ტარიფის შემცირებაზე „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ბევრად უფრო თამამად საუბრობდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მხოლოდ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში არ დაედანაშაულებინა ოპოზიციასა და საზოგადოებას, ტარიფის გადახედვა მოუხდა. ვერ ვიტყვით, რომ ახალ ხელისუფლებას საამისო ნება არ გააჩნდა, თუმცა საკითხის ახლოს გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ საქმე ისე მარტივადაც არ ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
როგორც საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი, თემურ ჭიჭინაძე განმარტავს: „ტარიფებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიების მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე. ამდენად, ტარიფების შემცირებისთვის პოლიტიკური ნება განმსაზღვრელი არ არის. ამისთვის საჭიროა, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიების ფინანსური მდგომარეობა თავიდან შეისწავლოს და ტარიფებს გადახედოს“.
ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე თეთრით კი შემცირდა, მაგრამ ეს რის ხარჯზე მოხდა, დღემდე გაურკვეველია. ის რაც გაუმჭვირვალეა, ეჭვებს მუდამ ბადებს. ამიტომ, ენერგეტიკოსების დახმარებით შევეცადეთ, გაგვერკვია რეალური მიზეზი, მარტივად რატომ ვერ ხერხდება იმ დანაპირების შესრულება, რომელიც, თითქოს, რთული არ უნდა ყოფილიყო.
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი საფეხურებად ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. აბონენტს, რომელიც თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ კილოვატში საშუალოდ 13 თეთრის გადახდა უწევდა, თუ მომხმარებელი თვეში 101-დან 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას ხარჯავს, 16 თეთრი უნდა გადაიხადოს (რეგიონებში - 17 თეთრი), ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტს, რომელიც 301 კილოვატ/საათზე მეტს მოიხმარს, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 17,7 თეთრი უჯდება.
საინტერესოა ისიც, რომ სემეკის დადგენილებით, საქართველოში წარმოებული 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგიის თვითღირებულება 4,45 თეთრია, მისი ე.წ. გასაყიდი ღირებულება კი - საშუალოდ 16 თეთრი.
ახალი ხელისუფლების პირობებშიც, ტარიფი მათთვის შემცირდა, ვინც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.
თემურ ჭიჭინაძე: „მოსახლეობის გრადაცია მოახდინეს, ამ დროს ვალდებულება ჰქონდათ, მოსახლეობა თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. თანაც, არც კი გვეუბნებიან, ტარიფი რის ხარჯზე შეამცირეს. ვფიქრობ, ეს „ენერგო-პროსთან“ არის დაკავშირებული.
არსებობს გათვლები, რომლის თანახმადაც „ენერგო-პროს“ დაახლოებით 300 მილიონი ლარი ზედმეტად აქვს მიღებული, ისე, რომ ინვესტიცია არ განუხორციელებია. ელემენტარულად, ჰესი არ აუშენებია, (რომელიც დაახლოებით,100 მილიონი ჯდებოდა). როგორც კი „ენერგო-პრო“ შემოვიდა, წინა დღეს ჰესებს ტარიფი გაუორმაგეს. მაშინ, როდესაც რომელიმე ჰესს ტარიფის 1 თეთრით გაზრდაც კი არ შეეძლო - შესაბამისი, დასაბუთებული გათვლის წარდგენის შემთხვევაშიც კი ეს პრობლემა იყო.
დღეს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ დანაპირები შეესრულებინა და ტარიფი შეემცირებინა, თუმცა როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, მისი წინასწარი გათვლები არაზუსტი აღმოჩნდა და ახალ მთავრობას კომპანიებთან შეთანხმება მოუხდა, ტარიფის რამნდენიმე თეთრით შესამცირებლად. თუმცა ტარიფი, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, დღემდე არ ვიცით, რეალურად რის ხარჯზე შემცირდა.
რეალურად, ტარიფის კორექტირება მხოლოდ და მხოლოდ სემეკის კომპეტენციაში შედის, მხოლოდ სემეკს აქვს უფლება კომპანიებს მოსთხოვოს ხარჯები და ამ ხარჯების მიზნობრიობა გადაამოწმოს“.
სემეკი ამ ყველაფერს ასაიდუმლოებს და როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების პირობებში, კომპანიების მიერ წარდგენილი ტარიფის ანალიზიც კი არ ხდებოდა, სემეკი უსიტყვოდ იზიარებდა მათ მოთხოვნას. საბოლოოდ მივიღეთ ჩაკეტილი წრე, რომლის გარღვევა ვერ ხერხდება.
საკამათო არავისთვის არ არის, რომ სქემები, რომელიც საბოლოოდ მომხმარებელთა ჯიბეზე აისახება, სწორედ სამართალდამცველების გასაშიფრია. თუმცა, საკითხის მეორე მხარეა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული გარანტია, რომელიც ინვესტორს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს ანიჭებს. ის ვალდებულებები კი, რაც საქართველოს სახელმწიფომ ინვესტორთა წინაშე აიღო, ტარიფის გაზრდის საფუძველია.
ტარიფის უსაფუძვლოდ ზრდის წყაროები ძირითადად ორ დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, ესაა, მემორანდუმი, რომელიც, „თელასსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა, და საქართველოს ხელისუფლებასა და ჩეხურ „ენერგო-პროს“ შორის დადებული ხელშეკრულება თუ გარიგება.
„თელასსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც „თელასს“ უფლებას აძლევს, ტარიფში საკუთარი წილი 2015 წლამდე უცვლელად შეინარჩუნოს.
მემორანდუმი, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში, 2007 წელს გაფორმდა, დღემდე გასაიდუმლოებულია, თუმცა for.ge-ს ამ დოკუმენტში ჩახედვის საშუალება მიეცა. „თელასსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დენის ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება. ექსპერტების გათვლებით, იმ პერიოდისთვის დენი უკვე უნდა გაიაფებულიყო, რადგან ტარიფიდან ინვესტიციების წილი ამოვარდა.
ექსპერტთა შეფასებით, მაშინ, ნოღაიდელი სემეკის კომპეტენციაში შეიჭრა, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდასა თუ შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება კანონით სემეკს ენიჭება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერს ხელს, სემეკს პირდაპირ მიუთითებენ, რომ 2007 წლის 20 ივნისს საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაო ეესს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მემორანდუმში მოცემული საკითხები გაითვალისწინოს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ „ინტერ რაოეეს“ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში მყოფი „ხრამჰესების“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. შესაბამისად, იმ პოლიტიკის მიხედვით, რაც ყოფილ მთავრობას ჰქონდა არჩეული, არ გამოირიცხება სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებაც, თუმცა გასულ წელსვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების ეს ნაწილი მთავრობამ გაასაიდუმლოვა.
2011 წლის აპრილამდე „ინტერ რაო“ „ხრამჰესი-1“-სა და „ხრამჰესი-2“-ს 25-წლიანი მართვის უფლებით ფლობდა. აპრილში კი ჰესები მას მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. ახალი ხელშეკრულება, ტარიფის მატების ხარჯზე ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. საუბარია გაზრდილი ტარიფის ხარჯზე, ანუ საქართველოს მომხმარებლის მიერ გადახდილი ფულით ახალი ჰესის აშენებაზე. რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ინვესტიციად, ესეც გაუგებარია.
„ინტერ რაო ეესს“, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ 75%, მე-9 ენერგობლოკი („მტკვარიენერგეტიკა“), „ხრამჰესი-1“ და „ხრამჰესი-2“ ეკუთვნის, „ხრამჰესი-3“-ის აშენების შემთხვევში, უფლება მიეცემა, ტარიფი 6 თეთრით გაზარდოს. როგორც ჩანს, არც „თელასი“ და არც საქართველოს მაშინდელი მთავრობა ხელისუფლების შეცვლას მინიმუმ 2025 წლამდე არ ვარაუდობდა.
მემორანდუმში ლაპარაკია კომპაქტურად დასახლებული დევნილების დავალიანების საკითხზეც, სპეციალისტები თვლიან, რომ სწორედ ეს საკითხი გახდა „მასტიმულირებელი“ ასეთი გარიგებისათვის -„თელასი“ ლტოლვილების ვალს არ გადაახდევინებდა, სამაგიეროდ, ტარიფზე შეთანხმდნენ.
