ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
ავღანეთში 13 მაისს ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და თანამებრძოლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
დაღუპულ სამხედროებს სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს, რომელსაც დაესწრნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც. ტაძარში ასევე, წაიკითხეს პატრიარქის სპეციალური მიმართვა.
სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაღუპულთა გმირობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა: „ჩვენმა გმირებმა თავი გაწირეს საქართველოსთვის და ყველა ჩვენგანს მისცეს მაგალითი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. მათი ხსოვნის უკვდავყოფა და პატივისცემა ყველა ქართველის ღირსების საქმეა.“
ქართველ სამხედროებს დღეს საღამოს საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.