„საქართველო, ჯერჯერობით, არ არის რუსეთისთვის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ, თუ მოისურვა, ალბათ, ლუგარიც იქნება საბაბი და უცხოური მანქანებიც...“

„საქართველო, ჯერჯერობით, არ არის რუსეთისთვის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ, თუ მოისურვა, ალბათ, ლუგარიც იქნება საბაბი და უცხოური მანქანებიც...“

უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთი საქართველოს არ ივიწყებს. რუსი გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კირილოვი ამტკიცებს, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან რუსეთში აქტიურად ვრცელდება, გაზრდილი გადამდებობით, პენტაგონს დაქვემდებარებულ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში გამოიყვანეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსი ამტკიცებს, რომ მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის, უკრაინასა და პოლონეთს, რატომაც ისინი გამორიცხა ღორის ხორცის ექსპორტიორებიდან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათ შორის რუსული პროპაგანდისტული მედია დროთა განმავლობაში საუბრობენ ლუგარის ლაბორატორიაში „არსებულ“ მომაკვდინებელ ვირუსებზე. მათ შორის იმაზე, რომ ლაბორატორიაში ქიმიური, თუ ბიოლოგიური იარაღი მზადდება. რუსული ტელეკომპანია „პირველი არხის“ მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა.

„ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნა. კონგრესის სხდომაზე დასმული შეკითხვაზე, არასებობდა თუ არა უკრაინაში ასეთი ბიოლაბორატორიების ქსელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დამადასტურებელი პასუხი გასცა“, - აცხადებს რუსეთის „პირველი არხი“.

რეალურად, 8 მარტს აშშ-ს სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის მოსმენაზე, სენატორმა მარკო რუბიომ ნულანდს ჰკითხა, ფლობს თუ არა უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს, რაზეც ნულანდმა უპასუხა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. ნულანდს მოსმენის განმავლობაში საერთოდ არ უთქვამს, რომ უკრაინას ბიოლოგიური იარაღი გააჩნია.

„უკრაინას ბიოლოგიური კვლევითი ცენტრები აქვს. მათ გამო ვღელავთ, რადგან რუსული ძალები შესაძლოა, ცდილობდნენ, რომ მათზე კონტროლი მოიპოვონ. ჩვენ უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ რომელიმე კვლევითი მასალა რუსული ძალების ხელში არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია ნულანდს თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია, რუს გენერალ-ლეიტანატს, რომელსაც საქართველო მხედველობიდან არ გამორჩა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა, რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს.

„ეს პირველი და ახალი განცხადება არ არის, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი არაერთხელ იყო გაცემული. ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა და რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს. ვხედავთ, როგორ გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ომში მხარეებს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ როგორც მშვიდობა ამ ქვეყანაში, ისე სიმშვიდე. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ამ ეტპაზე ლუგარის ლაბორატორია არ არის მთავარი. მისი თქმით, როდესაც რუსები ასეთ თემას ააქტიურებენ, ლაპარაკობდნენ ამერიკულ ლაბორატორიაზე, რომელიც განლაგებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„ყაზახეთში და ყირგიზეთში ბევრად უფრო მეტი ლაბორატორია არის, ვიდრე საქართველოში, მაგრამ იმაზე არ ლაპარაკობენ.საქართველოში ერთია და ამაზე ლაპარაკობენ. მაგრამ ახლა მთავარი არის უკრაინაში განლაგებული ლაბორატორია. მთავარი აქცენტი სწორედ კეთდება უკრაინაზე. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით არასწორი იყო ვიქტორია ნულანდის გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ იქ საიდუმლო ოპერაციები კეთდება და აუცილებელია მისი დაცვა. არ იყო ამის თქმა საჭირო. ცეცხლზე ნავთი დაასხა.

არ ვიცი რა ტიპის ცდები ტარდება უკრაინის ლუგარის ლაბორატორიაში. მე შემიძლია ვთქვა, რა ხდება საქართველოში. ეს საკითხი მწვავედ იდგა ყოველთვის და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ახლა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩინეთმა განსაკუთრებით დაუჭირა მხარი რუსეთს. ეს გასაგებიც არის. ჩინეთი არის რევანშზე ორიენტირებული. გაღიზიანებული არის იმის გამო, რომ უხანის ლაბორატორიას დაბრალდა მთლიანად კოვიდის თემა. სხვათა შორის, ნაწილობრივ, ალბათ, - საფუძვლიანად. გაღიზიანებულია და ამის გამო რუსეთის გვერდით დგას“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მამუკა არეშიძე იხსენებს, რომ გასულ წელს ჩინეთიდან ჩამოსულმა დელეგაციამ ლუგარის ლაბორატორია ძალიან ყურადღებით დაათვალიერა და არავითარი პრეტენზია არ ჰქონია მისი მუშაობის თაობაზე.