1997 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის საფასური 300%-ით არის გაზრდილი. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 2006 წელს კიდევ ერთხელ გაზარდა და ახალი, დიფერენცირებული ტარიფები დაადგინა.
როგორ და რის მიხედვით გათვალა სემეკმა ტარიფები, ან სადმე გათვალისწინებულია თუ არა მომხმარებლის ინტერესი, ძნელი სათქმელია. ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება - ეს საკითხი სათანადო უწყებების გამოსაძიებელია.
სემეკის დადგენილების მიხედვით ჰესები საკმაოდ იაფ ელექტროენერგიას აწარმოებენ, მაგრამ გაცილებით ძვირია „ენერგოპროს“ ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ძვირი კი იმიტომ არის, რომ „ენერგო-პროს“ ქართულ ბაზარზე შემოსვლის წინა დღებში ელექტროენერგია საქართველოს ხელისუფლებამ გააძვირა. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ შემთხვევაშიც ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ჩაერია საქმეში.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი ასეთია:
შპს „ვარციხე-2005“ - 1.25 თეთრი/კვტს.
შპს „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“(ჟინვალჰესი) – 1.83 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ლაჯანურჰესი) – 3.8 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (გუმათჰესების კასკადი) – 3.64 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ძევრულჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (რიონჰესი) – 3.5 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (შაორჰესი) – 3.82 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (ორთაჭალჰესი) – 2.5 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (საცხენისიჰესი) – 2.33 თეთრი/კვტს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ (აწჰესი) – 3.85 თეთრი/კვტს. სს „ზაჰესი“ – 1.42 თეთრი/კვტს.
შპს „მუნლეიკ–ჯორჯია (ძევრულჰესის I აგრეგატი) – 3.0 თეთრი/კვტს.
შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ – 8.75 თეთრი/კვტს.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი გრძელვადიანი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი) კი ასე გამოიყურება:
სს „ხრამჰესი 1“- 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2,3 თეთრი/კვტს.
2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.2 თეთრი/კვტს.
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 7.7 თეთრი/კვტს.
2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 2.3 თეთრი/კვტს.
ასე რომ, მემორანდუმის ეს გასაიდუმლოებული ნაწილიც სემეკის გათვლებში უკვე გათვალისწინებულია.
სს „ხრამჰესი 2“- 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს.
2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.4 თეთრი/კვტს.
2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 8.9 თეთრი/კვტს.
2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.5 თეთრი/კვტს.
თბოელექტროსადგურების ტარიფები გაცილებით ძვირია:
შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (თბილსრესის N9 ბლოკი) ტარიფი (ზედა ზღვარი) – 8,092 თეთრი/კვტსთ.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (თბილსრესის №3,4, ბლოკები) ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) – 9,134 თეთრი/კვტსთ.
შპს „ჯიფაუერი“- ტარიფის (ზედა ზღვარი) – 8,48 თეთრი/კვტსთ.
მარეგულირებელ სადგურად მიჩნეული ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ფიქსირებული ტარიფები კი ასე გამოიყურება - შპს „ენგურჰესი“ - 1.187 თეთრი/კვტსთ.
შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ - 1.17 თეთრი/კვტსთ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკოსების განმარტებით, ელექტროენერგიის ტარიფი წარმოების, დისპეტჩერიზაციის, დანაკარგების, განაწილების საფასურისგან შედგება. თვით წარმოების ტარიფი კი არის შეწონილი ტარიფი, რომელიც ჰიდრო, თბოელექტროსადგურებისა და იმპორტის წილს მოიცავს. დღეს იმპორტის წილი ჩვენთან ნულია, პირიქით, საქართველო ელექტროენერგიას ყიდის. თბოელექტროსადგურების წილი ქართულ ენერგოსექტორში 20%-ს არ აღემატება.
სემეკის დადგენილებაში კი ტარიფის გაზრდა იმითაა ახსნილი, რომ ქვეყნის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი გაზის ღირებულების ხარჯზე იზრდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც სემეკმა ასეთი განმარტება გააკეთა მაშინ ელექტროენერგიის ტარიფში თბოელექტროსადგურების წილი 28%-დან მკვეთრად შემცირდა. გამრიცხველიანებამ კომერციული და ტექნიკური დანაკარგიც შეამცირა. ტარიფზე ზეგავლენა ამ ფაქტორებსაც უნდა მოეხდინა, თუმცა, მის შემცირებაზე კვლავ არავის უფიქრია.
ენერგეტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანიებს, რომელთაც განაცხადები შეიტანეს სემეკში და ტარიფის გაზრდა მოითხოვეს, ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ელექტროენერგიის თვითღირებულება. ისიც ცნობილია, რომ ენერგოკომპანიების მიერ დასახელებული ფასები არავის შეუმოწმებია და სემეკმა მექანიკურად დაუმტკიცა მოთხოვნილი ტარიფი.
სემეკის ინფორმაციით, დისპეტჩერიზაციისა და დანაკარგების ხარჯი 1 თეთრია. ე.ი. გამანაწილებელ კომპანიებს 1 კილოვატ/საათი ელექტროენერგია დაახლოებით 6 თეთრი უჯდებათ. დასავლურ ქვეყნებში კერძო კომპანიების მოგების მაქსიმალური მარჟა 6-7 %-ის ფარგლებშია.
კიდევ ერთი პარადოქსი - ძველი ხელისუფლების მიერ აწყობილი სქემის მიხედვით, ვიდრე ჰესები აშენდება, მისი მშენებლობის თანხები უკვე გათვალისწინებულია ტარიფში.
„ეს იგივეა, რომ ფული არ გქონდეს, აიღო ჰესი და სახელმწიფომ გაგიზარდოს ტარიფი, შემდეგ რამდენიმე წელიწადში დაგროვილი ფულით ააშენო ახალი ჰესი. ეს არის ის სქემა, რაც ამ შემთხვევაში გათამაშდა. საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მარეგულირებელი კომისიის დებულების მიხედვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წინსწრებით ტარიფის გაზრდა. ეს დანაშაულია, რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას უდიდესი ზარალი მიადგა. დღესაც ვიხდით ზედმეტს, მაგრამ რატომღაც მთავრობამ შეგვაგუა იმას, რომ ტარიფი გაიაფდა, სინამდვილეში ტერიფი მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს გაუიაფდა, დანარჩენებისთვის კი ის, ისევ ძვირი დარჩა“,- აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
როგორც თემურ ჭიჭინაძე განმარტავს, სახელმწიფოს არ აქვს უფლება ტარიფი გაზარდოს ან შეამციროს და ეს არც მის პოლიტიკურ ნებაზე არ არის დამოკიდებული.
„დიდი უბედურება სწორედ ის იყო, რომ აქამდე პოლიტიკური ნებით ხდებოდა ტარიფის გაზრდა, რამაც მოგვიყვანა ამ შედეგამდე. მარეგულირებელმა კომპანიის მიერ წარდგენილი ხარჯების მიხედვით უნდა დაითვალოს ტარიფი, ეს გამჭვირვალე უნდა იყოს, ხალხმა უნდა იცოდეს რას რატომ იხდის და არა ვიღაცის კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებული, - მინისტრის, ან თუნდაც ენერგო-პროს ხელმძღვანელობის. ტარიფი უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ გათვლებზე, რასაც სემეკი გვიმალავს და ვფიქრობ, რომ ეს დანაშულია“,- აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
ენერგეტიკოსები, მათ შორის, თემურ ჭიჭინაძეც თვლიან, რომ პირველი დამნაშავე, ვინც ენერგეტიკულ კომპანიებს დანაშაულს ხელს აფარებს, სემეკია.
„მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ოფიციალურად მოთხოვნა ყველას შეუძლია, სემეკი ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ მოქმედებდა დამოუკიდებლად და რასაც ნოღაიდელი, გილაური და ხეთაგური კარნახობდბნენ, რასაც ისინი ერთმანეთში მოილაპარაკებდნენ, ტარიფი ამის მიხედვით დგინდებოდა“,- აცხადებს ჭიჭინაძე.
საზოგადოებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, შეუძლია თუ არა დღევანდელ მინისტრს სიტუაციის შეცვლა. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ რაღაც ზემოქმედება შესაძლოა,ხელეწიფებოდეს, მაგრამ მას არ გააჩნია საამისო ოფიციალური ბერკეტები.
„ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ის ხალხი, ვისაც ტარიფის მოკვლევა შეუძლია, ძირითადად, ძველი კადრებია. არ გამიგია, რომ ვინმე შეცვლილიყოს, ვისაც უკვე საქმე აქვს გაფუჭებული ან ტარიფის დამტკიცებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ის თავის გაფუჭებულ საქმეს სააშკარაოზე ვერ გამოიტანს“,- აცხადებს ჭიჭინაზე.
ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა ახალ ხელისუფლებას „ენერგო-პროს“ მიერ გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის შეძენის დოკუმენტაცია შეესწავლა. ენერგეტიკოსთა წრეში ახალი არავისთვის არ არის ინფორმაცია, რომ სატენდერო თანხა „ენერგო-პროს“ არ გადაუხდია, მაშინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა 200 მილიონი იმისთვის ჩამოაჭრა, რომ კომპანიას ტარიფი არ გაეძვირებინა და „ენერგო-პრომ“ რეგიონების ენერგოდისტრიბუციის უფლება 132 მილიონად მოიპოვა. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ ეს თანხა კომპანიას მაშინვე არ გადაუხდია და ნელ-ნელა, მიღებული შემოსავლებიდან ფარავდა მას.
ენერგეტიკოსთა განმარტებით, ტარიფის გაზრდის მოთხოვნა კომპანიას მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ უნდა ჰქონოდა, თუმცა, მაშინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა ტარიფი კომპანიის გაყიდვის წინა დღეებში გაუძვირა ჰესებს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, სემეკი არ დაიწყებდა თვლას, რამდენად არგუმენტირებულად გაიზარდა ტარიფი. „თელასსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ მემორანდუმშიც კი ნოღაიდელი სემეკს „დავალებებს“ აძლევს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, სემეკის უსიტყვო თანხმობა ხელისუფლების თუ მასთან ასოცირებული კომპანიების ყველა მოთხოვნაზე.
რაც შეეხება კიდევ ერთ საეჭვო კომბინაციას, „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ გასაყიდი ფასი ტარიფის სავარაუდო გაზრდის თავიდან ასაცილებლად მოხდა, თუმცა ტარიფი მაინც გაიზარდა.
თავად „ენერგო-პროს“ საქართველოში შემოსვლის დეტალებიც ნათელს ხდის ელექტროენერგიის გაძვირების რეალურ მიზეზებს, თუმცა ვთვლით, რომ ღირს ამ თემაზე ცალკე საუბარი, რასაც ჩვენს მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.
დღეს ხელისუფლებას ჩაკეტილ წრეზე სიარული უწევს, რადგან ერთი მხრივ, იკვეთება დანაშაულებრივი სქემა, მეორე მხრივ, ნებისმიერი გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლება მუდმივად პოლიტიკურ დევნაზე აპელირებს. გარდა ამისა, ტარიფის რეალურად გადახედვას გამორიცხული არ არის, უცხოურ კომპანიებთან გარკვეული სკანდალიც მოჰყვეს, რაც ქართულ საინვესტიციო იმიჯს, რომელიც ისედაც შელახულია, ნამდვილად არ წაადგება. პარალელურად კი სოციალურ და სამართლიანობის ჭრილში თუ გადავიტანთ პრობლემას, მომხმარებელი, ანუ მთელი ქართული საზოგადოება, ინვესტორებისთვის სასათბურე პირობების შექმნის გამო მატერიალურად ზარალდება.
სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება „ორ ცეცხლს“ შორისაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოპტიმალური გამოსავლის გამოძებნის, პროცესს კიდევ დიდხანს გააჭიანურებს, საზოგადოებაში უკვე ახალი ხელისუფლების მიმართ გაჩნდება კითხვები, რომელიც შემდეგ საფუძვლიან ეჭვებშიც გადაიზრდება - ხომ არ ცდილობს ახალი ხელისუფლება ძველ კორუფციულ სქემებს თვითონაც მოერგოს და საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე, რომელიღაც სახელისუფლებო ჯგუფის გამდიდრების პროცესი კვლავ გაგრძელდეს. ასეთი დასაწყისის დასასრული კი ხელისუფლებისათვის ადვილად გასათვლელი უნდა იყოს - მას ნდობას აღარ გამოუცხადებენ.