოლექტიური პასუხისმგებლობის მატარებელი პირები დიდხანს იფიქრებენ იმაზე, უღირთ თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა.
ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე ეჭვობს, პუტინმა სტრატეგიული შეკავების ატომური შეიარაღება გამოიყენოს, რადგან ასე მარტივი არ არის ამ ტიპის იარაღის გასროლა. ამ შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს მთელი მსოფლიოდან წამოსულ ატომურ პოტენციალს და მთლიანად განადგურდება. ერთადერთი, რაც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს, ეს ტაქტიკური ატომური ბომბია, ძალიან მცირე მუხტებით, რომელიც შესაძლებელია როგორც საარტილერიო დანადგარებიდან ისროლოს, ისე ზალპური გაშვების სარაკეტო სისტემებიდან, მაგრამ ამასაც თუ გამოიყენებს, მაშინ ის ვერ შეძლებს ტერიტორიების დაკავებას, რადგან ტერიტორიები დაბინძურებული იქნება რადიაციით.
„70- იანი წლებიდან მოყოლებული, ტაქტიკური ატომური ბომბების გამოყენებაზე უარი თქვეს სახელმწიფოებმა და მათი გამოყენება აკრძალულია. ეს ბომბები თითქმის ყველას აქვს ძლიერ და ბირთვულ სახელმწიფოებს. პუტინი ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებს თუ ქიმიურ იარაღს, ამით შანტაჟის მცდელობას უკვე ვხედავთ, რუსებს შეტანილი აქვთ დიდი რაოდენობის ამიაკი, ასევე, ლაპარაკობენ ლაბორატორიებზე, ახსენებენ ლუგარის ლაბორატორიას, ათას სისულელეს ბოდავენ, ეს არის პროპაგანდა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად ჩართონ სისხლისმღვრელ ხანგრძლივ ომში. ამიტომ ატომური იარაღის გამოყენება რუსეთის მხრიდან ნაკლებად სავარაუდოა“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას.
თადარიგის პოლკოვნიკი ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარად განიხილავს კიევზე შეტევას ახლად შეყვანილი ძალებით. კერძოდ, რუსეთი შეეცდება, უკანასკნელი შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ აიღოს კიევი, რათა რაღაცით მაინც შეინარჩუნოს სახე, რომ მის არმიას კიდევ რაღაც შესძლებია.