განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ოფიციალურად ხელმძღვანელების გარეშე დარჩნენ, თუმცა, მინისტრის მოვალეობებს პირველი მოადგილეები ასრულებენ, რომელთაც, for.ge-ს ინფორმაციით, გამინისტრების შანსები აქვთ.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი გიორგი მარგველაშვილი მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძემ ჩაანაცვლოს, რომელიც ამჟამად, მინისტრის მოვალეობას ასრულებს.
აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, სადაც ის ამბობს: „რამდენიმე პოტენციურმა კანდიდატმა მინიშნება უკვე თვითონ მაჩვენა“ - ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი სწორედ თამარ სანიკიძეს გულისხმობდა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისვლამდე, 2010-2012 წლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ფინანსური დირექტორი იყო.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელმაც დავით კირვალიძემ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, ჩინოვნიკების დაკავებების გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პოსტი დროებით დატოვა, მის შემცვლელად შალვა ფიფია მოიაზრება, რომელიც პირველი მოადგილე არ არის, თუმცა, მინისტრის მოვალეობას ასრულებს.
აღნიშნული პირები მთავრობის კაბინეტის წევრები გახდებიან თუ არა, ეს დაახლოებით აგვისტომდე გახდება ცნობილი, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, გამინისტრების სურვილი მმართველი ძალის ორ ლიდერსაც აქვს.
კერძოდ, როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, განათლების მინისტრობა გუგული მაღრაძეს სურს, ხოლო სოფლის მეურნეობის უწყების ჩაბარება კობა დავითაშვილს, რომელმაც, სხვათაშორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის სურვილი არ დამალა და ცოტა ხნის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს.
„მზად ვარ, ოთხ-წლიან გარანტირებულ საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი ვთქვა და მინისტრად დავინიშნო. ვფიქრობ, მინისტრობა სწორედ პროფესიონალი პოლიტიკოსის საქმეა, რომელიც საზოგადოებასა და მთავრობას შორის კარგი შუამავალი რგოლი უნდა იყოს და პოლიტიკურად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ ჩემი გამოცდის ინტერესი არსებობს, მე მზად ვარ. შემდგომ ჩემი საქმიანობა კი, შეგიძლიათ შეაფასოთ და სხვებსაც შეუდაროთ“, - აცხადებს დავითაშვილი.
პრემიერ-მინისტრი კობა დავითაშვილის გამოწვევას მიიღებს თუ არა, ეს უცნობი რჩება, რადგან მთავრობის ხელმძღვანელმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ „კობას მინისტრობაც შეუძლია და სხვა მრავალი რამეც“.
„სხვათაშორის, კობას მაგ მხრივ ვენდობი, რადგან ის ძალიან პრიციპულია და შეიძლება მას ნებისმიერი მინისტრობაც ჩავაბაროთ და რეგიონის ხელმძღვანელობაც“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ პრემიერმა, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ კობა დავითაშვილს გუნდის წევრები არ სწყალობენ, შესაძლოა, მათი განწყობები პრემიერის გადაწყვეტილებაზეც აისახოს და მმართველ გუნდში ერთ-ერთი აქტიური და გუნდის მიმართაც კრიტიკული დავითაშვილი ისევ პარლამენტში დარჩეს.