„მაინც მგონია, რომ უკრაინული თემის გაგრძელებაა, მაგრამ ხურდაში მოყვა საქართველოს ლუგარის ლაბორატორია. თუმცა, როდის გამოიყენებენ რუსები ამ საკითხს, კაცმა არ იცის. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც საქართველოში ხდება, ეს არის კატასტროფა - პოლიტიკური ძალები ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენენ. ვიღაცას გონია, რომ ესენი ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ. სინამდვილეში ასე არ არის, ახდენენ ქვეყნის დისკრედიტაციას. განსაკუთრებით ხატია დეკანოიძის გამოსვლა... ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ქვეყანას მოუტანს ცუდს. არ ვიცი, ან არ ესმით, ან შეგნებულად აკეთებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, 2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ფაქტობრივად, ღია კარის დღე გამოცხადდა ლუგარის ლაბორატორიაში.

„პრემიერმა ძალიან ბევრი ქვეყნიდან მოიწვია სპეციალისტები, მათ შორის რუსეთიდან, რომ ჩამოსულიყვნენ და აბსოლუტურად ყველა ოთახის და სარდაფის კარი გაიღებოდა.

შესაძლებლობა მიეცემოდა სპეციალისტებს გამოეტანათ დასკვნა - რაზე მუშაობს ლუგარის ლაბორატორია, რა პროექტებს ამუშავებს, რა მიღწევები და გეგმები აქვთ. რუსეთის სპეციალისტებმა უარი განაცხადეს თბილისში ჩამოსვლაზე. ნიშანდობლივი იყო ესეც. იცოდნენ მათი აქ ჩამოსვლა პიარულად, პროპაგანდისტული კუთხით ეფექტის მომტანი არ იქნებოდა.

ახლა ეს თემა ამოწიეს ჩვენმა სეპარატისტებმა, რომლებიც მიანიშებენ მოსკოვს, რომ იქნებ დადგა დრო თბილისში, ლუგარის ლაბორატორიასაც მიეხედოს, რომელიც თითქოსდა საზიანოა არა მარტო მათთვის, არამედ თავად საქართველოს მოსახლეობისთვის. არ მინდა პანიკურ განწყობას შევუწყო ხელი. არ მგონია დღეს რუსეთს ეცალოს იმისათვის, რომ მეორე უკრაინის ხაზი გახსნას საქართველოსთან მიმართებაში. მით უმეტეს იმ ლაბორატორიის გამო, სადაც დაპატიჟებული იყვნენ და არ ჩამოვიდნენ. დამიჯერეთ, იქ რომ რამე კონსპიროლოგიური ყოფილიყო, ჩამოვიდოდნენ კი არა, ხალხმრავალი დელეგაცია გვეყოლებოდა რუსეთიდან“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიას ბევრი მხარე აქვს და საქართველოს შემთხვევაში ლომის წილი ჰქონდა კოვიდის დიაგნოსტიკის კუთხით. მისი თქმით, თავადაც ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა სამედიცინო დიაგნოსტიკა, მაგრამ არავითარი სამხედრო რიტუალის ჩატარება არ მოუთხოვიათ.

„რაც შეეხება რუსეთს, ნებისმიერ ამერიკულს, ან ამერიკასთან ერთად გაკეთებულ საქმეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნით შეხედავს, რომ თავის მოსახლეობას დაანახოს - აი, ამერიკა როგორ ნერგავს სახიფათო ცენტრებს რუსეთის გარშემო და, რომ სამიზნე რუსეთია. ასეთი ვერსია თუ არ გაავრცელა, მაშინ როგორ უნდა გაამართლოს თავისი აგრესია?! აგრესიულია და მას ხშირად სჭირდება ამ აგრესიის გამართლება. აგრესიის გამართლებისთვის ხშირად სჭირდება რაღაცების დაბრალება, რაც ლოგიკურია, მისი აგრესიული ბუნებიდან გამომდინარე. ნებისმიერ აგრესიას, კონფლიქტს ინფორმაციული უზრუნველყოფა და გამართლება სჭირდება მოსახლეობის თვალში.

რაც შეეხება საფრთხეს საქართველოსთან მიმართებაში, პირველი შემთხვევა რომ იყოს, ალბათ, უფრო მძაფრი რეაქცია გვექნებოდა. ზოგადად, საქართველო ჯერჯერობით არ არის რუსეთისთვის თავდასხმის ობიექტი, მაგრამ, თუკი მოისურვა საქართველოსკენ გამოხვევა, მაშინ, ალბათ, ლუგარიც იქნება საბაბი და მათ შორის ისიც, რომ მაგალითად, საქართველოში უცხოური მანქანები უფრო მეტია, ვიდრე რუსული წარმოების; რომ საქართველოში ადამიანები რუსულად არ საუბრობენ და ა.შ. ამ საბაბით ეცდება, რომ თავისი ინტერესები გაატაროს.

ასე რომ, კონკრეტულად ლუგარი სახიფათო არ არის იქამდე, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს თვითონ გახდეს სახიფათო საქართველოსთვის. მერე დანარჩენი საკითხები საბაბი იქნება. მგონია, უკრაინასთან დაკავშირებით ამ ტალღამ წამოიწია სწორედ იმიტომ, რომ უკრაინაში არსებული ლუგარის ლაბორატორია არის მათთვის ძირითადი სამიზნე და აგრესიის საგანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.