13 მაისს ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღები ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონში მსახურობდნენ. ესენი არიან უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“), კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე ( საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში 2007 წლიდან ირიცხება. მას მიღებული აქვს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“), და კაპრალი ვლადიმერ შანავა ( საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობს. მას მიღებული აქვს „მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“).
მათთან ერთად ტერორისტების თავდასხმისას რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მაგრამ როგორც ცნობილია, მათ მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ და მათი დიდი ნაწილი უკვე სამხედრო სამსახურის ადგილსაც დაუბრუნდა.
მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს. 2009 წლიდან ავღანეთში სულ 22 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილებამ, ქართულ საზოგადოების ნაწილში იმთავითვე მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია და ყოველი ქართველი ჯარისკაცის დაჭრისა და მით უმეტეს, დაღუპვის შემთხვევაში, ისმოდა კითხვა - რატომ? მართლაც ძნელია იმის გაგება, თუ რატომ არის საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. თავიდან ავღანეთში 700 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა ამ ოპერაციაში, ხოლო 2012 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქართული სამხედრო კონტიგენტის 1600-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ქართველი ჯარისკაცები აღვანეთის ყველაზე ცხელ პროვინციებში, ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციებში არიან დისლოცირებული.
ოფიციალური ინფორმაციით, ISAF-ის მისიაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. აშშ-ს შემდეგ დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მოდიან. მთლიანობაში, ავღანეთის ოპერაციაში 50 ქვეყანაა წარმოდგენლი. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ნატოს წევრ ქვეყნებს ავღანეთიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოჰყავთ ჯარები, საქართველომ კი მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სააკაშვილის ხელისუფლების არგუმენტი ყოველთვის იყო ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და ამისთვის გარკვეული ვალდებულებების აღება არის საჭირო, რაც ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში გამოიხატა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე ევროატლანიკური ალიანსის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ჩვენთვის არანაირი გარანტიის მომცემი არ არის და ამას ნატოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ღიად აფიქსირებს. ისინი არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მსოფლიო დემოკრატიისთვის გაღებული წვლილია და ამას საქართველოს ნატოში წევრობა-არაწევრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ხელისფლების არგუმენტიც მაინცდამაინც მყარი ვერ გამოდგა.
სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ყოველთვის იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მან ამდენი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნა ავღანეთსა და ერაყში. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 2000 ქართველი სამხედრო ერაყში იმყოფებოდა. ამიტომ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო, ახალ ხელისუფლებას სააკაშვილის ეს პოლიტიკა აღარ გაეგრძელებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
კიდევ სამი ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა ავღანეთში ტერიროსტების თავდასხმას და ქართულ საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა კითხვა ხელისუფლების მიმართ - ნუთუ მართლაც ასეთი აუცილებელია ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში მონაწილეობა?
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრი, ეკა ბესელია ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობის გადახედვის ინიციატივით გამოდის.
„ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნით დიდი მსხვერპლია გაღებული. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბუნებრივია, ამ საკითხს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამართლებულია ამ კონტინგენტის ყოფნა. გასაგებია, რომ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი როლი გვაკისრია, მაგრამ იქნებ გადაიხედოს ჩვენი ჯარისკაცების ამ რაოდენობით და ამ მასშტაბით მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში“, - აცხადებს ეკა ბესელია.
უნდა გადაიხედოს თუ არა მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ან მათი რიცხვის შემცირების საკითხი? ამაზე ექსპერტებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ თუკი საქართველო ნატოსკენ მიისწრაფვის, ისეთ მისიებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, როგორიც არის ISAF.
ასე ფიქრობს სამხედრო - ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილიც, თუმცა დასძენს, რომ აქ მნიშვნელობა აქვს, რა დოზით და სად უნდა იყვნენ ქართველი სამხედროები წარმოდგენილები. მისი თქმით, თუკი საუბარია იმაზე, რომ საქართველო ამ მისიაში სიმბოლურად უნდა მონაწილეობდეს, შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყანა იქ ოცეულით, ან ასეულით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ როდესაც საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორი ხდება, ეს უკვე ბევრ კითხვას და ბევრ პრობლემას აჩენს, რისი სამწუხარო შედეგიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. ალადაშვილის განმარტებით, რაც უფრო დიდია კონტიგენტი, მით მეტია მათზე თავდასხმის და უბედური შემთხვევების შანსი.
ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ არასწორი იყო სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნა და შემდეგ კონტიგენტის გაზრდა.
„2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა და ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა, 2000-მდე ქართველი სამხედრო, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების, თითქმის, 10% იყო, საქართველოდან 1000 კილომეტრის დაშორებით, ერაყში იმყოფებოდა. მართალია, მათი ჩამოყვანა სამ დღეში მოხდა, მაგრამ მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რეალურად, ეს ხალხი მაშინ საქართველოს თავდაცვას დააკლდა“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
მისი თქმით, მართალია დღეს რუსეთიდან აგრესიის საფრთხე მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ დღესაც 1600-მდე ქართველი სამხედრო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში იმყოფება და ამასთანავე, ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პროვინციაში. აქვე იგი დასძენს, რომ თავიდანვე იყო შესაძლებლობა ქართველი სამხედროები ნაკლებად ცხელ წერტილში განთვსებულიყვნენ, მაგალითად ქაბულის აეროპორტთან, სადაც ჩვენი პირველი კონტიგენტი განთავსდა, როდესაც საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლებას კოაბიტაციის ვალდებულება დაეკისრა და ამ ფონზე რომ მმართველ გუნდს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა დაეწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მაშინვე დაიწყებდნენ იმაზე საუბარს, რომ ივანიშვილს ავღანეთიდან ჯარი გამოჰყავს, ანუ მან საგარეო - პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ მიმართა და ა.შ. ალადაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ახალი ხელისუფლება იმ მიმართულებას აგრძელებს, რაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო.
„მინდა აუცილებლად აღვნიშნო, ნატოს წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ISAF-ის შემადგენლობაში ქართული კონტიგენტის გაზრდა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ან ამით ეს გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება. ნატოს გენერალურმა მდივანმაც და სხვა მაღალჩინოსნებმაც ამას არაერთხელ გაუსვეს ხაზი. ასე რომ, წინა ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის მრავალჯერ ნათქვამი, - რაც უფრო მეტ ჯარისჯაცს გავაგზავნით ავღანეთში, ეს ნატოში საქართველოს შესვლას დააჩქარებს, მორიგი დიდი სიცრუე იყო“, - აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიით მალიშიც გაემგზავრონ. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ასალანიამ მაშინ განმარტა, რომ მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დეტალები ზუსტდება.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მალიში სულ ორი-სამი კაცის გაგზავნაზეა საუბარი (ინსტრუქტორებზე) და ისიც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. რაც შეეხება ავღანეთს, აქუბარდია განმარტავს, რომ ვინაიდან 2014 წელს ავღანეთში ISAF-ის მისია სრულდება, ამიტომ ჩვენს მისიას საბრძოლო ფუნქცია აღარ ექნება და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით შეიძლება ავღანეთის უსაფრთხოებაში მიიღონ კოალიციის ჯარებმა მონაწილეობა. ექსპერტის თქმით, გააჩნია რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას იმის მიმართ, რომ ჩვენ ავღანეთში გვყავს სამხედრო კონტიგენგი.
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს არ არის ბილეთი ნატოში და ეს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუმცა საქართველოს მონაწილეობას ამ უსაფრთხოების ოპერაციაში ნატოს კონტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც არის საუბარი იმაზე, თუ რას ვაძლევთ ჩვენ ნატოს, ეს არის ის, რომ ჩვენ ამ მისიის მონაწილე ვართ და ამასთანავე, ჩვენი ჯარისკაცები იქ სამსახურით სერიოზულ გამოცდილებას ღებულობენ“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.
მისი თქმით, ახლა არ არის ის დრო, როდესაც უნდა განვიხილოთ ქართული სამხედრო შენაერთების ავღანეთში ყოფნა-არყოფნის საკითხი. აქუბარდიას თქმით, როდესაც ავღანეთში კონტიგენტის გაზრდა მოხდა, მაშინ იგი აფიქსირებდა, რომ არ ყოფილა ქვეყანაში საკმაო დებატები იმასთან დაკავშირებით, უნდა გაზრდილიყო თუ არა ეს კონტიგენტი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია ამაზე მსჯელობა, რადგან 2014 წელს მისია ისედაც სრულდება და საქართველომ ავღანეთიდან მთელი კონტიგენტი უნდა გამოიყვანოს. ზოგადად კი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა აუხსნას მოსახლეობას, თუ რისთვის არის საჭირო ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა.