„უკრაინაში ატომური სადგურებთან დაკავშირებით თუ რამე საფრთხე შეიქმნება, ჩვენს შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ მოსახლეობას კვალიფიციური ინსტრუქტაჟი ჩაუტარონ“

„უკრაინაში ატომური სადგურებთან დაკავშირებით თუ რამე საფრთხე შეიქმნება, ჩვენს შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ მოსახლეობას კვალიფიციური ინსტრუქტაჟი ჩაუტარონ“

მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო და რუსეთის ჯარმა ჩერნობილის ატომური სადგური დაიკავა, სპეციალისტები მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ეს საფრთხე მით უფრო რეალური გახდა, რაც დაკონსერვებული სადგურის გამაგრილებელ სისტემას დენის მიწოდებოდა შეუწყდა და უკრაინულმა მხარემ მასზე კონტროლი დაკარგა. თუმცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სადგურზე მისი სპეციალისტები შევიდნენ და ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის პასუხისმგებლობაც უკრაინას უნდა დაკისრებოდა.

მათივე თქმით, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, რუსული სატვირთო მანქანა-მაცივრები შენიშნეს, რომლებიც დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს აგროვებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსებს სურთ დაღუპული უკრაინელების ცხედრები ჩერნობილის ზონაში შეიტანონ, რათა შემდეგ, ატომურ სადგურზე თავდამსხმელ დივერსანტებად გამოაცხადონ.

„სახმელეთო სამხედრო ოპერაციიდან და პირდაპირი მოლაპარაკებებიდან სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღო, მსოფლიო საზოგადოების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო, პუტინი მზადაა, მიმართოს ბირთვულ შანტაჟს“, - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში  

ქართველი სპეციალისტები for.ge-სთან ამბობენ, რომ საფრთხე არა მხოლოდ ჩერნობილის ელექტროსადგურიდან, არამედ ყველა იმ სადგურიდან მოდის, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. მათი თქმით, რომელიმე ატომურ ელექტროსადგურს რაკეტა ან ბომბი რომ მოხვდეს, ევროპა და მთელი მსოფლიო უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რა ემუქრება საქართველოს, თუკი ატომურ სადგურებზე გაჟონვას ექნება ადგილი?

სპეციალსიტების შეფასებით, გააჩნია, რა რაოდენობით მოხდება გაჟონვა და რადიაციის რა დონე დაფიქსირდება. გაჟონვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტეოროლოგიურ მდგომარეობას. მაგალითად, როგორ და სად წაიღებს რადიაციას ქარი, ნალექი. დაბინძურების გასაზომად კი ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ლაბორატორიებია საჭირო. მათი თქმით, მცირე გაჟონვაც რომ მოხდეს, სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს ნიადაგი, წყალი, ჰაერი, რა ნაწილაკები მოხვდა იქ.

როგორც სპეციალსიტები ამბობენ, რადიაციის დონე ახლა საქართველოში ყოველწამიერად იზომება და ამ დროისათვის, საფრთხე არ არსებობს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, საქართველოს საზღვარი მთლიანად აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით და რადიოქტიური ნივთიერების გამოვლენა ხდება ავტომატურად.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩერნობილის აფეთქების გარდა სხვა კიდევ 4 მოქმედი სადგურია, რომლებიც ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. არაბიძე ამბობს, რომ ვორონეჟის და სამხრეთ უკრაინაში მდებარე სადგურები მუშა მდგომარეობაშია და მათ რომ ერთი რაკეტა ან ბომბი მოხვდეს, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

„ზაპოროჟიეს სადგური ახლა მუშა მდგომარეობაშია და ჩერნობილის სადგურთან ერთად, ისიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩერნობილთან დაკავშირებით ლუკაშენკო ამბობს, რომ საბჭოთა კავშირიდან მათ 110 კლვტ-ანი კაბელი აქვთ, რომლითაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლიათ. ეს შესაძლებელი იყო რომ გაეკეთებინათ. გარდა ამისა, ჩერნობილს ჰქონდა თავისი გენერატორები, რომლის მეშვეობითაც 48 საათში დენის მიწოდება შესაძლებელი იყო. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელიც უფრო იოლად გადაწყვეტადი და მოსაგვარებელია. აქ სხვა რაღაც მაწუხებს, საქმე ისაა, რომ არსებობს საფრთხე ჩერნობილის ელექტროსადგურზე რუსებმა რამე ცუდი არ ჩაიდინონ. რუსები ჩერნობილით მთელს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ინციდენტს მოახდენენ და ეს უკრაინელი ე.წ. ნაცისტების ბრალი იქნება. უკრაინის სადაზვერვო სამსახური კი ამბობს, რომ პუტინი ჩერნობილის სადგურზე ინციდენტის მოწყობას აპირებს.

კატასტროფის მასშტაბი ჩერნობილში დიდი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სარკოფაგის გახსნა თავიდან მოხდება. ნარჩენები მიწაშია ჩამარხული. იქ არის 25 სამარხი, რომლის გააქტიურებაც დამბომბვის შედეგად შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ თუკი სამარხების და სარკოფაგების მართვის რეჟიმი დარღვეული იქნება, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები მივიღოთ“, - ამბობს ენერგეტიკოსი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ღმერთმა არ ქნას მუშა მდგომარეობაში მყოფი ზაპოროჟიეს სადგურზე რაღაც მოხდეს, მაშინ იმაზე უარესი მოხდება, რაც ჩერნობილის დროს მოხდა. პირველი კი დაზარალებულ ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი და ასევე პოლონეთი იქნება. ყველაფერი კლიმატურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, ქარი რადიაციულ ღრუბელს რა მიმართულებით და საით უფრო მეტს წაიღებს.

