„გასაკვირი რა არის იმაში, რომ უკრაინა ითხოვს, ყველამ თავი გადადოს მისთვის და ჩაერთოს ამ ომში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ“

„გასაკვირი რა არის იმაში, რომ უკრაინა ითხოვს, ყველამ თავი გადადოს მისთვის და ჩაერთოს ამ ომში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ“

„ჩვენი ოპოზიცია ამჯერადაც ცდილობს, ისევე, როგორც პანდემიის დროს, უკრაინაში ომი გამოიყენოს და რაღაც შედეგს მიაღწიოს, მაგრამ ოპოზიციას ავიწყდება ერთი რამ, რუსთაველზე 100 ათასი კაციც რომც შეიკრიბოს უკრაინის მხარდასაჭერად, ეს 100 ათასი კაცი არ აპირებს, მათ გაჰყვეს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

უკრაინაში გამადიდებელი შუშით უყურებენ ყველა აქტივობას, რაც საქართველოში მათი მისამართით ხორციელდება. ზელენსკის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით ამორალურია, ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია. შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ომია და არ ღირს უფრო მძიმედ ისაუბროს ზელენსკიზე, მაგრამ ზელენსკის ნათქვამი დიპლომატიასა და პოლიტიკაში არ ჯდება. როგორ უნდა მოვნახოთ ოქროს შუალედი, რომ არც ომში მყოფი უკრაინა გავაღიზიანოთ და არც ოკუპანტი რუსეთი გამოვიწვიოთ?

- იცით, რაშია საქმე, ზელენსკის ასეთი განცხადება მარტო ჩვენს მიმართ არ გაუკეთებია. ზელენსკის მხრიდან ასეთი მკვეთრი და მკაფიო განცხადებები გაკეთდა მთელი ევროპის და ნატოს მიმართ. ბუნებრივია, იმ ვითარებაში, რაც უკრაინაშია, მშვიდად ვერ იქნება უკრაინის პრეზიდენტი. მეორე მხარეა კიდევ, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს არა იმდენად ქმედებებთან, რამდენადაც განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენმა თანამდებობის პირებმა არ იციან, პოლიტიკური განცხადება სად გააკეთონ, როდის გააკეთონ და როგორ გააკეთონ. ეს ყველაფერი შემდეგ ითარგმნება და გარედან ჩანს საკმაოდ ცუდად უკრაინასთან მიმართებით. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა იყოს მოზომილი და დიპლომატიური, მათი განცხადებები არსებულ ვითარებას უნდა შეესაბამებოდეს. შესაძლოა, ხელისუფალი მართალიც იყოს, მაგრამ განცხადებას რა მომენტში გააკეთებს და როგორ გააკეთებს, ამას პოლიტიკაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. შესაბამისად, ღებულობენ იმ რეაქციებს, რა რეაქციებიც არის.

ყველამ ვიცით, უკრაინა რა დღეშიცაა, ხომ შეიძლებოდა, ქართველ მაღალჩინოსნებს ასეთი რამ ეთქვათ, „ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ“. რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს, რაღაცნაირად ფრთხილად უნდა იყვნენ. ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისას უნდა შემოიფარგლონ შემდეგი სიტყვებით, „ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე“. ასეთ განცხადებას თუ გააკეთებენ, მაშინ ყველაფერი მარტივი იქნება.

„ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს სკანდალით უკან უნდა მოუგდონ ევროკავშირში წევრობის განცხადება, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ეს არ მოხდეს, დრამატული ისტორიული მომენტია“, - ასეთია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გიორგი ბადრიძის „რეკომენდაცია“. რატომ უნდა გინდოდეს შენი ქვეყნისთვის ასეთი ფინალი? ეს „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა საქართველოშიც და უკრაინაშიც, სადაც ზელენსკის მრჩეველი, ასევე, ქართველია?

- ვფიქრობ, ხელისუფლება საერთოდ უნდა შეეშვას იმ თემას, რომ არახამია „ნაცია“. არახამია „ნაცი“ კი არ არის, ის არის უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი. კი ბატონო, წარმოშობით ქართველია, მაგრამ დღეს უკრაინისთვის იბრძვის. ის, რომ უკრაინა ითხოვს, ყველამ თავი გადადოს მისთვის, თავიდან ფეხებამდე ჩაერთოს იმ ომში, რასაც უკრაინა აწარმოებს, აქ გასაკვირი რა არის? რა თქმა უნდა, უკრაინელებს უჭირთ, ძალიან მძიმე ვითარებაში არიან, მაგრამ არასწორია ყველაფრის არახამიასა და „ნაცებზე“ გადაბრალება. დავანებოთ თავი არახამიას, განა ის განცხადებები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უნდა გაკეთებულიყო უკრაინასთან მიმართებით? ყველა უბედურება ისაა, რომ ეს დაიწყო 25 თებერვალს.

იუნკერთა მემორიალთან პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გულისხმობთ, რომ „მე მაქვს ჩემი საქმე, ომი უკრაინაშია“, რომ სანქციებს არ უერთდება და უკრაინაში ჩასვლასაც არაფრის მომცემად მიიჩნევს?

- დიახ, იუნკერთა მემორიალთან ასეთი განცხადების გაკეთება არ შეიძლებოდა, ახლა ამ განცხადების შინაარსში არ შევდივარ. რაც შეეხება იმას, ვითომ საქართველოს უკან უნდა მოუგდონ ევროკავშირში წევრობის განცხადება, გიორგი ბადრიძეს არავინ არ უსმენს ევროკავშირში, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ დღეს, ამ ურთულეს ვითარებაში, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას დასავლეთთან შეთანხმების გარეშე. ასეთ სიტუაციაში ჩვენი ინიციატივის გამოჩენაც არ შეიძლება, რადგან არც საქართველოს ხელისუფლებამ და არც ნატოს წევრმა ქვეყნებმაც შესაძლოა, არ იცოდნენ, რა მოხდება მომავალში რუსული საფრთხიდან გამომდინარე. ევროპის ქვეყნები ელოდებიან ზოგად გადაწყვეტილებებს, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ. უნდა გვქონდეს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა როგორც შტატებთან, ისე ბრიტანეთთან და ნატოსთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც საქართველოში მივიღებთ და გავახმოვანებთ, მათი ინფორმირების გარეშე არ უნდა მოხდეს. ბადრიძე და სხვები როგორმე მოითმენენ და აიტანენ.

მარტო ბადრიძე არ არის, არასამთავრობოები, მოხალისეები ცდილობენ, ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში, რომ თურმე არ უშვებენ უკრაინაში მოხალისეებს, თურმე საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება მათ, ერთიანი შეტევა იგრძნობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ ფიქრობთ, რომ უნიკალური ქვეყანაა საქართველო იმ მხრივ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ქვეყნის საერთო ინტერესს აზიანებენ უკრაინაში ომის დროსაც კი?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ, ჩვენ ურთულეს ფაზაში ვართ შესული. არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება საომარი მოქმედებები უკრაინაში. საომარი ვითარება რომც დასრულდეს და რუსეთმა მოახდინოს უკრაინის ყველა ქალაქის დაკავება, რაშიც ეჭვი მეპარება, საომარი მოქმედებები იქ მაინც არ შეწყდება და არც დასავლეთის მიერ გამოცხადებული ემბარგო მოიხსნება. ჩვენი ოპოზიცია ამჯერადაც ცდილობს, ისევე, როგორც პანდემიასთან დაკავშირებით, ეს სიტუაცია გამოიყენოს და რაღაც შედეგს მიაღწიოს, მაგრამ ოპოზიციას ავიწყდება ერთი რამ - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას, შეიძლებაა 90%-ზე მეტს რომ ჰკითხოთ, სოლიდარულია თუ არა უკრაინასთან მიმართებით, გეტყვის, რომ სოლიდარულია, მაგრამ გამოკითხულთა იგივე 80% გეტყვით, რომ ეშინია ომის. რასაც ხელისუფლება აპიარებს, რომ რუსეთიდან ომის საშიშროებაა, ეს ოპოზიციისთვის წამგებიანია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ხვდება ამას. ჩვენი ოპოზიციის შეტევები ხელისუფლებაზე პანდემიის დასაწყისში და დღევანდელ დღეს ერთი ერთზე ჰგავს ერთმანეთს, ოღონდ თემებია სხვადასხვა. რა ვქნათ, ასეთია ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც ჰგონია, რომ რუსთაველზე თუ შეიკრიბა 100 ათასი კაცი, ეს 100 ათასივე კაცი მზად არის, მათ გაჰყვეს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში. ჩვენი მოსახლეობა დასაცავია, არის შიში იმისა, რომ უკრაინაში თუ შევიდა რუსეთი, ხვალ-ზეგ შეიძლება ჩვენთან შემოვიდეს. ჭკუა არ დაუშლის და შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს რუსეთისთვის. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც არ უნდა თქვას, თუ რუსეთი გადაწყვეტს, მაინც შემოვა. ამ შემთხვევაში, მოსახლეობის განწყობაზეა საუბარი და ჩვენს ოპოზიციაზე, რომელიც, ჩემი აზრით, არასწორად აფასებს სიტუაციასაც და არასწორად ფიქრობს, გამოიყენოს უკრაინის მოვლენები იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის განწყობა შეცვალოს.

დემეტრე - ბადრიძე! ბადრიძე! მახსოვს მისი არაადეკვატური განცხადება 2012 წელს ცოცხთან დაკავშირებით...
2 წლის უკან