„დავუშვათ, მეორე ჩერნობილი განმეორდა, ქვეყნების დაზიანების ხარისხი, ჯერ ერთი, აფეთქებასა და გაჟონვის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული და მერე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქარის მიმართულებას, რადიაციულ ნარჩენებს რა მიმართულებით წაიღებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გამოსხივების და ნგრევის ტალღა არ გვემუქრება. თუმცა პრობლემა არის შემდეგი, თუ რადიაციის დაბინძურებული ღრუბლები ჩვენი მიმართულებით იმოძრავებენ, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგება, როგორც ეს 1986 წლის მაისში მოხდა. მაშინ წვიმა მოვიდა და ჩვენი ქვეყნის წერტილოვანი დაბინძურება მოხდა. გურიაში, სამეგრელოში და აფხაზეთში ზუსტად ანალოგიური სიტუაცია შესაძლოა, მივიღოთ. წვიმის შედეგად ეს ნარჩენი ღრუბლები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოიყრება. ეს ყველაზე დიდი კატასტროფა იქნება. რაც შეეხება გრძელვადიან პრობლემებს, რადიაცია კიბოს იწვევს და სისხლის დაავადებებს, ხოლო რადიაციის დონე სადაც მაღალი იქნება, იქ უკვე ადამიანებს კანი ლეღვივით გასძვრებათ. ამიტომ საფრთხე რეალურია და ეს ფუჭი განგაში არ არის“, - აცხადებს ენერგეტიკოსი for.ge-სთან.

სამხედრო ანალიტიკოსი და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ იმ დაძაბულობის ფონზე, რაც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს ატომური სადგურების ირგვლივ, საფრთხე იზრდება. სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ რთულია იმის განსაზღვრა, თუკი ჩერნობილის ატომური სადგურიდან გაჟონვა მოხდება, რა ხარისხის და დოზის რადიაციული დასხივება იქნება.

„გაჟონვა საფრთხეს ატარებს შავი ზღვის აუზისთვის და სხვა ნებისმიერი ქალაქისთვის. არა აქვს მნიშვნელობა უშუალოდ უკრაინას ესაზღვრება თუ არა ქვეყანა, გავლენა კატასტროფული იქნება. თავად ის ფაქტი, რომ უკრაინაში შეჭრისთანავე რუსებმა ჩერნობილის ელექტროსადგური დაიკავეს, კითხვის ნიშნებს ბადებს. ფაქტებით რასაც ვაანალიზებთ, ჩერნობილის რუსების მხრიდან დაკავება ევროპის და მთლიანად მსოფლიოს შანტაჟს ემსახურება. ალბათ, მიზანი ესაა და ვხედავთ, რომ რეალური საფრთხეები შესაძლოა გაჩნდეს. თუ ჩერნობილის ელექტროსადგურიდან გაჟონვა დაიწყო, ტრაგედიის მასშტაბები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის აფეთქება შეიძლება მოხდეს. ამაზე ასე საუბარი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ამის გამოცდილება უკვე გააჩნია. იაპონიაში 1945 წელს გამოყენებული ბომბების შედეგად ორი ქალაქის განადგურება მოხდა. ასევე ვნახეთ უამრავი დაავადებული ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დაავადებებით დაიღუპნენ. ამიტომ ამ მაგალითის გათვალისწინებით შეგვიძლია თეორიულად მაინც განვიხილოთ, რა კატასტროფის წინაშე შესაძლოა მსოფლიო აღმოჩნდეს. აქ მარტო ევროპა არ დაზარალდება. დიდ ზიანს რუსეთი და მისი მოსახლეობაც მიიღებს“, - ამბობს ამირან სალუქვაძე for.ge-სთან.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა ჩერნობილის ელექტროსადგურზე სპეციალური შიტია გაკეთებული, რათა გაჟონვა არ მოხდეს. ატომური სააგენტო კი ცდილობს ჩერნობილთან კავშირი აღადგინოს. ამისთვის ინტნსიური მუშაობა მიდის.

მისვე თქმით, იქ უამრავი დაკვირვების სადგურია, რომელიც ფონს აკვირდება და ამ ფონის მიხედვით სიტუაციის და საფრთხის პროგნოზირება ხდება. ამიტომ ეკოლოგი ამბობს, რომ საფრთხე დიდია, თუმცა უნდა ვირწმუნოთ, რომ ექსპერტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა გადავრჩეთ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩხობაძე მიიჩნევს, რომ გაჟონვის შემთხვევაში საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებობენ სპეციალისტები, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში მოსახლეობისთვის რეკომენდაციების მიცემა შეუძლიათ.

„სამწუხაროდ, თუკი გაჟონვა ან აფეთქება მოხდა, რადიაციის ღრუბელი შესაძლოა საქართველომდეც მოვიდეს. თუმცა ჩვენს საზღვრებზე ფარი გვაქვს და მუდმივი დაკვირვება ხდება. ვაკონტროლებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციულად დასხივებული ნივთები და ადამიანები არ შემოვიდნენ. უბრალოდ, ღრუბელი სხვა რამეა, რომლის კონტროლიც წარმოუდგენელია და ის კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. მიუხედავად საფრთხისა, ჯერჯერობით მოსახლეობას საპანიკო არაფერი აქვს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ რამე საფრთხე შეიქმნება, ჩვენ შესაბამისი სამსახური გვყავს, რომელსაც შეუძლია მოსახლეობას ძალიან კვალიფიციური ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს. თუმცა, ამის საჭიროება ჯერ არ არის“, - ამბობს ჩხობაძე for.ge-სთან.